საქმის ნომერი: 2ბ/6479-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრებულია
ინსტანციური ისტორია: ას-1736-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ნეგატორული სარჩელის დასაკმაყოფილებლად, სასამართლომ განსაზღვრა სამი წინაპირობა, კერძოდ, მოსარჩელის უფლება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში, რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა კი კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, აპელანტები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ სადავო ქონებას და ხელშეშლის შეწყვეტაზე უარს აცხადებენ.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6479-17 (2018-09-17), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6479-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       17 სექტემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - შ. ხ.

აპელანტი - ლ. კ.

წარმომადგენელი - ე. ა.

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ხ.

წარმომადგენელი - ი. ხ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა და შენობა-ნაგებობების დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ. ხ.-მ შ. ხ.-სა და ლ. კ.-ის მიმართ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ xx.xx.xx.xxx) სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის განხორციელება მოითხოვა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ლ. კ.-ს და შ. ხ.-ს დ. ხ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ახალციხე, კ.-ს ქ. Nxx მიმდებარედ, ს/კ
N xx.xx.xx.xxx მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და სადავო მიწის ნაკვეთზე მათ სარგებლობაში არსებული ნაგებობების დემონტაჟი დაევალათ. აგრეთვე, მოპასუხეებს მოსარჩელე დ. ხ.-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარისა და მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 160 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შ. ხ.-მ და ლ. კ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. ქ. ახალციხეში, კ.-ს ქ. Nxx-ის მიმდებარე უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით Nxx.xx.xx.xxx მოსარჩელე დ. ხ.-ის საკუთრებას წარმოადგენს (ტომი I, ს.ფ. 16-17).

6. ქ. ახალციხეში, კ.-ს ქ. Nხხ-ის მიმდებარედ განთავსებულ ხის და რკინის ნაგებობებს ლ. კ. და შ. ხ. ფლობენ და სარგებლობენ (მხარეთა ახსნა-განმარტებები).

7. სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისთვის ხელშეშლა აღკვეთილი არ არის (მხარეთა-ახსნა განმარტებები, ტომი I, ს.ფ. 170-179).

8. ქ. ახალციხეში, კ.-ს ქ. Nxx-ის მიმდებარედ ლ. კ.-ის და შ. ხ.-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული რკინის და ხის სათავსოები დ. ხ.-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, ნაგებობებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის 41.9 კვ.მ. აქვს დაკავებული (ტომი I, ს.ფ. 16-17, 170-179).

9. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ნეგატორული სარჩელი, რომელთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს. ნეგატორული სარჩელი სანივთო-სამართლებრივი სარჩელის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვება, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნეგატორული სარჩელის სამი საფუძველი: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე არ უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და მისგან უნდა მომდინარეობდეს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს თითოეული ელემენტის არსებობის შემოწმება წარმოადგენს.

10. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ახალციხეში, კ.-ს ქ. Nxx, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით Nxx.xx.xx.xxx მოსარჩელე დ. ხ.-ის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული (ტომი I, ს.ფ. 16-17).

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება.

განსახილველი დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და აღნიშნულ ეტაპზე, ამ მიმართებით, არც ადმინისტრაციული, თუ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა. ამასთანავე სასამართლო მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოში (ახალციხის პოლიციის სამმართველოში) სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით არსებული მოკვლევის მიმდინარეობა საჯარო რეესტრის პრეზუმფციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს არ ქმნის, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სარჩელი 2017 წლის 21 მარტს არის აღძრული და 2018 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით პოლიციის სამმართველოს მიერ მოკვლევის შედეგები სააპელაციო სასამართლოსთვის ცნობილი არ გამხდარა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის, რაც სასამართლოს მიერ მისი გაზიარების უდავო საფუძველს ქმნის.

11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტები სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებს არ წარმოადგენენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება უფლების ბოროტად გამოყენებას არ წარმოადგენს. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. შესაბამისად, მესაკუთრეს ხელშეშლის აღკვეთის უფლება არა ნებისმიერი არამედ, მხოლოდ ისეთი პირებისგან აქვს, რომლებიც სადავო ქონებას არამართლზომიერად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლი მართლზომიერი მფლობელის უფლებადამცავ გენერალურ დათქმას შეიცავს, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, ხოლო თავად მართლზომიერი მფლობელობის არსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება განსხვავებული გარემოებებით დასტურდებოდეს. განსახილველი ნორმის თანახმად, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში ვლინდება, ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. [საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-83-83-2018.]
აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტებს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მათ მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენიათ. მარტოოდენ იმ ფაქტზე აპელირება, რომ შსს ახალციხის პოლიციის სამმართველოში სადავო ქონებასთან მიმართებით მოკვლევა მიმდინარეობს, მათი სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელებად ცნობას საფუძვლად ვერ დაედება. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტების არგუმენტი მასზედ, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლების შეძენის მომენტში იცოდა ქონების სადავოობის შესახებ. აღნიშნული შედავება შესაძლებელია რელევანტური ყოფილიყო საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტის სადავოობის შემთხვევაში, თუმცა, აღნიშნული გარემოება ნეგატორული სარჩელის განხილვისას მოპასუხეთა თავდაცვის საშუალებად არ გამოდგება, მით უფრო, იგი მათ მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტს ვერ დაადასტურებს. ამასთანავე ნიშანდობლივია, რომ აპელანტები სადავო ქონების ფლობის ფაქტს სადავოდ არ ხდიან.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების სამივე წინაპირობა სახეზეა, კერძოდ, მოსარჩელის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა კი კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, აპელანტები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ სადავო ქონებას და ხელშეშლის შეწყვეტაზე უარს აცხადებენ.

12. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და დაადასტურებდა, რომ იგი სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია, თუმცა, მოპასუხეებმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინეს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებში წარდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ივნისის დასკვნა, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ ლ. კ.-სა და შ. ხ.-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული რკინის და ხის სათავსოები დ. ხ.-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზეა აღმართული, რომლებსაც სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 41.9 კვ.მ უკავია (სადავო უძრავი ქონება 78.0 კვ.მ.-ია).

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპის რეალიზაციის პირობებში, მოსარჩელემ დაადასტურა მისი კერძო საკუთრების უკანონო ხელშეშლის არსებობა, რომელიც მას ამგვარი ხელშეშლის აღკვეთისა და ხელშეშლის საგნის დემონტაჟის მოთხოვნის საფუძველს აძლევს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნეგატორული სარჩელის სამივე საფუძველი, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, იგი სარგებლობის ხელშეშლის ფაქტზე მიუთითებს, მოპასუხეებს კი მისი მტკიცების ფარგლებში, არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ხისა და რკინის კონსტრუქციის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა, ან ხელშეშლის შესახებ მოსარჩელის მტკიცებას გააქარწყლებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობასა და დადგენილ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. კ.სა და შ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტების მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.