საქმის ნომერი: 2ბ/2888-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-1478-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ონლაინ პორტალზე დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზის დროს დადებული ფსონით მოგებული თანხა სასამართლომ უსაფუძვლო გამდიდრებად დააკვალიფიცირა, საიტის გაუმართაობის დასადასტურებლად კი ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2888-17 (2018-05-23), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2888-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       23 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - ი. მ.

წარმომადგენელი - მ. ღ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს„W. G.“

წარმომადგენელი - გ. ჟ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. შპს „W. G.-ის“ წარმომადგენელმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მოპასუხე ი. მ.-სთვის ფულადი თანხის 6384 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი. მ.-ს „W. G.-ის“ სასარგებლოდ 6364 ლარის გადახდა; სახელმწიფო ბაჟი 192 ლარის, საფოსტო მომსახურების 100 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნისთვის გაღებული 500 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. მ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. შპს „W. G.-“ს ონლაინ სამორინე j...com ეკუთვნის (მხარეთა ახსნა-განმარტება).

6. 2016 წლის 23 აპრილს 07:17:18 საათიდან ამავე დღის 09:54:15 საათამდე ი. მ.-მ შპს „W. G.“-ის ონლაინ სამორინე j...com-ზე ითამაშა და 6384 ლარი მოიგო (მხარეთა ახსნა-განმარტება).

7. ი. მ.-მ 2016 წლის 23 აპრილს ონლაინ სამორინე j...com-ზე მოგებული თანხა, სულ-6384 ლარი, j...-ს საიტიდან ეტაპობრივად სს „ლ. ბ.-ში“ მის მიერ გახსნილ ანგარიშზე გადარიცხა (ტომი I, ს.ფ. 71-72).

8. შპს „W. G.-ის“ ონლაინ სამორინეში j...com 2016 წლის 23 აპრილს 03:00 საათიდან ამავე დღის 11:00 საათამდე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, კერძოდ, რაუნდში ბურთის დატრიალებიდან რაუნდის დასრულებამდე მომგებიანი რიცხვის გამოცხადების მომენტამდე დროის ხანგრძლივობა დაახლოებით 35-40 წამი იყო, ჩვეულებრივ, აღნიშნული დრო მაქსიმუმ 10 წამს შეადგენს. მოთამაშე ი. მ.-ს მომგებიანი რიცხვის დაფიქსირების შემდეგ ფსონის გაკეთების საშუალება ჰქონდა (ტომი I, ს.ფ. 15-72).

9. 2016 წლის 23 აპრილს 07:17:18 საათიდან ამავე დღის 09:54:15 საათამდე, შპს „W. G.-ის“ ონლაინ სამორინეში j...com, ი. მ.-მ ტექნიკური ხარვეზის გამოყენებით შპს „W. G.-“ის კუთვნილი თანხა მიიღო, კერძოდ, ბურთულა ციფრში ფსონის დახურვამდე ჩავარდა და ი. მ.-მ ფსონი ბურთულის ციფრში ჩავარდნის შემდეგ დადო (ექსპერტის გ. შ.-ს ჩვენება, ტომი I, ს.ფ. 15-72).

10. მოპასუხე ი. მ.-მ შპს „W. G.“-ის ონლაინ სამორინეში j...com თამაშის დაწყებისას ფსონის სახით 20 ლარი დადო (ტომი I, ს.ფ. 15-72).

11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, მასზედ, რომ შპს „W. G.“-ს ი. მ.-ს სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ხელშეკრულებისმიერი, თუ კანონშესაბამისი საფუძველი არ წარმოშობია და ი. მ.-სთვის გადაცემული 6384 ლარიდან 6364 ლარი, როგორც „შესაბამისი საფუძვლის გარეშე გადაცემული“, მოსარჩელისათვის უკან დაბრუნებას ექვემდებარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ნიშნავს შემძენის ქონების გაზრდას სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე. უმეტესად, ქონების ასეთ გაზრდას ადგილი აქვს ბათილი ან არარსებული გარიგების შესრულების, ვალდებულების ხელმეორედ შესრულების შემთხვევაში, ქონების დაზოგვას კი ადგილი აქვს მაშინ, როცა იმ პირის ქონება, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ვალი, შეცდომით ან სხვა მიზეზით სხვამ გადაიხადა, ანუ თუ პირმა ვალდებულების შესასრულებლად სხვას გადასცა რაიმე ქონება, შესაძლებელია მისი უკან გამოთხოვა, თუ ვალდებულება ფაქტობრივად არარსებობს, ეს დასაშვებია მაშინ, როცა გარიგება გაბათილებულია და არარსებულად ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა. ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა ვითომ-კრედიტორის მხრიდან ქონების დაბრუნების ვალდებულებას უკავშირებს ვითომ სახელშეკრულებო ურთიერთობების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე მიიღო (შეიძინა), რის გამოც აღნიშნული შენაძენი უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ექვემდებარება, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას იწვევს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. მ.-მ 2016 წლის 23 აპრილს 07:17:18 საათიდან 09:54:15 საათამდე პერიოდში, მოსარჩელე მხარის მიერ ოპერირებულ ონლაინ სამორინე j...com-ზე ითამაშა. ამავე დღეს აპელანტმა 6384 ლარი მოიგო, რომელიც სს „ლ. ბ.-ში“ გახსნილ საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა (ტომი I, ს.ფ. 71-72). საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ახსნა-განმარტების შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 23 აპრილს 03:00 საათიდან ამავე დღის 11:00 საათამდე შპს „W. G.“-ის ონლაინ სამორინეში j...com ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, კერძოდ, რაუნდში ბურთის დატრიალებიდან რაუნდის დასრულებამდე მომგებიანი რიცხვის გამოცხადების მომენტამდე დროის ხანგრძლივობა დაახლოებით 35-40 წამი იყო, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ, აღნიშნულ ეტაპებს შორის პაუზა 10 წამს არ აღემატება. აღნიშნული ხარვეზის გამო აპელანტს შესაძლებლობა ჰქონდა ფსონი მომგებიანი რიცხვის დაფიქსირების შემდეგ დაედო (ტომი I, ს.ფ. 15-72).

12. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა შესაძლებელი იყოს პროცესში მონაწილე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება, აუცილებელია მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები სრულად აკმაყოფილებდეს სამართლის ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოსაყენებლად აუცილებელია ერთი მხარე მეორის ხარჯზე გამდიდრდეს და ეს გამდიდრება გამოწვეული იყოს გარიგების ბათილობის, არარსებობის, მოგვიანებით შეწყვეტის ან წარმოშობის შეუძლებლობის გამო. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ აპელანტს „მოგებული“ თანხა გადასცა, შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ თანხის გადაცემას სამართლებრივი საფუძველი რამდენად გააჩნდა.

განსახილველი შემთხვევაში, ამ კონკრეტული აზარტული თამაშის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ მოთამაშემ საკუთარი გამოცდილების, ინსტინქტის, სტრატეგიისა და სხვა ფაქტორების ხარჯზე, უნდა გამოიცნოს მომგებიანი ციფრი. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში თამაშის მოგებად-მომგებიანი ციფრის გამოცნობა და არა მისი წინასწარი ცოდნა მიიჩნევა. მოთამაშემ „მომგებიანი ფსონი“ დადო და მოსარჩელე მხარეს მართლზომიერად ეგონა, რომ მოთამაშე ი. მ.-მ თანხა მოიგო, სწორედ ამიტომ მან „ნაკისრი“ ვალდებულება შეასრულა და აპელანტს „მოგებული“ თანხა გადასცა. თუმცა, მოგვიანებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხარვეზის გამო აპელანტს ფსონის გაკეთება მას შემდეგაც შეეძლო, რაც მომგებიანი რიცხვი დაფიქსირდებოდა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოთამაშემ თავიდანვე იცოდა თამაშის შედეგი, რა თქმა უნდა, მოსარჩელეს ვერ წარმოუშობდა თანხის გადაცემის ვალდებულებას, რადგან მოთამაშეს, ობიექტურად, თამაში არ მოუგია, რაც შპს „W. G.“-სათვის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების, კერძოდ, მოგებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი წინაპირობა გახდებოდა. ი. მ.-მ, გარკვეული ხარვეზის გამო, მომგებიანი ციფრი წინასწარ იცოდა, რაც თამაშის შედეგად მომგებიანი ფსონის გაკეთებად ვერ იქნება მიჩნეული. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის, შესაბამისი ვალდებულების გარეშე, თანხის გადარიცხვის ფაქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში ექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული შესრულება დაბრუნებას ექვემდებარება.

სასამართლო სამართლებრივი დასკვნის მართებულობის დასაბუთების მიზნებისათვის, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ი. მ.-მ ტექნიკური ხარვეზით ისარგებლა და თამაშის წესების საწინააღმდეგოდ, მოიპოვა შესაძლებლობა, რომ მომგებიანი ციფრი დაენახა და ამის შემდეგ „მომგებიანი ფსონი“ გაეკეთებინა, შესაბამისად, თანხა, რომელიც ი. მ.-მ „არამართლზომიერი შესაძლებლობის“ გამოყენების შედეგად მიიღო, შპს „W. G.“-ს არ უნდა გადაეხადა, მას აღნიშნული ვალდებულება არ ჰქონდა. შპს „W. G.“-ს მოგებული თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად მოგების პირობებში წარმოეშობოდა და არა მოთამაშის მიერ არამართლზომიერი შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში.

13. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ონლაინ სამორინეში j...com ტექნიკური ხარვეზის არსებობის სამტკიცებლად წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება რელევანტური და სარწმუნო მტკიცებულებაა. აპელანტმა მხარემ სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის ჩვენების გაზიარება. აპელანტმა მხარემ ეჭვქვეშ დააყენა მოსარჩელე მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ავთენტურობა, თუმცა, საწინააღმდეგოს სამტკიცებლად სასამართლოსთვის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულება თანუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნას აქ მისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის105-ე მუხლისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის რაიმე კონკრეტული სახის მტკიცებულება, რომლითაც ონლაინ პორტალზე დაშვებული ტექნიკური უზუსტობის დამტკიცება უნდა მოხდეს, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ობიექტური და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ამგვარი სპეციფიური ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის-ექსპერტის დასკვნა და მისი ახსნა განმარტება არსებობდეს. სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს გააქარწყლონ მათ მიერ მითითებული გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ წარდგენილი მტკიცებულების ავთენტურობა და სანდოობა სადავოდ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გახადა, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. მარტოოდენ მითითება მტკიცებულების უსაფუძვლობაზე, საკმარისი არ არის და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, ვინაიდან, მტკიცებას, როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლები ექვემდებარება. ამდენად, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ სსიპ ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოების გაქარწყლება ვერ შეძლო, აღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც საპროცესო ნორმის დაცვით მიღებულ და მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეუცილებად წერილობით დოკუმენტს.

გარდა ზემო აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ როდესაც მოსარჩელე მოპასუხეს გადაცემული ქონების უსაფუძვლობის გამო უკან გადაცემას ედავება, მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე ბრუნდება, სწორედ მან უნდა ამტკიცოს გადაცემული ქონების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

14. ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს იზიარებს. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დაადასტურა, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი, რადგან, რეალურად, შპს „W. G.“-მა ი. მ.-ს სასარგებლოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონტექსტში, ისე განახორციელა შესრულება, რომ მას აღნიშნული შესრულების ვალდებულება „სხვა საფუძვლის გამო“ არ წარმოშობია.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 255 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დაადგინა

1. ი. მ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება;

3. ი. მ.-ს მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.