საქმის ნომერი: 2ბ/7414-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-121-117-2016,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ავტოავარიის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმ მიზნით, რომ მხარეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა წარმოედგინათ დამაზუსტებელი მტკიცებულებები იმისა, თუ რამდენად ჰქონდა მიზეზობრივი კავშირი ჩატარებული მკურნალობისას გაწეულ ხარჯებს უშუალოდ ავტომობილის დაჯახებისას მიყენებულ ზიანთან. სასამართლოს შეფასებით, შეზღუდული აპელაციისას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხარეებს შესთავაზოს დამაზუსტებელი მტკიცებულებების წარდგენა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/7414-17 (2018-05-25), www.temida.ge
საქმის № 2ბ/7414-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       25 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - ბ. ტ.

წარმომადგენელი - ნ. ბ.

მოწინააღმდეგე მხარე - კ. გ.

წარმომადგენელი - ჯ. ტ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. კ. გ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბ. ტ.-ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, მისთვის ავტოავარიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის 3030 ლარისა და მორალური ზიანის 1970 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. გ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ბ. ტ.-ს მოსარჩელე კ. გ.-ს სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის - 2731.43 ლარისა და მორალური ზიანის - 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ტ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6. 2015 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 12:20 საათზე, ქ. თ.-ში, ბ.-ს ქუჩაზე NXXX შენობის მიმდებარედ ავტომობილი (BMW, სახ. ნომერი XXX-XXX), რომელსაც ბ. ტ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე კ. გ.-ს დაეჯახა (ს.ფ. 12-13, 2017 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტება).

7. ავტოსაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ბ. ტ. ავტომობილს მართვის უფლების გარეშე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა (ს.ფ. 12-13).

8. ავტომობილის დაჯახების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით კ. გ. სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი (ს.ფ. 12-13).

9. კ. გ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბ. ტ.-ს მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც მოგვიანებით შეწყდა და გამოძიების ფარგლებში ბ. ტ.-ს მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 21.6 და 32.1 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა დადგინდა (ს.ფ. 12-13, 2017 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტება).

10. კ. გ. სამედიცინო დაწესებულებაში 2015 წლის 8 აპრილს გადაიყვანეს, იგი სტაციონალურ მკურნალობას 2015 წლის 11 აპრილამდე გადიოდა. შეჯახების შედეგად კ. გ.-მ თავის ტვინის შერყევა და შუბლზე ექსკორიაციები მიიღო (ს.ფ. 18).

11. სტაციონარიდან გაწერის შემდგომ, 2015 წლის 16 აპრილს, კ. გ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პაციენტს მარჯვენა მწვავე პნევმონია, თავის ტვინის შერყევა და შუბლზე ექსკორიაციები აღენიშნებოდა (ს.ფ. 19).

12. 2015 წლის 29 აპრილს კ. გ. სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც პაციენტი 2015 წლის 22 მაისს გაეწერა. კ. გ.-ს დიაგნოზია: თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გართულებული სისხლდენით, პოსტჰემორაგიული ანემია, ჰიპოვოლემიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, ჰიპოსტატიური პნევმონია, მოციმციმე არითმია (ს.ფ. 20).

13. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდგომ კ. გ.-მ, როგორც სტაციონარში მკურნალობისათვის, ასევე შესაბამისი სამკურნალო საშუალებების შეძენისათვის გარკვეული ხარჯები გაიღო (ს.ფ. 18-31, 85-240).

14. ბ. ტ.-ს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას შედეგად ქვეითად მოსიარულე კ. გ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.

15. ავტომობილის შეჯახების შედეგად კ. გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შედეგადაც იგი დღემდე მუდმივ მკურნალობასა და მეთვალყურეობას საჭიროებს. მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებლად გადაადგილდეს, ყოველდღიური ჩვეული საქმიანობა განახორციელოს, იგი სხვადასხვა მედიკამენტების შეძენას და შესაბამისად, ხარჯის გაწევას საჭიროებს. მოსარჩელის მიერ ხარჯის სახით - 2731.43 ლარია გაღებული (ს.ფ. 18-31, 85-240).

16. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე კ. გ.-ს ჯანმრთელობა არ აწუხებდა და დამხმარის ყოლას არ საჭიროებდა, შემთხვევის შემდგომ იგი იძულებულია სახლში იყოს, რამეთუ დამხმარის გარეშე მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად გადაადგილდეს. შემთხვევის შემდგომ კ. გ. მუდმივ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს განიცდის. მოსარჩელე პირვანდელ მდგომარეობას ვეღარ უბრუნდება, სხვა პირზე გახდა დამოკიდებული და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ვერ გადის გარეთ და საზოგადოებასთან ვერ ურთიერთობს (ს.ფ. 18-31, 2017 წლის 23 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტება).

17. სააპელაციო სასამართლო იზიარებს ბ. ტ. -ს დაზუსტებულ სააპელაციო მოთხოვნას, ასევე მხედველობაში იღებს მხარეთა ორმხრივ თანხმობას და მიიჩნევს, რომ საქმე ხელახლა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2015 წლის 8 აპრილს მომხდარი ავტოავარიისას, ბ. ტ.-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შედეგად კ. გ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. უდავოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე 2015 წლის 8 აპრილიდან - 11 აპრილის ჩათვლით სამედიცინო დაწესებულების ამბულატორიაში, მოგვიანებით კი რეანიმაციაში იყო მოთავსებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების გამო იგი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს, თუმცა, 2015 წლის 16 აპრილს სამედიცინო დაწესებულებაში ხელახლა მოათავსეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამ დროს მისი დიაგნოზი პნევმონია, თავის ტვინის შერყევა და შუბლზე ექსკორაციები იყო. 2015 წლის 25 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში პაციენტის დიაგნოზად მითითებულია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გართულებული სისხლდენით, პოსტჰემორაგიული ანემია D62, ჰიპოვოლემიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, ჰიპოსტატიური პნევმონია, მოციმციმე არითმია (ს.ფ. 18-20). აპელანტი სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ 289,80 ნაწილში ცნობს. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი სახეზეა, მოსარჩელის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად გაღებული ნებისმიერი ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობას არ ქმნის, აღნიშნული სულისკვეთება რეგლამენტირებულია ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლში, რომლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილია ქვითრები, რომლებიც მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაწეულ ხარჯს ადასტურებს. თუმცა, საქმეში წარდგენილი არ არის დოკუმენტი, რომელიც თითოეული ხარჯის გაწევას ბ. ტ.-ს მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრას დაუკავშირებდა. განსახილველ შემთხვევაში საგულისხმოა ასევე მოსარჩელის ასაკიც. ცხადია, რომ ხანდაზმულობის გამო მოსარჩელეს მოპასუხისგან მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გარდა, სხვა ასაკისგან გამოწვეული დაავადებებიც შეიძლება აწუხებდეს.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები დაზუსტებას საჭიროებს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა/შეთავაზება დამაზუსტებელი მტკიცებულება წარმოადგინონ, რომელიც დაამტკიცებს ბ. ტ.-ს მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯის ოდენობას. ასეთ მტკიცებულებას, შეიძლება ექიმის დასკვნა წარმოადგენდეს, რომლითაც დადასტურდება ავარიის შედეგად, თუ რა დაზიანებებით მოათავსეს კ. გ. სამედიცინო დაწესებულებაში, რა სახის დანიშნულება მიეცა მას და შესაბამისად, რა მკურნალობა ჩაუტარდა. ამასთანავე, აღნიშნული ცნობა უნდა შეიცავდეს მითითებას მასზედ, შემდგომი გართულება იყო თუ არა ავარიის შედეგად მიყენებული დაზიანებით გამოწვეული და სამედიცინო დაწესებულებაში ხელმეორედ მოთავსების შემდგომ რა მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს, ასევე ამ მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს, რამდენად აქვს მიზეზობრივი კავშირი ექიმის იმ დანიშნულებასთან, რომელიც აპელანტის მიერ მიყენებულ ზიანს უკავშირდება. გარდა ამისა, უნდა დადასტურდეს საქმეში წარმოდგენილ ფორმა 100-ში აღწერილი დაავადებები რამდენად არის გამოწვეული ავარიის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანისგან.

19. ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მოპასუხე მხარისთვის მოსარჩელის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაწეული ხარჯების სრული ოდენობით დაკისრება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვერ დგინდება მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის, 2731,43 ლარის მიზეზობრივი კავშირი ავარიის შედეგად მიყენებულ ზიანთან, ანუ გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებებს, დაკისრებული თანხა, თუ რომელი ქვითრების ჯამით იქნა დაანგარიშებული, მოსარჩელის მიერ გადახდილი რომელი მედიკამენტების /კვლევების ასანაზღაურებლად დაეკისრა მოპასუხეს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება და იყო თუ არა იგი მიზეზობრივ კავშირში პირადად ბ. ტ.-ს მიერ მიყენებულ ზიანთან.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

21. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური გადაწყვეტის დასაბუთების მიზნებისათვის, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „...მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“ {საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016}.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების არასაკმარისობა წარმოადგენს, რომლითაც მოპასუხისთვის დაკისრებულ თანხასა და ამ თანხის ბ. ტ.-ს მიერ მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად გახარჯვას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ მტკიცდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხარეებს შესთავაზოს დამაზუსტებელი მტკიცებულებების წარდგენა.

23. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით და მხარეთა ორმხრივი თანხმობის მხედველობაში მიღებით, იმისათვის, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს არ შეეზღუდოთ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ. ტ.-ს დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.