საქმის ნომერი: 2ბ/3791-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე ითხოვდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს, 0,1%-დან 0.01%-მდე შემცირებას. სასამართლომ გაითვალისწინა მოვალის ასაკი და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან, ვინაიდან სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი უკვე დაფარული იყო, მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფუნქცია პირგასამტეხლოს უკვე დაკარგული ჰქონდა. პალატამ პირგასამტეხლოს ოდენობა არა აპელანტის მიერ მოთხოვნილ ოდენობამდე (0,01%-მდე) არამედ, 0,05 %-მდე შეამცირა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/3791-18 (2018-09-17), www.temida.ge
საქმის № 2ბ/3791-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       17 სექტემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - ნ. გ.

წარმომადგენელი - ხ. ა.

მოწინააღმდეგე მხარე - ც. ხ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. გ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში ც. ხ.-ს მიმართ სარჩელი აღძრა, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ნოტარიუს ი. ხ.-ს მიერ XX.07.2017 წელს გაცემული NXXXXXXXXX სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს 0.1%-დან 0.01%-მდე, შემცირება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2015 წლის 29 სექტემბერს ნ. გ.-სა (მსესხებელი) და ც. ხ.-ს (გამსესხებელი) შორის სანოტარო წესით დამოწმებული NXXXXXXXXX სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც მოპასუხემ, მოსარჩელეს 11 000 ევრო, 6 თვის ვადით, 2016 წლის 29 მარტამდე, ასესხა. სესხი იყო სარგებლიანი, თვეში 2.5% (წლიური 30%) სარგებლის გადახდის ვალდებულებით, მის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით, იყო გათვალისწინებული. სანოტარო წესით დამოწმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნოტარიუსისათვის კრედიტორის მიმართვის შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებლო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა (ს. ფ. 17-21, 36-37).

6. ნ. გ.-მ 3 თვის სარგებელი სრულად გადაიხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვეღარ შეძლო (ს. ფ. 22-24).

7. ც. ხ.-მ 2017 წლის 14 ივლისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დამმოწმებელ ნოტარიუსს ი. ხ.-ს მიმართა და სააღსრულებლო ფურცლის გაცემა მოითხოვა. ნოტარიუსმა აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა და იმავე დღეს NXXXXXXXXX სააღსრულებლო ფურცელი გასცა, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგი ოდენობით განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 11000 ევრო, 3 თვის სარგებელი 825 ევრო და პირგასამტეხლო 2016 წლის 29 მარტიდან სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მის აღსრულებამდე. ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 127.90 ლარი. 2017 წლის 17 ივლისს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელ ე. ღ.-ს მიერ იძულებითი აღსრულება დაიწყო. იძულებითი აღსრულების დაწყების დროისათვის პირგასამტეხლოს ოდენობამ 5280 ევრო შეადგინა (ს. ფ. 22-24, 25-27).

8. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა სააღსრულებლო ფურცლის ამოწერამდე 16 თვე და 18 დღე იყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დღეში, 11 ევროს, ხოლო ყოველთვიურად 330 ევროს შეადგენს (მხარეთა ახსნა-განმარტება).

9. მსესხებლის მიერ სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული სესხის ძირი და სარგებელი 2017 წლის 04 სექტემბერს, 36 765 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 06 სექტემბერს, 136.85 ლარის ოდენობით იქნა გადახდილი (ს. ფ. 62-63).

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პროცენტი თანხის ძირი თანხის 0.1 პროცენტიდან 0,05%-მდე უნდა შემცირდეს.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს სესხის სახით 11 000 ევრო გადაეცა, ყოველთვიურ სარგებელს 2.5%, ხოლო სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირითადი თანხის 0.1% შეადგენდა.

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

11. პირგასამტეხლო მოთხოვნის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ს. ფ. 17-21, 36-37).

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას არ წარმოადგენს და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება წარმოადგენს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - ვალდებულების დარღვევა - სახეზეა.

12. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 16 თვესა და 18 დღეში შესრულდა. განსახილველ შემთხვევაში ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მხარეს ძირითადი ვალდებულება უკვე შესრულებული აქვს და მას არა პროცენტის, არამედ პირგასამტეხლოს გადახდას ედავებიან. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრება, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. შესაბამისად, პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში პირგასამტეხლოს შემცირება შეთანხმებული 0,1%-დან 0,01%-მდე იყო მოთხოვნილი, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. მსგავს სიტუაციაში, როდესაც მხარის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო და პროცენტი (სარგებელი) რაოდენობრივად თანაბარია, აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად ცნობის მიზნებისთვის სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმის გარემოებები, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოვალის მიერ სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტი გადახდილია, შესაბამისად, პირგასამტეხლოს მიზანი - ძირითადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და მოვალის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის დასჯა სრულად რეალიზებული ვერ იქნება. ასევე, ყურადღება მიაქცია გარემოებას მასზედ, რომ დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითადი თანხის ნახევარს უდრის, ისეთ შემთხვევებში, როდესაც თანხა სხვის მფლობელობაში გადადის, გამსესხებელი უფლებამოსილია ძირითადი თანხის გაცემით გარკვეული სარგებელი მიიღოს, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი მსესხებელს სრულად აქვს გადახდილი, ასეთ დროს პირგასამტეხლოს ოდენობის სარგებლის ოდენობასთან გათანაბრება შეუსაბამოა. განსახილველ საქმეში ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს მოვალის ასაკსა და მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან ვალდებულების დარღვევაში აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. შესაბამისად, ორივე მხარის ინტერესების თანაზომიერად დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, რადგან ძირითადი სესხი და პროცენტი დაფარულია და რადგან ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფუნქცია პირგასამტეხლოს დაკარგული აქვს, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არა აპელანტის მიერ მოთხოვნილ ოდენობამდე (0,01%-მდე) არამედ, 0,05 %-მდე უნდა შემცირდეს, და საბოლოოდ გადასახდელი თანხა 2 640 ევროს ოდენობით უნდა განისაზღვროს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესრულების ღირებულება, მხარის მიერ სესხის ძირითადი თანხისა და შეთანხმებული პროცენტის გადახდა, ვალდებულების შესრულების დაგვიანების ხანგრძლივობა, მოვალის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ასევე გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, მოცემულ შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალია და 0.05%-მდე შემცირებას ექვემდებარება.

15. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის მტკიცების ტვირთი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს შეუქმნა შინაგანი რწმენა მისი აპელაციის საფუძვლიანობის თაობაზე.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, ნ. გ.-ს მიერ საქალაქო სასამართლოში, ბაჟის სახით, 395,90 ლარი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მის მიერ, ბაჟის სახით, 551 ლარია გადახდილი. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, და გასაჩივრებული პირგასამტეხლო არა ათჯერ, არამედ ორჯერ შემცირდა, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის, სულ, 473,45 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;

3. ნ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. პირგასამტეხლოს ნაწილში ნ. გ.-ს დავალიანება განისაზღვროს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის სესხის ძირი თანხის 0,05%-ის ოდენობით, სულ 2640 ევრო, აღნიშნულ ნაწილში გაუქმდეს ნოტარიუს ი. ხ.-ს მიერ 2017 წლის 14 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი;

5. ც. ხ.-ს დაეკისროს ნ. გ.-ს მიერ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 473,45 ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.