საქმის ნომერი: საქმე №2ბ/307-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ხელშეკრულება უნდა შესრულდეს დათქმულ დროსა და ადგილას
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №საქმე №2ბ/307-18 (2018-04-27), www.temida.ge
საქმის № საქმე №2ბ/307-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       27 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - შპს „NX ქ. კ.“

წარმომადგენელი - თ. ჭ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ტ.

წარმომადგენელი - ბ. ბ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სესხის და სარგებლის დაკისრება

1. ნ. ტ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე შპს „NX ქ. კ.“ სესხის სახით აღებული 5000 ლარის გადახდის და სესხის ოთხი თვის პროცენტის 333 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხე შპს „NX ქ. კ.-მ“ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. შპს „NX ქ. კ.-ს“ ნ. ტ.-ს მიმართ, ჯამში, 5333 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით შპს „NX ქ. კ.-მ“ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. 2017 წლის 10 იანვარს შპს „ქ. კ.-სა“ და ამავე საზოგადოების პარტნიორ ნ. ტ.-ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე, აპელანტ შპს „ქ. კ.-მ“ ამავე საზოგადოების პარტნიორ ნ. ტ.-საგან, სესხის სახით, ექვსი თვის ვადით, წლიური 20%-ის სარგებლის დარიცხვით, 5000 ლარი მიიღო. ხელშეკრულების მიხედვით, სესხი ეტაპობრივად უნდა დაფარულიყო (ს.ფ. 12-16).

6. სესხის ხელშეკრულების დადების დროს ლ. ბ. მოპასუხე საზოგადოების შპს „NX ქ. კ.-ს“ დირექტორი იყო (ს.ფ. 12-16, 153-158).

7. ნ. ტ.-მ მსესხებელ შპს „NX ქ. კ-ს“ 5000 ლარი გადასცა (ს.ფ. 7).

8. აპელანტ მხარეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია (ს.ფ. 42-47).

9. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ აპელანტ მხარეს აღებული სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ნ. ტ.-სთვის დაბრუნების ვალდებულება გააჩნია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლისაგან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

10. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ „NX ქ. კ.-მ“ ნ. ტ.-სგან თანხა დროებით საკუთრებაში მიიღო, რაც აღნიშნული გარიგების სესხად კვალიფიკაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს. სესხის ხელშეკრულება რეალურ გარიგებათა რიგს განეკუთვნება. რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ, ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტოოდენ შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

11. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარე სადავოდ ხდის სესხის მსესხებლისთვის გადაცემის ფაქტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება აპელანტთან სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტსა და მისთვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას - სესხის სახით თანხის მოპასუხისათვის გადაცემას. ვინაიდან დასახელებული გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება აღნიშნულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი. სარჩელის აღძვრისას ნ. ტ.-მ სესხის ხელშეკრულება და სალაროს შემოსავლის ორდერი N7 წარმოადგინა. ორდერი საწარმოს ბუღალტრის მიერაა ხელმოწერილი და საწარმოს ბეჭედი აქვს დასმული. თანხის შემტან პირად ნ. ტ. დაფიქსირებული. შემოსავლის ორდერ N7-ზე თანხის შეტანის საფუძვლად პარტნიორის მიერ სესხად შეტანილი თანხაა მითითებული, შეტანილი თანხის ოდენობა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობის იდენტურია, შესაბამისად, დასახელებულ გარემოებათა ერთობლიობა სასამართლოსთვის ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს მასზედ, რომ მოსარჩელემ შეთანხმებული თანხა მოპასუხეს ნამდვილად გადასცა და თანაც, გადაცემული თანხა კომპანიისათვის სესხის მიცემას ემსახურებოდა.

12. აპელანტი მხარის მიერ შესაგებელთან ერთად წარმოდგენილ იქნა იგივე თარიღით დათარიღებული შემოსავლის ორდერი N7 (ს.ფ. 135), რომლის მიზნობრიობაც განსხვავებულია და რიგითი პაციენტის მიერ მომსახურებისთვის გაწეული თანხის საწარმოს სალაროში შეტანას მოწმობს. აპელანტის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ მათ მიერ წარდგენილი შემოსავლის ორდერის ნუმერაცია აპელანტის მიერ წარდგენილი სალაროს ორდერის ნუმერაციას ემთხვევა, სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულების არაწონად მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი უნდა გახდეს. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ნამდვილობა აპელანტის მიერ ეჭვქვეშ არ დაყენებულა, კერძოდ, მას დოკუმენტის სიყალბის თაობაზე სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, სასამართლოსთვის მტკიცებულების არასარწმუნოდ მიჩნევის საფუძველი მარტოოდენ სალაროს ორდერების იდენტური ნუმერაცია ვერ გახდება. იმ ფაქტის მტკიცება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ყალბ ან არასწორად გაცემულ დოკუმენტს ეფუძნებოდა, მოპასუხეს ეკისრებოდა. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია, რაც სადავო მტკიცების სარწმუნოდ მიჩნევის საფუძველია.

13. მიუხედავად იმისა, სასამართლო მოსარჩელის მიერ წარდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერს სესხის თანხის რეალურად გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევდა თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი თავად აპელანტის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერითაც დასტურდება (ს.ფ. 20, 136-141). ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 11 აპრილს საწარმოს ანგარიშზე 10 000 ლარი გადაირიცხა. ადრესატის ვინაობაში ლ. ბ. მითითებული, ხოლო მიზნობრიობაში - პარტნიორთა მიერ სალაროში შეტანილი სესხი. აპელანტი მხარე სწორედ ამ მტკიცებულებით ცდილობს მოსარჩელის მოთხოვნის გაქარწყლებას და აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული (5 000 ლარი) და ანგარიშზე შეტანილი თანხა (10 000 ლარი) არ ემთხვევა ერთმანეთს და ამასთანავე, აღნიშნული თანხა წარმოადგენს პაციენტთა მიერ საწარმოში შეტანილი თანხების ნაერთს, რომლის შეტანაც საწარმოს ბუღალტერის მიერ ერთიანად მოხდა.

ამ მიმართებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის გასამყარებლად წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის საწარმოსთვის რეალურად გადაცემა დაადასტურა, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება, კერძოდ, სწორედ მოპასუხე შპს „NX ქ. კ.-ა“ ვალდებული ამტკიცოს, რომ მოსარჩელე ნ. ტ.-ს მიერ საზოგადოებისათვის თანხის რეალურად გადაცემა არ მომხდარა. ამ მიმართებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მითითებას მასზედ, რომ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი საზოგადოების ანგარიშზე ნ. ტ.-ს მიერ სესხის სახით გადაცემული თანხის განთავსების დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, პალატა ყურადღებას ამახვილებს საბანკო ამონაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს ანგარიშზე 10 000 ლარი განთავსდა, რომელიც ორი პარტნიორის მიერ აპარატურის შესაძენად საწარმოსთვის მიცემულ სესხს წარმოადგენდა. სესხის გადაცემის მიზნობრიობა საბანკო ამონაწერის დანიშნულებაშია მითითებული, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სალაროს ორდერ N7-თან ერთობლიობაში, საზოგადოებისათვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის რეალურად გადაცემას ადასტურებს.

15. სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ აღნიშნული თანხა პაციენტების მიერ გადახდილ ნაერთ თანხას წარმოადგენდა, რომელიც ბუღალტერმა ანგარიშზე ერთდროულად შეიტანა. როგორც უკვე აღინიშნა, თითოეული მხარე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს იმგვარი მტკიცებულება, რომელიც მას მათი მოსაზრების სისწორეში დაარწმუნებს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს ახსნა-განმარტების გარდა, არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის მოსაზრებას გაამყარებდა. უფრო მეტიც, წარდგენილი ამონაწერის თანახმად, დგინდება, რომ ასეთი ოდენობის თანხის შეტანა საწარმოს ანგარიშზე არცერთხელ არ განხორციელებულა, შესაბამისად, იგი ჩვეულ გადარიცხვას არ წარმოადგენდა, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ 10 000 ლარი საწარმოს ანგარიშზე პარტნიორთა მიერ სესხის სახით გაცემულ თანხაა.

16. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მტკიცებას მასზედ, რომ სესხის ხელშეკრულებით თანხის გადაცემის თარიღად განსაზღვრული იყო ხელშეკრულების გაფორმების დღე, საწარმოს ანგარიშზე კი თანხა მხოლოდ 2017 წლის 11 აპრილს ჩაირიცხა, რაც მხარის აზრით, ამ თანხების იგივეობას გამორიცხავს. სასამართლო მიუთითებს, რომ სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნით წარმოებულ სამართლებრივ დავაში სასამართლოს შეფასების საგანს თანხის მსესხებლისთვის რეალურად გადაცემის ფაქტი წარმოადგენს. გარემოება მასზედ, რომ საწარმომ გადაცემული თანხა არამიზნობრივად განკარგა, გვიან შეიტანა ოფიციალურ ანგარიშზე და ა. შ. განსახილველი დავის ფარგლებს სცილდება და შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას არ წარმოადგენს. მოპასუხე შპს „NX ქ. კ.“ მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში უთითებს, რომ აღნიშნული თანხა, მართალია, სესხის სახით საზოგადოების ანგარიშზე შევიდა, თუმცა, მითითებული თანხა კომპანიის ბალანსზე ამ დოისათვის არ ირიცხება.

17. სააპელაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ საკუთარი ვალდებულების გამომრიცხველ გარემოებად იმ ფაქტის მითითებას, რომ საწარმოს წესდების თანახმად, დირექტორი არ იყო უფლებამოსილი პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე სესხის ხელშეკრულება დაედო. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების შესახებ რეესტრი დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე რეგისტრირებულ ინფორმაციას არ შეიცავს. თუმცა, სასამართლო მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების ამონაწერს არ ეყრდნობა და ნ. ტ.-ს კეთილსინდისიერებას სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის მიმართ კანონისმიერი ნდობის სტანდარტით არ ამართლებს, ვინაიდან ნ. ტ. თავად საზოგადოების პარტნიორია. საჯარო და შესაბამისად, სამეწარმეო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია კი მესამე პირების დაცვის მიზნებს ემსახურება. თუმცა, მიუხედავად ამისა, სესხი, რომელიც პარტნიორთა კრების თანხმობას საჭიროებს, იმგვარ გარიგებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის ნამდვილობა მხარეთა შეთანხმებით, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (პირთა) თანხმობას, ანდა მოწონებას საჭიროებს. ამგვარი თანხმობის (მოწონების) გარეშე დადებული გარიგება ბათილია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე, რომლის მიხედვითაც, დირექტორს სესხის აღების უფლებამოსილება 2017 წლის 3 იანვრის პარტნიორთა საერთო კრების ოქმით მინიჭებული ჰქონდა, თუმცა, აღნიშნული ოქმი სადავოდ არის გამხდარი. საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროისათვის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული კრების ოქმის ბათილობას დაადასტურებდა. თუმცა, კიდეც, რომ მითითებული კრების ოქმი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნეს ცნობილი, აღნიშნული გარემოება შპს „NX ქ. კ.-სათვის“ გადაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულებისაგან არ გაათავისუფლებს, ვინაიდან მითითებული თანხა, თუნდაც, თანხმობის გარეშე დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის კონტექსტში დაბრუნებას ექვემდებარება, რასაც ამავე კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პროცენტიც ეკისრება.

მიუხედავად ზემოგანვითარებული მსჯელობისა, თანხის, უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე, სასამართლო მაინც თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა გარიგება, კერძოდ, სესხის ხელშეკრულება, შესაბამისად, თანხაც სწორედ სესხის ხელშეკრულების საფუძველზეა გადაცემული, ხოლო რაც შეეხება, მითითებული ხელშეკრულების თანხმობასავალდებულოობას, აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „NX ქ. კ.-ს“ წესდების მე-9 მუხლის მიხედვით, საზოგადოების დირექტორს სესხის აღების უფლება ჰქონდა. პარტნიორთა კრებას კი ამავე წესდების მე-8 მუხლით არ დაუდგენია სესხად ასაღები თანხის ის ოდენობა, რომლის ასაღებად დირექტორს პარტნიორთა კრების თანხმობა სჭირდებოდა. (ტ.1, ს.ფ. 46).

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულების დადების დროისათვის, კერძოდ, 2017 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, შპს „NX ქ. კ.-ს“ დირექტორ ლ. ბ.-ს 5 000 ლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულების დასადებად პარტნიორთა კრების თანხმობა სჭირდებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2017 წლის 3 იანვრის პარტნიორთა კრებამ აღნიშნული თანხმობა გასცა, რაც მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს. აღნიშნული თანხმობის ბათილობა კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის. თუმცა, კიდეც, რომ სახეზე არ იყოს თანხმობა და არც დირექტორს ჰქონოდა აღნიშნული ოდენობით სესხის ხელშეკრულების დადების უფლება, ნ. ტ.-ს მიერ შპს „NX ქ. კ.-სათვის“ გადაცემული თანხა დაბრუნებას მაინც დაექვემდებარებოდა, ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხისათვის თანხის გადახდა დაადასტურა, მოპასუხემ კი ვერ დაამტკიცა აღნიშნული თანხის საჩუქრად მიღების ფაქტი და ვერც მიღებული შესრულების დაბრუნებაზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, ამიტომ გადაცემული თანხა ფაქტების ამგვარი კონსტელაციის პირობებშიც, შპს „NX ქ. კ.-ს“ მაინც დაეკისრებოდა.

18. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადაცემის შემთხვევაში არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ თანხის მიმღებმა თანხა უნდა დააბრუნოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანხის მიმღები სარწმუნოდ ადასტურებს, რომ მას თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ტ.-მ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მსესხებელს გადასცა. აპელანტ შპს „NX ქ. კ.-მ“ მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების შედეგად ვერ დაადასტურა, რომ მას აღნიშნული თანხა არ მიუღია ან სხვა ისეთი გარიგების საფუძველზე მიიღო, რომელიც მისი მხრიდან აღნიშნული თანხის დაბრუნების საპასუხო ვალდებულებას გამორიცხავდა.


მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ აპელანტის მიერ სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ორ ნაწილად, პირველი ნახევარი 2017 წლის 25 აპრილს ხოლო, მეორე ნაწილი 2017 წლის 10 ივლისს. მოსარჩელე აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა მსესხებელს არ გადაუხდია, რაც მოპასუხის მიერ სადავოდ არ გამხდარა (ს.ფ 42-51, 108-118).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ შპს „NX ქ. კ.-ს“ ნ. ტ.-ს მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის 5 000 ლარის და შეთანხმებული პროცენტის 333 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება გააჩნია.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარის მიერ გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ტ.-მ წარმომადგენელს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში იურიდიული მომსახურების მიზნით 503 ლარი გადაუხადა, რაც კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, კერძოდ, დავის საგნის 4%-მდე ოდენობით (213 ლარი) ანაზღაურებას ექვემდებარება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „NX ქ. კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი ბაჟი 213,32 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. შპს „NX ქ. კ.ს“ ნ. ტ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გაღებული საადვოკატო ხარჯის ანაზღაურება, ნაწილობრივ, 213 ლარის ოდენობით;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.