საქმის ნომერი: 2ბ/2320-18
საქმეთა კატეგორიები: სადაზღვევო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ, სარჩელი აღძრა და 2017 წლის 18 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2320-18 (2018-06-27), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2320-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       27 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - სს „ს. კ. ჯ. ჰ.“

წარმომადგენელი - ლ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ.

წარმომადგენელი - ზ. დ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

1. ნ. კ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს. კ. ჯ. ჰ.“-ს და ა. კ.-ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, 2017 წლის 18 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ე. წ.-ს მიერ ნივთების აღწერისა და დაყადაღების N135383 აქტით დაყადაღებული მეორადი ტელევიზორის (სონის ფირმის), მეორადი პერსონალური კომპიუტერის (კომპლექტი - მონიტორი, პროცესორი, მაუსი, კლავიატურა), მეორადი ტელევიზორის (გრუნდიგის ფირმის), მეორადი პიანინოს (დაუდგენელი ფირმის) და მეორადი მაცივრის (სამსუნგის ფირმის) ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა.

2. მოპასუხე სს „ს. კ. ჯ. ჰ.“-მ სარჩელი არ ცნო, ხოლო მოპასუხე ა. კ. სარჩელის საფუძვლიანობას დაეთანხმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. 2017 წლის 18 ივლისის თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, ნივთის აღწერისა და დაყადაღების N135383 აქტით დაყადაღებული მოსარჩელის კუთვნილი ნივთები: ტელევიზორი მეორადი, სონის ფირმის, თხელი დიდი ზომის, პერსონალური კომპიუტერი, მეორადი, კომპლექტი, მონიტორი, პროცესორი, მაუსი, კლავიატურა, ტელევიზორი მეორადი გრუნდიკის ფირმის, პიანინო მეორადი მოყავისფრო, მოჩუქურთმებული სანთლით, მაცივარი მეორადი, სამსუნგის ფირმის, მონაცრისფრო ყადაღისგან გათავისუფლდა და მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 103 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება დაეკისრათ.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს. კ. ჯ. ჰ.“-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბილისი, ბ.-ს ქუჩა NXX-XX, საკადასტრო კოდი NXX.XX.XX.XXX.XXX. ნ. კ.-ს სახელზეა რეგისტრირებული (თანამესაკუთრე) (ს.ფ. 16-20).

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით N135383 მოსარჩელის ბინაში არსებულ მოძრავ ნივთებს ყადაღა დაედო (ს.ფ. 21).

7. დაყადაღებულ ნივთებზე იძულებითი აუქციონი არ მიმდინარეობს (ს.ფ. 38).

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელე ნ. კ.-ს საკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად, ისინი ყადაღისგან გათავისუფლებას ექვემდებარება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი პირის მოძრავი ან/და უძრავი ქონების მესაკუთრედ მიჩნევის პრეზუმფციას განამტკიცებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. სამართალში მოქმედ ე.წ. პრეზუმფციებს, ანუ ვარაუდს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან პრეზუმირებული ფაქტები დადასტურებულად მიიჩნევა ვიდრე აღნიშნულის საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მათი საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი კი პროცესუალური მოწინააღმდეგის მხარეზეა, სწორედ მას ევალება დაშვებული პრეზუმფციის გაქარწყლების ვალდებულება.

მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, რომელში განთავსებულ ნივთებსაც ყადაღა დაედო, მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ბინაში იყო განთავსებული, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე პრეზუმირებულია ფაქტი მასზედ, რომ დაყადაღებული ნივთები მის მესაკუთრეს ეკუთვნის.

9. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე უფლება გააჩნია, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ მოვალესა და კრედიტორს წარედგინება.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება მოითხოვოს. ხსენებული ნორმა, სამართლებრივი მართლწესრიგის დანერგვას ემსახურება, კერძოდ, კანონმდებელი შეეცადა ერთი მხრივ, კრედიტორის ინტერესები დაეცვა, რომელიც ცდილობს იძულებითი აღსრულების გზით დაიკმაყოფილოს მისი ვადამოსული მოთხოვნა და შესაბამისად აღმასრულებელს აძლევს მოვალის ქონების დაყადაღების შესაძლებლობას, თუმცა, მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე მოძრავი ნივთების მესაკუთრედ მისი მფლობელი მიიჩნევა, მესამე პირს (მესაკუთრეს) უფლებას აძლევს საკუთარი უფლება სასამართლო წესით დაიცვას. მართალია, ამ დროს მოძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება იზღუდება, იგი იძულებულია დახარჯოს დრო და ძალისხმევა, რათა მოძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვოს, თუმცა, ასეთი შეზღუდვა გამართლებულია შეპირისპირებული საჯარო ინტერესის - კრედიტორის დაცვისა და გადაწყვეტილების აღსრულების დაცვის მიზნებისთვის. შესაბამისად, მოვალის საცხოვრებელ ადგილას განლაგებული ნივთების დაყადაღება წინააღმდეგობაში არ მოდის საკუთრების უფლების არსთან, რომელიც მისი მნიშვნელობის მიუხედავად აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ მიეკუთვნება და ლეგიტიმური მიზნის არსებობისას გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

10. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი კატეგორიის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. [საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები საქმეებზე: Nას-305-293-2012; Nას-1522-1529-2011 და Nას-1777-1755-2011.] საქმის მასალებით დასტურდება და სადავო ფაქტს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ. კ.-ს სახელზე და მოვალე ა. კ. აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე არ არის. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი ნ. კ. არის. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი კი, ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს.

11. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი პრინციპი არსებობს. ყოველი მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები რომლებზედაც იგი საკუთარ მოთხოვნასა და შესაგებელს ამყარებს, თუმცა ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს სამართალში მოქმედ პრეზუმფციაზე, მისი გაქარწყლების ვალდებულება პროცესუალურ მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება. აპელანტის მტკიცებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებები აქტში დაფიქსირებულ ნივთებზე მოსარჩელის კუთვნილების ფაქტის დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებებს არ წარმოადგენდნენ. აპელანტის მტკიცებით, საგარანტიო ტალონი, ქვითარი და ამგვარი დოკუმენტები არ შეიცავს დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირის თაობაზე რაიმე ჩანაწერს და შესაბამისად, ამ ნივთებზე მისი კუთვნილების დასადასტურებლად ვერ გამოდგება. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მტკიცებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში, ხსენებული მტკიცებულებები მოსარჩელე მხარის მიერაა წარმოდგენილი, რომლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებასაც ნივთის კუთვნილების დადასტურება არ წარმოადგენს, რადგან იგი სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით დაშვებული პრეზუმფციით დაცულ სუბიექტს წარმოადგენს. შესაბამისად, მის მიერ მტკიცებულებათა წარუდგენლობის პირობებშიც კი საწინააღმდეგოს მტკიცების სამართლებრივი ტვირთი აპელანტ მხარეს აწევს, რომელსაც დაშვებული პრეზუმფცია უნდა გაექარწყლებინა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნა იმ ერთადერთ გარემოებას ემყარება, რომ მოვალე სადავო ბინის მემკვიდრეს წარმოადგენდა, რომელმაც გამიზნულად, კანონით დადგენილი დანაწესის დარღვევით, არ მიიღო სამკვიდრო ქონება. აღნიშნულ აპელირებას სააპელაციო სასამართლო ვერ გაზიარებს და მიუთითებს, რომ საქმის განხილვის დროისთვის, სადავო ქონების თანამესაკუთრე არის თავდაპირველი მოსარჩელე, მოვალე აღნიშნული ქონების მესაკუთრე არ არის, კანონით დადგენილი წესების დაცვით სამკვიდროს გახსნისა და მემკვიდრეების მიერ ქონების მიღების ფაქტი შეცილებული არ არის, შესაბამისად, აპელანტი მხარის მიერ განვითარებული მსჯელობა განსახილველი დავისთვის რელევანტური არ არის და მას მტკიცებითი ძალა ვერ მიენიჭება. სხვა სახის მტკიცებულება საქმეში არ მოიძებნება, ამიტომ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაშვებული პრეზუმფცია შედავებული არ არის.

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც ნ. კ.-ს მიერ დაყადაღებული მოძრავი ქონების (გარდა პიანინოსი) შეძენა დასტურდება. შესაბამისად, კიდეც, რომ უძრავი ქონების პრეზუმფციაზე დაყრდნობით არ იქნეს მიჩნეული ნ. კ. სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრედ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ აღნიშნული ქონების შეძენა დასტურდება (იხ. ტელევიზორის საგარანტიო ფურცელი, კომპიუტერის შეძენის გადახდის ქვითარი, სასაქონლო ზედნადები, გნვადებით დასაფარი კრედიტის გრაფიკი, ს.ფ. 23, 31, 32, 33-37).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო მოძრავი ქონება ყადაღისგან უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოს აზრით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა


1. სს „ს. კ. ჯ. ჰ.“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




მითითება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე : Nას-305-293-2012; Nას-1522-1529-2011; Nას-1777-1755-2011.