საქმის ნომერი: 2ბ/1579-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის, მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/1579-18 (2018-05-30), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1579-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       30 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - ლ. შ.

წარმომადგენელი - თ. ხ.

მოწინააღმდეგე მხარე - თ. დ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

1. თ. დ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე ლ. შ.-სთვის მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის ბ. შ.-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხე ლ. შ.-მ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ. შ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) არასრულწლოვანი შვილიშვილის - 2010 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ბ. შ.-ს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის, თვეში 150 ლარის, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 11 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე გადახდის ვალდებულება დაეკისრა. არასრულწლოვანი ბ. შ.-ს მამა, ბ. შ. (პ/ნ XXXXXXXXXXX), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე N2/796-15) დაკისრებული ალიმენტის 150 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა. ლ. შ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ლ. შ.-მ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. თ. დ.-ს და ბ. შ.-ს საერთო შვილი - 2010 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ბ. შ. ჰყავთ (სასამართლოს 2018 წლის 05 თებერვლის სხდომის ოქმი, მოპასუხის ახსნა-განმარტება).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ბ. შ.-ს, მოსარჩელე თ. დ.-ს სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის, ბ. შ.-ს რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით 150 ლარის, სარჩელის შემტანიდან, 2015 წლის 03 თებერვლიდან ყოველთვიურად, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე, გადახდის ვალდებულება დაეკისრა (ს.ფ. 12-30).

7. 2017 წლის 30 ივნისიდან სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღსრულებაც ვერ ხერხდება. 2015 წლის 03 თებერვლიდან - 2017 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით მოვალე ბ. შ.-ს, კრედიტორ თ. დ.-ს სასარგებლოდ, 32 თვის ალიმენტი 4800 ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა. ბ. შ. დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს და ალიმენტის სახით დაკისრებულ თანხას არ იხდის (ს.ფ. 31, ს.ფ. 32).

8. მოსარჩელე თ. დ. შპს „ქ. თ. ო. დ.“-ში მკურნალობის კურსს გადის. მისი დიაგნოზია: „ჰ/მ-19765/16-საკვერცხეების სერიოზული ადენოკარცინომა, Grade 2, ბადექონში მტს 2სმ“. 2016 წელს ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა საკვერცხის cr. 2016 წლის 12 აგვისტოს ჩატარდა ოპერაცია საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატებთან ერთად, ბადექონის რეზექცია. დაენიშნა ქ/თ 09.09-23.12.2016 ჩატარდა 6 კურსი; პაციენტი მუცლის ღრუს და მცირე მენჯის მრტ კვლევა კონტრაქსტით, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ბილირუბინი, კრეატინინი, ALT, AST, GGT, CEA, CA-125 გამოკვლევების ჩატარებას საჭიროებს (ს.ფ. 96, 97).

9. ბ. შ.-ს მშობლებად ე. შ. და ლ. შ. არიან რეგისტრირებულები (ს.ფ. 35, 49).

10. თ. დ. ააიპ N156-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მეთოდისტის პოზიციაზე მუშაობს, მისი ყოველთვიური ხელფასი 577.50 ლარს შეადგენს (ს.ფ. 95).

11. თ. დ.-ს სოციალურ დახმარება თვეში 100 ლარის ოდენობით ერიცხება (ს.ფ. 98).

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 07 ნოემბრის დადგენილებით, გ. ე.-ს ძე შ. (დაბადების თარიღი 1975 წელი, XX მაისის, დაბადების ადგილი - თბილისი, უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, ვარკეთილი X, X მკ/რ, კორპუსი XX, ბინა NXX), გარდაცვლილად გამოცხადდა (ს.ფ. 65, 66).

13. მოპასუხე ლ. შ.-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი შვილის გამო, სახელმწიფო კომპენსაცია, თვეში 1000 ლარის ოდენობით ერიცხება. ლ. შ. ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის სახით 180 ლარს იღებს (ს.ფ. 99, 100).

14. 2016 წლის ივლისის თვეში ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის შედეგების მიხედვით ლ. შ.-ს დაუდგინდა სიმსივნური წარმონაქმნი საშვილოსნოზე და ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა. აქვს კიდურების შეშუპება და გადაადგილება უჭირს (ს.ფ. 69-73).

15. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ ლ. შ.-ს მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 150 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან . განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანის მამას ბ. შ.-ს, ბ. შ.-სთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, თუმცა, იგი აღნიშნულ ვალდებულებას არ (ვერ) ასრულებს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ვერ მოახერხა, ბ. შ.-ს გადაუხდელი ალიმენტი დავალიანების სახით ერიცხება. არასრულწლოვნის დედას ხელფასი, თვეში 577.50 ლარის ოდენობით აქვს. მასვე შეზღუდული შესაძლებლობების გამო დანიშნული სახელმწიფო პენსია, თვეში 100 ლარის ოდენობით ეძლევა. თ. დ.-ს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, შესაბამისად, აღნიშნული შემოსავლის დიდი ნაწილი სამედიცინო მომსახურებისთვის იხარჯება.

16. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

17. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება-უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.

18. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლით, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას ემსახურება, გარანტირებულია ბებია-პაპის ვალდებულება, დაეხმარონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილს და გადაუხადონ ალიმენტი, იმ შემთხვევაში, თუ სარჩოს მიმღები პირის მშობლები მის რჩენას ვერ უზრუნველყოფენ.

19. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის გადახდის ვალდებულება არ შეიძლება დამსჯელობით ღონისძიებად იქნეს აღქმული. არასრულწლოვნის აღზრდაზე პასუხისმგებელ პირებს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც არასრულწლოვანის საზოგადოების ღირსეულ წევრად აღზრდას უკავშირდება. ფულადი დახმარების გაწევა კი აღნიშნული ვალდებულების განუყრელი ელემენტია, რადგან მას უკავშირდება ბავშვის მიერ მრავალი სიკეთის, მათ შორის, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების ქონა და განათლების მიღება. საკმარისი მატერიალური სახსრების გარეშე კი ბავშვისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მისთვის ღირებული განათლების მიცემა შეუძლებელია. შესაბამისად, პირველ რიგში, არასრულწლოვნის მშობლებს, ხოლო მათ შემდეგ ბებია-პაპებს აღნიშნული ვალდებულების, როგორც მათთვის დაკისრებული პიროვნული და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესრულება ევალებათ.

20. ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს მშობლებსა და სხვა უფლებამოსილ პირებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას ან სხვა პირს (განსახილველ შემთხვევაში ბებიას), რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება, ის თუ ვისთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის დანიშვნის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა/ბებია-პაპის ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები, მისი მშობლებისა და ბებია-პაპის მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.

21. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მოქმედებას ეთმობა.

როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე მშობლისა და ბებია-პაპის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დანიშვნა ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს.

22. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი ბებია-პაპისთვის სარჩოს გადახდის წინაპირობებს აწესებს, კერძოდ, არასრულწლოვნის მშობლებს არ უნდა ჰქონდეთ სარჩოს მიმღების მატერიალური უზრუნველყოფის საშუალება და ამასთან, ბებია-პაპას სარჩოს გადახდისთვის საკმარისი სახსრები უნდა გააჩნდეს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოსაყენებლად საჭიროა ზემოაღნიშნული ელემენტების კუმულაციურად არსებობა. როგორც უკვე აღინიშნა, არასრულწლოვნის დედას მცირე ხელფასი აქვს, რომლის უმეტესი ნაწილი სამედიცინო დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს ხმარდება. არასრულწლოვნის ბებიას, ლ. შ.-ს, სახელმწიფო დახმარება 1000 ლარი და პენსია 180 ლარი ერიცხება. დადგენილია, რომ მის კმაყოფაზე კანონით განსაზღვრული წესით, სხვა პირები არ არიან, მისი შემოსავალი საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის მოვლას ხმარდება. ასევე, როგორც თავად აპელანტის შესაგებელშია მითითებული, იგი ფინანსურად მის შვილიშვილებსაც ეხმარება, რაც ლ. შ.-ს თავისუფალი ფინანსური სახსრების არსებობას ადასტურებს. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, ლ. შ.-ს ობიექტურად გააჩნია შვილიშვილის, ბ. შ.-ს, ფინანსური დახმარების შესაძლებლობა. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ ბ. შ.-ს მამას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით ყოველთვიურად ალიმენტის სახით 150 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება დაეკისრა, რომელიც დღემდე აღუსრულებელია. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის დისპოზიციით განმტკიცებული ორივე წინაპირობა სახეზეა, რაც აღნიშნული ნორმის სარჩელის დასაკმაყოფილებელ დამფუძნებელ ნორმად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

23. ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის. [საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017.] საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროისთვის ბ. შ. 7 წლის არის (დაბადებულია 2010 წლის 17 ნოემბერს), არასრულწლოვნის ასაკის მატებასთან ერთად იცვლება მისი მოთხოვნილებებიც და შესაბამისად, მშობლების მიერ მასზე გასაწევი ხარჯის ოდენობაც. უდავოა, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის, მისთვის ხარისხიანი განათლებისა და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისთვის ასაკის ზრდასთან ერთად უფრო მეტი მატერიალური სახსრებია საჭირო. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი მოსარჩელეზეა გადატანილი. მამა და ბებია აქტიურად არ (ვერ) იღებენ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების და სხვა უფლებამოსილ პირთა უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი/ბებია, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან და ბებია-პაპისგან, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან (ბებია-პაპასთან) შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.

24. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის შემოსავლის არსებობისა და იმ ფაქტის მტკიცება, რომ მოზარდის მამა თავს არიდებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მან აღსრულების ეროვნული ბიუროდან წარადგინა წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ბ. შ.-ს სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი საკმარისი სახსრების არარსებობის გამო ვერ სრულდება, ამასთანავე მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ ლ. შ.-ს საკმაოდ სოლიდური ყოველთვიური შემოსავალი აქვს. რაც შეეხება მოპასუხეს, მან სათანადო მტკიცებულებათა წარდგენით ვერ დაადასტურა, რომ მისი შემოსავალი ბავშვისთვის ალიმენტის სახით 150 ლარის გადასახდელად არასაკმარისი იყო.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რადგან არასრულწლოვნის მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა ღირსეულად არჩინონ მოზარდი და შეუქმნან მას ნორმალური განვითარებისთვის საჭირო გარემო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ლ. შ.-ს ყოველთვიური შემოსავალი 1180 ლარს შეადგენს და მის კმაყოფაზე, კანონით დადგენილი წესით, სხვა პირები არ იმყოფებიან, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრების თაობაზე.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, ლ. შ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 75 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციით“ და

დ ა ა დ გ ი ნ ა


1. ლ. შ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება: ას-1011-931-2017.