საქმის ნომერი: №2ბ/3291-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე:
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, , საქმე №№2ბ/3291-17 (2018-05-25), www.temida.ge
საქმის № №2ბ/3291-17


საქართველოს სახელით
       25 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი- შ. ქ.

წარმომადგენელი - ლ. ხ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ.

წარმომადგენელი - ნ. ო.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი– უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. კ.-მა შ. ქ.-ის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისში, გიორგი ძოწენიძის ქუჩა NX-ში მდებარე ავტოფარეხი NX-ის, საკადასტრო კოდით NXX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ. ქ.-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, გ. ძოწენიძის ქ. NX-ში, ავტოფარეხი NX, საკ. კოდი NXX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX (21 კვ.მ.) გამოთხოვილ იქნა და ნ. კ.-ს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა. მოპასუხე შ. ქ.-ს მოსარჩელე ნ. კ.-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შ. ქ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. სადავო უძრავი ნივთის, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა გიორგი ძოწენიძე, NX, ავტოფარეხი NX (მშენებარე), საკადასტრო კოდი: NXX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX მესაკუთრეს ნ. კ. წარმოადგენს. საჯარო რეესტრში უძრავი ქონება მის სახელზეა რეგისტრირებული, რეგისტრაციის კანონიერების საკითხი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. საკუთრების უფლების უფლებადამდგენ დოკუმენტს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი: 28/07/2015, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) წარმოადგენს (ს.ფ. 15-21, 22-25, 26-31).

6. ნ. კ.-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე ქალაქი თბილისი, გ. ძოწენიძის ქუჩა NX, NX ავტოფარეხს ფაქტობრივად მოპასუხე შ. ქ. ფლობს (ს.ფ. 82-122).

7. სადავო ავტოფარეხი შ. ქ.-ის მფლობელობაშია. ნ. კ.-ის მეუღლეს თ. გ.-ს NX ავტოფარეხი გადაეცა, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. მოსარჩელე სადავო ავტოფარეხით ვერ სარგებლობს. ფართების განაწილებისას, ავტოფარეხის კედელზე წარწერა „X“ გაკეთდა (მოწმეთა ახსნა-განმარტება, ს.ფ. 79, 82-122).

8. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ძოწენიძის ქუჩა NX-ში მდებარე ავტოფარეხი NX თანასაკუთრების უფლებით 17 კვ.მ. ხ. ო.-ის, ხოლო 17 კვ.მ. (სულ 34 კვ.მ.) თ. ქ.-ის სახელზეა აღრიცხული. სადავო ავტოფარეხში საკმარისი ფართი აღრიცხული არ ყოფილა (ს.ფ. 50).

9. სადავო სამართალურთიერთობა ეხება მესაკუთრის პრეტენზიას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს {საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ას-707-677-2016}. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია, შესაბამისად, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დასახელებული ელემენტების ცალ-ცალკე გამოკვლევას.

10. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება. აღნიშნულთან მიმართებით საინტერესოა საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა, კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემის უტყუარობა, შესაბამისად, დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში. {საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ას707-677-2016}.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ძმის თ. ქ.-ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია. ნ. კ.-ს საკუთრების უფლებით აღრიცხული აქვს უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, გიორგი ძოწენიძის ქუჩა NX, ავტოფარეხი NX, საკადასტრო კოდი: NXX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX (21 კვ.მ.), აღნიშნულ ქონებაზე მომავალი საკუთრების უფლება მოსარჩელის მეუღლის სახელზე 2008 წელს დარეგისტრირდა. რაც შეეხება თ. ქ.-ს, მისი საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ძოწენიძის ქუჩა NX-ში, ავტოფარეხი NX თანასაკუთრების უფლებით 17 კვ.მ. ხ. ო.-ის, ხოლო 17 კვ.მ. (სულ 34 კვ.მ.) 2013 წელს აღირიცხა.

განსახილველი დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელისა და მოპასუხის ძმის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და აღნიშნულ ეტაპზე, ამ მიმართებით, არც ადმინისტრაციული, თუ სხვა სახის წარმოება მიმდინარეობს, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელე და, მეორე მხრივ, მოპასუხის ძმა უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეებს წარმოადგენენ, რომლის საკუთრებით სარგებლობაც შ. ქ.-ს მართლზომიერ მფლობელად აქცევს და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს, აუცილებელია დადგინდეს მოპასუხე ნამდვილად იმ ადგილით სარგებლობს თუ არა, რომელიც მისი ძმის საკუთრებაა. შესაბამისად, განსახილველი დავის გადაწყვეტისას სასამართლოს კვლევის საგანს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული და მოპასუხის მიერ დაკავებული უძრავი ქონებების იდენტურობის დადგენა წარმოადგენს.

11. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტოფარეხი, რომლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას მოითხოვს მოსარჩელე, იდენტურია იმ ავტოფარეხისა, რომელიც აპელანტ მხარეს არამართლზომიერად აქვს დაკავებული. პირველყოვლისა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე მასზედ, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა საკუთრებაში არსებული და დაკავებული უძრავი ქონების იდენტურობის დადგენას არ უკავშირებს რომელიმე კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე დადგენად გარემოებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოების დადგენისას მხედველობაში მიიღო საქმეში არსებული მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები.

სასამართლო პროცესზე, მოწმის სახით, ამხანაგობის თავმჯდომარე დ. დ. დაიკითხა. მან დაადასტურა, რომ ნ. კ.-მა 21 კვ.მ ავტოფარეხი შეიძინა, თუმცა, რეალურად იგი 17 კვ.მ. აღმოჩნდა, რადგან ავტოსადგომში სწორედ ამ ზომის ავტოფარეხებია განლაგებული. როდესაც მოსარჩელის, ნ. კ.-ის მეუღლე სადავო ფართს ყიდულობდა, მას ის ადგილი ანახეს, სადაც დრესდღეობით აპელანტი, შ. ქ. თავის მანქანას აჩერებს. თითოეულ ავტოფარეხს, მათ შორის, NX ავტოფარეხსაც, ცარცით მისი მფლობელის გვარი ეწერა. იგივე შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ო. ბ.-მაც (მშენებელი), რომელმაც დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს, მან თ. მ.-ის მითითებით, რომელიც შენობაში არსებული ფართების განკარგვაზე უფლებამოსილი პირი იყო, კედლებზე ცარცით თავად დააწერა ავტოფარეხის მესაკუთრეების გვარები. ავტოფარეხ N-ს გვარი „X“ ეწერა. აღნიშნული წარწერები კედლებზე დღემდე შენარჩუნებულია. მოწმის მტკიცებით, სადავო შენობაში 34 კვ.მ სიდიდის ავტოფარეხები არ არსებობს. მისი განმარტებით, შ. ქ. სწორედ იმ ადგილას აყენებს ავტომანქანას, რომელიც მოსარჩელემ შეიძინა და რომელზეც მისი მეუღლის გვარი ეწერა. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა თ. მ.-მა, რომელიც კორპუსის მშენებლობისას და უძრავი ქონების გაყიდვისას იყო შ. მ.-ის ნდობით აღჭურვილი პირი და სადავო ავტოფარეხების გასხვისებაც მის მიერ განხორციელდა, განაცხადა, რომ სადავო შენობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. მისი ლეგალიზება არ მომხდარა, ამიტომ თითოეული პირის ავტოფარეხისთვის მინიჭებული ნომრები პირობითია და მათ ზუსტ ადგილმდებარეობას არ განსაზღვრავს. ადგილი, სადაც აპელანტი მხარე მანქანას აჩერებს, რეალურად არის მე-X სადგომი, რომელიც თავის დროზე მოსარჩელემ იყიდა. გარდა ზემოაღნიშულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თ. მ.-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, პირს რომლისგანაც აპელანტის ძმამ ავტოფარეხი შეიძინა (მ. წ.), ნაყიდი ჰქონდა ავტოსადგომი NX და რომ იგი არ ემთხვევა ადგილს, რომელსაც აპელანტი მხარე იყენებს. მან ასევე გაიხსენა მ. წ.-ის მეუღლესთან შეხვედრა, რა დროსაც მან დაუდასტურა მყიდველს, რომ სწორედ ავტოსადგომი NX მიჰყიდა, შეხვედრას შ. ქ.-ც ესწრებოდა. საქალაქო სასამართლოში მთავარ სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა გ. ც.-მ განმარტა, რომ იგი NX ავტოფარეხს ფლობს, მის გვერდით არის 7 კვ.მ. ადგილი (ავტოფარეხი NX), რომელსაც მშენებლები ავტოფარეხად თვლიან, თუმცა. ობიექტურად იქ მანქანის გაჩერება შეუძლებელია.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურდა, რომ პირმა, რომლისგანაც თ. ქ.-მ (შ. ქ.-ის ძმა) ავტოსადგომი შეიძინა, ნაყიდი ჰქონდა NX ავტოსადგომი, რომელიც გ. ც.-ის საკუთრების გვერდით მდებარეობდა. შესაბამისად, თ. ქ.-ც სწორედ იმ ნივთზე შეიძინა საკუთრების უფლება, რომელზეც გამყიდველს გააჩნდა უფლება და არა იმ ფართზე, რომლითაც დღეს აპელანტი სარგებლობს.

13. ფაქტს მასზედ, რომ აპელანტის ძმის მიერ შეძენილი და შ. ქ.-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ავტოფარეხი სხვადასხვაა, მოწმობს ის ფაქტიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თ. ქ.-ს თანასაკუთრების უფლებით 34 კვ.მ. ავტოფარეხი აქვს რეგისტრირებული, რა სიდიდის ავტოსადგომიც რეალურად შენობაში არ არსებობს. სასამართლო მხედველობაში იღებს რა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედ სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ. ქ. თანასაკუთრების უფლებით 34 კვ.მ ფლობს, აღნიშნული ავტოფარეხი ერთიან ფართს წარმოადგენს და, რა თქმა უნდა, მისი ცალ-ცალკე (17 კვ.მ. ერთ და დანარჩენი ფართი სხვა ადგილას) არსებობა შეუძლებელია. ამასთანავე, მხარეთა ახსნა-განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა, რომ შ. ქ.-ს დაკავებული აქვს სტანდარტული ავტოფარეხი, რომელიც დაახლოებით 17 კვ.მ-ია და ერთი მანქანა ეტევა, სხვა თავისუფალი ადგილი მის მიერ დაკავებული ადგილის გვერდით არ არსებობს. შესაბამისად, იმ პირობებში, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და ფაქტობრივად დაკავებული ფართის სიდიდე ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავდება, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აპელანტი მხარე რეალურად მისი ძმის მიერ შეძენილ ავტოფარეხს არ იყენებს.

14. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ქ.- ს ნ. კ.-ის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი, პირობითი NX, მართლზომიერი საფუძვლის გარეშე აქვს დაკავებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება უფლების ბოროტად გამოყენებას არ წარმოადგენს. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ამ ნივთის ფლობის უფლება ჰქონდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო სამი წინაპირობიდან ორი, კერძოდ, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, აპელანტი კი მის ავტოფარეხს ფლობს, გადადის მესამე ელემენტის დადგენაზე და გამოიკვლევს, აპელანტ მხარეს გააჩნდა, თუ არა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება და არც მხარეთა ახსნა განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება მოპასუხესთან მიმართებაში შეზღუდულიყო. ამასთან, არც უფლებრივი შებოჭვისთვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძველია სახეზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, გარემოებას მასზედ, რომ აპელანტი ავტოსადგომ NX-ს (პირობითი ნომერი) არამართლზომიერად ფლობს.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს დასაბუთებულ პრეტენზიას წაუყენებს. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, დადგინდა, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, სადავო ქონების მისთვის გადაცემა მოეთხოვა.

16. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

საქართველოს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინა, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დაადასტურა, რომ მან სწორედ ის ადგილი შეიძინა, რომელსაც აპელანტი მხარე იყენებს. რაც შეეხება მესამე ელემენტს - ნივთის ფლობას, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის მისი ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება (მართლზომიერი მფლობელი, მესაკუთრე). საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლები), თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, მისი პოზიციის მართებულობას ადასტურებენ {საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება საქმეზე ას-453-435-2016}. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი და მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ქონება სხვადასხვაა. მოპასუხის შესაგებელი მხოლოდ იმას ეყრდნობა, რომ მისი ძმა ავტოფარეხი NX-ის მესაკუთრეა, რომლის საკუთრების უფლებაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, კი საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტი მასზედ, თუ სად მდებარეობს აპელანტის ძმის ავტოსადგომი, ასევე საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ აპელანტის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მისი ძმის ავტოფარეხშია განთავსებული, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც მოწმეთა განმარტებით, 34 კვ.მ. ავტოფარეხი აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთოდ არ არის განთავსებული. რადგან განსახილველ დავაში არ იხილება აპელანტის ძმის საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის საკითხი, ამიტომ, სასამართლო აღარ იკვლევს საკითხს მასზედ, ობიექტურად არსებობს, თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე 34 კვ.მ. სადგომი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აცხადებდა, არა იმას, რომ აპელანტის ძმას საკუთრების უფლება არ გააჩნდა უძრავ ქონებაზე, არამედ იმას, რომ აპელანტს, ნებით თუ უნებლიეთ, მის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი ჰქონდა დაკავებული და არა ის, რომელზეც მის ძმას საკუთრების უფლება ჰქონდა მოპოვებული.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;