ნახვები: 239
საქმის ნომერი: 1ბ/1117-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ იმსჯელა პირობითი მსჯავრის არგამოყენებისა და გირაოს თანხის არდაბრუნების შესახებ.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/1117-16 (2017-03-10), www.temida.ge
საქმის № 1ბ/1117-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       10 მარტი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანუჩარ კაპანაძე

ეკატერინე დიხამინჯიას და ავთანდილ ნასყიდაშვილის მდივნობით,

პროკურორ - ირაკლი ქარდავას,
მსჯავრდებულ - დ. ლ.-ს,
ადვოკატ - ზ. ბ.-ს მონაწილეობით,

ადვოკატ ზ. ბ.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

დ. ლ.-ს მიმართ - დაბადებული XXXX წლის X იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: დ., შ.-ს ქუჩა №X-ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს., ა.-ს ქუჩა, სახლი №X, კორპუსი №X, ბინა №XX-ში - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით.



აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის განაჩენით: დ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

დ. ლ.-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

დ. ლ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ.თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დ. ლ. მართავდა XX-XX-XX სახელმწიფო ნომრის მქონე ,,ოპელ ტიგრას’’ მოდელის ავტომობილს.
მოძრაობისას, ქ.თბილისში, გორგასლის ქუჩაზე - №293 ელექტრო განათების ბოძის მიმდებარე ტერიტორიაზე დ. ლ.-მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში და დაეჯახა საპირისპირო ზოლში მოძრავ XXX-XXX სახელმწიფო ნომრის მქონე ,,ოპელ ვექტრას’’ მოდელის ავტომობილს.
შედეგად, მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა დ. ლ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის მგზავრი ბ. ზ., ხოლო მეორე მგზავრმა - ლ. კ.-მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ლ.-ს ადვოკატმა ზ. ბ.-მა.

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის ნაცვლად პირობითი მსჯავრის გამოყენება და სასამართლოს მიერ ჩამორთმეული გირაოს თანხის დ. ლ.-სათვის დაბრუნება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული ის გარემოებები, რომ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს გაუფრთხილებლობით დანაშაულს და დ. ლ.-ს პიროვნების, მისი დამსახურებების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
გარდა ამისა, აპელანტს მიაჩნია, რომ დ. ლ.-ს არ დაურღვევია გირაოს პირობები, დროულად ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც სიღნაღის რაიონულ სასამართლოში განიხილება, არ არის დასრულებული და შესაბამისად, არც გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ დ. ლ.-მა ჩაიდინა ახალი დანაშაული და ამით დაარღვია გირაოს პირობები, წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ დ. ლ.-ს უნდა დაუბრუდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 6 000 ლარი.

წარმოდგენილი შესაგებლით ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ლ.-ს ადვოკატ ზ. ბ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. ლ.-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - დ. ლ.-ს, გ. ფ.-ს, მ. ზ.-ს, გ. მ.-ს, ლ. კ.-ს და ო. თ.-ს ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; კომპლექსური სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0005XXXXX დასკვნით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0002XXXXX, №0001XXXXX, №0001XXXXX დასკვნებით; სასაქონლო ექსპერტიზის №0006XXXXX დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. ლ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.

რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება. აღნიშნულისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც წარმოადგენს მითითებული დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის მინიმალურ ოდენობას.

პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის არგუმენტაციას და მიზანშეუწონლად მიაჩნია დ. ლ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა იმ დანაწესისა, რასაც აღნიშნული მუხლი მოითხოვს, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს სხვა გარემოებებსაც, კერძოდ: სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება, მისი კანონმორჩილი ხასიათი, ქმედების ჩადენის სახე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი, ქმედების სოციალურად საშიში ხასიათი და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა მითითებული, რომ დ. ლ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და რიგითი მოქალაქისაგან განსხვავებით, უფრო მაღალი სტანდარტით ევალებოდა უზრუნველეყო კანონის პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. ნაცვლად ამისა კი, დადგენილია, რომ 2014-2015 წლებში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო მას ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი და 6-6 თვით შეუჩერდა მართვის უფლება. ამასთან, მოცემული დანაშაულის ჩადენისას დ. ლ. კვლავ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება. აღნიშნული გარემოებები ნათლად მიუთითებენ, რომ მსჯავრდებული არ არის კანონმორჩილი პიროვნება და გამოყენებული სანქციების მიუხედავად, იგი არ აკეთებს სათანადო დასკვნებს. აღნიშნული გარემოებებისა და დამდგარი მძიმე შედეგების გათვალისწინებით კი, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
რაც შეეხება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხის მსჯავრდებულ დ. ლ.-სათვის დაბრუნებას, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოვილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად: ,,თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებთ, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ლ.-ს 2016 წლის 23 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 6000 ლარის ოდენობით. მას იმავე დღეს განემარტა გირაოს პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული შედეგების თაობაზე. 2016 წლის 23 ივნისს დ. ლ. ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2016 წლის 25 ივნისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. ამდენად, გამოძიებისა და სასამართლოს მიერ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიჩნეული იქნა, რომ დ. ლ.-მა ჩაიდინა დანაშაული, შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილით და გირაოს თანხა გადაერიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. დამცველის არგუმენტაცია, რომ გირაოს თანხა არასწორად იქნა გადარიცხული სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან საქმეზე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ასეთ დათქმას საპროცესო კანონმდებლობა არ აწესებს. სსსკ-ის 200-ე მუხლში მითითებულია ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევაზე, რა დროსაც მოქმედებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და არ არის საჭირო, სახეზე იყოს გამამტყუნებელი განაჩენი. თუკი შემდგომში დადგინდება, რომ ბრალდებულს გირაოს პირობები არ დაურღვევია ან/და მის მიმართ გამოტანილი იქნება გამამართლებელი განაჩენი, მას უფლება ექნება მოითხოვოს გირაოს თანხის უკან დაბრუნება.
ამდენად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ლ.-ს ადვოკატის ზ. ბ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

დ. ლ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ დ. ლ.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 3 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 15 აპრილიდან, 2016 წლის 23 მაისის ჩათვლით.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ავტომანქანა „ოპელ ტიგრა“ სახ№XX-XXX-XX (ინახება სსიპ 112-ის კუთვნილ საჯარიმო ავტოსადგომზე) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;
ლ.კ.-ს რენტგენოგრამა (ინახება შპს „ნიუ ჰოსპიტალში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

დ. ლ.-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.