ნახვები: 104
საქმის ნომერი: 2ბ/6218-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6218-16 (2017-05-29), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6218-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       29 მაისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

აპელანტი - ლ. დ.

წარმომადგენელი - გ. ღ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. თ.

წარმომადგენელი - ნ. ჯ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი


1. ლ. დ.-მ სასამართლოში სარჩელი აღძრა და ლ. დ.-სა და ნ. თ.-ს შორის 2014 წლის 31 მარტს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა მოითხოვა.

2. ლ. დ.-ის სარჩელზე მოპასუხე ნ. თ.-მ, როგორც შესაგებლით, ისე მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა მასსა და ლ. დ.-ს შორის არსებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ნ. თ.-მ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე ლ. დ.-სთვის არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 15 მარტს დაბადებული მ. დ.-ს რჩენისათვის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 400 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

4. ნ. თ.-ს სარჩელზე მოპასუხე ლ. დ.-მ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ იგი თანახმაა, აუცილებელი ხარჯების გათვალისწინებით, ყოველთვიურად, სარჩოს სახით, შვილს 50 ლარი გადაუხადოს, ვინაიდან მისი შემოსავალი ყოველთვიურად 725 ლარს შეადგენს, ასევე მას ჰყავს დედა, რომელსაც ყოველთვიურად 333 ლარის ღირებულების მედიკამენტები ესაჭიროება, ასევე დასაფარი აქვს კრედიტი (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

5. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. დ.-ს სარჩელი ნ. თ.-ს მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ლ. დ.-სა (პ/ნ XXXXXXXXXXX), დაბადებული 1985 წლის 28 ივნისს, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - დ.) და ნ. თ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX), დაბადებული 1985 წლის 23 თებერვალს, ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი - თ.) შორის 2014 წლის 31 მარტს რეგისტრირებული ქორწინება - მოწმობის ნომერი - №XXXXXXXXXXX, აქტის ჩანაწერი №XXXXXXXXXXX მოწმობის გამცემი ორგანო სსგს ბ.-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახური); ნ. თ.-ის სარჩელი ლ. დ.-ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ლ. დ.-ს ნ. თ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 15 მარტს დაბადებული მ. დ.-ს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით სარჩელის შეტანის დღიდან - 2016 წლის 22 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება, ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ლ. დ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

7. მ. დ.-ს №XXXXXXXXXX დაბადების მოწმობის შესაბამისად, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 15 მარტს დაბადებული - მ. დ..

8. მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, 2015 წლის თებერვლის თვიდან მხარეები ცალკ-ცალკე ცხოვრობენ.

9. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობის შესაბამისად (ტ.1. ს.ფ. 60), მ. დ. რეგისტრირებულია დევნილთა მონაცემთა ბაზაში და იღებს დახმარებას, ყოველთვიურად 45 ლარს.

10. მხარეთა ახსნა-განმარტებით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 72) დგინდება, რომ მოსარჩელე ნ. თ. შვილთან, მ. დ.-სთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში ქ. გ.-ში, რომლის მესაკუთრეა გ. თ..

11. საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ცნობით, ლ. დ.-ს შემოსავლებთან დაკავშირებით, 2012 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 12 აგვისტომდე, მდგომარეობით (ტ.1. ს.ფ. 81-86), შპს „ა. ბ. ს.-ს“ მიერ გაცემული ინფორმაციით შემოსავლების სამსახურის მიერ ლ. დ.-ს სახელზე წარდგენილი განაცემთა ყოველთვიურად გაწეული დარიცხული ხარჯების ოდენობის შესახებ (ტ.1. 103-104); ამონაწერით სს „საქართველოს ბანკში“ ლ. დ.-ს სახელზე გახსნილი ანგარიშიდან (ანგარიშის ნომერი GEXXBGXXXXXXXXXXXXXXXX) (ტ.1. ს.ფ. 108-115) და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ აპელანტი ლ. დ. დასაქმებულია ბ.-ს ჩამომსხმელ ქარხანაში სს „ბ.“ და აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი 725 ლარის ოდენობით, ასევე დამატებითი შემოსავლების სახით, სხვადასხვა ოდენობის და სიხშირის დანამატები და პრემიები.

12. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (გაცემულია 25.03.2016წ) (ტ.1. ს.ფ. 66) და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მ. დ.-ს აქვს წონის დეფიციტი (m – 7550 გრ.) საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას კვების მხრივ, ვიტამინებსა და წონის მუდმივ კონტროლს.

13. შპს „ა. კ.-ს“ მიერ 2017 წლის 05 მაისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ NXXXX ცნობის თანახმად, ნ. თ.-ის დიაგნოზია ქრონიკული OD ქუთუთოს ქალაზიონი, რეკომენდაცია - მისი ამოკვეთა.

14. შპს „დ. ს.-ს“ მიერ 2017 წლის 17 იანვარს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მ. დ.-ს ჩაუტარდა 1220 ლარის ღირებულების მაჯის ან მტევნის მყესის გამოთავისუფლების ოპერაცია.

15. სამედიცინო ცენტრ „გ.-ს“ მიერ გაცემული N12 მიმართვის ბარათის, დანიშნულებებისა და ქვითრების შესაბამისად, დგინდება, რომ მ. დ.-ს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები დასჭირდა.

17. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტების თანახმად, ნ. თ. მუშაობს სოფელში, სკოლაში, ინგლისურის მასწავლებლის პოზიციაზე, კვირაში 4 საათიანი დატვირთვით.

18. მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, ლ. დ.-ს მშობლის, მ. დ.-ს, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარი 2016 წლის 26 ოქტომბრიდან. დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება განსახილველ საქმეში გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ პერიოდში იქნა მიღებული.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

20. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

22. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

23. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

24. სააპელაციო პალატა მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.

25. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

27. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.

აღიარებულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მეტიც, ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია, რომ იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ყოველი ბავშვის უფლებაა - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

თითოეული ბავშვის ზემოაღნიშნული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფის ტვირთს სახელმწიფო უპირატესად ბავშვის მშობლებს აკისრებს. შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავდროულად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სწორედ, მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო პირველ რიგში აფასებს და ითვალისწინებს არასრულწლოვნის რეალურ საჭიროებებს, კერძოდ, დადგენილია, რომ მცირეწლოვან მ. დ.-ს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, რაც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამასთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. დ.-ს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - წონის დეფიციტი - კვების მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება, ასევე, ვიტამინებისა და წონის მუდმივი კონტროლი. ამასთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მცირეწლოვან მ. დ.-ს პერიოდულად ესაჭიროება ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან. დადგენილია, რომ მამას - დ. დ.-ს ბავშვის დაბადებიდან დღემდე მის აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობა არ მიუღია. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი მ. დ. ცხოვრობს და იზრდება დედასთან ერთად, ამ უკანასკნელის მშობლების ოჯახში, იგი არის დევნილი, არასრულწლოვანი ბავშვის დედა - მუშაობს კვირაში მხოლოდ 4 საათი. მცირეწლოვანის რჩენისა და აღზრდის ტვირთი სრულად დედას, ნ. თ.-ს აწევს. შესაბამისად, ის მოკლებულია სრულ განაკვეთზე მუშაობის რეალურ შესაძლებლობას, რათა საკუთარი გამომუშავებით მოიპოვოს შვილის რჩენისათვის საჭირო სახსრები. თუმცა, აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაშიც კი, შრომისუნარიანი მეორე მშობელი შვილის რჩენის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება.

აპელანტი აპელირებს მასზედ, რომ მას დედის რჩენისათვის, ყოველთვიურად, 300 ლარის გადახდის ვალდებულება აქვს დაკისრებული. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, ლ. დ.-ს მშობლის მ. დ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, 300 ლარი 2016 წლის 26 ოქტომბრიდან. დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება განსახილველ საქმეში გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ პერიოდში იქნა მიღებული. შესაბამისად, სასამართლო მითითებულ მტკიცებულებას არასრულწლოვანის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების მიზნებისათვის ვერ გამოიყენებს, ვინაიდან წარმოდგენილ საქმეზე დამტკიცებულია მორიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას არ ეფუძნება. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მორიგების აქტი წინამდებარე საქმისათვის სპეციალურად შექმნილი მტკიცებულებაა, რაც აპელანტ ლ. დ.-ის რეალურ ვალდებულებებს არ ასახავს.

აპელანტი ასევე აპელირებს, რომ მისი ხელფასია 725 ლარი, ხოლო ყველა სხვა დანამატის ოდენობა და სიხშირე მასზე არ არის დამოკიდებული და რომ მას შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადასახდელად საკმარისი შემოსავალი არ აქვს. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია საპირისპირო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ლ. დ. არის დასაქმებული და აქვს სტაბილური შემოსავალი, ასევე თავად ლ. დ.-ს მიერ წარმოდგენილი 2015-2016 წლის მდგომარეობით არსებული ინფორმაცია მასზე ყოველთვიურად დარიცხული ხარჯების ოდენობის შესახებ, რომლის თანახმადაც, ლ. დ.-ს ხელფასის გარდა ერიცხება ბონუსი, კვებისა და დაზღვევის თანხა, დახმარება, დანამატი, საერთო ჯამში, მისი ყოველთვიური შემოსავალი გარკვეული ვალდებულებების, საშემოსავლო გადასახადის, დაზღვევის გადასახადის გადარიცხვის შემდეგ, ლ. დ.-ის მიერ მითითებულ 725 ლარს აღემატება,.

ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება ბავშვის მიმდინარე საჭიროებანი, განპირობებული, ბავშვის განვითარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ა. შ. მოცემულ შემთხვევაში კი, ბავშვს ნორმალური განვითარებისათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმაზე მეტი ოდენობით ხარჯის გაღებაა საჭირო, რაც ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველმყოფ ალიმენტის ოდენობას აღემატება. ასეთ შემთხვევაში კი, მშობლის ფინანსური მდგომარეობა მხედველობაში მიიღება, თუმცა, საბოლოოდ, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს.

28. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ. დ.-სათვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 300 ლარი, არის ის გონივრული ოდენობა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი გადატანილია მოსარჩელეზე, ანუ მოცემულ შემთხვევაში დედაზე - ნ. თ-ზე, ხოლო მამა, არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხეზე დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, ლ. დ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება.

30. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. დ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.