საქმის ნომერი: 2ბ/539-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან, რადგან მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ სამსახურებრივი საჭიროების არსებობისას, მის მიერ გენერალური დირექტორის მოვალეობების დროებით შესრულებას, შესაძლებელია, მისი მუდმივი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოეწვია.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/539-18 (2018-03-13), www.temida.ge
საქმის № 2ბ/539-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       13 მარტი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ლ. ა.

წარმომადგენელი - ი. პ.

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. ა.-მ სასამართლოში სარჩელი აღძრა და სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 იანვრის წერილის ბათილად ცნობა, მოითხოვა, რომლითაც „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ლ. ა.-ს განცხადებას (რეგისტრაციის NXXXXXX/XX) უარი ეთქვა; მოსარჩელემ ასევე, სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორისთვის ლ. ა.-ს, როგორც სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის უფლებამოსილების ცნობის დავალება და დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობის მიცემა, ამასთან, სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ უფლებამოსილების ცნობის დღემდე ყოველთვიურად 1600 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ა.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ა.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ 2011 წლის 3 იანვრის NX ბრძანებით ლ. ა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა და მისი ყოველთვიური ხელფასი 1010 ლარით განისაზღვრა (ს.ფ. 13).

6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 ივნისის NXXXX ბრძანებით, ც. კ. სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა და ლ. ა. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა (ს.ფ. 14).

7. 2016 წლის 16 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა ლ. ა. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა (ს.ფ. 21).

8. 2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ლ. ა.-ს გათავისუფლებას და გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ზ. წ.-ს დანიშვნის საკითხს დაეთანხმა (ს.ფ. 56).

9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 დეკემბრის NX-XXXX ბრძანებით, ლ. ა. სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა (ს.ფ. 23).

10. ლ. ა.-ს 2016 წლის 31 მარტის NXX ბრძანებით „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ო. ჯ. დაინიშნა (ს.ფ. 110).

11. ლ. ა.-ს 2016 წლის 18 ნოემბრის NXX ბრძანებით „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ე. მ. დაინიშნა (ს.ფ. 111).

12. 2017 წლის 16 იანვრის NXX წერილით (წერილში არის ტექნიკური ხარვეზი და შეცდომით მითითებულია 2016 წელი) იმის გამო, რომ 2015 წლის 8 ივნისის ბრძანებით, ლ. ა. გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მოადგილის მოვალეობას არ ასრულებდა და იგი ამ თანამდებობიდან დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშვნით გათავისუფლდა, ასევე იმის გამო, რომ თვითონ ლ. ა.-მ მოადგილის თანამდებობებზე სხვა პირები დანიშნა, მას დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებაზე უარი ეთქვა (ს.ფ. 22).

13. „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ საშტატო განრიგის მიხედვით, გენერალური დირექტორის ორი მოადგილის თანამდებობა არსებობდა (ს.ფ.112).

14. „ქ. თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას“ ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით (ს.ფ.116-120).

15. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ლ. ა. სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა. მართალია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 ივნისის ბრძანებით (NXXXX) ლ. ა. „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა და მას აღნიშნული თანამდებობა არ შეთავსებია, თუმცა, საყურადღებოა, რომ აღნიშნული ბრძანება მხოლოდ ლ. ა.-ს დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშვნის შესახებ მიუთითებს და არ შეიცავს მის მიერ იმჟამად დაკავებული, სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. ნიშანდობლივია, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ {იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 07 ოქტომრის განჩინება საქმეზე Nას-483-457-2015}. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სწორედ სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ ვალდებულებას წარმოადგენდა სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ ლ. ა.-სთვის, გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გადაყვანისას, ცნობილი იყო, რომ იგი მუდმივად დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდებოდა. ამასთანავე, აპელანტი მხარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის მტკიცებაც, რომ გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის ადგილზე დანიშვნისას ლ. ა.-ს, მის შრომით-სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე, საკმარისი განმარტება მიეცა, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, გაეცნობიერებინა და მიეღო ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომ გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შესრულების სანაცვლოდ, მუდმივ და სტაბილურ სამსახურს თმობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს ინფორმაციას ლ. ა.-ს მიერ იმჟამად დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებულისთვის არ იყო განჭვრეტადი დამსაქმებლის მიერ გამოხატული ნების შედეგი, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დასაქმებულის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სამსახურებრივი საჭიროების არსებობისას, მის მიერ გენერალური დირექტორის მოვალეობების დროებით შესრულებას, შესაძლებელია, მისი მუდმივი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოეწვია. აღნიშნულ დასკვნას ქ. თბილისის მერის 2016 წლის 16 დეკემბრის წერილიც ამყარებს (ს.ფ 53). წერილით ქ. თბილისის მერი ლ. ა.-ს მის შესაძლო გათავისუფლებას ატყობინებს. აღნიშნულის მიზეზად კი სწორედ ლ. ა.-ს მიერ დაკავებული თანამდებობის დროებითობას ასახელებს და განმარტავს, რომ იგი გენერალური დირექტორის პოზიციაზე მხოლოდ დროებით, დირექტორობის კანდიდატის შერჩევამდე დაინიშნა.

17. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ლ. ა.-ს მიერ გამოხატული ნების გამოვლენის განმარტება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა ემყარებოდეს. ნების გამოვლენის განმარტება ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ამგვარი განმარტების დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს {იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1144-1090-2014}. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ის თუ, რამდენად იყო შესაძლებელი ლ. ა.-ს უარი ეთქვა მუდმივ სამუშაო ადგილზე იმ პირობებში, როდესაც იგი სსიპ ,,ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის’’ გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ინიშნებოდა და იქნებოდა თუ არა მის მიერ მიღებული იდენტური გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა იმჟამად დაკავებული მუდმივი თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთ დათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ. აღნიშნული მუხლი საუბრობს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეთა შორის ხდება დამატებით პირობებზე შეთანხმება ან მათ შორის არსებული ურთიერთობის სხვაგვარად მოწესრიგება, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ მხარის თანხმობა ამგვარ ცვლილებაზე ემყარებოდა არასწორ ვარაუდებს და ობიექტური რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, მაშინ მხარეთა შორის დადებული პირობა ბათილად ჩაითვლება. პირის რომელიმე პოზიციაზე დროებით დანიშვნა შესაძლებელია გულისხმობდეს მის რამდენიმე დღით, კვირით ან თვით, მაგრამ არა მუდმივად, გარკვეულ პირობაზე (მაგალითად, მესამე პირის დანიშვნაზე) დამოკიდებულად დანიშვნას. შესაბამისად, გამოხატული ნების გონივრული განსჯის შედეგად არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ლ. ა.-მ მის მუდმივ და სტაბილურ სამუშაო ადგილზე გაცნობიერებულად უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ მას, დროებით, სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ გენერალური დირექტორის მოვალეობა შეესრულებინა და გენერალური დირექტორის დანიშვნის შემდეგ უმუშევარი დარჩენილიყო.

18. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ბრძანება მხოლოდ ლ. ა.-ს სსიპ ,,ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის’’ გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშვნაზე საუბრობს. აღნიშნული ცხადყოფს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც სამსახურიდან გენერალური დირექტორი გათავისუფლდა, საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუცილებელი გახდა, მისი მოვალეობების დროებით, ახალი კანდიდატის არჩევამდე, სხვა თანამშრომლისთვის დაკისრება. სამსახურის სპეციფიკისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებას ყველაზე უკეთესად სწორედ მისი მოადგილე შეძლებდა, რომელიც გენერალური დირექტორის ყოველდღიურ საქმიანობაში იყო ჩართული და საქმის გაძღოლას დაბრკოლების გარეშე გაართმევდა თავს. სწორედ აღნიშნული გარემოება უნდა მივიჩნიოთ ლ. ა.-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშვნის საფუძვლად, რა დროსაც, მას ლეგიტიმური ვარაუდი ექნებოდა იმისა, რომ ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შემდგომ იგი მის ძირითად პოზიციას დაუბრუნდებოდა. აღნიშნული ვარაუდის საფუძველს ქმნის ფაქტი მასზედ, რომ ლ. ა. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე ბრძანებით მოადგილის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა. საქმის მასალებით, არ დასტურდება მოპასუხის მიერ, ლ. ა.-სთვის განსხვავებული განმარტების მიცემა, რომელიც პირს აფიქრებინებდა, რომ გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნით იგი მოადგილის პოზიციიდან თავისუფლდებოდა, ან კიდევ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან გათავისუფლების შემდეგ იგი მოადგილის პოზიციას არ დაუბრუნდებოდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა ლ. ა.-ს მუდმივი თანამდებობიდან, გენერალური დირექტორის მოადგილეობიდან, მოხსნას ავტომატურად ვერ გამოიწვევდა.


19. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში Status qou - ს აღდგენას უპირატესობა ენიჭება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებული თავის პირვანდელ მდგომარეობაში ვერ აღდგება, მას ამისათვის ჯეროვანი კომპენსირება უნდა მიეცეს. თუმცა, პირვანდელ მდგომარეობაში დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობა დამსაქმებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს. აღნიშნული გარემოების სარწმუნოდ დადასტურება კი გულისხმობს დამსაქმებლის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ დაკავებული პოზიცია აღარ არსებობს და მისი გაუქმება, რეორგანიზაციის გზით, გარდაუვალი აუცილებლობა იყო.

20. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. საქმის მასალებით ამგვარი ნების გამოხატვა ლ. ა.-ს მიერ დასტურდება. განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ დათხოვნილმა პირმა დათხოვნიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო და უნდა მიიღოს, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება, შეწყვეტის მომენტიდან, გაგრძელებულად ითვლება. შესაბამისად, რადგან შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა, სასამართლოს საფუძვლიანად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მისთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს ლ. ა.-ს ხელფასი 1600 ლარს შეადგენდა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფარგლებში, სასამართლოს მიაჩნია, ლ. ა.-ს უნდა აუნაზღაურდეს 2016 წლის 28 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდური ყოველთვიურად 1600 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აპელანტი მხარის შუამდგომლობას, რომლითაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა იქნა მოთხოვნილი. განსახილველი დავის სპეციფიკის, სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, ლ. ა.-ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე 150 ლარის ოდენობით არის გადახდილი. შესაბამისად, ვინაიდან, ლ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ „ქ. თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას’’ ლ. ა.-ს სასარგებლოდ 250 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

22. სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტმა მხარემ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 2400 ლარის ოდენობით, ანაზღაურების თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სსიპ ,,ქ. თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას’’ ლ. ა.-ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 2400 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. ა.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ლ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ლ. ა. აღდგენილად ჩაითვალოს სსიპ „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის’’ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის 28 დეკემბრიდან;

5. სსიპ „ქ. თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას’’ ლ. ა.-ს სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 28 დეკემბრიდან - თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვიურად 1600 ლარის (დარიცხული) ოდენობით;

6. სსიპ „ქ. თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას’’ ლ. ა.-ს სასარგებლოდ დაეკისროს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

7. სსიპ „ქ. თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას’’ ლ. ა.-ს სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 2400 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

8. ლ. ა.-ს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.