საქმის ნომერი: 2ბ/6975-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-664-635-2016,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული რომც არ ყოფილიყო, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მასალა თავისი არსით, მოხმარებად მასალას წარმოადგენდა, შესაბამისად, მიღებული მასალის შემკვეთისთვის უკან დაბრუნების ვალდებულება არ არსებობდა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6975-17 (2018-04-24), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6975-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       24 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე. თ. ჯ.“

წარმომადგენელი - თ. კ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში და შპს „ე. თ. ჯ.-ს“ მიერ უსაფუძვლოდ მიღებული სამშენებლო მასალების ფულადი ფორმით უკან დაბრუნება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ ფარგლებში ტენდერი ჩაატარა. ტენდერის მიზანი საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების ჩატარება იყო. მოსარჩელემ შპს „ე. თ. ჯ.-სგან“ სატენდერო წინადადებები მიიღო. მოპასუხესთან 2006 წლის 15 მაისს N 05-10/3, N05-11/3 და 2006 წლის 23 მაისს N 05-51/3 „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებები გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხე შპს „ე.-თ.-ჯ.-ს“ ქ. თ.-ის NX, NX, NX, NX, NX, NX, NX საჯარო სკოლებში და ა.-ის რაიონის NX საჯარო სკოლაში სარემონტოს სამუშაოების ჩატარება დაევალა (ს.ფ. 24- 32, 36- 44, 48- 56).

6. 2006 წლის 17 ნოემბერს და 2008 წლის 07 მარტს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტები შედგა, რომლის თანახმადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შპს „ე. თ. ჯ.-ს“ მომსახურების გაწევის მიზნით (საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე), 12 845.56 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები გადასცა (ს.ფ. 59-65).

7. შპს „ე. თ. ჯ.-ს“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - NX, NX, NX, NX, NX, NX, NX საჯარო სკოლებისა და ა.-ის რაიონის NX საჯარო სკოლის რეაბილიტაციის თაობაზე, დადგენილ ვადებში სრულად შესრულდა (ს.ფ. 1-19, 78-86).

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სარჩელი მოპასუხისთვის საკუთრების უფლების გარეშე გადაცემული ქონების ღირებულების დაკისრების თაობაზე 2016 წლის 11 ოქტომბერს წარადგინა (ს.ფ.1-29).

9. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოპასუხეს არ უკისრია დამკვეთის მიერ გადაცემული სამშენებლო მასალების უკან დაბრუნების ვალდებულება (ს.ფ. 48-58). აღნიშნული სამშენებლო მასალების გამოყენების სპეციფიკის გათვალისწინებით, მასალები ვალდებულების შესრულების მიზნით იყო გადაცემული. არსებობს პრეზუმფცია, რომ მითითებული მასალები გამოყენებულ იქნა, ვინაიდან შპს „ე.-თ.-ჯ.-მ“ მასზე დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. აღნიშნული მასალების გარეშე კი ვალდებულება ჯეროვნად ვერ შესრულდებოდა.

10. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ შპს „ე. თ. ჯ.-ს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული სამშენებლო მასალის უკან დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართალურთიერთობა, რომლის ძალითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერის პირობების თანახმად, კონკრეტული საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განეხორციელებინა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად, ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ან/და რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

11. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებით არ მომხდარა იმგვარი პირობის გათვალისწინება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს მიღება-ჩაბარების აქტით უსასყიდლოდ გადაცემული მასალის ფორმა N2-ში აღწერას დაავალდებულებდა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიღებული მასალის შემკვეთისთვის უკან დაბრუნების ვალდებულებას წარმოუშობდა. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ გადაცემული მასალა, თავისი არსით, მოხმარებად მასალას წარმოადგენდა, რომელიც სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად ნარდობის საგნის არსებითი შემადგენელი ნაწილი ხდება და მისი გამოცალკევება ძირითად შემთხვევაში შეუძლებელია. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ასეთი ვალდებულების არსებობა, მხარისთვის მსგავსი ჩანაწერების წარდგენის დავალდებულების დაკისრება, უსაფუძვლოა, მით უფრო, იმ პირობებში, როცა აღნიშნული მასალები ვალდებულების ჯეროვან შესრულებას ემსახურებოდა, ვალდებულება კი მენარდის მხრიდან ჯეროვნად შესრულდა.

12. მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და შემკვეთის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტი სადავოდ არ არის გამხდარი. თავად აპელანტის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ სამშენებლო მასალები მენარდეს სწორედ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად გადაეცა. იმ შემთხვევაში თუ მენარდე არ გამოიყენებდა გადაცემულ სამშენებლო მასალას სკოლებისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა, გადაცემული მასალების მენარდის მიერ გამოყენების პრეზუმფციის დაშვების საფუძველს ქმნის.

13. სამოქალაქო სამართალში pacta sunt servanda-ს პრინციპი მოქმედებს, რომელიც ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებას განამტკიცებს. მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი ვალდებულების შესრულება, რომელზეც მას ხელშეკრულების დადებისას თანხმობა არ გამოუთქვამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო სამართალში არსებული მხარეთა ნების თავისუფლების პრინციპი ეჭვქვეშ დადგებოდა. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არ არსებობს პირობა, რომელიც შპს „ე. თ. ჯ.-ს“ გადაცემული მასალის ფორმა N2-ში აღრიცხვას დაავალდებულებდა, ამ ვალდებულების დარღვევისთვის კი სანქციის სახით, გადაცემული სამშენებლო მასალების მენარდისთვის უკან დაბრუნებას გამოიწვევდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ე. თ. ჯ.-სთვის“ ხელშეკრულების დადებისას არ იყო ცნობილი და ობიექტურად არც შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო, რომ აპელანტის მიერ გადაცემული ქონების ფორმა N2-ში აღურიცხაობა მენარდეს გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნას წარმოუშობდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა, ხოლო აღნიშნული მასალების გამოყენების გარეშე, ვალდებულება ჯეროვნად (უნაკლოდ) შესრულებულად ვერ ჩაითვლებოდა.

14. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. მოცემულ შემთხვევაში, მენარდის მიერ გადაცემული სამშენებლო მასალების გამოყენების პრეზუმფცია არსებობს, შესაბამისად, შემკვეთის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს იმ ფაქტის დადასტურება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მენარდის მიერ გადაცემული ქონების ფორმა N2-ში აღრიცხვის ვალდებულება არსებობდა, რომელიც მოპასუხე მხარემ არ შეასრულა.

15. სასამართლო განმარტავს, რომ მისი უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას .[იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016.] განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილი ურთიერთობა.

16. სააპელაციო სასამართლოს აზრით, აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ სადავო ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე უნდა დარეგულირდეს, ვერ იქნება გაზიარებული. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. როგორც აღინიშნა, მენარდეს სამშენებლო მასალები კონკრეტული ვალდებულების (სკოლების რეაბილიტაციისთვის) შესასრულებლად გადაეცა. მან კი ნაკისრი ვალდებულება დროულად და ჯეროვნად შეასრულა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად სწორედ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, თუ რაში გამოიხატა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება. მოსარჩელე აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად მხოლოდ იმ ფაქტზე უთითებს, რომ მენარდემ ფორმა N2 არ შეადგინა, თუმცა, მხედველობიდან რჩება ის გარემოება, მასალა, რა მიზნითაც მენარდეს გადაეცა, აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნა, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, სარეაბილიტაციო სამუშაო შესრულდა. საწინააღმდეგო მტკიცების არარსებობის პირობებში, დადასტურდა, რომ შესრულება, რომლის მიზნითაც მასალის გადაცემა მოხდა, ჯეროვნად განხორციელდა. შესაბამისად, არ დგინდება ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მასალის მიზნობრივად გამოყენების პირობებში აღნიშნული მასალის ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივივი და სამართლებრივი საფუძველი, მით უფრო, არ დგინდება აღნიშნული მასალით მენარდის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი.

17. იმისათვის რათა, სასარჩელო მოთხოვნას ჰქონდეს წარმატების პერსპექტივა აუცილებელია ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდნენ ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით დაკვალიფიცირების წინაპირობები არ არსებობს, რადგან მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სამშენებლო მასალა არა „ვითომ კრედიტორს“, არამედ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სუბიექტს გადაეცა. ასევე დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა და შემკვეთმა დროული და ჯეროვანი შესრულება მიიღო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის უსაფუძვლოდ გამდიდრების ნორმებით კვალიფიკაციის სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები არ არსებობს.

18. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ზემოაღნიშნულ მსჯელობას მხედველობაში არ მიიღებდა, სასარჩელო მოთხოვნას, მისი ხანდაზმულობის გამო, წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა. ხანდაზმულობის ვადის განსაზღვარასთან და მისი ათვლის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე მუხლის, 130-ე მუხლების ნორმატიული შინაარსი, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, რაც სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. [იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1342-1380-2014] განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე, უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან კანონით სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია.

19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება და არა უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი სამართალურთიერთობა. ხოლო, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, სამი წელია. დადგენილია, რომ ხელშეკრულებები 2006 წლის 15 მაისს და 2006 წლის 23 მაისს დაიდო, ხოლო მისგან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხემ სრულად 2006 წლის 01 ნოემბრამდე შეასრულა. მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას გაწეული მომსახურების საფასური აუნაზღაურა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოების თაობაზე და გახარჯული მასალების ოდენობაზე (ღირებულებაზე), მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულა და ამისთვის სამინისტროსგან შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღო.

შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოების შესახებ, რომ 2005 წელს სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ საჯარო სკოლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ შპს ,,ე.-თ.-ჯ.-ს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გახდა სამინისტროსთვის ცნობილი, რომ ფორმა N2-ებში არ აღინიშნება სამინისტროსგან უსასყიდლოდ მიღებული მასალების ნულოვანი გაფასების აქტი, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დანაწესთან („პირს უნდა შეეტყო“) და ვერ გახდება მოთხოვნის წარმოშობის მომენტის ათვლის შეცვლის წინაპირობა.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ სასამართლოს წინაშე ვერ წარადგინა სარწმუნო მტკიცებულებები, რომლითაც სადავო სამართალურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით მოწესრიგების წინაპირობები დადასტურდებოდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობას ეხება და მასზე ხანდაზმულობის სამწლიანი და არა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადა უნდა გავრცელდეს.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან განთავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდისგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.