საქმის ნომერი: 2ბ/5445-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-730-730-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო როგორც მესაკუთრე, ხოლო აპელანტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები უძრავი ნივთის მართლზომიერ ფლობასთან დაკავშირებით.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/5445-17 (2018-04-03), www.temida.ge
საქმის № 2ბ/5445-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       03 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ნ. ხ.

წარმომადგენელი - დ. ჩ.

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. გ.

წარმომადგენელი - გ. გ., თ. ლ.

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ბმა „ს.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ. გ.-მ ნ. ხ.-ის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ნივთების, მდებარე ქ. თბილისში, დ. ჭ.-ის NX/გ.-ის NX-ში, საკადასტრო კოდებით 01.15.05.XXX.XXX.XX.XXXა და 01.15.05.XXX.XXX.XX.XXXბ გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ხ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, დ. ჭ.-ის NX/გ.-ის NX-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (სხვენსართული) NXXა - 107 კვ.მ (საკადასტრო კოდი: 01.15.05. XXX.XXX.XX.XXXა) და დამხმარე სათავსო (სხვენი) NXXბ - 73 კვ.მ. (საკადასტრო კოდით 01.15.05. XXX.XXX.XX.XXXბ); აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. ნ. ხ.-ს ზ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის გადახდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ხ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. ქ. თბილისში, დ. ჭ.-ის NX/გ.-ის NX-ში, მდებარე უძრავი ქონება - 73 კვ.მ დამხმარე სათავსო (სხვენი) საკადასტრო კოდით 01.15.05.XXX.XXX.XX.XXXბ (უფლების დამდგენი დოკუმენტი: გადაწყვეტილება N MXXXXXXXX, დამოწმების თარიღი 2016 წლის 6 დეკემბერი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, განკარგულება NAXXXXXXXX-XXX/XXX, დამოწმების თარიღი 2016 წლის 15 ნოემბერი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო) და 107 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (სხვენსართული) საკადასტრო კოდით 01.15.05.XXX.XXX.XX.XXXა (უფლების დამდგენი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2016 წლის 18 ნოემბერი 18, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) რეგისტრირებულია ზ. გ.-ის საკუთრებად (ს.ფ. 13-17).

6. აღნიშნული ქონებები ფაქტობრივად გამიჯნული არ არის და ერთიან ფართს წარმოადგენს.

7. ნ. ხ. და ნ. გ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან (ს.ფ.103).

8. ნ. ხ. ქ. თბილისში, დ. ჭ.-ის NX/გ.-ის NX-ში, სახლის მეოთხე სართულზე მდებარე ფართს მეუღლესთან ერთად ფლობს (ს.ფ. 44-49).

9. ქ. თბილისში, დ. ჭ.-ის NX/გ.-ის NX-ში, მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 01.15.05. XXX.XXX.XX.XXX, 18,17 კვ.მ (სამზარეულო) ნ. გ.-ის საკუთრებად არის რეგისტრირებული, სართული მითითებული არ არის (ს.ფ. 42-43; ს.ფ. 101).

10. მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასაცხოვრებელი ფართის გამანაწილებელი კომისიის 1995 წლის 16 მარტის დადგენილებით, ქ. თბილისში, ჭ.-ის NX-ში მცხოვრებ ნ. გ.-ეს, დამხმარე სათავსოდ, ბინის თავზე არსებული 63 კვ.მ ფართის სხვენი გადაეცა (ს.ფ. 176).

11. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2001 წლის 30 მაისის NXX §10 დადგენილებით, ნ. გ.-ეს ნება დაერთო თავის სახელზე პრივატიზებული სხვენის შეცვლაზე იმავე გაბარიტებში, შემდგომში მასში მანსარდის მოსაწყობად (ს.ფ. 79).

12. 2003 წლის 10 დეკემბრის არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ნ. გ.-ეს სხვენში მდებარე 107 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ გადაეცა (ს.ფ 84-87).

13. 2004 წლის 20 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სხვენი/არასაცხოვრებელი ფართი, წილობრივი მონაცემები-107 ნ. გ.-ის სახელზეა აღრიცხული (ს.ფ. 80-81).

14. 2005 წლის 10 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დამხმარე სათავსო/სხვენი, წილობრივი მონაცემები-73 საკუთრების უფლება ნ. გ.-ის სახელზეა აღრიცხული (ს.ფ. 82-82).

15. სადავო მისამართზე მდებარე სახლი სამსართულიანია, მასზე დაშენებულია მე-4 სართული, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც სხვენსართული (სხვენი) (ს.ფ 86 და 13-18).

16. ქ. თბილისში, ჭ.-ის ქ. NX/გ.-ის ქ. NX-ში მდებარე 107 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი/სხვენი 2009 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ხ.-ის საკუთრებად აღირიცხა. აღნიშნული უძრავი ქონება არაერთგზის იპოთეკით დაიტვირთა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 8 აპრილის NAXXXXXXXX-XXX/XXX განკარგულებით მითითებული ქონება ქ. შ.-ს საკუთრებად დარეგისტრირდა. ქ. შ.-სა და ზ. გ.-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამ ქონებაზე საკუთრების უფლება ზ. გ.-მ მოიპოვა (ს.ფ 15).

17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. შ.-ს საკუთრებაში არსებულ (შემდგომში ზ. გ.-ის საკუთრება) უნომრო არასაცხოვრებელ ფართს სხვენზე, ს/კ 01.15.05.XXX.XXX.XX.XXX ნომერი 27ა მიენიჭა.

18. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. გ.-ის საკუთრებაში არსებულ უნომრო დამხმარე სათავსოს (სხვენი) ს/კ 01.15.05.XXX.XXX.XX.XXX ნომერი 27ბ მიენიჭა.

19. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფართები, რომლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას მოითხოვს მოსარჩელე, იდენტურია იმ ფართებისა, რომლებიც აპელანტ მხარეს არამართლზომიერად აქვს დაკავებული. მოსარჩელის მოთხოვნისგან თავის დასაცავად წარდგენილ შესაგებელში მხარემ მიუთითა, რომ ზ. გ.-ის მიერ მოთხოვნილი და მის მიერ დაკავებული ქონებები იდენტური არ არის. სასამართლო ვერ დაეთანხმება აპელანტის ამ მტკიცებას შემდეგი გარემოებების გამო, კერძოდ, ნ. ხ.-ის მეუღლემ ნ. გ.-მ პრივატიზაციის ხელშეკრულებების საფუძველზე, სადავო მისამართზე მდებარე 107 კვ.მ და 73 კვ.მ ფართები, საკუთრების უფლებით აღრიცხა. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი არის მთლიანი საცხოვრებელი ფართის ნაწილი, რომელიც სამსართულიანი სახლის სხვენზე მდებარეობს (ს.ფ 86). შესაბამისად, დადგენილია, რომ სადავო ბინა სამსართულიანია და სხვენსართულად (სხვენად) სწორედ მასზე დაშენებული მე-4 სართული მოიაზრება.

გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მხარე იდენტურ უძრავ ქონებაზე დავობენ ადასტურებს ისიც, რომ 2009 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 107 კვ.მ ფართი ნ. ხ.-ის საკუთრებად დარეგისტრირდა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით, ხსენებული უძრავი ქონება ქ. შ.-ს საკუთრების უფლებით გადაეცა. 2016 წლის 14 ივნისის ამონაწერის თანახმად, ქ. შ.-ს საკუთრება 107 კვ.მ. ფართზე, მდებარე, ქ. თბილისი, ჭ.-ის ქუჩა NX, გ.-ის ქუჩა NX, რომლის საკადასტრო კოდიც 01.15.05.XXX.XXX.XX.XXX იყო, ცვლილების შემდეგ აღნიშნული ქონების საკადასტრო კოდად 01.15.05.XXX.XXX.XX.XXXა განისაზღვრა. ქ. შ.-სა და ზ. გ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მითითებულ ქონებაზე საკუთრების უფლება ზ. გ.-მ მოიპოვა. შესაბამისად ცალსახაა, რომ ზ. გ.-მ ქ. შ.-სგან სწორედ წარსულში ნ. ხ.-ს საკუთრებაში რიცხული ქონება შეიძინა. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ ორივე უძრავ ქონებაზე იდენტური იპოთეკის უფლებებია რეგისტრირებული (იპოთეკის ხელშეკრულების ნომრები N1502XXXXX და N1411XXXXX). (ს.ფ 180 და ს.ფ 190). პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუძლებელია, თუ ქონება, რომელიც იპოთეკის უფლებით უნდა დაიტვირთოს, საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის. შესაბამისად, აპელანტი მხარე ვერ შეძლებდა საჯარო რეესტრში იპოთეკის უფლებით დაეტვირთა დაურეგისტრირებელი სხვენი, რომელიც მე-4 სართულის ზემოთ მდებარეობს. აღნიშნული გარემოება ასაბუთებს სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ აპელანტმა იპოთეკის უფლებით დატვირთა და შემდგომ ზ. გ.-მ საკუთრების უფლება მოიპოვა სწორედ იმ უძრავ ქონებაზე, რომელსაც დღევანდელი მდგომარეობით აპელანტი ფლობს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ოფიციალურად ორგანიზებულ აუქციონზე სადავო ქონების შეძენისას მითითებული იყო შემდეგი ინფორმაცია: სარეალიზაციო ქონება მდებარეობს მისამართზე ქ. თბილისი ჭ.-ს ქუჩა NX/ გ.-ის ქუჩა NX და სამსართულიან სახლზე არსებულ დაშენებას წარმოადგენს. საცხოვრებელი ბინის შესასვლელი რკინის კარით, აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს - სხვენს საერთო ფართით 107 კვ.მ, რომელიც გაერთიანებულია მომიჯნავე ფართთან და ფაქტობრივად გამიჯნული არ არის. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვარდზე არსებული უძრავი ქონების სურათები ემთხვევა აპელანტი მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი სურათების იმ ნაწილს, რომელსაც იგი ფლობს (ს.ფ 45 და 349-367).

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, აპელანტი მხარის მტკიცება მასზედ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გამოთხოვილი ქონება მდებარეობს არა მე-4 სართულზე, არამედ მე-4 სართულის ზემოთ მდებარე სხვენში, ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გამოთხოვილი 107 კვ.მ უძრავი ქონება ს/კ 01.15.05.XXX.XXX.XX.XXXა იდენტურია იმ ქონებისა, რომელიც მოპასუხე ნ. ხ.-ს აქვს დაკავებული.

20. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ მეორე ქონებას, რომლის ფართობიც 73 კვ.მ-ს შეადგენს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც, სადავო ქონებები იდენტურია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, დ. ჭ.-ს NX/გ.-ს NX-ში, მდებარე უძრავი ქონება - 73 კვ.მ დამხმარე სათავსო (სხვენი) პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ნ. გ.-მ დაირეგისტრირა. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი არის მთლიანი საცხოვრებელი ფართის ნაწილი, რომელიც სამსართულიანი სახლის სხვენზე მდებარეობს.

2015 წლის 29 ივლისის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, ყადაღა დაედო ქონებას ს/კ 01.15.05.XXX.XXX.XX.XXX (ცვლილების შემდეგ ამ უძრავი ქონების საკადასტრო კოდად განისაზღვრა 01.15.05.XXX.XXX.XX.XXXბ (ს.ფ 368)), 73 კვ.მ, რომელიც ნ. ხ.-ს ვალდებულების უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული. 2016 წლის 18 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ქონების რეალიზაცია გადაწყდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ გვერდზე აუქციონი გაიმართა. სარეალიზაციო ფართის მახასიათებლებად მიეთითა: უძრავი ნივთი, ქ. თბილისი ჭ.-ს ქუჩა NX/ გ.-ის ქ. NX, ს/კ 01.15.05.XXX.XXX.XX.XXX მდებარე სამსართულიანი სახლის მეოთხე დაშენებულ სართულზე, საჯარო რეესტრის ამონაწერში ფართი დარეგისტრირებულია, როგორც დამხმარე სათავსი (სხვენი), ხოლო რეალურად დაშენებულ ფართს წარმოადგენს. გარდა ამისა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ საიტზე სარეალიზაციოდ გატანილ ფართთან დაკავშირებით მითითებული იყო, რომ არსებობდა გარდამავალი უფლება - იპოთეკა. აუქციონის საშუალებით აღნიშნული ფართი ზ. გ.-მ შეიძინა, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ იპოთეკის უფლება, რომელიც აქცესორულია და გადაჰყვა შეძენილ ქონებას იდენტურია იმ სანივთო უფლებისა, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სარეალიზაციო ქონებაზე იყო მითითებული, კერძოდ, ორივე მათგანი იპოთეკის ხელშეკრულების N1411XXXXX საფუძველზეა წარმოშობილი. ამასთანავე, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვარდზე გამოტანილი და სარეალიზაციოდ მიქცეული ქონების სურათები ემთხვევა თავად აპელანტის მიერ წარდგენილი ფოტოსურათების იმ ნაწილს, რომელსაც მოპასუხე ფლობს (ს.ფ 45 და 339-346). აღნიშნული გამორიცხავს მოპასუხის მოსაზრების მართებულობას მასზედ, რომ სადავო ქონება მდებარეობს მე-4 სართულის ზემოთ, სხვენში, რომელიც საქმეში არსებული მასალების თანახმად, გაურემონტებელია და დამოუკიდებელი მისასვლელი არ აქვს (ს.ფ 49).

21. სამოქალაქო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე მიუთითებს, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც სარჩელში მითითებულ გარემოებებს გააქარწყლებს. ამასთანავე, აპელანტი მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მის მიერვე მითითებული გარემოების დადასტურება მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ქონება და მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ქონება სხვადასხვაა. საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც მათ მიერ სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს ან მოთხოვნილი ქონებისა და ფაქტობრივად დაკავებული ქონების იდენტურობას გამორიცხავდა. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება მოპასუხესთან მიმართებაში შეზღუდულიყო. ამასთან, არც უფლებრივი შებოჭვისთვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძველია სახეზე.

22. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება.

განსახილველი დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის და აღნიშნულ ეტაპზე, ამ მიმართებით, არც ადმინისტრაციული, თუ სხვა სახის წარმოება მიმდინარეობს, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერ მფლობელს ისევე, როგორც მესაკუთრეს, გააჩნია უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება უფლების ბოროტად გამოყენებას არ წარმოადგენს. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ამ ნივთის ფლობის უფლება ჰქონდა. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის შემდეგი წინაპირობები უნდა არსებობდეს, კერძოდ, მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს დასაბუთებულ პრეტენზიას წაუყენებს.

ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში ხომ არ იმყოფება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სადავო ნივთებზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს – მართლზომიერ მფლობელებს არ წარმოადგენენ. კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, რომლის არსებობაც მოპასუხეებმა სასამართლოს კანონით დადგენილი წესით ვერ დაუდასტურეს.

24. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთები, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისში, დ. ჭ.-ის NX/გ.-ის NX-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (სხვენსართული) NXXა, 107 კვ.მ ს/კ: 01.15.05.XXX.XXX.XX.XXXა და დამხმარე სათავსო (სხვენი) N27ბ, 73 კვ.მ. ს/კ 01.15.05.XXX.XXX.XX.XXXბ) მესაკუთრედ ზ. გ.-ძეა რეგისტრირებული. პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ზ. გ. წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს, უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია და მოპასუხე ნ. ხ.-მა ქონების ფლობის მართლზომიერება ვერ დაადასტურა.

25. პალატის აზრით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.