საქმის ნომერი: №2ბ/5786-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-431-403-2017
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის დაბრუნება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №№2ბ/5786-16 (2017-01-30), www.temida.ge
საქმის № №2ბ/5786-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       30 იანვარი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

აპელანტი - ე. გ.

წარმომადგენელი - ლ. ზ.

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ.

წარმომადგენელი - გ. ჯ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 სექტემბრის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ და 2016 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება.

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სარჩელის მოთხოვნა:

მოსარჩელე ლ. კ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი საბირქენდი, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX, მოპასუხე ე. გ.-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ლ. კ.-სთვის დაბრუნება.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. მოპასუხე ე. გ. ცხოვრობს მარნეულის რაიონი, სოფელ საბირქენდში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ. კ.-ს სახელზე და შესაბამისად, ფლობს მას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლს ფლობს მოპასუხე, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12, შესაგებელი ს.ფ. 85-94).

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მარნეულის რაიონი, სოფელი საბირქენდში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX, აღრიცხულია მოსარჩელე ლ. კ.-ს საკუთრების უფლება.

უძრავ ქონებაზე ლ. კ.-ს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 11 აპრილის №XXXXXXXXX-XXX/XXX განკარგულება. აღნიშნული განკარგულება მოპასუხის მიერ სადავოდ არის გამხდარი ადმინისტრაციული წესით. სასამართლოში აღძრული ადმინისტრაციული სარჩელით იგი ითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 11 აპრილის №XXXXXXXXX-XXX/XXX განკარგულების ბათილად ცნობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 14-15);
- № XXXXXXXXX-ХХХ/ХХХ განკარგულება (ს.ფ. 15).
- განჩინება (ს.ფ. 264-265).

2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე ე. გ. მარნეულის რაიონი, სოფელი საბირქენდში მდებარე უძრავ ქონებას ფლობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სადავო საცხოვრებელი სახლის მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.

3.სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 11 აპრილის №XXXXXXXXX-XXX/XXX განკარგულება, რაც უძრავ ქონებაზე ლ. კ.-ს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია, გასაჩივრებულია ადმინისტრაციული წესით, რადგან მისი საკუთრება აუქციონზე ისე გასხვისდა, რომ აუქციონის შესახებ იგი არ იყო ინფორმირებული.

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ 2016 წლის 07 სექტემბრის საოქმო განჩინებით დაუსაბუთებლად თქვა უარი ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერებაზე, ვინაიდან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას შესაძლოა პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდეს ამ დავის გადაწყვეტისათვის.

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1.მოპასუხე ე. გ. არ წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სახლის მართლზომიერ მფლობელს

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე, მარნეულის რაიონი, სოფელი საბირქენდი, საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX და არ აძლევს მოსარჩელეს მისი კანონიერი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას.

აპელანტი სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს სადავოდ არ ხდის, თუმცა მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, უძრავ ქონებაზე ლ. კ.-ს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 11 აპრილის №XXXXXXXXX-XXX/XXX განკარგულება მოპასუხის მიერ სადავოდ არის გამხდარი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე, რომლის მიხედვით, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მარნეულის რაიონი, სოფელი საბირქენდში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX, მოსარჩელე ლ. კ.-ს საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. შესაბამისად, ამ ჩანაწერის მიმართ, მისი უზუსტობის დადასტურებამდე, (რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი) მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და დაადასტურებდა მფლობელობის მართლზომიერი საფუძვლის არსებობას. თუმცა მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს ე. გ.-ს მიერ ლ. კ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს.

4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

4.3. რაც შეეხება, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 07 სექტემბრის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებულ სააპელაციო პრეტენზიას, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სამოქალაქო დავის გადაწყვეტა სრულიად შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების დავის განხილვამდე, ვინაიდან მოცემულ დავაში წყდება არა საკუთრების უფლების წარმოშობის, არამედ საკუთრების მფლობელობის საკითხი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა შუამდგომლობის ავტორს - მოპასუხეს - უარი საქმის წარმოების შეჩერებაზე.

4.4. პალატას მიაჩნია, რომ ლ. კ.-ს წარმომადგენლის გ. ჯ.-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე მისი სარგებლობის შეზღუდვა გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების გზით დასაშვებია, თუმცა, ასეთ ვითარებაში საკმარისი არ არის სარჩელის დაკმაყოფილება. აუცილებელია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება, რომელიც, თავის თავში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აღსრულებას გულისხმობს, განპირობებული იყოს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით. ამასთან, კანონი თავად იძლევა იმის დეფინიციას, თუ რა იგულისხმება განსაკუთრებულ გარემოებებში, კერძოდ, როდესაც აღსრულების დაყოვნებამ გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

პალატა განმარტავს, რომ ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით, აღნიშნული ნორმის რეგულირების ფარგლებში ექცევა ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულება ფულადი ვალდებულების შესრულებას უკავშირდება, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნული დებულების გავრცელება შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილებების დაუყოვნებელი აღსრულების მიმართაც, რომლის დაყოვნებამ, ზოგადად, გადაწყვეტილების აღსრულებაზე უფლებამოსილ პირს შეიძლება ზიანი მიაყენოს, ან მისი აღსრულება შემდგომში შეუძლებელი გახადოს. თუმცა ასეთი გარემოებების არსებობა დაინტერესებულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარის არგუმენტი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით იმდენად დასაბუთებული უნდა იყოს, რომ გადაწონოს მეორე მხარის უფლება, მის მიმართ სააღსრულებო წარმოება დაიწყოს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე .

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საჭიროებას. საქმეში არ მოიპოვება მხარის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება, რომელიც სადავო საცხოვრებელი ბინიდან მოსარჩელის და მისი ოჯახის გამოსახლებას გულისხმობს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობით მხარისათვის ზიანის მიყენების დამადასტურებელ მტკიცებულებებს (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ლ. კ.-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებ-ლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

6.საპროცესო ხარჯები

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა


1. ე. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. ლ. კ.-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

5. განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის შესახებ კერძო საჩივრით არ საჩივრდება;

6. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.