საქმის ნომერი: 2ბ/7193-17
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-458-440-2016,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: ბებია და პაპა ითხოვდნენ შვილიშვილის ნახვის უფლების მინიჭებას, რაც სასამართლო მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით, დედა (მოპასუხე) ითხოვდა ბებიასა და პაპაზე ალიმენტის გადახდის დაკისრებას, რაც არ დაკმაყოფილდა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/7193-17 (2018-07-18), www.temida.ge
საქმის № 2ბ/7193-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       18 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - ს. ნ.

წარმომადგენელი - თ. დ., ნ. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ნ., ხ. ნ.

წარმომადგენელი - ე. მ.

არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ლ. პ.

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილიშვილის ნახვის დღეების განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ. ნ.-მ და ხ. ნ.-მ სასამართლოში ს. ნ.-ს მიმართ სარჩელი აღძრეს და მათ არასრულწლოვან შვილიშვილთან - ა. ნ.-სთან ურთიერთობისთვის ნახვის დღეების შემდეგი გრაფიკით განსაზღვრა მოითხოვეს - ორშაბათს 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, სამშაბათს 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, ოთხშაბათს 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხუთშაბათს 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, პარასკევს 16:00 საათიდან შაბათს 19:00 საათამდე; ასევე ზაფხულის არდადეგებზე - 01 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით და ზამთრის არდადეგებზე - 07 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით - ბავშვის მოსარჩელეების საცხოვრებელ ადგილზე წაყვანისა და ღამე დარჩენის უფლების მინიჭება მოითხოვეს.

2. მოპასუხე ს. ნ.-მ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა მოსარჩელეებს არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობა შემდეგი გრაფიკით, თვეში 2 დღე: ყოველი თვის პირველი კვირის შაბათი დღე - 11:00 საათიდან 16:00 საათამდე და ყოველი თვის მესამე კვირა დღე - 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ჰქონდეთ. ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში, ბავშვის მოსარჩელეების საცხოვრებელ ადგილზე წაყვანა და ღამე დარჩენის ნაწილში სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა და ბებია-პაპისთვის შვილიშვილის აღსაზრდელად ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 ლარისა და მიუღებელი ალიმენტის სახით 5 850 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მათ მცირეწლოვან შვილიშვილთან - XX.XX.2010 წელს დაბადებულ - ა. ნ.-სთან ურთიერთობისთვის დროის შემდეგი მონაკვეთი განესაზღვრათ: გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში: ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათ დღეს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ბავშვის წაყვანის და დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის გასვლის შემდეგ: ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის პარასკევ დღეს 16:00 საათიდან შაბათი დღის 19:00 საათამდე ბავშვის წაყვანის და ბებია-პაპასთან დარჩენის უფლებით, მისამართზე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს., მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე. ყოველი წლის 07 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით (სასკოლო არდადეგების დროს) ბავშვის წაყვანის და ბებია-პაპასთან დარჩენის უფლებით, მისამართზე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს., მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე. ყოველი წლის 01 აგვისტოდან 08 აგვისტოს ჩათვლით (სასკოლო არდადეგების დროს) ბავშვის წაყვანის და ბებია-პაპასთან დარჩენის უფლებით, მისამართზე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს., მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ს. ნ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. ქ. ნ. მოსარჩელეების რ. ნ.-სა და ხ. ნ.-ს შვილია (ტომი I, ს.ფ. 23).

6. ქ. ნ. და აპელანტი ს. ნ. 2010 წლის 12 თებერვლიდან 2014 წლის 09 აპრილამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ისინი ერთად, როგორც ცოლ-ქმარი, ცხოვრობდნენ. ქ. ნ.-ს და ს. ნ.-ს 2010 წლის 23 ნოემბერს საერთო შვილი - ა. ნ. შეეძინათ (ტომი I, ს.ფ. 14).

7. 2014 წლის 09 აპრილიდან ს. ნ. მეუღლეს დაშორდა და მის არასრულწლოვან შვილთან - ა. ნ.-სთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან, გარდაბნის რაიონის სოფელ ს.-ში გადავიდა. რ. ნ. და ხ. ნ. ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს.-ში, ახალაშენებულ ორსართულიან სახლში ცხოვრობენ (ტომი I, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

8. ქ. ნ. რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს (ტომი I, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

9. ს. ნ.-ს ფინანსურ შემოსავალს ერთ-ერთ სამკურნალო დაწესებულებაში ექიმ-გინეკოლოგის თანამდებობაზე მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი და ფ.-ს დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაქირავებით მიღებული თანხა წარმოადგენს (ტომი I, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

10. ა. ნ. 2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით თანდაყოლილი შარდის ბუშტ-შარდსაწვეთ-თირკმლის რეფლუქსით (შარდის უკუდინება შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთებში) მარცხენა მხარეს, Q 62.7 არის დაავადებული. ეს პათოლოგია საშარდე გზების ინფექციების რისკს ზრდის, რომლებმაც მკურნალობის გარეშე შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. შპს „ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის“ მიერ პაციენტს მიეცა რჩევა, იმის თაობაზე, რომ სასურველია მას ოპერაციული მკურნალობა - ანტირეფლუქს პლასტიკა მარცხნივ, ჩაუტარდეს (ტომი I, ს.ფ. 122-123, 136-137).

11. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მიხედვით, რ. ნ.-ს და ხ. ნ.-ს მიერ, 01.01.2016 წლიდან 13.09.2017 წლის ჩათვლით, მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ნულ ლარს შეადგენს (ტომი I, ს.ფ. 96-97).

12. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ. ნ.-სა და ხ. ნ.-ს არასრულწლოვანი შვილიშვილის ნახვისთვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათ დღეს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ბავშვის წაყვანის და დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით, ხოლო ბავშვის თანხმობისა და მისი სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის გასვლის შემდეგ ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის პარასკევ დღეს 16:00 საათიდან შაბათი დღის 19:00 საათამდე ბავშვის წაყვანისა და ბებია-პაპასთან დარჩენის უფლებით უნდა განისაზღვროს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას სასამართლოს მთავარ საკვლევ გარემოებას ბავშვის საუკეთესო ინტერესის დადგენა და მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით ურთიერთობის განსაზღვრის წესის დადგენა წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას თავადვე იძლევიან და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით არის გამოწვეული. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც „ბავშვის უფლებათა კონვენციაშიც“ ასახულია.

მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება უზრუნველყონ.

13. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმ ფაქტის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას წარმოადგენს არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში [საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-458-440-2016].

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას გულისხმობს. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებებს, უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესს მიენიჭოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე „ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ“, (Elsholz v. Germany), N 25735/94, 2000 წლის 31 ივლისი, და „TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (TK and KM v. UK), N 28945/95, 2001 წლის 10 მაისი].

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით შვილის მიმართ მშობლის მოვალეობებია რეგლამენტირებული. ამ მუხლის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება განსაზღვრონ და ა.შ. მშობელია უფლებამოსილი ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა, სადავოობის შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებების მართებულობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესთან შესაბამისობის დადგენის მოვალეობა ეკისრება.

14. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის დედა არ არის წინააღმდეგი მისმა შვილმა გარკვეული დრო ბებია-პაპასთან გაატაროს, ასევე ბავშვის თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში, მცირე ხნით დარჩეს მათ სახლში, თუმცა, ეწინააღმდეგება ა. ნ.-ს ბებია-პაპის სახლში სასკოლო არდადეგების პერიოდში დარჩენას. აღნიშნული მოსაზრება უპირველესად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, უდავოდაა დადგენილი, რომ იგი შარდის ბუშტ-შარდსაწვეთ-თირკმლის რეფლუქსით (შარდის უკუდინება შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთებში) მარცხენა მხარეს, Q 62.7 არის დაავადებული. ეს პათოლოგია საშარდე გზების ინფექციების რისკს ზრდის, რომლებმაც მკურნალობის გარეშე შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. ამასთანავე, იგი ჰიგიენური თვალსაზრისით მეტ მოვლას და ყურადღებას საჭიროებს. ასევე, არასრულწლოვანი სამი წლიდან დედის ოჯახის გარემოცვაში იზრდება, დედასთან განსაკუთრებული ემოციური მიჯაჭვულობა გააჩნია, ამიტომ დედა მიიჩნევს, რომ მისი ხანგრძლივი დროით ბებია-პაპასთან დარჩენა მიზანშეწონილი არ არის.

15. სააპელაციო სასამართლოში ზეპირი სხდომის მიმდინარეობისას არასრულწლოვანის გამოკითხვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვს დედის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა აქვს, კითხვაზე თუ ვისთან მოსწონს თამაში, ვისთან უნდა ღამით დარჩენა და ა.შ ბავშვი დედაზე მიუთითებს. ასევე, იგი თავდაპირველად ვერ იხსენებდა ბებია-პაპასთან ცხოვრების პერიოდს, აღნიშნულ პერიოდთან დაკავშირებულ დამაზუსტებელ კითხვებზე ვერ პასუხობდა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ სამ წლამდე ბებია-პაპის სახლში ცხოვრობდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანს ბებია-პაპის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ აქვს. სხდომაზე გამოცხადებულმა ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანის უარყოფითი განწყობით ბებია-პაპის სახლში წასვლა მიზანშეწონილი არ არის. ამასთანავე, ბავშვის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბავშვის განწყობა, უახლოეს პერიოდში მის ბებია-პაპასთან ღამე დარჩენის მიზანშეწონილად მიჩნევის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რა ბებია-პაპის როლი არასრულწლოვანის სრულყოფილ განვითარებასა და ჯანსაღი სოციალური გარემოს შექმნაში, ასევე მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანის დამოკიდებულება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბებია-პაპის ასაკი და ფიზიკური შესაძლებლობები, მიიჩნევს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით საწყის ეტაპზე მისი უცხო გარემოში ღამე დარჩენა მიზანშეწონილი არ არის. არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ, ყოველი თვის პირველ და მესამე პარასკევ დღეს, მისი თანხმობისა და სურვილის შემთხვევაში, ბებია-პაპას მისი წაყვანა, ღამე მათ სახლში დარჩენის უფლებით, უნდა განესაზღვროთ. ამ დროს ბავშვს გავლილი ექნება ე.წ შეგუების ეტაპი, გაუცხოვებას არ იგრძნობს ბებია-პაპასთან, მისთვის ღამის გასათევი ადგილის სურვილისამებრ არჩევის უფლება კი მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას ემსახურება.

რაც შეეხება ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ბავშვის ბებია-პაპასთან, შედარებით ხანგრძლივი ვადით, ღამე დარჩენით, დატოვების შესაძლებლობას, სასამართლო, საქმის განხილვის ეტაპზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. აღნიშნული დასკვნა ემყარება ფაქტს მასზედ, რომ საქმის არსებითი განხილის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ბავშვი დედაზე მიჯაჭვულია, ბავშვისთვის ბებია-პაპის გარემო უცხოა, ბებია-პაპის სახლში მარტო ცხოვრობს და მათ სხვა შვილის შვილები მხოლოდ კვირაში ერთხელ სტუმრობენ და ა. შ. ამდენად, მიუჩვეველი შვილიშვილისათვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იქნება ერთი კვირის განმავლობაში იმ გარემოში გაჩერება, რომელიც მისთვის უცხოა, მით უფრო იმ პირობებში, როცა სხვა შვილიშვილები ბაბია-პაპას კვირაში ერთხელ სტუმრობენ და მათთვის აღნიშნული გარემო სწორედაც, რომ უცხო არ არის.

16. სააპელაციო სასამართლო რ. ნ.-სა და ხ. ნ.-სთვის აპელანტის სასარგებლოდ ალიმენტის 250 ლარის დაკისრებას არამართებულად მიიჩნევს.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადად, ალიმენტის გადახდის ვალდებულება არ შეიძლება დამსჯელობით ღონისძიებად იქნეს აღქმული. არასრულწლოვნის აღზრდაზე პასუხისმგებელ პირებს გასიგრძეგანებული უნდა ჰქონდეთ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც არასრულწლოვანის საზოგადოების ღირსეულ წევრად აღზრდას უკავშირდება. ფულადი დახმარების გაწევა კი აღნიშნული ვალდებულების განუყრელი ელემენტია, რადგან მას უკავშირდება ბავშვის მიერ მრავალი სიკეთის, მათ შორის, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების ქონა და განათლების მიღება. დღესდღეობით, საკმარისი მატერიალური სახსრების გარეშე ბავშვისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მისთვის ღირებული განათლების მიცემა შეუძლებელია. შესაბამისად, პირველ რიგში არასრულწლოვნის მშობლებს, ხოლო მათ შემდეგ ბებია-პაპებს, აღნიშნული ვალდებულების, როგორც მათთვის დაკისრებული პიროვნული და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესრულება ევალებათ.

ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას ემსახურება, გარანტირებულია ბებია-პაპის ვალდებულება დაეხმარონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილს და გადაუხადონ ალიმენტი, იმ შემთხვევაში თუ სარჩოს მიმღები პირის მშობლები მის რჩენას ვერ უზრუნველყოფენ. აღნიშნული საკითხის განხილვისას სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები, მისი მშობლებისა და ბებია-პაპის მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.

აღნიშნული ნორმა ბებია-პაპისთვის სარჩოს გადახდის წინაპირობებს აწესებს, კერძოდ, არასრულწლოვნის მშობლებს არ უნდა ჰქონდეთ სარჩოს მიმღების მატერიალური უზრუნველყოფის საშუალება და მეორე, ბებია-პაპას სარჩოს გადახდისთვის საკმარისი სახსრები უნდა გააჩნდეს. ამ სამართლებრივი ნორმის გამოსაყენებლად საჭიროა ზემოაღნიშნული ელემენტების კუმულაციურად არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანის ბებია-პაპა პენსიონერები არიან, მათ საოჯახო მეურნეობა აქვთ, რითიც თავს ირჩენენ, დაკავებული არ არიან სამეწარმეო ან სხვა ისეთი საქმიანობით, რომელიც ოჯახს დამატებით შემოსავალს მოუტანდა, ამასთანავე, საქმის მასალებში არსებობს შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის თანახმად, მათი დასაბეგრი შემოსავალი ნულ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მათ არასრულწლოვანისთვის ალიმენტის სახით გადასახდელი სახსრები არ გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მამა ოფიციალურ ალიმენტს არ იხდის, აპელანტმა მხარემ გარდა ზეპირსიტყვიერი შედავებისა, სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომელიც მას დაარწმუნებდა, რომ არასრულწლოვნის მამა მასზე არ მზრუნველობს, კანონით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს, ასევე ვერ დადასტურდა ფაქტი მასზედ, რომ ბებია-პაპისთვის ალიმენტის გადახდის მოთხოვნამდე აპელანტმა მსგავსი მოთხოვნა ბავშვის მამას წაუყენა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს არ ქმნის.

17. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ პირველ მოთხოვნასთან მიმართებით მტკიცების ტვირთის სათანადო დაძლევის მიუხედავად, სასამართლოსთვის ამოსავალს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს, რომელიც ბავშვის ფსიქო-ემოციური, თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ამ მიმართებით სასამართლომ მოუსმინა არასრულწლოვანს და მიიჩნია, რომ მისი განწყობა ბებია-პაპის მიმართ უახლოეს მომავალში, ხანგრძლივი პერიოდით მათ სახლში დარჩენის წინაპირობებს არ იძლევა, ხოლო გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგაც, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ არასრულწლოვანის გადაწყვეტილებით, მისი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

რაც შეეხება მეორე სააპელაციო მოთხოვნას, რომელიც ბებია-პაპასთვის აპელანტის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას შეეხება, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა მოპასუხეების შემოსავლის არსებობისა და იმ ფაქტის მტკიცება, რომ მოზარდის მამა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რადგან სასამართლოს წინაშე, სათანადო მტკიცებულებათა წარდგენის გზით ბებია-პაპას ისეთი შემოსავლის არსებობა, რომელიც მათთვის ალიმენტის გადახდის ვალდებულების დაკისრებას მიზანშეწონილს გახდიდა, ასეთი გარემოების შესახებ მხოლოდ აპელანტის ზეპირი ახსნა-განმარტება სასამართლოსთვის სარწმუნო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, საქმეში ზეპირსიტყვიერი განცხადებების გარდა, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც იმ ფაქტს დაადასტურებდა, რომ აპელანტმა მას ფინანსური დახმარების გაწევა, და ბავშვზე მზრუნველობის გაწევა მოსთხოვა, ხოლო მამა შრომისუუნარო ან სხვა გზით, გადახდისუუნარო აღმოჩნდა.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, მასში მოყვანილი მსჯელობა პირველ სააპელაციო მოთხოვნასთან მიმართებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველს არ ქმნის.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია. რაც შეეხება რ. ნ.-სა და ხ. ნ.-ს, მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით 50 ლარი გადაიხადეს, რომელიც მათ სრულად უნდა დაუბრუნდეთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს. ნ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3. რ. ნ.-ს და ხ. ნ.-ს სარჩელი ს. ნ.-ს მიმართ მცირეწლოვან შვილიშვილთან - XX.XX.2010 წელს დაბადებულ - ა. ნ.-სთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

4. რ. ნ.-ს და ხ. ნ.-ს მცირეწლოვან შვილიშვილთან - XX.XX.2010 წელს დაბადებულ - ა. ნ.-სთან ურთიერთობისთვის განესაზღვროთ დროის შემდეგი მონაკვეთი:

4.1. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში: ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის შაბათ დღეს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ბავშვის წაყვანის და დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;

4.2 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის გასვლის შემდეგ: მხოლოდ არასრულწლოვანი ა. ნ.-ს სურვილის შემთხვევაში და მისი თანხმობით, ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის პარასკევ დღეს 16:00 საათიდან შაბათი დღის 19:00 საათამდე ბავშვის წაყვანის და ბებია-პაპასთან დარჩენის უფლებით, მისამართზე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს., მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე. იმ შემთხვევაში, თუ ა. ნ. ბებია-პაპასთან დარჩენის წინააღმდეგი იქნება, იმოქმედებს ამავე გადაწყვეტილების 4.1 პუნქტი;

5. ს. ნ.-ს შეგებებული სარჩელი მოპასუხეების - რ. ნ.-ს და ხ. ნ.-ს მიმართ არასრულწლოვანი შვილიშვილის - ა. ნ.-ს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

6. მოსარჩელეებს - რ. ნ.-ს და ხ. ნ.-ს დაუბრუნდეთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით 03.07.2017 წელს საგადასახადო დავალებით №1, მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, კოდი - 300113150, ბანკის კოდი - TRESGE22;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.