საქმის ნომერი: 2ბ/4935-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამეწარმეო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-973-1208-04, ას-664-635-2016,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან მოსარჩელეს წერილობითი ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს-სთან, ხოლო სარჩელი წარადგინა წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების მონაწილე პიზიკური პირების წინააღმდეგ.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/4935-17 (2018-07-18), www.temida.ge
საქმის № 2ბ/4935-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       18 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

აპელანტი - ი. ს., გ. გ.

წარმომადგენელი - ვ. ჯ.

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ი.

წარმომადგენელი - ზ. პ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. ი.-მ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ი. ს.-ს, გ. გ.-სა და ლ. ბ.-ს მიმართ სარჩელი აღძრა და მათთვის სოლიდარულად, ფულადი თანხის 7950 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხეებმა გ. გ.-მ და ი. ს.-მ სარჩელი არ ცნეს, ხოლო ლ. ბ.-მ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი 12 800 ლარის ნაწილში ცნო.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ლ. ბ.-ს, ი. ს.-სა და გ. გ.-ს მოსარჩელე ი. ი.-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 12 800 ლარის გადახდა და სახელმწიფო ბაჟის 190,46 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრათ.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ს.-მ და გ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც მათ თანხის გადახდის სოლიდარული ვალდებულება დაეკისრათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. ბოლნისის რაიონში, სოფელ ნ.-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი 30 000 კვ.მ. საჯარო რეესტრში ი. ი.-ს საკუთრებად არის აღრიცხული (ტომი I, ს.ფ. 18-19).

6. ი. ი.-ს, ლ. ბ.-ს მამამ, ზ. ბ.-მ 1000 აშშ დოლარი და 600 ლარი, ხოლო ლ. ბ.-მ - 300 აშშ დოლარი გადასცა (ტომი I, ს.ფ 2-15, მხართა ახსნა-განმარტება).

7. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტებს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ფულადი ვალდებულების (12 800 ლარის გადახდა) სოლიდარულად შესრულება არ უნდა დაეკისროთ შემდეგ გარემოებათა გამო:

ი. ი.-სა და შპს „ჯ. თ. გ.-ს“ შორის 2014 წელს კარტოფილის ნასყიდობის შესახებ ზეპირი შეთანხმება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოვალემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, შესაბამისად, კრედიტორმა სარჩელი გ. გ.-ს, ი. ს.-სა და ლ. ბ.-ს წინააღმდეგ აღძრა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას [საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები საქმეზე Nას-1529-1443-2012, Nას-973-1208-04; Nას-664-635-2016].

მიუხედავად მოსარჩელის მტკიცებისა, რომ მან კარტოფილი სამ პიროვნებას მიჰყიდა, რომლებმაც თანხის გადახდის ვალდებულება იკისრეს, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით ასეთი გარემოება არ დასტურდება. 2016 წლის 5 აპრილს შედგენილ, ი. ი.-ს გამოკითხვის ოქმში, თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ პირებს, რომლებიც მასთან კარტოფილის შესასყიდად მივიდნენ, ფირმა ჰქონდათ, ისინი კარტოფილის შესყიდვასა და საზღვარგარეთ რეალიზაციას აპირებდნენ.

ასევე, 2014 წლის 25 ივნისსა და ამავე წლის 27 ივნისს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ საქონელი შპს „ჯ. თ. გ.-მ“ შეიძინა, აღნიშნულ დოკუმენტებს ხელს მოსარჩელე აწერს. მოწინააღმდეგე მხარის აპელირება მასზედ, რომ ი. ი.-მ არ იცოდა, თუ რა დოკუმენტს აწერდა ხელს, რადგან მას ქართულ ენაზე დოკუმენტის გაცნობა არ შეეძლო, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არსებობს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც მისთვის უცნობ ენაზეა შედგენილი, მას ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან არ ათავისუფლებს, რადგან ამ დროს იგი, სულ მცირე, სამოქალაქო დაუდევრობას იჩენს, შესაბამისად იგი საკუთარ თავზე იღებს იმ რისკს, რომელიც დოკუმენტის შინაარსის გაუცნობლად ხელმოწერასთანაა დაკავშირებული (ტომი I, ს.ფ. 65-70). გარდა ამისა, მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების მიმდინარეობისას აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია, რაც სასამართლოს მიერ მისი გაზიარების საფუძველს იძლევა.

8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე მთელი მისი ქონებით შემოიფარგლება. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ სამეწარმეო სუბიექტის კრედიტორები უფლებამოსილნი არიან მათი ვადამოსული მოთხოვნები მხოლოდ საწარმოს კაპიტალიდან ამონაგები თანხით დაიკმაყოფილონ. სამეწარმეო ურთიერთობებში იურიდიული პირები ფიზიკური პირების მეშვეობით მონაწილეობენ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული ხელშეკრულების დადებას ან/და მოლაპარაკებას რამდენიმე პირი ესწრებოდა, მათი სოლიდარულ მოვალეებად ცნობის წინაპირობას არ წარმოადგენს, იგი არ ქმნის პრეზუმფციას, რომ ხელშეკრულება ფიზიკურ პირებთან და არა საწარმოსთან გაფორმდა, მით უფრო, კი იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებობს კრედიტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ ხელშეკრულება მეწარმე სუბიექტთან გაფორმდა.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სოლიდარული პასუხისმგებლობის ინსტიტუტსა და მისი წარმოშობის საფუძვლებზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით განსაზღვრულია სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ამომწურავი საფუძვლები და დადგენილია, რომ სოლიდარული ვალდებულება ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით წარმოიშობა. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, თითოეული მათგანი მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე იყოს ვალდებული, ასეთი ვალდებულება კი მხოლოდ ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან/და ვალდებულების საგნის განუყოფლობიდან შეიძლება იყოს ნაწარმოები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიმართ არცერთი წინაპირობის არსებობა არ დგინდება, ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ მათ პირადად მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება იკისრეს.

9. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არსებობს ორი წერილობითი მტკიცებულება, ი. ი.-ს გამოკითხვის ოქმი და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტი, რომელთა ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ ხელშეკრულების მხარეს შპს „ჯ. თ. გ.“ და არა რომელიმე კონკრეტული ფიზიკური პირი წარმოადგენდა. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების ნამდვილობა, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, მისი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობისა და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმე ს. მ.-ს ჩვენება სარწმუნოობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რადგან თავად მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირ სხდომაზე განაცხადა, რომ ს. მ. მასთან დასაქმებული პირია და მისგან გასამრჯელოს იღებს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი შესაძლებელია საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს წარმოადგენდეს. გარდა ამისა, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ვერ იქნება ქ. გ.-ს მიერ მიცემული ჩვენება, რადგან იგი უშუალოდ ხელშეკრულების დადების ფაქტს არ შესწრებია, შესაბამისად, მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა ვალდებულ სუბიექტს კონკრეტული ფიზიკური პირები, თუ საწარმო წარმოადგენდა.

სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში მოსარჩელე იყო ვალდებული ემტკიცებინა, რომ მის მიმართ ვალდებულება შესასრულებელი სწორედ იმ პირებს ჰქონდათ, რომლის წინაშეც ასეთ მოთხოვნას აყენებდა. აღნიშნულის სამტკიცებლად მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტების მიცემა და მოწმეთა ჩვენებების მოშველიება ვერ გააქარწყლებს საქმის მასალებში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც აპელანტ მხარეებს ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებად არ მიუთითებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტების მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, მასში მოყვანილი მსჯელობა გამყარებულია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილში გაუქმების საფუძველი.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 512 ლარი გადაიხადეს, რაც მოწინააღმდეგე მხარეს ი. ი.-ს სრულად უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ს.-ს და გ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება ი. ს.-სა და გ. გ.-სთვის თანხის დაკისრების ნაწილში (თანხა 12 000 ლარი, ბაჟი 190,46 ლარი);

3. ი. ი.-ს სარჩელი ი. ს.-სა და გ. გ.-ს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს;

4. ი. ი.-ს დაეკისროს აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 512 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.