საქმის ნომერი: 2ბ/622-18
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-58-49-2011, ას-1011-931-2017,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ გაზარდა დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შემდეგი მიზეზების გამო: გაიზარდა მამის შემოსავალი; ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდა არასრულწლოვნის მოთხოვნილებები; შეიცვალა ადრე დაკისრებული ფულადი თანხის მსყიდველთუნარიანობა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/622-18 (2018-04-10), www.temida.ge
საქმის № 2ბ/622-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       10 აპრილი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ე. გ.

წარმომადგენელი - ნ. ა.

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს.

წარმომადგენელი - გ. ფ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე. გ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე გ. ს.-სთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით №2/4507-09 დ. ს.-ს (დაბადებული 2002 წლის XX ნოემბერს) ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის ოდენობის გაზრდა და ალიმენტის 300 აშშ დოლარით განსაზღვრა მოითხოვა. ასევე, მოპასუხე გ. ს.-სათვის დ. ს.-ს (დაბადებული 2002 წლის XX ნოემბერს) წარსული დროის ალიმენტის სახით, 2015 წლის იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე (2017 წლის 24 ივლისი), გასული პერიოდისთვის ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხე გ. ს.-მ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის №2/4507-09 გადაწყვეტილებით გ. ს.-სთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდა და მას დ. ს.-სთვის (შვილი) ალიმენტის სახით, სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 24 ივლისიდან, 400 ლარის გადახდა დაეკისრა. ე. გ.-ს მოთხოვნა მოპასუხე გ. ს.-ს მიმართ დ. ს.-სთვის წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ს.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ე. გ.-მ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. ე. გ. და გ. ს. 2009 წლიდან ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწევიან (ს.ფ 217).

6. არასრულწლოვანი დ. ს. მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს (მხარეთა ახსნა-განმარტება).

7. სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, არასრულწლოვანი დ. ს. კერძო სკოლა „ჯ.-ში“ სწავლობდა. დ. ს. ამჟამად „Q.-ში“ სწავლობს. მისი ყოველწლიური სწავლის გადასახადი 5300 აშშ დოლარს შეადგენს. არასრულწლოვანი დამატებით სხვადასხვა (უცხო ენის, ცურვის) წრეებზე და სამოდელო სააგენტოში დადის. დ. ს.-ს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა მოპასუხე გ. ს.-სთან შეთანხმების გარეშე მოხდა (ს.ფ 24, 30-32, 119-121, 217).

8. მოსარჩელე ე. გ. შრომისუნარიანია. იგი ყოველთვიურად რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაქირავების შედეგად შემოსავალს იღებს (ს.ფ 217).

9. მოპასუხე გ. ს. არასრულწლოვანი დ. ს.-ს რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტს იხდის. მას საალიმენტო დავალიანება არ ერიცხება. მოპასუხეს არასრულწლოვან შვილთან სტაბილური ურთიერთობა არ აქვს (ს.ფ 217).

10. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ე. გ.-ს 2015 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება (ს.ფ. 171-172).

11. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებით, გ. ს.-ს 2015-2016 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები აქვს წარდგენილი. მოპასუხის 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი 27 700 ლარი შეადგენს, საიდანაც კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 5 540 ლარია. 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი 71 460 ლარს შეადგენს, საიდანაც კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 14 292 ლარია (ს.ფ. 171-175).

12. 2015 წლის 13 მაისს გ. ს.-მ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე გურჯაანის რაიონი, სოფელი ვ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 51.XX.XX.XXX, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა (ს.ფ. 36).

13. 2013 წლის 19 აპრილს გ. ს.-მ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ი.-ს ქუჩა NXX, სართული 8, ბინა NXX, ფართი 126 კვ.მ., საკადასტრო კოდი 01.10.XX.XXX.XXX.XX.XXX, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა (ს.ფ. 37).

14. 2015 წლის 3 თებერვალს გ. ს.-მ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე გურჯაანის რაიონი, სოფელი ვ., „წ.“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 51.XX.XX.XXX, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა (ს.ფ. 38).

15. 2016 წლის 27 აპრილს გ. ს.-მ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ნ. რ.-ს ქუჩა, სართული 5, ბინა NXX, საკადასტრო კოდი 01.14.XX.XXX.XXX.XX.XXX, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა (ს.ფ. 201).

16. 2015 წლის 13 მაისს გ. ს.-მ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ.-ს გამზირი NXX, ბინა NXX, 70 კვ.მ., საკადასტრო კოდი 01.10.XX.XXX.XXX.XX.XXX, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა (ს.ფ. 205).

17. 2017 წლის 30 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრის ნომერი N171274928) იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, დასახლება ვ. X, მე-Xა მკ/რ, კორპუსი NXXX, ბინა NX, საკადასტრო კოდი 01.19.XX.XXX.XXX.XX.XXX. იპოთეკარად მოპასუხე გ. ს.-ა რეგისტრირებულია (ს.ფ.199-200).

18. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული ყოველთვიურად გადასახადი ალიმენტის ოდენობა 300 აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

19. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს ბავშვის რჩენის ვალდებულება აქვთ.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

21. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

22. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.

23. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.

24. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლით მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის გამო, ალიმენტის ოდენობის შეცვლის წესია გათვალისწინებული. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა – შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა უცვლელ კატეგორიას არ წარმოადგენს და ობიექტური ან სუბიექტური გარემოებების ცვლილებასთან ერთად, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება შეიცვალოს.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას რელევანტურია სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების გამოყენება, რამდენადაც კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა [იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011].

27. ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.

28. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.

როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის შეცვლა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს.

29. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხეს საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმეზე №2/4507-09 დ. ს.-სთვის ალიმენტის სახით 200 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, 2014 წლის 8 დეკემბერს, გ. ს.-სა და შპს N. S.-ის დირექტორს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოპასუხე ყოველთვიურად, საიჯარო ქირის სახით, 800 აშშ დოლარის იღებდა. ამასთანავე, მოპასუხემ 2013-2016 წლებში არაერთი უძრავი ქონება შეიძინა (ს.ფ 201-207).

30. მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, ალიმენტის 200 ლარით განსაზღვრა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვის დროს, მოპასუხეს ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდებოდა. დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე დადენილია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გ. ს.-ს 2015-2016 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები აქვს წარდგენილი. მოპასუხის 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი 27 700 ლარს შეადგენს, საიდანაც კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 5540 ლარია. მისი 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი 71460 ლარს შეადგენს, საიდანაც კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 14 292 ლარია. ამასთანავე, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ გ. ს.-მ შეიძინა არაერთი უძრავი ქონება და ასევე, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების იპოთეკარად არის რეგისტრირებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების შეძენა და არა მისი უსასყიდლოდ მიღება, ასევე შემოსავლების სამსახურში დაფიქსირებული შემოსავლის მიღების ფაქტი აპელანტის შემოსავლების ზრდას უტყუარად ადასტურებს.

31. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეკონომიკური მდგომარეობის ცვალებადობის გამო, სასამართლოს მიერ ცხრა წლის წინ დანიშნულმა ალიმენტმა ნაწილობრივ დაკარგა ის ეფექტურობა, რომელიც მას შეიძლება საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს ჰქონდა. შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და დაკისრებული ფულადი თანხის მსყიდველთუნარიანობაც. ამასთანავე, არასრულწლოვნის ასაკის ზრდასთან ერთად შეიცვალა მისი მოთხოვნილებებიც, შესაბამისად, მშობლების მიერ მასზე გასაწევი ხარჯის ოდენობა გაიზარდა. უდავოა, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის, მისთვის ხარისხიანი განათლებისა და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისთვის ასაკის ზრდასთან ერთად უფრო მეტი მატერიალური სახსრებია საჭირო.

32. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის [იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017]. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროისთვის არასრულწლოვანი 15 წლის არის, იგი თბილისის საერთაშორისო სკოლა „Q.-ში“ სწავლობს, სადაც სწავლის წლიურ გადასახადს 5300 აშშ დოლარი შეადგენს. გარდა ამისა, არასრულწლოვანი არაერთ ფასიან წრეზე დადის, ინგლისურ და იაპონურ ენებს სწავლობს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება და არც მხარეთა ახსნა-განმარტებით მტკიცდება, რომ დ. ს.-ს გარდა მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირებიც იმყოფებიან. როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას, უპირატესად, ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი მოსარჩელეზეა გადატანილი. მამა აქტიურად არ/ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მასზედ, რომ გ. ს.-სთვის დასაკისრებელი ალიმენტი 300 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს. სასამართლოს აზრით, ალიმენტის გაზრდა აღნიშნულ ოდენობამდე ადექვატურია და წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რომელიც არასრულწლოვნის განათლებისთვის და მის ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ არის საჭირო. მხოლოდ სკოლის გადასახადი, წლიურად 5 300 აშშ დოლარს შეადგენს, რისი თვიური ოდენობაც 442 აშშ დოლარია. არასრულწლოვანს, გარდა სკოლის გადასახადისა, სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებიც გააჩნია. შესაბამისად, აღნიშნული დანახარჯების მშობლებს შორის პროპორციულად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ს.-სათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობამდე გაზრდა, გონივრული და მიზანშეწონილია.

34. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს 2015 წლის იანვრიდან მოსარჩელის მიერ ალიმენტის გაზრდის შესახებ სარჩელის აღძვრამდე, 2017 წლის 24 ივლისამდე, ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდა არ უნდა დაეკისროს. აღნიშნული სამართლებრივი საკითხის საკანონმდებლო რეგულაციას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს. მითითებული ნორმის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან ხდება. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი მის გადახდას თავს არიდებდა. გასათვალისწინებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სასამართლო ამოწმებს თუ რამდენად შეესაბამება მხარეთა მოთხოვნა კანონის ნორმით გათვალისწინებულ დისპოზიციას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე გ. ს. მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს კეთილსინდისიერად იხდიდა და მოსარჩელე მხარის მიმართ საალიმენტო დავალიანება არ გააჩნია. ასევე, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ან/და მხარეთა ახსნა განმარტებებით არ დასტურდება, რომ მას შემდეგ რაც მოსარჩელე ე. გ.-მ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ შეიტყო, რაიმე სახით შეეცადა მოპასუხისთვის გაზრდილი ალიმენტის ოდენობის გადახდა ეთხოვა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი არ აკმაყოფილებს საკანონმდებლო ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ იმ იმპერატიულ მოთხოვნებს, რომელთა არსებობაც წარსული დროის მიუღებელი ალიმენტის დაკისრებისთვის აუცილებელია.

35. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და წარსულში მიუღებელი ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერების საკითხის დადასტურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის პირველ ნაწილში მოსარჩელემ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით, ხოლო მეორე შემთხვევაში მან სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მოთხოვნის მართლზომიერებაში დაარწმუნებდა.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, ე. გ.-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, გ. ს.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის ოდენობის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციით“ და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ე. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გაიზარდოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის №2/4507-09 გადაწყვეტილებით გ. ს.-სათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და გ. ს.-ს (პირადი №XXXXXXXXXXX) დ. ს.-ს (დაბადებული 2002 წლის XX ნოემბერს პ/ნ XXXXXXXXXXX) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 24 ივლისიდან) ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) გადახდა დაეკისროს;

5. არ დაკმაყოფილდეს ე. გ.-ს სარჩელი მოპასუხე გ. ს.-ს მიმართ დ. ს.-ს (დაბადებული 2002 წლის XX ნოემბერს) სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე;

6. გ. ს.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის ოდენობით გადახდა დაეკისროს;

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.