საქმის ნომერი: 2ბ/5449-2017
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გელა ქირია,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრებულია
ინსტანციური ისტორია: ას-1158-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოძრავი ნივთების ყადაღისაგან განთვისუფლება , პირადი მოხმარების ნივთების არსებობისას და ისეთი ნივთების დადგენის საფუძველზე რომელიც არ წარმოადგენს იმ პირის საკუთრებას , ვისი ნივთზეც შესაძლებელია განხორციელებულიყო ყადაღა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/5449-2017 (2018-03-28), www.temida.ge
საქმის № 2ბ/5449-2017

განჩინება
საქართველოს სახელით
       28 მარტი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გელა ქირია

აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე:
1. ნ. ვ.
2. ხ. უ.;
3. გ. ა.;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. უ.-ის, ნ. ვ.-ისა და გ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გათავისუფლდა ყადაღისაგან:
ა) თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 07 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ღ.–ის x შესახვევი №xx-ში აღწერილი და დაყადაღებული (აქტი №xxxxx) შემდეგი დასახელების ნივთები: 1) ტელევიზორი 2) მაცივარი 3) სარეცხი მანქანა 4) კომოდი 5) საწერი მაგიდა;
ბ) თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, ღ.-ის x შესახვევი №xx-ში აღწერილი და დაყადაღებული (აქტი №xxxxxx) შემდეგი დასახელების ნივთები: 1) სარეცხი მანქანა ”ვიატკას” ფირმის; 2) გაზქურა ”ბეკოს” ფირმის; 3) ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის; 4) მაცივარი ”ვესტელის” ფირმის; 5) კომპიუტერის კომპლექტი - მონიტორი ”ACER"-ის ფირმის, კლავიატურა ”SPIRE", პროცესორი, მაუსი; 6) ტელევიზორი ”ვესტელის” ფირმის.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

/უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 თებერვლის NAxxxxxxx-xxx/xxx ინფორმაციით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული Nx/xxxx-xx სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც, მოპასუხე დ. ვ.-ს დაეკისრა გ. ზ.-ისათვის თანხის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 7 ოქტომბერს ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ღ.-ის x შეს. Nxx-ში არსებულ ნივთებს. 2016 წლის 7 ოქტომბრის Nxxxxxx ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მიხედვით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღიწერა და დაყადაღდა შემდეგი დასახელების ნივთები: 1) ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის; 2) მაცივარი ”ვესტელის” ფირმის; 3) სარეცხი მანქანა ”ვიატკას” ფირმის; 4) კომოდი 5) საწერი მაგიდა (იხ.ს.ფ. 14-15, ს.ფ. 23);

2.2. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 თებერვლის NAxxxxxxx-xxx/xxx ინფორმაციით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული Nx-x/ს.ფ.-xxx-xx სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მოპასუხე დ. ვ.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 31 ოქტომბერს ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ღ.-ის x შეს. Nxx-ში არსებულ მოძრავ ნივთებს. 2016 წლის 31 ოქტომბრის Nxxxxxx ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მიხედვით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღიწერა და დაყადაღდა შემდეგი დასახელების ნივთები: 1) სარეცხი მანქანა ”ვიატკას” ფირმის; 2) გაზქურა ”ბეკოს” ფირმის; 3) ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის; 4) მაცივარი ”ვესტელის” ფირმის; 5) კომპიუტერის კომპლექტი - მონიტორი ”ACER"-ის ფირმის, კლავიატურა ”SPIRE", პროცესორი, მაუსი; 6) ტელევიზორი ”ვესტელის” ფირმის (იხ.ს.ფ. 16-17, ს.ფ. 24);

2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ღ.-ის x შესახვევში, Nxx-ში მდებარე უძრავი ქონებიდან საკადასტრო კოდით Nxx.xx.xx.xxx.xx, გ. ზ.-ის საკუთრებად რეგისტრირებულია შენობა - ნაგებობა N1-ის (ლიტ ,,ა”) ნახევარსარდაფი; ხ. უ.-ის საკუთრებად რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა N2, ნ. ვ.-ის საკუთრებად რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა N3 და ნაგებობა N1 (ლიტ ა”)-ს პირველი სართული (ს.ფ. 28);

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.4. მოწმე მ. კ.-ის ჩვენების მიხედვით, ის მოსარჩელეების მეზობელია. მან გადმოცემით იცის, რომ კომოდი და საწერი მაგიდა ბავშვისათვის ნ.ვ.-მა შეიძინა მეზობელი ოჯახისაგან, რაც შეეხება ტელევიზორსა და სარეცხი მანქანა ,,ვიატკას“, ხ. უ.-ის მოტანილია. მისი ინფორმაციით ნ. ვ. ცხოვრობს ცალკე ოთახში და აქვს პირველადი მოხმარების ნივთები (სხდომის ოქმი 19.07.2017წ.);

2.5. მოწმე ლ. ს.-ის ჩვენების მიხედვით, ის მოსარჩელეების მეზობელია. მისთვის ცნობილია, რომ ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ხ. უ.-მა მიიტანა დასთან-ნ. ვ.-თან. ნ. ვ.-მა მეზობელი კორპუსში მცხოვრები ოჯახისაგან შეიძინა კომოდი და საწერი მაგიდა, ასევე მისი შეძენილია მაცივარი და ვესტელის ფირმის ტელევიზორიც. აღნიშნული ნივთების შეძენის შემდეგ, ის მივიდა მოსარჩელეებთან და მიულოცა შენაძენი. მისი ინფორმაციით, გაზქურა და კომპიუტერი ოჯახში ჰქონდათ, თუმცა ვისი შეძენილია არ იცის. მოწმის ჩვენების მიხედვით, დ. ვ. ვერ შეიძენდა ამ ნივთებს, რადგან მას არ ჰქონდა ნივთების შეძენის საშუალება (სხდომის ოქმი 19.07.2017წ.);

2.6. შპს ,,მატექს ჯორჯიას“ 2017 წლის 9 თებერვლის N011 წერილის მიხედვით, 2007 წლის 7 სექტემბერს, ნ. ვ.-მა, თბილისში, მდებარე ვესტელის მაღაზიაში შეიძინა ,,ვესტელი”-ს ფირმის მაცივარი (ს.ფ. 33);

2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. უ.-მა სს ,,საქართველოს ბანკიდან“ მიღებული სესხით შეიძინა ,,სამსუნგი”-ს ფირმის ტელევიზორი (ს.ფ. 124-132);

2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა.-მ სს ,,საქართველოს ბანკიდან“ მიღებული სესხით შეიძინა ,,ბეკო”-ს ფირმის გაზქურა (ს.ფ. 112-123).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.9. სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებზე, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილი იყო, რომ ქ. თბილისში, ღ.-ის x შესახვევში, Nx-ში მდებარე უძრავი ქონებიდან საკადასტრო კოდით Nxx.xx.xx.xx.xx, გ. ზ.-ის საკუთრებად რეგისტრირებული იყო შენობა-ნაგებობა N1-ის (ლიტ ,,ა”) ნახევარსარდაფი; ხ.უ.-ის საკუთრებად რეგისტრირებული იყო შენობა-ნაგებობა N2, ნ. ვ.-ის საკუთრებად რეგისტრირებული იყო შენობა-ნაგებობა N3 და ნაგებობა N1 (ლიტ ა”-ს პირველი სართული).

დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული იქნა მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული ნივთები მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.

2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

2.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა.

სასამართლოს განმარტებით, საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ სამზარეულოს ტექნიკა განკუთვნილი იყო ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებული იყო მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლების მიერ ყადაღადადებული ნივთები, წარმოადგენდა მოსარჩელეების: ხ. უ.-ისა და ნ. ვ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს (გ. ა.-ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების გარდა). სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები: Nას-305-293-2012; Nას-1522-1529-2011; Nას-1777- 1755-2011; საქმე №ას-586-561-2016, 29.07.2016). ,,ბეკო”-ს ფირმის გაზქურისა და კომპიუტერის გ. ა.-ის საკუთრებაში ყოფნის ფაქტი დადასტურებული იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებით (საკრედიტო ხელშეკრულებით), ამასთან გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ გ. ა. იყო ნ. ვ.-ის მეუღლე და ცხოვრობდნენ ერთ მისამართზე. ამასთან, მოწმე ლ. ს.-ის ჩვენების მიხედვით, დ. ვ. ვერ შეიძენდა ამ ნივთებს, რადგან მას არ ჰქონდა ნივთების შეძენის საშუალება.

ხ. უ.-ისა და ნ. ვ.-ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეების და დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელების მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა. ასევე გ. ა.-ის საკუთრებაში ,,ბეკო”-ს ფირმის გაზურისა და კომპიუტერის არსებობის გაქარწყლება სათანადო მტკიცებულებებით მოპასუხეებმა ვერ შეძლეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების მიერ 2016 წლის 7 ოქტომბერსა და 31 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ღ.-ის x შესახვევში, Nxx-ში მდებარე ბინაში აღწერილი და დაყადაღებული (აქტი №xxxxxx და Nxxxxxx) იქნა მოსარჩელეების-ხ. უ.-ის, ნ. ვ.-სა და გ. ა.-ის კუთვნილი ნივთები, რის გამოც აღნიშნული ნივთები უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისგან.

რაც შეეხება მოსარჩელეთა შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლიც განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ემუხლით გათვალისწინებული საფუძვლები აღნიშნულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსარულებლად გადაცემისათვის, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ კომოდი და საწერი მაგიდა ნ. ვ.-ისთვის შეძენილ იქნა მეზობელი ოჯახისგან.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ მ. კ.-ის ჩვენებას, რაც წარმოადგენს არასაკმარის მტკიცებულებას, სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის.

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ხ. უ.-მა მიიტანა დასთან - ნ. ვ.-თან.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ ლ. ს.-ის ჩვენებას, რაც წარმოადგენს არასაკმარის მტკიცებულებას, სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის.

სამართლებრივი საფუძვლები

3.3. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, და განმარტა, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ დ. ვ. იმ მისამართზე ცხოვრობდა, რომელი მისამართზეც მოხდა ნივთების დაყადაღება. შესაბამისად სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სწორედ აღნიშნული პირი წარმოადგენდა ნივთის მესაკუთრეს.

3.4. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ ხ. უ.-ისა და ნ. ვ.-ის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეების და დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელების მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად მიჩნეულ იქნა, რომ "ბეკოს" ფირმის გაზქურისა და კომპიუტერის მესაკუთრე იყო გ. ა.

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

4.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული Nx/xxxx-xx სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც, მოპასუხე დ. ვ. გ. ზ.-ს სასარგებლოდ დაეკსირა 920.00 ლარის გადახდა (იხ. ტომი 1; ს.ფ. 14-15; თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 თებერვლის NAxxxxxxxx-xxx/xxx ინფორმაცია; ს.ფ. xx; Nx/xxxx-xx სააღსრულებო ფურცელი);

4.2. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 7 ოქტომბერს ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ღ.-ის x შეს. Nxx-ში არსებულ და 2016 წლის 7 ოქტომბრის Nxxxxx ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს:
1) ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის;
2) მაცივარი ”ვესტელის” ფირმის;
3) სარეცხი მანქანა ”ვიატკას” ფირმის;
4) კომოდი;
5) საწერი მაგიდა (იხ.ს.ფ. 14-15);

4.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული Nx-x/ს.ფ.-xxx-xx სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მოპასუხე დ. ვ.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა (ტომი 1; ს.ფ. 24; თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 თებერვლის NAxxxxxxx-xxx/xxx ინფორმაცია);

4.4. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 31 ოქტომბერს ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ღ.-ის x შეს. Nxx-ში არსებულ და 2016 წლის 31 ოქტომბრის N112262 ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს:
1) სარეცხი მანქანა ”ვიატკას” ფირმის;
2) გაზქურა ”ბეკოს” ფირმის;
3) ტელევიზორი ”სამსუნგის” ფირმის;
4) მაცივარი ”ვესტელის” ფირმის;
5) კომპიუტერის კომპლექტი - მონიტორი ”ACER"-ის ფირმის, კლავიატურა ”SPIRE", პროცესორი, მაუსი;
6) ტელევიზორი ”ვესტელის” ფირმის (იხ.ს.ფ. 16-17);

4.5. ქ. თბილისში, ღ.-ის x შესახვევში, Nxx-ში მდებარე უძრავი ქონებიდან საკადასტრო კოდით Nxx.xx.xx.xxx.xxx, გ. ზ.-ის საკუთრებად რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა N1-ის (ლიტ ,,ა”) ნახევარსარდაფი; ხ. უ.-ის საკუთრებად - შენობა-ნაგებობა N2, ნ. ვ.-ის საკუთრებად - შენობა-ნაგებობა N3 და ნაგებობა N1 (ლიტ ა”)-ს პირველი სართული (იხ. ტომი 1; ს.ფ. 28; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

4.6. დ. ვ. ცხოვრობს და რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ღ.-ის x შესახვევში, Nxx-ში მდებარე უძრავ ქონებაში;

4.7. დ. ვ. არის მოსარჩელეების: ხ. უ.-ის და ნ.ვ.-ის დედა და მოსარჩელე გ. ა.-ის სიდედრი;

4.8. გ. ა. არის ნ. ვ.-ის მეუღლე და ცხოვრობენ ერთ მისამართზე;

4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავი ეხება მოწმეთა ჩვენებას, როგორც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოვალე დ. ვ. არის მოსარჩელეების: ხ. უ.-ის და ნ. ვ.-ის დედა და მოსარჩელე გ. ა.-ის სიდედრი. ხოლო, გ. ა. არის ნ. ვ.-ის მეუღლე. დადგენილია ასევე რომ მოდავე მხარეები ცხოვრობენ ერთ მისამართზე, მდებარე, ქ. თბილისში, ღ.-ის x შესახვევში, Nxx (საკადასტრო კოდით Nxx.xx.xx.xxx.xxx), რომელიც თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ. ზ.-ის და მოსარჩელეების: ხ. უ.-ის და ნ. ვ.-ის საკუთრების უფლებით. სადავო არ არსი ასევე ის გარემოება, რომ გ. ა. და ნ. ვ. არიან მეუღლეები და ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე მდებარე ბინაში, რომელიც წარმოადგენს იმ უძრავ ქონებას, სადაც მოხდა მოძრავი ნივთების დაყადაღება.

საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოწმეთა (მ. კ, ლ. ს. - მოსარჩელეების მეზობლები) ჩვენებებით დასტურდება, რომ კომოდი და საწერი მაგიდა ბავშვისათვის ნ. ვ.-მა შეიძინა მეზობელი ოჯახისაგან, რაც შეეხება ტელევიზორსა და სარეცხი მანქანა ,,ვიატკას“, იცის მოტანილი იყო ხ. უ.-ის მიერ. მისი ინფორმაციით ნ. ვ. ცხოვრობს ცალკე ოთახში და აქვს პირველადი მოხმარების ნივთები (იხ. მოწმე მ. კ.-ის ჩვენება, სხდომის ოქმი 19.07.2017წ.); ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ხ. უ.-მა მიიტანა დასთან-ნ. ვ.-თან. ნ. ვ.-მა მეზობელი კორპუსში მცხოვრები ოჯახისაგან შეიძინა კომოდი და საწერი მაგიდა, ასევე მისი შეძენილია მაცივარი და ვესტელის ფირმის ტელევიზორიც. აღნიშნული ნივთების შეძენის შემდეგ, ის მივიდა მოსარჩელეებთან და მიულოცა შენაძენი. მისი ინფორმაციით, გაზქურა და კომპიუტერი ოჯახში ჰქონდათ, თუმცა ვისი შეძენილია არ იცის. მოწმის ჩვენების მიხედვით, დ. ვ. ვერ შეიძენდა ამ ნივთებს, რადგან მას არ ჰქონდა ნივთების შეძენის საშუალება (მოწმე ლ. ს.-ის ჩვენება; სხდომის ოქმი 19.07.2017წ.).

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით ასევე დასტურდება, რომ 1. ,,ვესტელის” ფირმის მაცივარი შეძენილია ნ. ვ.-ის მიერ 2007 წლის 7 სექტემბერს ქ. თბილისში, მდებარე ვესტელის მაღაზიაში (ტომი 1; ს.ფ. 33; შპს ,,მატექს ჯორჯიას“ 2017 წლის 9 თებერვლის N011 წერილი); 2. ,,სამსუნგი”-ს ფირმის ტელევიზორი შეძენილია ხ. უ.-ის მიერ სს ,,საქართველოს ბანკიდან“ მიღებული სესხით (ტომი 1; ს.ფ. 124-132); 3. ,,ბეკო”-ს ფირმის გაზქურა შეძენილია გ. ა.-ის მიერ სს ,,საქართველოს ბანკიდან“ მიღებული სესხით (ტომი 1; ს.ფ. 112-123). პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია იმ უძრავ ქონებაში, რომლის არც მესაკუთრეს და არც ფაქტობრივ მფლობელს არ წარმოადგენს მოვალე. მარტო ის ფაქტი, რომ ნივთები დაყადაღებულია მოვალის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ გარემოებას, რომ ისინი მიჩნეულ იქნეს მოვალის საკუთრებად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ მითითებული ნივთები განთავსებული იყო მოსარჩელეების საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში და წარმოადგენს მის საკუთვნებელს. ამასთან, მოწმის ჩვენების თანახმად, დ. ვ. ვერ შეიძენდა ამ ნივთებს, რადგან მას არ ჰქონდა ნივთების შეძენის საშუალება.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელეებმა შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც უტუარად დასტურდება სადავო ნივთებზე მათი საკუთრების უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების შესახებ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

6. საპროცესო ხარჯები

,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.