საქმის ნომერი: 1/ბ-122-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე(თავმჯდომარე), მურმან ისაევი, მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ იმსჯელა დამთავრებული დანაშაულად კვალიფიკაციის დროს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის მნიშვნელობაზე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-122-17 (2018-01-23), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-122-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       23 იანვარი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები:
მურმან ისაევი, მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე,

ავთანდილ ნასყიდაშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,

პროკურორ - გიორგი კავსაძის,
ადვოკატ - გ. გ.-ს, რ. ს.-ს, მონაწილეობით,

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის გიორგი კავსაძის, მსჯვრდებულ რ. შ.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. გ.-ს და რ. ს.-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

რ. შ.-ის ძე შ.-ს მიმართ, დაბადებულის XXXX წლის XX დეკემბერს, პირადი №XXXXXXXXXXX, საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ., ვ. კ.-ის ქუჩა №XX-ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.



თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

რ. შ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. ც.-ის და პ. ქ.-ს ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (დ. ც.-ის და პ. ქ.-ს ეპიზოდები).

რ. შ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (პ. ქ.-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე.

რ. შ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. ც.-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დ. ც.-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (პ. ქ.-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (პ. ქ.-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა (სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - დ. ც.-ის ეპიზოდი) შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ. შ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ რ. შ.-მ ჩაიდინა:

უმწეო მდგომარეობაში მყოფი პ. ქ.-ს და დ. ც.-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით (დ. ც.-ის და პ. ქ.-ს ეპიზოდები).

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 10 აპრილს რ. შ. დაინიშნა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ევალებოდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვა.

მიუხედავად აღნიშნულისა, 2008 წლის ზაფხულში, რ. შ.-მ განიზრახა მართლმსაჯულების გვერდით ავლით, სიკვდილით დაესაჯა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერი დ. ც., რომელიც მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თანამშრომლობდა აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის სპეცსამსახურებთან.

2008 წლის 17 აგვისტოს, გამთენიისას, რ. შ.-ს დავალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დ. ც. ჩაიყვანეს ბათუმში, რის შემდეგაც რ. შ.-მ დ. ც. გადაიყვანა ბათუმში, ყოფილი გემთმშენებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნავსადგომთან. რ. შ.-მ დ. ც. მოათავსა კატარღის ბორტზე, რომელსაც მართავდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გ. ჩ., რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მისი მოკვლის გაადვილების მიზნით, თავზე ჩამოაცვა ტომარა.

აღნიშნულის შემდეგ, ხსენებული პირები და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ო. კ., შევიდნენ ზღვის სიღრმეში დაახლოებით 4 საზღვაო მილის მანძილზე, რა დროსაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი, თვალებახვეული დ. ც.-ის მიმართ რ. შ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოკვლის მიზნით, განახორციელა ერთჯერადი გასროლა, ხოლო დანაშაულის კვალის მოსპობის მიზნით, დ. ც.-ს მოაბა სიმძიმე და ჩააგდო ზღვაში.

2008 წლის ზაფხულში, რ. შ.-მ ასევე განიზრახა მართლმსაჯულების გვერდით ავლის გზით, სიკვდილით დაესაჯა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანამშრომელი პ. ქ., რომელიც მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თანამშრომლობდა აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის სპეცსამსახურებთან.

2008 წლის 27 აგვისტოს, რ. შ.-ს დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა: გ. ფ.-მ, მ. მ.-მ და დ. დ.-მ პ. ქ. ზუგდიდის ფოსტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩაიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში, ხოლო რ. შ.-მ, ბ. ჩ.-მ, ა. დ.-მ და ტ. ბ.-მ თავისუფლებააღკვეთილი პ. ქ. გადაიყვანეს ბათუმში, ყოფილი გემთმშენებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნავსადგომთან, სადაც რ. შ.-მ პ. ქ. მოათავსა კატარღის ბორტზე, რომელსაც მართავდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გ. ჩ. და ბ. ჩ-სთან და ა. დ.-სთან ერთად, დაახლოებით 10 საზღვაო მილის მანძილზე შევიდა ზღვის სიღრმეში. ამის შემდეგ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, თვალებახვეულ და ხელბორკილდადებულ პ. ქ.-ს, რ. შ.-მ ფეხზე მოაბა სიმძიმე და ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოკვლის მიზნით, თავის მიმართულებით განახორციელა ერთჯერადი გასროლა, ხოლო დანაშაულის კვალის მოსპობის მიზნით პ. ქ. ჩააგდო ზღვაში.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა გიორგი კავსაძემ, ასევე მსჯვრდებულმა რ. შ.-მ და მისმა ადვოკატებმა გ. გ.-მ და რ. ს.-მ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა გიორგი კავსაძემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ რ. შ.-ს დამნაშავედ ცნობა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - პ. ქ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ეპიზოდი; საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - დ. ც.-ის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ეპიზოდი; საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - პ. ქ.-ის ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდი; ხოლო რ. შ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გამოტანილი განაჩენის, დ. ც.-ის ეპიზოდში, უცვლელად დატოვება.

პროკურორი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, როდესაც მკვლელობა, როგორც დამთავრებული დანაშაული, ორივე ეპიზოდში გადააკვალიფიცირა მკვლელობის მცდელობაზე. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა ის გარემოება, რომ დამნაშავემ შეგნებულად ისეთი მეთოდებით განახორციელა მკვლელობები, რომ გვამები განადგურებულიყო და რაიმე ექსპერტიზის ჩატარება გამორიცხულიყო. ამ გზით კი იგი შეეცადა მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევას, რაც ნაწილობრივ მოახერხა კიდეც. პროკურორის განმარტებით, სასამართლოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაწვრილებით აღწერენ მკვლელობის დეტალებს და ადასტურებენ არამარტო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დ. ც.-ისა და პ. ქ.-ს განზრახ მკვლელობის ჩადენას, არამედ გვამებზე სიმძიმის მობმით ზღვაში ჩაძირვის ფაქტს. პროკურორის აზრით, ორივე ქმედება, ცალკე აღებულიც კი საკმარისია დამთავრებული დანაშაულით კვალიფიკაციისათვის. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მსჯელობა - ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის თაობაზე, იმაზე, რომ დ. ც.-ისა და პ. ქ.-ს გვამები ნანახი არაა, მათ არ ჩატარებიათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მოკლებულია საღ აზრს და აბსურდულია.

პროკურორი ასევე უთითებს, რომ სასამართლოს ამგვარი მსჯელობით დარღვეულია მტკიცებულებათა შეფასების თავისუფლების პრინციპი. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დამკვიდრებული პრაქტიკა, თუმცა სასამართლო არ იყო შეზღუდული, მტკიცებულებათა შეფასების დროს ყოფილიყო თავისუფალი და მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლომ არ შეაფასა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პ. ქ. გარდაცვლილად არის ცნობილი.

პროკურორის სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ. შ.-ს ქმედებას, როდესაც საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე. ამ ნაწილში უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, თითქოს დაუდგენელია, თუ ვინ მოიაზრებიან ორგანიზებული ჯგუფის წევრებად, შეკავშირდნენ თუ არა ისინი წინასწარ დანაშაულის ჩასადენად და ჰქონდათ თუ არა რაიმე სტრუქტურული ფორმა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოცემული საქმიდან გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მიერ პ. ქ.-ს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულნი არიან გ. ფ., მ. მ. და ტ. ბ..

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორი გიორგი კავსაძე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მსჯავრდებულმა რ. შ.-მ და მისმა ადვოკატებმა გ. გ.-მ და რ. ს.-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ რ. შ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, დანაშაულის შემადგენლობისა და საქმეში არსებულ სათანადო მტკიცებულებითი ბაზის უქონლობის გამო, შეუძლებელია რ. შ.-ს მსჯავრდება. სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები ძირითადად ეყრდნობა ვარაუდებს, რასაც საფუძვლად არ უდევს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ადვოკატების განმარტებით, სასამართლომ ისე შეცვალა კვალიფიკაცია, რომ არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას; მეორეს მხრივ კი დაუდგენელ გარემოებებზე დაყრდნობით, დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ, როცა დადგენილი არ არის: მიადგა თუ არა ზიანი ობიექტს; რა სახის იარაღი გამოიყენა რ. შ.-მ; იყო თუ არა ეს იარაღი ვარგისი სროლისათვის; არ არის ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზა; არ არის ამოღებული მასრა და ტყვიის გულა. ამ გარემოებების გარკვევის გარეშე კი მკვლელობის მცდელობით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შეუძლებელია. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, ამასთან, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა რა დანაშაულის სრული შემადგენლობა, პროკურატურამ ბრალი წაუყენა პირს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო სასამართლომ, კვალიფიკაციის ცვლილებით, დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. აპელანტების განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო ბრალდების ცრუ მოწმეების გ. ჩ.-ის და ო. კ.-ს ჩვენებებს და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები.

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში რ. შ.-ს მსჯავრდებას და აღნიშნავს, რომ თუ რ. შ.-მ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა დ. ც.-ს და პ. ქ.-ს, მაშინ უნდა განიმარტოს, თუ რა გარემოებებით დგინდება აღნიშნული, რადგანაც არცერთი გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის და შესაბამისად, არც მკვლელობის და არც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტს ადგილი არ ქონია. რ. შ.-ს მიმართ კი მიმდინარეობს მიზანმიმართული სისხლისსამართლებრივი დევნა შურისძიებისა და პოლიტიკური მოტივით.

ყოველივე აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას და რ. შ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას რ. შ.-ს ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირების თაობაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ მან ჩაიდინა დ. ც.-ისა და პ. ქ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა (არგუმენტირებულ მსჯელობას ამ საკითხთან დაკავშირებით პალატა განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მტკიცებულებების შეფასების შემდგომ ეტაპზე იქონიებს). პირველ რიგში შევაფასებთ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ უმწეო მდგომარეობაში მყოფი დ. ც.-ის და პ. ქ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით.

დ. ც.-ის ეპიზოდი:

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ხ.-ის სატყეო უბნის უფროსმა მოწმე გ. ა.-მ განმარტა, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, თანამშრომლებთან, მათ შორის რეინჯერებ ზ. და დ. ც.-თან ერთად, უნდა გამოცხადებულიყო ქუთაისში დაგეგმილ რეგიონალურ თათბირზე. ამასთან, სამმართველოს უფროსის - ტ.-ს მითითებით ც.-ები აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ თათბირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. და დ. ც.-ები განთავსდნენ ,,ნივას” მოდელის ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა თავად (გ. ა.) და გაემგზავრნენ ქუთაისის მიმართულებით. მანქანაში მყოფი პირების ვინაობის და ადგილმდებარეობის გარკვევის მიზნით მას მუდმივად უკავშირდებოდა სამმართველოს უფროსი ტ. და მონიტორინგის უფროსი ლ. ჭ.. მას შემდეგ, რაც ქუთაისში შეჩერდნენ სწორი მიმართულების გასარკვევად, მათ წინ გაჩერდა ,,მერსედესის“ მოდელის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა მისთვის უცნობი სამი პირი, რომლებიც დაინტერესდნენ მანქანაში მყოფი პირების გვარებით და იდენტიფიცირების შემდეგ კი, დ. ც.-ს მოუწოდეს მანქანიდან გადასვლაზე. მიუხედავად მოწმის განმარტებისა, რომ იყვნენ სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და ეჩქარებოდათ თათბირზე, უცნობმა პირებმა უთხრეს, რომ აღნიშნული მათთვის ცნობილი იყო და დ. ც. წაიყვანეს თავიანთი მანქანის მიმართულებით. კითხვაზე, თუ სად მიყავდათ დ. ც., უცნობებმა უპასუხეს - პოლიციის სამმართველოშიო. ისინი შეეცადნენ უკან გაჰყოლოდნენ მანქანას, რომელშიც დ. ც. ჩასვეს, თუმცა მანქანის გასაღები ვერ იპოვეს. მოწმემ მომხდარის შესახებ აცნობა სატყეო სამმართველოს უფროსს და ამავდროულად სცადა დ. ც.-სთან დაკავშირება, მაგრამ ამ უკანასკნელის მობილური უკვე გამორთული იყო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ. ც.-მა განმარტა, რომ მუშაობს სამეგრელო-ზემო სავნეთის სატყეო სამსახურში მეტყევედ, სადაც მუშაობდა 2008 წელსაც. მისი შვილი დ. ც. ასევე მუშაობდა სატყეოში რეინჯერად. 2008 წლის 16 აგვისტოს უფროსმა გ. ა.-მ უთხრა, რომ ქუთაისში დანიშნული იყო თათბირი და უნდა წასულიყო ყველა თანამშრომელი. ქუთაისში ავტომანქანა „ნივით“ წავიდნენ, სადაც ისხდნენ თავად, გ. ა., დ. ც. და ე. ჭ.. გზაში ლ. ჭკ. ურეკავდა გ. ა.-ს და ეკითხებოდა, თუ სად იყვნენ და რატომ აგვიანებდნენ. შემდეგში ლ. ჭკ.-მ განმარტა, რომ უფროსი - ლ. ჭე. მავალებდა და ამიტომ ვრეკავდიო. როდესაც ქუთაისში შევიდნენ, გააჩერეს მანქანა, რადგან გაერკვიათ სამმართველოსკენ მიმავალი გზა, რა დროსაც წინ ჩაუდგათ ვერცხლისფერი მანქანა, გადმოვიდა სამი პიროვნება და იკითხეს მათი სახელები და გვარები, რის შემდეგაც დ. გადაიყვანეს, ჩასვეს მანქანაში და წაიყვენეს. კითხვაზე, თუ სად მიყავდათ, უპასუხეს, რომ სამმართველოში მიდიოდნენ და უკან გაყოლოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ავტომობილიდან გასაღები ამოუღიათ და ვერ მოახერხეს გაყოლა. დ.-ს მაშინვე გადაურეკა ტელეფონზე, თუმცა მისი მობილური უკვე გათიშული იყო. მეორე დღეს შეიტყვეს, რომ თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები და მათ წაიყვანესო, მიაკითხეს მოდულის შენობაში, სხვაგანაც მოიკითხეს, მაგრამ დ. ვერ იპოვეს. შემდეგ გაიგეს რომ ეს ამბავი აფხაზეთის „კუდის“ უფროსის რ. შ.-ს მიერ იყო მოწყობილი და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიმართა გამოძიებას.

მოწმე ბ. მ.-ის ჩვენებით, რომელიც სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა, ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტოში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ლ. ჭკ.-ს სამუშაო ოთახში შეხვდა გარემოს დაცვის მინისტრის მრჩეველს კ. მ.-ს, რომელიც ამავდროულად იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელი, ე.წ. ,,ოდეერი”. კ. მ.-ის განმარტებით, უნდა დაეკავებინათ პირი, რომელიც მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტში და ითხოვა დახმარება, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: 2008 წლის 16 აგვისტოს დანიშნული იყო რეგიონალური შეკრება ქუთაისში, რომელსაც უნდა დასწრებოდა სატყეო სამმართველოს ყველა თანამშრომელი. შესაბამისად, უნდა ეზრუნათ, რომ თათბირს არავინ დაკლებოდა. აღნიშნულის შემდეგ, 2008 წლის 16 აგვისტოს, მოწმე ლ. ჭკ.-სთან ერთად გაემართა თათბირზე, სადაც განიხილეს გარკვეული საკითხები. თათბირის დღეს, დამსწრეთა ვინაობის დადგენის მიზნით, დაუკავშირდა კ. მ.-ე, რომელსაც აცნობა, რომ თათბირზე აგვიანდებოდა გ. ა.-ს, რომელიც თანამშრომლებთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქუთაისისკენ. კ. მ.-ის თხოვნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეოს უფროსმა დააზუსტა იმ პირთა გვარები, რომლებიც ისხდნენ გ. ა.-ის მანქანაში. კერძოდ, ესენი იყვნენ: დ. ც., ზ. ც. და ნ. ჭ., რის შესახებაც აცნობა კ. მ.-ს. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა დ. ც.-ის დაკავების შესახებ და მიხვდა, რომ კ. მ.-ძე სწორედ ხსენებულ პირთან მიმართებაში ითხოვდა დახმარებას.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სახელმწიფო სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე ლ. ჭკ.-მ და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ლ. ჭე.-მ. სასამართლო სხდომაზე მათ სრულად დაადასტურეს მოწმეების: ბ. მ.-ის და გ. ა.-ის ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოწმე კ. ბ.-ის ჩვენების თანახმად, 2008 წელს მუშაობდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო რ. შ.. 2008 წლის მაისიდან, რ. შ.-ს მითითებით, ხორციელდებოდა აფხაზეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ ოპერატიული ღონისძიებები და სატელეფონო მოსმენები, რა დროსაც დაფიქსირდა დ. ც.-ის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარი, რომელიც სეპარატისტებს ესაუბრებოდა ისეთ თემებზე, რაც მაღალი ალბათობით, დაკავშირებული იყო სამხედრო საკითხებთან. აღნიშნულის შესახებ აცნობეს რ. შ.-ს, რის შემდეგაც დ. ც.-ის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიული ღონისძიებები. 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, მიღებული მითითების საფუძველზე, მობილურ-სატელეფონო ანძებზე ფიქსირების საშუალებით დაადგინა დ. ც.-ის გადაადგილების მარშუტი, რომელიც ფიქსირდებოდა სამეგრელო-სამტრედია-ქუთაისის ტერიტორიაზე, რის შესახებაც ინფორმაცია მიაწოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს - მ. ი.-ს.
კ. ბ.-ის მიერ წარმოდგენილი საბლოკნოტო ჩანაწერებით ირკვევა, რომ იგი აწარმოებდა დ. ც.-ის მობილური ტელეფონით განხორციელებული საუბრების შინაარსის ფიქსირებას.
მოწმის სახით დაკითხული ლ. კ.-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2008 წლის მაისში, ხელმძღვანელობის, კერძოდ სამმართველოს უფროსის რ. შ.-ს ნებართვით და დავალებით, ფარულ მოსმენაზე ჰქონდათ დაყენებული რამდენიმე ობიექტი აფხაზეთის მიმართულებაზე, კერძოდ კი უშიშროების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილის რ. კ.-ის და სეპარატისტთა უშიშროების სამსახურის გალის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილის ტელეფონის ნომრები. ქვემდებარე განყოფილებაში ჰყავდა თანამშრომლები კ. ბ. და გ. ნ., რომლებთან ერთადაც მონაცვლეობით ახორციელებდა ფარულ მოსმენებს, მიღებულ ინფორმაციას კი სპეციალური პროგრამით აწვდიდნენ სამმართველოს უფროსს ტ. ბ.-ს, რომელიც შემდეგ აწვდიდა რ. შ.-ს. ერთ-ერთი მოსმენის დროს გამოიკვეთა, რომ კ. დაუკავშირდა მისთვის უცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, სადაც მინიშნებით იკვეთებოდა გარკვეულწილად რაღაც დავალების შესრულების მომენტი. ხელმძღვანელობის დავალებით მაშინვე დაადგინა, რომ ეს იყო მ.-ის რაიონის სოფელ ჭ.-ის მკვიდრი რეინჯერების დეპარტამენტიდან, რეინჯერი დ. ც.. ჩანდა, რომ დ. ც. წინასწარ იყო ყველაფერში გარკევული, მაგრამ საუბრიდან ეს ყველაფერი არ იკვეთებოდა, იგი ძირითადად ობიექტებს აწვდიდა სამხედრო ხასიათის ინფორმაციებს კოდორის ხეობასთან დაკავშირებით. მიღებულ ინფორმაციას, რ. შ.-ს და ტ. ბ.-ს თანხმობით, აწვდიდნენ ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე ზ. კ.-ს.
მოწმის განმარტებით, დ. ც.-ის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია. ტელეფონის ნომრები, რა ნომრებზეც უკავშირდებოდნენ მისი მოსმენის ობიექტები ერთმანეთს, არ ახსოვს. იცის, რომ ცინდელიანის ნომერი ,,მაგთის“ ქსელში იყო გაფორმებული, ხოლო ,,მაგთის“ და ,,ჯეოსელის“ ქსელში იყო ჩართული რ. კ.-ის და მეორე ობიექტის ნომრები.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ. ნ.-მ.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ. კ.-ის ჩვენებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების აფხაზეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელ კ. ბ.-ისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მ.-ის რაიონში მცხოვრები დ. ც. თანამშრომლობდა სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სპეცსამსახურებთან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დ. ც.-ის მიმართ განხორციელებულიყო ოპერატიული ღონისძიება და გამოკითხვის მიზნით წარედგინათ უსაფრთხო ადგილას. ვინაიდან დ. ც. მუშაობდა სატყეო დეპარტამენტში, დაუკავშირდნენ კ. მ.-ს, რომელიც იყო გარემოს დაცვის მინისტრის მრჩეველი. შემდგომი მოქმედებებით გაირკვა, რომ სატყეო დეპარტამენტი 2008 წლის 16 აგვისტოს ატარებდა რეგიონალურ თათბირს, რომელსაც უნდა დასწრებოდა დ. ც.-ც. შესაბამისად, თათბირიდან უნდა მომხდარიყო მისი თბილისში წაყვანა გამოკითხვა-გასაუბრების მიზნით. დაგეგმილის განხორციელების მიზნით შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც გარდა კ. მ.-სა, ჩაერთვნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: მ. ი. და ა. ჩ.. ხსენებული პირები 2008 წლის 16 აგვისტოს, დილით, კ. მ.-ის სამსახურებრივი ავტომანქანით გაემართნენ ქუთაისის მიმართულებით, რა დროსაც მოწმე სისტემატურად უკავშირდებოდა კ. მ.-ეს, რომელსაც აძლევდა სამოქმედო გეგმას. კერძოდ, აცნობა რომ დახმარებისთვის უნდა მიემართა კ. ა.-სთვის. დ. ც.-ის მიმართ ჩატარებული ღონისძიებების კონკრეტული დეტალები მისთვის უცნობია, თუმცა დ. ც.-ის დაკავების შესახებ აცნობა დ. ა.-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თბილისის ნაცვლად იგი უნდა ჩაეყვანათ ბათუმში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისათვის, რომლებიც იმ პერიოდისათვის დისლოცირებული იყვნენ აჭარაში. აღნიშნულიდან მეორე დღეს - 2008 წლის 17 აგვისტოს, დილის საათებში, კ. მ.-ის სამუშაო ჯგუფის წევრებისგან მისთვის ცნობილი გახდა დ. ც.-ის ბათუმში ჩაყვანისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსისთვის - რ. შ.-სთვის გადაცემის ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ. მ.-მ დაადასტურა მოწმე ზ. კ.-ის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ სატყეო დეპარტამენტის მიერ ჩასატარებელი თათბირის შესახებ ესაუბრა სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბ. მ.-ს. შესაბამისად, 2008 წლის 16 აგვისტოს მ. ი.-სა და ა. ჩ.-სთან ერთად გაემგზავრა ქუთაისში, სადაც შეხვდნენ კ. ა.-ს, რომელმაც ზ. კ.-სთან საუბრის შემდეგ თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს დაავალა დ. ც.-ის დაკავება, შემდეგ კი კ. მ.-სა და მისი თანმხლები პირებისთვის გადაცემა, რომლებიც ელოდებოდნენ ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე. აღნიშნულის პარალელურად, დ. ც. იმყოფებოდა ოპერატიული დამუშავების ქვეშ და ამ უკანასკნელის გზაზე გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ მ. ი.-ს. შეთანხმებისამებრ, ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე კ. ა.-ს თანამშრომლებმა, მათ შორის ლ. გ.-მ და ო. ა.-მ, მას გადასცეს დაკავებული დ. ც. და მისი მობილური ტელეფონი. მანქანაში, რომელსაც მართავდა თავად, განთავსდნენ შემდეგნაირად: დ. ც. - უკანა სავარძელზე, რომელსაც გვერდით ეჯდა მ. ი., ხოლო მის გვერდით, წინა სავარძელზე - ა. ჩ.. დაახლოებით 21:00-22:00 საათზე, როდესაც იმყოფებოდნენ აბასთუმნის ტერიტორიაზე, ზ. კ.-ის მითითების საფუძველზე, თბილისის ნაცვლად გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, რათა დ. ც. გადაეცათ რ. შ.-სთვის. მერე დღეს, 17 აგვისტოს, ბათუმში ჩასვლისთანავე დაუკავშირდა რ. შ.-ს და შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს შენობასთან. დათქმულ ადგილას რ. შ. მივიდა ,,ნისანის” მოდელის ავტომანქანით, თანამშრომლებთან: ს. უ.-სთან, ა. დ.-სთან და მისთვის უცნობ პირებთან ერთად, თავიანთ ავტომანქანაში გადაიყვანეს დ. ც. და მისი მობილური ტელეფონიც წაიღეს.
მოწმის სახით დაკითხული მ. ი.-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2008 წლის მდგომარეობით იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, მესამე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი. 2008 წლის 16 აგვისტოს ხელმძღვანელობის, კერძოდ კი ზ. კ.-ის დავალებით, კ. მ.-სთან და ა. ჩ.-სთან ერთად, „ჰაი ლუქსის“ ტიპის თეთრი ფერის ავტომანქანით წავიდა ქუთაისში დ. ც.-ის ჩამოსაყვანად. დ. ც.-ის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა რ. შ.-ს თანამშრომელი - კ. ბ., რომელიც აკონტროლებდა დ. ც.-ის სატელეფონო ზარებს. დავალების შინაარსის კონკრეტული დეტალები გაიგო კ. მ.-ისგან. ქუთაისში ჩავიდნენ შუადღით და შეხვდნენ ქუთაისის კონსტიტუციური უსაფრთხოების იქაურ უფროსს - ა.-ს, ვინაიდან იცოდნენ, რომ ეს პიროვნება მათთვის უნდა გადმოეცა ქუთაისს. გაჩერდნენ ქუთაისი-საირმის გზაზე, სადაც მართლაც მოიყვანეს დ. ც. და წავიდნენ თბილისში შემოვლითი გზით. გზაში კ. მ.-ემ ც.-ს უთხრა, რომ თბილისში უნდა წავიდეთ, ხელმძღვამელობას სურს შენთან გასაუბრებაო; ასევე უთხრა - გესმის ალბათ რაზეცაა საუბარიო, რაზედაც დ.-მ თქვა - კი მესმისო. როდესაც აბასთუმანში ავიდნენ, დარეკა ზ. კ.-მა და უთხრათ, რომ დ. ც. უნდა ჩაიყვანოთ ბათუმშიო, რ. შ.-ს დანაყოფშიო, რადგან ისინი მუშაობდნენ ამ პიროვნებაზეო. მართლაც, ბრძანების თანახმად წავიდნენ ბათუმში, სადაც ჩავიდნენ გამთენიისას. კ. დაუკავშირდა რ. შ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ ცინდელიანი მიეყვანათ აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების შენობაში, სადაც მოხდა რ. შ.-სათვის დ. ც.-ის გადაცემა, იგი ჩასვეს ნისან-პატრულისმარკის მანქანაში, ხოლო თავად დაბრუნდნენ ქ. თბილისში.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ა. ჩ.-მ.

მოწმე ვ. წ.-ის ჩვენებით, 2008 წლის აგვისტოში მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმერეთის რეგიონის სპეცნაზის უფროსად. 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის - კ. ა.-ს დავალებით, ლ. გ.-სთან და კ. ჭ.-თან ერთად გადაადგილდებოდა ,,მერსედესის“ მოდელის ავტომანქანით, რა დროსაც მიიღეს მითითება დ. ც.-ის დაკავების შესახებ. ქუთაისში, ნ.-ის ქუჩის გადაკვეთაზე გაჩერებული იყო ,,ნივის” მოდელის ავტომანქანა, რის დანახვაზეც კ. ჭ.-მ და ლ. გ.-მ თქვეს: ,,ეს ის მანქანაა, სადაც დ. ც. უნდა იჯდესო“. მანქანაში მსხდომ პირთა იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა, რომ უკანა სალონში მჯდომი პირი იყო დ. ც., რის შემდეგაც დააკავეს. კერძოდ, კ. ჭ.-მ განუმარტა, რომ უნდა გაყოლოდა პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც დ. ც. ჩაჯდა ,,მერსედესის“ მოდელის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გვერდით დაუჯდა თავად მოწმე, მანქანის საჭესთან - კ. ჭ., ხოლო მძღოლის - გვერდით ლ. გ.. დ. ც.-ის დაკავების შემდეგ ,,მერსედესის“ მოდელის ავტომანქანით გაემგზავრნენ ,,ს.-ის ტყისკენ“, სადაც ელოდებოდნენ თბილისიდან ჩამოსული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებსაც გადასცეს დაკავებული დ. ც.. მოწმის განმარტებითვე, დ. ც.-ის დაკავების დროს შენიშნა ,,ოპელის“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი ო. ა..
მოწმე ო. ა.-ის ჩვენებით, რომელიც შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს ოპერატიული მუშაკია, ირკვევა, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, თანამშრომლებთან ერთად სამსახურებრივი, შინდისფერი ,,ოპელის” მოდელის ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქუთაისში, რა დროსაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდა მაღაზია ,,დ.-სთან“, სადაც დახვდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურებრივი ,,მერსედესის“ მოდელის მანქანა, რომელსაც მართავდა მისი თანამშრომელი კ. ჭ.. ე.წ. ,,ს.-ის ტყის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ,,მერსედესის“ მოდელის ავტომანქანიდან გადმოვიდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელი ლ. გ., სპეცნაზის თანამშრომელი ვ. წ. და მისთვის უცნობი პირი. იქვე იდგა თეთრი ფერის ,,პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა, რომლის უკანა სავარძელზეც ჩასვეს მისთვის უცნობი პირი, რომელიც კ. მ.-ემ და მისმა თანმხლებმა პირებმა წაიყვანეს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მოწმე ტ. (გ.) ბ.-ს ჩვენების მიხედვით, 2008 წელს რ. შ.-ს დავალებით, აფხაზეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: კ. ბ., ლ. კ. და გ. ნ. ახორციელებდნენ აფხაზი სეპარატისტების მოსმენას, რა დროსაც დაფიქსირდა ზარი დ. ც.-თან, რის შემდეგაც სატელეფონო საუბრის ამონაბეჭდი მიაწოდა რ. შ.-ს. 2008 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 07:00 საათზე, რ. შ.-ს მითითებით გამოცხადდა ბათუმში მდებარე აჭარის უშიშროების სამსახურის შენობასთან, სადაც დაინახა თანამშრომლები: ა. დ., ლ. ლ., ს. უ. და ს. უ.-ს ავტომანქანა. იგი ესაუბრებოდა ლ. თ.-ს, რა დროსაც შეამჩნია, თუ როგორ ჩასვა რ. შ.-მ დ. ც. ს. უ.-ს ავტომანქანის უკანა სალონში. ავტომანქანის საჭესთან იჯდა ს. უ., მის გვერდით - რ. შ., ხოლო უკანა სავარძელზე - ა. დ. და ლ. ლ., ხოლო მათ შორის - დ. ც.. ამის შემდეგ, ს. უ.-ს ,,ნისან პატრულის“ მოდელის ავტომანქანა გაემართა შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებით, მათ ავტომანქანით უკან გაჰყვა ლ. თ., თავად კი დარჩა აჭარის უშიშროების სამსახურის შენობასთან.
მოწმე ლ. თ.-ს ჩვენებით, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია, დასტურდება, რომ 2008 წლის 17 აგვისტოს, დილით ნახა რ. შ., ა. დ. და ს. უ., რომლებიც გადაადგილდებოდნენ ,,ნისან პატრულის“ მოდელის ავტომანქანით, ხოლო ს. უ.-ს თხოვნით, უკან გაჰყვა მათ მანქანას. ს. უ.-ს ავტომანქანა გაჩერდა შავი ზღვის პირას. მიახლოვებისას დაინახა რ. შ., რომელიც მიდიოდა ფეხით, უკან მიყვებოდნენ ა. დ., ს. უ. და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც ნავმისადგომის კიბეებით ჩავიდნენ ზღვის ნაპირზე, სადაც იდგა შავი ფერის ნავი. ამასობაში, ავტომანქანით მოვიდა ო. კ., რომელიც ფეხით გაემართა ზემოაღნიშნული პირებისკენ. ა. დ. და ს. უ. მალევე დაბრუნდნენ უკან, ხოლო რ. შ., ო. კ. და ახალგაზრდა ბიჭი სად წავიდნენ, მისთვის უცნობია.
კანონის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მოწმე ს. უ.-ს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2008 წლის მდგომარეობით, მუშაობდა კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსად. 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, თარიღი ზუსტად არ ახსოვს, დილით გააღვიძა თანამშრომელმა ტ. ბ.-ამ და უთხრა, რომ უნდა მისულიყვნენ სახლთან, სადაც კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი რ. შ. იმყოფებოდა. სამსახურებრივი ,,ნისან პატრულის“ მარკის ავტომანქანით მართლაც მივიდა აღნიშნულ სახლთან, იქ მოვიდა ასევე ტ. ბ.-ც. რ. შ.-ს მითითებით, წავიდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს შენობასთან, მანქანიდან გადმოვიდნენ რ. შ. და ა. დ., რომლებმაც მის მანქანაში, უკანა სავარძელზე ჩასვეს ახალგაზრდა მამაკაცი, მის გვერდით დაჯდა ა. დ.. მისივე მანქანაში ჩაჯდა რ. შ., რომელმაც უთხრა, რომ ცენტრალური საავტომობილო გზით წასულიყო სარფისკენ და მერე გზას თვითონ მიუთითებდა. საბოლოოდ მივიდნენ ძველი გემთშემკეთებელი ქარხნის შენობასთან. მანქანიდან რ. შ.-მ გადაიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო სუსტი აღნაგობის, შავი თმით, საშუალოზე ოდნავ მაღალი, დაახლოებით 35 წლის. მათ გაჰყვა ასევე ა. დ.. როცა თვალს მიეფარნენ, 3-4 წუთში უკან დაბრუნდა ა. დ., ჩაჯდა ავტომობილში და უთხრა, რომ წასულიყვნენ, ხოლო რ. შ. თავისით მოვიდოდა. მას (ს. უ.-ს) ა. დ.-სათვის არ უკითხავს, თუ ვინ იყო ის ახალგაზრდა მამაკაცი, ან სად წაიყვანა რ. შ.-მ. შემდგომში შეიტყო სხვა გარემოებებიც, რის გამოც დაასკვნა, რომ აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი იყო დ. ც..
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლის მოწმე ო. კ.-ს ჩვენებით, 2008 წლის 17 აგვისტოს, დილით, რ. შ.-ს მითითებით გაემგზავრა ბათუმში, კუთვნილი ,,BMW”-ს მოდელის ავტომანქანით. ბათუმში ჩასვლისას დაინახა ლ. თ.-ს თეთრი ფერის ,,ნივა“ და ს. უ.-ს ,,ნისანის“ მოდელის მანქანა, იქვე არსებულ ბეტონის ნანგრევებთან კი რ. შ., ა. დ., ს. უ. და ლ. ლ., რომლებიც იდგნენ წრიულად. მათ შუაში მიწაზე იჯდა დაახლოებით 30-35 წლის ახალგაზრდა, რომელიც ალექსანდრე დანელიას განმარტებით, იყო სამშობლოს მოღალატე - დ. ც.. ისინი ცდილობდნენ დ. ც.-სგან მიეღოთ ინფორმაცია, თუმცა რ. შ.-მ გასცა ბრძანება: ,,მორჩა, ეყოფა, გადაგვყავსო! ყველანი ჩასხდნენ ,,ნისანის“ მოდელის მანქანაში, რომლის საჭესთანაც დაჯდა ს. უ., მძღოლის გვერდითა სავარძელზე - რ. შ., უკან - ა. დ., ლ. ლ. და დ. ც.. გადაადგილდებოდნენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რა დროსაც შენიშნა ზღვაში შეჭრილი ნავმისადგომი, სადაც შეჩერდნენ. ნავმისადგომზე მისვლისას დაინახა ,,აპექსის“ ტიპის რეზინის ნავი და რ. შ.-ს მითითების საფუძველზე - ,,უზბეკ ჩამოდი, ფოთში უნდა წავიდეთო“, ჩაჯდა ნავში დ. ც.-ის გვერდით, იმ მიზნით, რომ ეს უკანასკნელი ნავიდან არ გადამხტარიყო. ნავის შუაში, საჭესთან, იჯდა გ. ჩ., მეტსახელად ,,მაიმუნა“. რ. შ.-მ დ. ც.-ს თავზე ჩამოაცვა მუქი ფერის ნაჭერი და გ. ჩ.-ს უბრძანა ნავი დაეძრა. ნავში ისხდნენ შემდეგნაირად: ნავის მარჯვენა ბორტთან იჯდა რ. შ., მარცხენა ბორტთან - დ. ც., მის წინ ე.წ. ,,დესანტის“ სკამზე თავად (ო. კ.), დ. ც.-ის მიმართულებით. რ. შ.-ს მითითებით ცდილობდა დ. ც.-ის ნავის წინა ნაწილში გადაყვანას და ადგილის სიმცირის გამო დაიხარა, რა დროსაც მარჯვენა ყურთან გაისმა გასროლა, რის შედეგადაც დ. ც. მოწყვეტით დაეცა ძირს. გასროლის ხმაზე ინსტიქტურად მიიხედა სროლის ხმის მიმართულებით, რა დროსაც დაინახა რ. შ., რომელსაც ხელი ჰქონდა გაშვერილი და ხელში ეკავა ,,იერიჰოს“ ტიპის პისტოლეტი, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა კვამლი. სწორედ ამ დროს, რ. შ.-მ რუსულ ენაზე უთხრა - ,,რას მომჩერებიხარო?”, რის შემდეგაც დაიხარა ქვევით და დაინახა დ. ც., რომელსაც თავიდან სდიოდა სისხლი, თავზე ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა და ნაჭრის ნიღაბი გაგლეჯილი ჰქონდა. ამასთან, ნავში იდგა სისხლის გუბე. გასროლის შემდეგ, რ. შ.-მ თქვა - ,,ნახე რა ძლიერი იარაღია ,,იერიჰო“, თავის გახვრეტის შემდეგ ,,რეკოშეტი“ მისცა წყალზეო“. რ. შ.-მ დ. ც.-ს ფეხებსა და იღლიებში შემოახვია მსხვილი თოკი და შეაბა ბეტონის ნაგლეჯი და 20-30 სანტიმეტრის სიმაღლის მარცხენა ბორტიდან გადააგდო ზღვაში. დ. ც.-ს წყალში მოძვრა ნიღაბი და ამოტივტივდა ბზისგან დამზადებული ჯვარი. გ. ჩ.-მა სამჯერ დაძრა ნავი უკუსვლით და ძრავის მხრიდან შესულმა ზღვის წყალმა გადარეცხა დ. ც.-ის სისხლი. სისხლის სრულად გადარეცხვა ვერ მოხერხდა და რ. შ.-ს კითხვაზე ,,ვინმე ხომ არ ნახავს სისხლსო“, გ. ჩ.-მა უპასუხა, რომ ნავმისადგომში გარეცხავდა. ნაპირზე დაბრუნებისას რ. შ.-მ მას (ო. კ.-ს) უთხრა: ,,უზბეკ, რა გეშინია, გოგირდმჟავაა ზღვაში და ცხედარს ძვლებიანად დაშლისო“. ნაპირზე მისვლის შემდეგ იგი (ო. კ.) პირველი გადავიდა ნავიდან, ჩაჯდა თავის ავტომანქანაში და გაემართა გონიოს მიმართულებით. მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება თანამშრომელთა თანდასწრებით, რის გამოც დაიბარა რ. შ.-მ, რომელმაც ამოიღო პისტოლეტი, დაიდო წინ და რუსულად უთხრა: ,,უზბეკ, რატომ წუწუნებ ქალივით, ასეთი წუწუნის გამო ნავი არ გამომაძახებინოო“.

სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაკითხულმა გ. ჩ.-მა აღნიშნა, რომ 2008 წლის 27 აგვისტოს, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თ. პ.-ის მითითებით, რომლის თანახმადაც რ. შ.-ს ესაჭიროებოდა კატერი, გაემართა ბათუმის იახტკლუბში, საიდანაც კატერით გაემგზავრა ,,გემთმშენებლის“ ნავმისადგომისაკენ. დაახლოებით 07:30 საათზე დაინახა აფხაზეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: რ. შ., ს. უ. და ა. დ., მათ ნავმისადგომის ე.წ. ხიდის გავლით, ჩქარი ნაბიჯით, კატერთან მიიყვანეს საშუალო სიმაღლისა და აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავზე ჩამოაცვეს ტომარა. ნავში ჩასხდნენ რ. შ., დ. ც. და ნავმისადგომთან მდგარი ო. კ., მეტსახელად ,,უზბეკა“. რ. შ.-ს მითითების საფუძველზე, გაემართა ფოთის მიმართულებით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, მხარზე ხელის შეხებით, რ. შ.-მ მიანიშნა, რომ სვლა შეენელებინა. მას შემდეგ, რაც ნავმა შეანელა სვლა, რ. შ.-მ ო. კ.-ს უბრძანა დ. ც.-ის წამოყენება, რა დროსაც გაიგო გასროლის ხმა, შებრუნდა და დაინახა დ. ც., რომელიც ეგდო ბორტთან, რ. შ. კი უკან ქამარში ინახავდა შავი ფერის ,,იერიჰოს“ სისტემის იარაღს, თან ამბობდა ,,რა კარგი ჭრა ჰქონია იარაღს, რა კარგად გავიდა თავშიო“. მოწმის განმარტებითვე, გასროლის მომენტში ო. კ.-ს ხელში რაიმე ნივთი არ სჭერია. მის (გ. ჩ.-ს) კითხვაზე რ. შ.-მ უპასუხა, რომ ხსენებული პირი იყო ქვეყნის მოღალატე დ. ც., რომელიც რუსებს და აფხაზებს აწვდიდა მნიშვნელოვან ინფორმაციას. აღნიშნულის შემდეგ, რ. შ.-მ დ. ც.-ს გამოაბა რკინა-ბეტონის ღუზა და გადააგდო ზღვაში. რაც შეეხება სისხლს, რომელიც ნავში იყო დაღვრილი, წყლის ნაკადმა გადარეცხა ნავიდან.

მოწმე თ. პ.-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2008 წლის 17 აგვისტოს, რ. შ.-მ სამსახურებრივი საჭიროებისათვის სთხოვა კატერი, რომლის საჭესთანაც დაჯდებოდა გ. ჩ., მეტსახელად ,,მაიმუნა“.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით მოწმეებმა: ზ. ც.-მა, კ. მ.-მ, მ. ი.-მ, ა. ჩ.-მ, ვ. წ.-მ, ო. ა.-მა, ტ. ბ.-მ და ო. კ.-მ, სრულად დაადასტურეს ჩვენებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს 2014 წლის 20 მარტის №MIA XXXXXXXXXXX წერილით, 2008 წლის 21 აპრილიდან - 2011 წლის 05 სექტემბრამდე, რ. შ.-ს სახელზე ირიცხებოდა 09 მმ. კალიბრის პისტოლეტი ,,იერიჰო“ - N XXXXXXXX, ორი მჭიდითა და 30 ვაზნით.
შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის 2012 წლის 20 დეკემბრის წერილით დადგენილია, რომ სამინისტროს კორპორატიულ ქსელში ჩართული სიმბარათი - XXX XX XX XX, 2008 წლის აგვისტოში ერიცხებოდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს - რ. შ.-ს.
2012 წლის 18 დეკებრის განჩინების საფუძველზე შპს ,,მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ სიმ-ბარათი - XXX XX XX XX, 2008 წლის მდგომარეობით ეკუთვნოდა რ. შ.-ს.
ბრალდებულ რ. შ.-ს მობილური სატელეფონო კავშირების დეტალური ინფორმაციის გამოკვლევით ირკვევა, რომ რ. შ.-ზე რიცხული და მფლობელობაში არსებული სიმ-ბარათის ნომრები - XXX XX XX XX და XXX XX XX XX, 2008 წლის 16-17 აგვისტოს მდგომარეობით, შემავალ-გამავალ ზარებს აფიქსირებს ბათუმში განთავსებული ფიჭური კავშირის მომსახურე ანძები (ბათუმი - ციხე, ბათუმი - სუბტროპიკი, ბათუმი - არქივი, ბათუმი - ანგისა, ბათუმი- ტექ. უნივერსიტეტი, ბათუმი - ფსიქონევროლოგიური ჰოსპიტალი და სხვა).
ამდენად წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის რ. შ.-ს მიერ, 2008 წლის ზაფხულში, მართლმსაჯულების გვერდის ავლით, შურისძიების მოტივით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი დ. ც.-ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენის ფაქტს. მოწმეებმა - გ. ა.-მა, ზ. ც.-მა, ბ. მ.-მა, ლ. ჭკ.-მ, ლ. ჭე.-მ, სრულიად დამაჯერებლად და გარკვევით აღწერეს ის გარემოება, თუ რა ვითარებაში და როგორ განხორციელდა უცნობი პირების მიერ დ. ც.-ს წაყვანა გაურკვეველი მიმართულებით; ასევე კ. ბ.-მა, ლ. კ.-მ და გ. ნ.-მ დაადასტურეს ფაქტი, რომ ახორციელებდნენ დ. ც.-ის მობილური ტელეფონით განხორციელებული საუბრების შინაარსის ფიქსირებას, ასევე, თუ სად გადაადგილდებოდა ობიექტი, მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას კი უგზავნიდნენ რ. შ.-ს და კუდ-ის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ზ. კ.-ს. მოწმეების: ზ. კ.-ის, კ. მ.-ის, მ. ი.-ს, ა. ჩ.-ის, ვ. წ.-ის, ო. ა.-ის ურთიერთთავსებადი ჩვენებებით დასტურდება დ. ც.-ის ქუთაისიდან ბათუმში ჩაყვანისა და რ. შ-სათვის გადაცემის ფაქტი. მოწმეების: ტ. ბ.-ს, ლ. თ.-ს, ს. უ.-ს ჩვენებებით დგინდება რ. შ.-ს მიერ დ. ც.-ის გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ნავმისადგომთან მიყვანის ფაქტი; ხოლო მოწმეების - ო. კ.-სა და გ. ჩ.-ის ჩვენებებით ირკვევა, თუ როგორ გადაიყვანა რ. შ.-მ დ. ც. ნავზე, აღუკვეთა მას თავისუფლება, თავზე ჩამოაცვა მუქი ფერის ნაჭერი და მოახდინა მისი მიმართულებით ,,იერიჰოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რის შემდეგაც შეაბა ბეტონის ნაგლეჯი და გადააგდო ზღვაში.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე კ. მ.-ს წარედგინა შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში ჩართულ სატელეფონო ნომრებზე შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ინფორმაციის ამოღების ოქმი, რაზედაც კ. მ.-მ განმარტა, რომ მისი კუთვნილი ნომრიდან - (XX) XX XX XX, 2008 წლის 17 აგვისტოს, დილის 05 საათსა და 35 წუთზე დაურეკა და ესაუბრა რ. შ.-ს, მობილური ტელეფონის ნომერზე (XX) XX XX XX და შეუთანხმდა ამ უკანასკნელს ბათუმში შეხვედრის ადგილზე. რაც შეეხება 2008 წლის 17 აგვისტოს, 06 საათსა და 17 წუთზე მისი ნომრიდან გამავალ ზარს ნომერზე (XX) XX XX XX, კ. მ.-მ განმარტა, რომ აღნიშნული ზარი მისი კუთვნილი ნომრიდან განახორციელა მ. ი.-მ, რ. შ.-ს მობილური ტელეფონის ნომერზე, რადგან იგი აგვიანებდა მისვლას ქ. ბათუმში, წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე.
მოწმეები - ო. კ. და გ. ჩ. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში დარწმუნებით აცხადებენ, რომ რ. შ.-მ გასროლა მოახდინა ,,იერიჰოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან დ. ც.-ის მიმართულებით. შსს-ს 2014 წლის 20 მარტის წერილით კი ირკვევა, რომ 2008 წლის 21 აპრილიდან, 2011 წლის 5 სექტემბრამდე რ. შ.-ს ნამდვილად ერიცხებოდა 09 მმ. პისტოლეტი ,,იერიჰო“, №XXXXXXXX.

ამდენად, პალატამ განიხილა ყველა მტკიცებულება დ. ც.-ის ეპიზოდში, შეაფასა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. შესაბამისად, რ. შ. მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის.

პ. ქ.-ს ეპიზოდი:

მოწმის სახით დაკითხული პ. ქ.-ს შვილის ქ. ქ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მამა უკანასკნელად ნახა 2008 წლის 27 აგვისტოს, დილით, ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მან მხოლოდ ერთხელ შეძლო პ. ქ.-სთან დაკავშირება, რომელმაც უთხრა, რომ სამსახურში საქმე გამოუჩნდა და ვერ შეძლებდა მასთან მისვლას. აღნიშნულის შემდეგ, პ. ქ.-ს სამივე მობილური ტელეფონი, კერძოდ, ,,ბილაინის“ ნომერი: XXX XX XX XX, მაგთის ნომერი: XXX XX XX XX და სამსახურის ნომერი - XXX XX XX XX გაითიშა. ვინაიდან პ. ქ. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტში, მათ განგაში არ აუტეხავთ, თუმცა მოგვიანებით დაიწყეს ძებნა ყველა მიმართულებით, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ ნანახი იქნა პ. ქ.-ს ავტომანქანა ,,მერსედესი“, რომელიც გადაყვანილი იქნა დარჩელის პოლიციაში. ექვსი წლის შემდეგ კი, ტელევიზიაში გასული სიუჟეტიდან შეიტყო, თუ როგორ და რა ვითარებაში მოუკლეს მამა.
პ. ქ.-ს 2008 წლის 27 აგვისტოს გაუჩინარების ფაქტი ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: ე. ს.-მ, კ. ქა.-მ და კ. მი.-მ.
მოწმე გ. ფ.-ს ჩვენებით, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, დასტურდება, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს, მთავარი სამმართველოს უფროსის ბ. ჩ.-ს დავალებით, ამავე დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან: დ. დ.-სთან და მ. მ.-სთან ერთად, უნდა მოეხდინა პ. ქ.-ს დაკავება, რის შემდეგაც მიიღებდნენ დამატებით მითითებებს. ვინაიდან 2008 წლის 26 აგვისტოს პ. ქ. ვერ დააკავეს, მეორე დილიდან ავტომანქანა ,,პასატით“ განაგრძეს პ. ქ.-ს საცხოვრებელ სახლთან თვალთვალი, რა დროსაც შენიშნეს რუხი ფერის ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა პ. ქ. და ახალგაზრდა გოგოსთან ერთად გადაადგილდებოდა ზუგდიდის საკოლმეურნეო ბაზრის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც ხსენებული გოგო დატოვა ბაზრის ტერიტორიაზე, პ. ქ.-მ მოძრაობა გააგრძელა კოსტავას ქუჩის მიმართულებით. ამავე ქუჩაზე ფოსტასთან მდებარე შუქნიშანთან მათ შეძლეს პ. ქ.-ს დაკავება. კერძოდ, თავად (გ. ფ.) ჩაჯდა პ. ქ.-ს მანქანაში წინა სავარძელზე, ფეხებზე იარაღი მიაბჯინა და განუმარტა, რომ დაკავებული იყო, ხოლო მ. მ.-მ უკანა სავარძლიდან მკერდზე შემოხვია ხელები და ჩამოართვეს მის მფლობელობაში არსებული სამივე მობილური ტელეფონი, დაკავების შესახებ კი აცნობა ბ. ჩ-.ს. აღნიშნულის შემდეგ მას კონტაქტი ჰქონდა ბ. ჩ.-სთან, რომელიც აძლევდა დავალებებს გადაადგილებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად გაემართნენ სამხარეო პოლიციის მიმართულებით, თუმცა გზაში მიმართულება შეიცვალეს და გაემართნენ ფოთის მიმართულებით. ამასობაში დაუკავშირდა მ. ჩ.-ს, რომელიც ,,ნივის” მოდელის ავტომანქანით უნდა დაწეოდა მათ. ცაიშის ტერიტორიაზე დატოვეს პ. ქ.-ს ,,მერსედესის” მოდელის ავტომანქანა და გასაღები, პ. ქ.-ს დაადეს ხელბორკილები და ჩასვეს ,,ნივის” მოდელის ავტომანქანის უკანა სავარძელზე. ავტომანქანაში განთავსდნენ შემდეგნაირად: პ. ქ.-ს გვერდით, რომელსაც თვალებზე ჩამოაფარა ქუდი, დაჯდა მ. მ., ავტომანქანას მართავდა დ. დ., თავად კი დაჯდა მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე. გზაში ავტომანქანით წამოეწია ბ. ჩ. და მათ მოძრაობა განაგრძეს იმ მიმართულებით საითაც გადაადგილდებოდა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ბ. ჩ.. დაახლოებით 12:00-13:00 საათზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში ხელებზე ბორკილებდადებული და თვალებზე ქუდჩამოფარებული პ. ქ. გადააბარა კონსტიტუციური უსაფრთხოების აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს რ. შ.ს და მის თანამშრომლებს: ტ. ბ.-ს და ა. დ.-ს, იგივე ,,იუსტას“, რომლებიც იყვნენ შავი ფერის ,,ფოლცვაგენ-ჯეტას“ მოდელის ავტომანქანით. პ. ქ.-ს მობილური ტელეფონები გადასცა ტ. ბ.-ს, ხოლო პ. ქ.-ს ავტომანქანის ადგილმდებარეობის შესახებ მოახსენა რ. შ.-ს. ამის შემდეგ, ბ. ჩ.-ს მითითებით, მ. მ.-სთან და დ. დ.-სთან ერთად დაბრუნდა ზუგდიდში, რა დროსაც შენიშნეს, რომ პ. ქ.-ს ავტომანქანა აღარ იდგა იმ ადგილას, სადაც დატოვეს.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გდდ-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორმა მ. მ.-მ.
მოწმე მ. ჩ.-ს ჩვენებით, 2008 წლის 27 აგვისტოს, მისი უშუალო ხელმძღვანელის - გ. ფ.-ს მითითებით, ცაიშის ტერიტორიაზე გამოცხადდა თეთრი ფერის სამსახურებრივი ავტომანქანა ,,ნივით“, სადაც ,,მერსედესის” მოდელის ავტომანქანაში მყოფი პირები: გ. ფ., მ. მ. და მისთვის უცნობი პირი, რომელიც გ. ფ.-ს განმარტებით იყო პ. ქ., ასევე დ. დ., გადასხდნენ ,,ნივის” მოდელის მანქანაში. თავად დ. დ.-ს ავტომანქანით გაემგზავრა ზუგდიდის მიმართულებით, ,,მერსედესის“ მოდელის ავტომანქანა კი დატოვეს ადგილზე.
მოწმე ტ. ბ.-ს ჩვენების მიხედვით, 2008 წელს, რ. შ.-ს დავალებით წარმოებული სატელეფონო მოსმენების შედეგად დადგენილი იქნა პ. ქ.-ს თანამშრომლობა გალის სპეცსამსახურის თანამშრომელთან. 2008 წლის 27 აგვისტოს, რ. შ.-ს ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც პ. ქ. დაკავებული იყო, მის მფლობელობაში არსებული ,,ფოლცვაგენის“ მოდელის ავტომანქანით, რ. შ.-სთან ერთად გადაადგილდებოდა ფოთი-ბათუმის გზატკეცილზე. ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში ,,ნივას“ მოდელის ავტომანქანიდან გადმოვიდნენ სპეც. დანიშნულების რაზმის წევრები: გ. ფ., მ. მ. და მისთვის უცნობი პირი, რომლებმაც მანქანიდან გადაიყვანეს პ. ქ., რომელსაც ქუდი თვალებზე ჰქონდა ჩამოფარებული. იქვე იმყოფებოდა ბ. ჩ.-ც. რ. შ.-ს მითითებით პ. ქ. ჩასვეს ,,ფოლცვაგენის“ მოდელის ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა თავად მოწმე, მძღოლის გვერდით განთავსდა რ. შ., ხოლო უკან - ა. დ.. პ. ქ.-ს სამი ცალი ტელეფონი გადაეცა თავად მოწმეს. გზაში რ. შ. და ა. დ. პ. ქ.-ს ეკითხებოდნენ - თუ რატომ თანამშრომლობდა სეპარატისტებთან და მოითხოვდნენ აღიარებას, რა დროსაც რ. შ. ს. პ. ქ.-ს. მას შემდეგ, რაც მივიდნენ ძველ და დანგრეულ ,,გემთსარემონტოს“ შენობასთან, თვითონ, რ. შ.-ს მითითებით, დარჩა მანქანაში, ხოლო რ. შ., ა. დ., ბ. ჩ. და პ. ქ. ფეხით წავიდნენ ზღვის სანაპიროზე მდებარე ნავმისადგომის მიმართულებით და რეზინის ნავით გავიდნენ ზღვაში. აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით 40 წუთში ავტომანქანასთან დაბრუნდნენ: რ. შ., ა. დ., ბ. ჩ., ხოლო პ. ქ. მათთან ერთად აღარ იყო. გზაში რ. შ.-მ თქვა: ,,ქვეყნის მოღალატეებს დედა უნდა ვუტიროთო.” მოგვიანებით, თანამშრომელთა საუბრებიდან გაარკვია, რომ რ. შ.-ს მოუკლავს პ. ქ. და ზღვაში ჩაუგდია. მისივე განმარტებით, პ. ქ. გაქცევას ვერ მოახერხებდა, რადგან მასზე მუდმივად ხორციელდებოდა მეთვალყურეობა.
სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაკითხულმა გ. ჩ.-მა აღნიშნა, რომ 2008 წლის 27 აგვისტოს, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის - თ. პ.-ის მითითებით, რომლის თანახმადაც რ. შ.-ს ესაჭიროებოდა კატერი, გაემართა იახტკლუბში. აღნიშნულის შემდეგ, რ. შ.-ს მითითებით, ,,აპექსის“ ტიპის სადესანტო კატერით, ზღვით მივიდა ბათუმის ,,გემთმშენებლის“ ნავმისადგომთან. ტერიტორია იყო ნგრევის პროცესში და მიყრუებული. გარკვეული დროის შემდეგ, ნავმისადგომის ხიდის ზედა მხარეს გამოჩნდა შავი ფერის ,,ფოლცვაგენის“ მოდელის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ რ. შ., ტ. (გ.) ბ. და ა. დ., რომელთაგან ტ. ბ. დარჩა მანქანასთან, ხოლო რ. შ.-მ და ა. დ.-მ კატერის მიმართულებით ჩქარი ნაბიჯებით წამოიყვანეს საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც თავზე ჩამოცმული ჰქონდა ტომარა და ეკეთა ხელბორკილები. კატერთან მივიდა გდდ-ის სამეგრელოს სამმართველოს უფროსი ბ. ჩ.-ც. ხსენებული პირები ჩასხდნენ კატერში. კერძოდ, ა. დ. დაჯდა წინა ბორტის მხარეს, ბ. ჩ. - მარჯვენა ბორტის მხარეს, მისგან უკან რ. შ., ხოლო უცნობი პირი - მარცხენა ბორტის მხარეს. რ. შ.-მ რუსულ ენაზე გასცა ბრძანება - ,,სწრაფად, სწრაფად, გავიდეთ ზღვაშიო.” მას შემდეგ, რაც კატერით ზღვაში შევიდნენ, დაახლოებით 5-7 მილის მანძილზე, რ. შ-ს მითითებით შეაჩერა კატერი, რა დროსაც რ. შ.-მ წამოაყენა უცნობი პირი და ეკითხებოდა: ,,ბიჭო, შენ რა ინფორმაციებს აწვდიდი აფხაზებსო“. მიუხედავად აგრესიული ქმედებებისა და რ. შ.-ს მუქარისა, რომ ზღვაში გადააგდებდა, პ. ქ. უარყოფდა ყოველგვარ კავშირს აფხაზ სეპარატისტებთან. ამის შემდეგ, რ. შ.-მ პ. ქ.-ს დაახლოებით 40-50 სმ-ის მავთულებიანი ბეტონის ნაგლეჯი მიაბა ფეხზე, რამდენიმე წამში კი მოწმემ გაიგონა იარაღიდან ერთი გასროლის ხმა. გასროლა მოხდა მისგან მარცხენა მხარეს, მისივე თვალთახედვის არეში. რ. შ.-მ თანნაქონი შავი ფერის იარაღიდან მოახდინა გასროლა პ. ქ.-ს თავის მიმართულებით. ვინაიდან სროლისთანავე პ. ქ. გადავარდა კატერიდან, კატერში სისხლის დიდი ოდენობა არ დაღვრილა. გასროლის განხორციელების შემდეგ რ. შ.-მ იარაღი ჩაიდო უკან, ქამარში. კითხვაზე, თუ რატომ გადააქცია მისი კატერი ხალხის სასაკლაოდ, რ. შ.-მ უპასუხა, რომ ეს იყო დაზვერვის თანამშრომელი პ. ქ., რომელიც იყო მოღალატე და ამისათვის იმსახურებდა სიკვდილსო. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ კატერზე ყოფნისას ბ. ჩ.-ს და ა. დ.-ს იარაღი არ ჰქონიათ, ამასთან პ. ქ.-ს გადარჩენა არ უცდიათ, ვინაიდან ჰქონდათ განცდა, რომ რ. შ. ყველას დახოცავდა. კატერზე ყოფნისას იარაღი ეჭირა მხოლოდ რ. შ.-ს და მან მოახდინა პ. ქ.-ს მიმართულებით გასროლა.
სასამართლო სხდომაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოკვლეულ ა. დ.-ს მიერ გამოძიებაში მოწმის სახით მიცემული ჩვენება თანხვედრაშია გ. ჩ.-ის და ტ. ბ.-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებთან. კერძოდ, ჩვენებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში ა. დ. მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსად, აღნიშნული სამსახურის უფროსი იყო რ. შ., ხოლო მოადგილე - ტ. ბ.. რაც შეეხება პ. ქ.-ს ეპიზოდს, მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ 2008 წლის 27 აგვისტოს, მას შემდეგ რაც პ. ქ. აიყვანეს კატერზე, რ. შ.-მ რკინის მავთულებიანი ბეტონის ნატეხი რკინის მავთულებითვე მიაბა პ. ქ.-ს ფეხის წვივზე. ხელებზე ბორკილებდადებულ და თვალებახვეულ პ. ქ.-ს მოსპობილი ჰქონდა თავისუფლად გადაადგილებისა და წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი საშუალება. გარკვეული დროის შემდეგ, ა. დ.-მ გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლის ხმა, რის გამოც ინსტიქტურად შეტრიალდა უკან, რა დროსაც დაინახა, რომ ბეტონის ნატეხმობმული პ. ქ. ნავიდან გადავარდა ზღვაში, ჩაიძირა და დახმარება არავის გაუწევია.
მოწმე თ. პ.-მ განმარტა, რომ 2008 წლის 27 აგვისტოს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა რ. შ., რომელმაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე სთხოვა კატერის გადაცემა, რომელიც უნდა ემართა გ. ჩ-.ს, რასაც დათანხმდა. მოგვიანებით გ. ჩ.-სგან ცნობილი გახდა, რომ რ. შ.-მ კატერით ზღვაში გაიყვანა ვიღაც პირები, რომლებიც შემდგომ გადაყარა ზღვაში. ამასთან, 2008 წლის 27 აგვისტოს რ. შ.-ს გარდა მისთვის კატერი არავის უთხოვია.
მოწმე გ. ძ.-ს ჩვენებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ გ. ჩ. სარგებლობდა მობილური სატელეფონო ბარათით XXX XX XX XX.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების მიხედვით, მოწმეებმა გ. ფ.-მ, მ. მ.-მ, ტ. ბ.-მ, ა. დ.-მ სრულად დაადასტურეს ჩვენებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
ბრალდებულ რ. შ.-ს მობილური სატელეფონო კავშირების დეტალური ინფორმაციის გამოკვლევით ირკვევა, რომ რ. შ.-ზე რიცხული და მფლობელობაში არსებული კორპორატიული და პირადი სიმ-ბარათის ნომრები XXX XX XX XX და XXX XX XX XX, 2008 წლის 26-27 აგვისტოს, შემავალ-გამავალ ზარებს აფიქსირებს ბათუმში მდებარე ფიჭური კავშირის მომსახურე ანძები (ციტრუსი, არქივი, რადიო, მწვანე კონცხი, ანგისა, სასტუმრო ,,მარინა“, პარიზის კომუნის ქუჩა, ფსიქონევროლოგიური ჰოსპიტალი, აკადემია და სხვა). ასევე, მალთაყვაში, ნატანებში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში განთავსებული ანძები.
ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ. შ.-მ ჩაიდინა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პ. ქ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით.
აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას, პ. ქ.-ს ეპიზოდში რ. შ.-ს ქმედების სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის თაობაზე. პროკურორი საჩივარში განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაული რ. შ.-მ ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემული საქმიდან გამოყოფილი იქნა მასალები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მიერ პ. ქ.-ს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე და დაუსაბუთებლად შეცვალა კვალიფიკაცია. პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დასაბუთებული სამართლებრივი შეფასება მისცა პ. ქ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის გარკვეულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება“. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ზემოთაღნიშნული გარემოებები - თუ ვინ მოიაზრებიან ორგანიზებული ჯგუფის წევრებად; შეკავშირდნენ თუ არა ისინი წინასწარ დანაშაულის ჩასადენად; ქონდათ თუ არა რაიმე სტრუქტურული ფორმა და სხვა. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პ. ქ.-ს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ჯგუფის სხვა წევრების მიმართ გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, არ არის საკმარისი ქმედების ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილად დაკვალიფიცირებისათვის.
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ რ. შ.-ს მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც იგი მსჯავრდებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულებს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ, მოწმეების: ქ. ქ-ს., ე. ს.-ს, კ. ქა.-ს, ასევე, გ. ფ.-ს, მ. მ.-ს, მ. ჩ.-ს, ტ. ბ.-ს, გ. ჩ.-ს, ა. დ.-ს, თ. პ.-ის ურთიერთთავსებადი და სარწმუნო ჩვენებებით, ასევე რ. შ.-ს მობილური სატელეფონო კავშირების დეტალური ინფორმაციით უდავოდ დადგენილია, რომ 2008 წლის 27 აგვისტოს, რ. შ.-ს დავალებით შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომლებმა, მისი ნების საწინააღმდეგოდ ზუგდიდიდან ჩაიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში, ხოლო რ. შ.-მ, თანამშრომლებთან ერთად, თავისუფლებააღკვეთილი პ. ქ. გადაიყვანა ბათუმში, ყოფილი გემთმშენებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნავსადგომთან, გადაიყვანა კატარღის ბორტზე, რომელსაც მართავდა გ. ჩ., თან გაიყოლა ასევე ბ. ჩ. და ა. დ., შევიდა ზღვის სიღრმეში დაახლოებით 10 საზღვაო მილის მანძილზე, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ, თვალებახვეულ და ხელბორკილდადებულ პ. ქ.-ს, რ. შ.-მ ფეხზე მოაბა სიმძიმე და ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოკვლის მიზნით, თავის მიმართულებით განახორციელა ერთჯერადი გასროლა, ხოლო დანაშაულის კვალის მოსპობის მიზნით პ. ქ. ჩააგდო ზღვაში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ რ. შ.-ს მიერ პ. ქ.-ს და დ. ც.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა ყველაზე უფრო საშიშ და მძიმე მკვლელობას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებებით, რომელიც თავის მხრივ ორ ჯგუფად - ობიექტური და სუბიექტური ნიშნით დამძიმებულ გარემოებებად იყოფა. ობიექტური ნიშნით დამძიმებულ გარემოებებს მიეკუთვნება იმ ტიპის გარემოებები, სადაც მდგომარეობას ამძიმებს დანაშაულის ხერხი და საშუალება, დანაშაულის მსხვერპლთა და ამსრულებელთა რაოდენობა და ა.შ. ეს ის ნიშნებია, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამ სახის დამამძიმებელ გარემოებებს მიეკუთვნება მკვლელობა ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ხოლო სუბიექტური ნიშნით, დამძიმებულ გარემოებებს მიეკუთვნება მკვლელობის მოტივი, მიზანი, ამსრულებლისათვის პერსონალურად დამახასიათებელი რაიმე სხვა ნიშანი.
ქმედების განზრახ მკვლელობად ან მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი) და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ; უნდა დადგინდეს ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივი. რ. შ.-ს ქცევა მიუთითებს სწორედ ამ სავალდებულო სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე, კერძოდ, მისი დანაშაულებრივი ქმედების წინასწარგანზრახულობა დასტურდება დანაშაულის ჩადენამდე განხორციელებული ქმედებებით (რ. შ.-ს დავალებით თავისუფლებააღკვეთილი დ. ც.-სა და პ. ქ.-ს ჩაყვანა ბათუმში; კატარღის მოძიება და მსხვერპლების შეყვანა ზღვის სიღრმეში; თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის დანაშაულის იარაღად გამოყენება; ადამიანის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან არეში - თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა; დანაშაულის კვალის წაშლა). რ. შ.-ს მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედებები მკვლელობის განზრახვის გარეშე ულოგიკო და საფუძველსმოკლებულია. დანაშაულის ჩადენის მოტივს კი წარმოადგენდა რ. შ.-ს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დ. ც. და პ. ქ. თანამშრომლობდნენ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის სპეცსამსახურებთან.
რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ), აღნიშნული გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის მცდელობას ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც თავისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ გააჩნია დამნაშავის ქმედებაზე რეაგირებისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამასთან, აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოება პირს შეიძლება შეერაცხოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა როგორც დამნაშავის სუბიექტური აღქმა დაზარალებულის უმწეობისა, ისე დაზარალებულის ობიექტური მდგომარეობა უმწეო მდგომარეობაში ყოფნისა. ერთ-ერთი კრიტერიუმის არარსებობა გამორიცხავს დამნაშავისთვის ზემოაღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია პ. ქ.-ს და დ. ც.-ის უმწეო მდგომარეობაში ყოფნა (მათზე ხორციელდებოდა მუდმივი მეთვალყურეობა, ეკეთათ ხელბორკილები და დაფარული ჰქონდათ მხედველობის არე).
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ. შ. იქნა მსჯავრდებული.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ რ. შ.-ს მიმართ არ არსებობდა დანაშაულის სრული შემადგენლობა, თუმცა სასამართლომ უსაფუძვლო კვალიფიკაციის ცვლილებით, დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. დამცველის ასეთი მსჯელობა იმთავითვე მოკლებულია ლოგიკას და მყარ სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც აუცილებელია ზემოთაღწერილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის. ამ ფონზე გაუგებარია დამცველის არგუმენტაცია დანაშაულის სრული შემადგენლობის არარსებობასთან დაკავშირებით.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოსაზრებებს მტკიცებულებათა არასაკმარისობისა და ცრუ მოწმეთა ჩვენებების გაზიარების ნაწილში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამოკვლეული იქნა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმართულ სასამართლო სხდომაზე, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების სრული დაცვით. ბრალდების მტკიცებულებების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადი და ერთმანეთთან თანხვედრილია, რაც გამყარებულია ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატა ამ საკითხზე დაწვრილებით მსჯელობას აღარ იქონიებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები კი წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და მოკლებულია დამაჯერებლობას.
რაც შეეხება რ. შ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალის - მკვლელობის, როგორც დამთავრებული დანაშაულის გადაკვალიფიცირებას მკვლელობის მცდელობაზე, ამ ნაწილში პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის დასაბუთებულ მსჯელობას. განაჩენში სასამართლომ მიუთითა, რომ განზრახ მკვლელობის, როგორც დამთავრებული დანაშაულის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ეტაპზე ნაპოვნი ვერ იქნა დ. ც.-ს და პ. ქ.-ს გვამები, წარმოდგენილი ვერ იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა სიკვდილის გამომწვევი უშუალო მიზეზი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, დანაშაულის ჩადენის იარაღი; ასევე, ვერ იქნა ჩატარებული და გაცემული შესაბამისი ექსპერტის დასკვნა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა კონკრეტული იარაღით აღნიშნული დანაშაულის ჩადენა და ა.შ. ამდენად, რ. შ.-ს ბრალად ვერ შეერაცხება დამთავრებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობის) ჩადენა და მისი ქმედება ორივე შემთხვევაში უნდა დაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობად, ვინაიდან უტყუარად დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად და მას სუბიექტურად სურდა შედეგის დადგომა.
აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ პროკურორი განმარტავს, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელა მტკიცებულებათა შეფასების თავისუფლების პრინციპით და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დამნაშავე შეგნებულად ზრუნავს გაანადგუროს გვამები, რათა არ ჩატარდეს ექსპერტიზა და ამ გზით თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას. პროკურორის განმარტებით, სწორედ ამიტომ, ასეთი კატეგორიის საქმეებზე არ უნდა იქნეს გამოყენებული დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის აღნიშნულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო: იმისათვის, რომ დამნაშავეს ქმედება განზრახ მკვლელობად (როგორც დამთავრებული დანაშაული) შეერაცხოს, აუცილებელია დადგინდეს, რომ ნამდვილად დადგა შედეგი სიკვდილის სახით და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; ანუ, სიკვდილის ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ექიმის, პათოლოგანატომის ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ. სიკვდილის ფაქტის დადასტურება დაუსწრებლად, გვამის პირადად ნახვის გარეშე აკრძალულია (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის №01-5/ნ-№19 ბრძანება). მოცემულ შემთხვევაში ფაქტია, რომ გამოძიების ეტაპზე ნანახი ვერ იქნა დ. ც.-სა და პ. ქ.-ს გვამები. შესაბამისად, ვერ ჩატარდა და სახეზე არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ნამდვილად დადგა შედეგი სიკვდილის სახით; ასევე, ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პროკურორის განმარტება, რომ მკვლელობის უშუალოდ შემსწრე პირთა ჩვენებები, ასევე რ. შ.-ს მიერ გვამების ზღვაში გადაყრის ფაქტი, საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო ქმედებისათვის განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის მისანიჭებლად, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მკვლელობის შემსწრე მოწმეები მართალია აღწერენ მომხდართან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ მხოლოდ ვივარაუდოთ შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, თუმცა მისი დადასტურებულად მიჩნევა, სათანადო მტკიცებულებების გარეშე, შეუძლებელია. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას იმის თაობაზე, რომ რ. შ.-ს ბრალად ვერ შეერაცხება დამთავრებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობის) ჩადენა და მისი ქმედება ორივე შემთხვევაში უნდა დაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობად, ვინაიდან ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად და ბრალდებულს სუბიექტურად სურდა შედეგის დადგომა.
რაც შეეხება პროკურორის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს გადაწყვეტილებებს - დ. ც-სა და პ. ქ.-ს გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილებები საფუძვლად ვერ დაედება პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქმედების დამთავრებულ დანაშაულად კვალიფიკაციის თაობაზე, ვინაიდან მართალია მითითებული გადაწყვეტილებებით დ. ც. და პ. ქ. გამოცხადდნენ გარდაცვლილებად, თუმცა გადაწყვეტილებებით არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ სად, რა ვითარებაში ან ვის მიერ მოხდა მათი სიცოცხლის ხელყოფა.
სიცოცხლის უფლება, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა, სახელმწიფოსაგან წარმოქმნის ნეგატიურ და პოზიტიურ ვალდებულებებს: ერთის მხრივ, ვალდებულებას – არ ჩაერიოს მასში და მეორეს მხრივ, ვალდებულებას – აქტიურად დაიცვას იგი. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ყველას სიცოცხლის უფლება (მიუხედავად მათი წარსულისა და მიდრეკილებებისა) და განახორციელოს შესატყვისი ღონისძიებანი მის დასაცავად. ხოლო როცა ამ ვალდებულების იგნორირებით, სახელმწიფოს სახელით მოქმედი, ძალაუფლებით აღჭურვილი პირების მიერ ხდება ადამიანის სიცოცხლის უხეში და გაუმართლებელი ხელყოფა ან ხელყოფის მცდელობა, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა დანაშაულში მონაწილე პირებმა, თავიანთი როლისა და წვლილის გათვალისწინებით კანონის წინაშე აგონ პასუხი.

პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, პრევენციული ღონისძიების დროს, გაითვალისწინოს უპირველესი მიზანი - ადამიანის უფლებების დაცვა. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის და საკუთრების უფლებებს. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პოლიციელების მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ საქართველოს შსს კუდ-ის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსმა რ. შ.-მ ჩაიდინა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პ. ქ.-ს და დ. ც.-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რ. შ.-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია) მხედველობაში მიღებით, ასევე 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასჯელთა ნაწილში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის გიორგი კავსაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

მსჯვრდებულ რ. შ.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. გ.-ს და რ. ს.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენი;

რ. შ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. ც.-ის და პ. ქ.-ს ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (დ. ც.-ის და პ. ქ.-ს ეპიზოდები).

რ. შ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (პ. ქ.-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე.

რ. შ. ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დ. ც.-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დ. ც.-ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (პ. ქ.-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (პ. ქ.-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა (სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - დ. ც.-ის ეპიზოდი) შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ. შ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

რ. შ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

რ. შ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2016 წლის 26 დეკემბრიდან.

მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს აღნიშნულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 07 ივნისიდან, 2015 წლის 06 მარტის ჩათვლით.

ნივთმტკიცება:

,,CD’’ დისკები, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ვიდეო დისკის საკითხი გადაწყდეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას;

ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ინახება გამომძიებელთან - თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა NXX-ში, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.