საქმის ნომერი: 1/ბ-225-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ლევან თევზაძე(თავმჯდომარე), რევაზ ნადარაია, გოჩა ჯეირანაშვილი, ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ იმსჯელა საქმეზე ჩატარებული საპროცესო მოქმედებების კანონიერების სტანდარტზე იმ გარემოებების მიხედვით, რომელიც განსახილველ საქმეშია წარმოდგენილი.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-225-17 (2018-06-14), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-225-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       14 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
ლევან თევზაძე
მოსამართლეები:
რევაზ ნადარაია, გოჩა ჯეირანაშვილი, ლევან თევზაძე,

სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე, ეკატერინე ჯიქია

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვასილ სამხარაძე;

დაცვის მხარე:
ადვოკატი - კ. ს.;
თარჯიმნები - უ. გ., ნ. ბ.;

მსჯავრდებული - ი. დ. ე., დაბადებული XXXX წლის XX თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი #XXXXXXXXXX, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი სტამბოლი, ქ.-ის დასახლება, ლ.-ის ქუჩა, ბლოკი ,,X“, ბინა #XX, ამჟამად პატიმარი.


კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით ი. დ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვლისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ი. დ. ე.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 17 სექტემბრიდან.



მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენის გაუქმება და ი. დ. ე.-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. წინასასამართლოს სხდომაზე საკმაოდ მნიშვნელოვან დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რაც გახდა მსჯავრდებულის უფლების არსებითი დარღვევის საფუძველი. გამოძიების ეტაპზე, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა ი. დ. ე.-ის პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, რაც კონკრეტულმა მოსამართლემ დააკმაყოფილა და ჩატარებული ჩხრეკა კანონიერად ცნო, ხოლო წინასასამართლო სხდომაზეც იგივე მოსამართლე განიხილავდა საქმეს. გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარე აპირებდა სასამართლოს წინაშე დაეყენებინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის პირადი ჩხრეკის ოქმის დაუშვებლობის შუამდგომლობა, ვინაიდან მისი ჩატარებისას არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, აშკარად არაობიექტური იქნებოდა პირადი ჩხრეკის ოქმის დაუშვებლობის შუამდგომლობა განეხილა იმავე მოსამართლეს, ვინც ერთხელ უკვე შეაფასა საკითხი და გამოიტანა განჩინება ჩხრეკის კანონიერების შესახებ. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მოსამართლე შებოჭილი იქნებოდა მის მიერ წინათ გამოტანილი გადაწყვეტილებით. სწორედ ეს გარემოება გახდა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების საფუძველი, რაც არ დაკმაყოფილდა. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის არაობიექტურობა მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთებაშიც გამოიხატა, კერძოდ, რამდენიმე წერილობითი დოკუმენტის დაცვის მხარისათვის ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე გადაცემა ვერ დასტურდებოდა და დაუშვებლად უნდო ყოფილიყო ცნობილი, რაზეც მოსამართლემ განმარტა, რომ მათი დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, რადგან ეს დოკუმენტები გაეცნო დაცვის მხარეს, ანუ დაცვის მხარემ წაიკითხა ისინი. ფაქტობრივად მოსამართლემ უგულებელყო საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-8 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა წერილობითი მტკიცებულების ასლის გადაცემის ვალდებულების შესახებ. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის უკანონო ქმედებები გამოიხატა იმაშიც, რომ მან მხარეებისაგან დამოუკიდებლად მოახდინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თარგმნა. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომლებზეც აღინიშნება არაქართული მინაწერები, რაც არ არის ქართულ ენაზე ნათარგმნი. ბრალდების მხარე ვალდებული იყო ეთარგმნა ისინი, რათა შინაარსი ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. მოსამართლემ კი საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით თვითონ დაიწყო მტკიცებულების თარგმნა თარჯიმნის მეშვეობით.

წინასასამართლო სხდომაზე მონაწილე თარჯიმანი ი. ხ.-ც აცილებული უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ერთსა და იმავე მინაწერთან დაკავშირებით ჯერ განაცხადა, რომ ის გაკეთებული იყო აზერბაიჯანულ ენაზე, ხოლო შემდეგ თურქულ ენაზე. შესაბამისად, თარჯიმანმა ვერ შეძლო არა უბრალოდ სწორი თარგმანი, არამედ იმ ენის სწორად განსაზღვრაც კი, რომელზეც შესრულებული იყო არაქართული მინაწერი. ამასთან, ბრალდებულმა განმარტა, რომ თარჯიმნის ნათარგმნიდან ბევრი რამ არ ესმოდა, ხოლო რაც ესმოდა ისიც ითარგმნებოდა არამხოლოდ თურქულ, არამედ აზერბაიჯანულ ენაზეც, ეს კი პირდაპირ ნიშნავს დაცვის უფლების დარღვევას, რადგან მსჯავრდებული ვერ ახერხებდა მთელი პროცესის აღქმას.

საქმეში მოიპოვება არაერთი წერილობითი დოკუმენტი, რომელსაც აღენიშნება არაქართული მინაწერი და ისინი არ არის ქართულ ენაზე ნათარგმნი. ეს მტკიცებულებებია: დადგენილება პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, პირადი ჩხრეკის ოქმი, დაკავების ოქმი, ოქმი შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ (18.09.16), დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი. უცნობია, თუ რა შინაარსის მინაწერებია დოკუმენტებზე და რამდენად ცვლის ის დოკუმენტის დანარჩენი ნაწილის სისწორეს. ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა გაცვლის ოქმები და გამოიკვლია კიდეც ისინი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ ეს ოქმები დაცვის მხარეს არ გადასცემია ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე და არც ერთ დოკუმენტში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ეს ოქმები დაცვის მხარეს გადაეცა პირველ წარდგენამდე. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე ისინი ცნობილ უნდა ყოფილიყო დაუშვებლად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 24 ოქტომბრის წერილის თანახმად, მათთან შინაგან საქმეთა სამინისტროდან წერილი შევიდა 17 სექტემბერს, ხოლო მათ თურქეთის საელჩოს გადაუგზავნეს 20 სექტემბერს, ანუ შესვლიდან მეოთხე დღეს, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, თუ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისი დაკავებიდან არაუგვიანეს სამი საათისა ამის შესახებ უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ, დაკავების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო გულგრილად მოეკიდა მის მოვალეობას, რითაც შეიქმნა დაცვის უფლების დარღვევის საფრთხე. ამასთანავე, ცალსახად დაარღვია ი. დ. ე.-ის პატივისა და ღირსების უფლება, ვინაიდან მას ჰქონდა უფლება ოჯახის წევრებისთვის მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამხდარიყო ცნობილი მისი დაკავების შესახებ.

ყურადღება უნდა გამახვილდეს შ. კ.-ის ინფორმაციული პატაკის შინაარსობრივ მხარეზე. შ. კ.-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2016 წლის 17 სექტემბერს 01:05 საათზე და თუ პატაკის შინაარსს დავუჯერებთ, გამოკითხვის დაწყებამდე უნდა ყოფილიყო ი. დ. ე. ქ. თბილისის აეროპორტში. არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული საზღვრის კვეთის ცხრილის თანახმად, ი. დ. ე.-მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 01:57 საათზე, შესაბამისად, ირკვევა რომ შ. კ.-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია თავიდანვე მცდარი იყო.

მსჯავრდებულმა ბარგთან ერთად ორჯერ გაიარა საბაჟო შემოწმება თურქეთის რესპუბლიკის დატოვებისას და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას. არც ერთ შემთხვევაში საბაჟოს თანამშრომლებს, რომლებიც ბარგს ან პიროვნებას ამოწმებენ, არ შეუმჩნევიათ ნარკოტიკული საშუალება, გამოდის რომ მას არც ჰქონია აღნიშნული, ხოლო მებაჟის მიერ ბარგის საქართველოში შემოწმებიდან ი. დ. ე.-ის მიერ მის აღებამდე პერიოდში უცნობია, თუ ვის ჰქონდა ამ ბარგთან შეხება. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ დროის პერიოდში მესამე პირმა მოათავსა ნარკოტიკული საშუალება ზურგჩანთაში.

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 02 საათსა და 10 წუთზე, ხოლო დასრულდა 02 საათსა და 45 წუთზე. დაკავების ოქმის მიხედვით, კი მისი შედგენა დაიწყო 02 საათსა და 46 წუთზე, ხოლო დასრულდა 04 საათსა და 15 წუთზე. ბუნებრივია, სანამ პირადი ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედება არ დასრულდებოდა, ვერც პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა დასრულდებოდა, შესაბამისად, ივარაუდება, რომ პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა დასრულდა 02:45 საათზე. დაკავების ოქმის შედგენა კი, ოქმის თანახმად, იწყება სულ რაღაც ერთ წუთში. ორივე ოქმი შედგენილია გამომძიებელ გივი მაისურაძის მიერ, რომლიც ჩვენების მიხედვითაც პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენის დასრულების შემდეგ მისი გაცნობისთვის თარჯიმანს დასჭირდა დაახლოებით 10-15 წუთი. მან ასევე განაცხადა, რომ დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო მას შემდეგ, რაც პირადი ჩხრეკის ოქმს გაეცნენ მასში მონაწილე პირები და გააკეთეს ხელმოწერები. აქედან გამომდინარე, თუ მოწმის ჩვენებას დავუჯერებთ, დაკავების ოქმის შედგენა უნდა დაწყებულიყო ჩხრეკის ოქმის შედგენის დასრულებიდან 02:45 საათიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, დაახლოებით 03:00 საათზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვი ჩნდება ამ ოქმების შედგენის დროებთან დაკავშირებით, ანუ მათ ავთენტიკურობასთან მიმართებაში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დაუშვებელია.
საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულება დაუშვებელია, თუ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, უარყოფილი კი არ არის, არამდე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საქმეზე წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება სწორედ რომ შეიცვალა. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თითქოსდა ი. დ. ე.-სგან ამოღებული იქნა სულ 41 ცალი აბი და ერთი ცალი სავარაუდოდ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა მოწმე გ. ჩ.-მა კი განაცხადა, რომ ნივთიერება იყო ორი ცალი, ორ პოლიეთილენის პარკში გახვეული. მაშასადამე, რეალურად არ ვიცით რა იქნა ამოღებული პირადი ჩხრეკისას. ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო შეცვლაზე მიუთითებს აგრეთვე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და არსებითი განხილვისას გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულებებიც. კერძოდ: ექსპერტიზის ჩატარებისას ე.წ ლისტებიდან ამოღებულ იქნა 13 ცალი აბი, მაშინ როდესაც საქმის განხილვისას ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ამოღებული იყო 14 ცალი აბი. ეს გარემოება მიუთითებს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო ექსპერტების მიერ საკვლევი ობიექტების დალუქვის შემდეგ.

რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, დაკითხვისას ექსპერტებმა შეკითხვაზე განსხვავდებოდა თუ არა ორი ნარკოტიკის - „ჰეროინისა“ და „ბუპრენორფინის“ მიკროსტრუქტურა და ფერი ერთმანეთისგან, განმარტეს რომ განსხვავდებოდა და შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი შესამჩნევია, ხოლო წარმოდგენილ დასკვნაში წერია, რომ საკვლევი ობიექტები შესწავლილ იქნა მიკროსკოპის მხედველობის არეში და დადგინდა, რომ ისინი შეიცავს ერთნაირი მოკროსტრუქტურის მქონე ნაწილაკებს, მათში არ აღინიშნება რაიმე განსხვავებული ფერისა და სტრუქტურის მქონე ჩანართები, არის ერთგვაროვანი. შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ მათთან წარდგენილი ოთხი ობიექტიდან ნაწილი ყოფილიყო „ჰეროინი“, ხოლო ნაწილი „ბუპრენორფინი“, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისინი დაინახავდნენ განსხვავებას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსამართლის მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომაზეც, რომელიც არის გაუმართლებლად მკაცრი. მოსამართლე განაჩენში აღნიშნავს, რომ ი. დ. ე.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა ამის მიუხედავად განუსაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაშინ როდესაც აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლიდან. მინიმალურ ზღვარზე 7 წლით მეტი სასჯელის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთან გვაქვს საქმე სრულიად აბსურდულია, ვინაიდან სასჯელის კონკრეტული ზომა განისაზღვრება არა დანაშაულის კატეგორიის, არამედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეს ეკრძალება საქმის განხილვა, როდესაც უკვე მონაწილეობა აქვს მიღებული ამავე საქმის ფარგლებში მოსამართლის სტატუსით. არსებით სხდომაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუ მოსამართლე იღებდა მონაწილეობას წინასასამართლო სხდომაში. აღნიშნული საფუძვლით მოსამართლის აცილება არის დაუსაბუთებელი და სწორადაც არ დააკმაყოფილა მოსამართლემ შუამდგომლობა აცილების თაობაზე. დაუსაბუთებელია ასევე თარჯიმნის აცილების საკითხი მისი არაკვალიფიციურობის გამო. მოსამართლემ თარჯიმანს და ბრალდებულს დაუსვა კითხვები, რითაც შეაფასა, რომ თარჯიმანი თარგმნიდა კვალიფიციურად. ის გარემოება, რომ თარჯიმანმა ოქმში არსებულ ჩანაწერზე შეიტანა ეჭვი, ჩანაწერი შესრულებული იყო აზერბაიჯანულ თუ თურქულ ენაზე და ამაზე გააკეთა შემდგომ განმარტება, მის კვალიფიციურობაზე მიუთითებს და არა პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე. ბრალდებულმა არ იცოდა ქართული ენა, რის გამოც საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტაციის შედგენისას მონაწილეობდა თარჯიმანი, რომელიც სრულყოფილად უთარგმნიდა ოქმში არსებულ ჩანაწერებს, ხოლო ი. დ. ე. მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე აწერდა ხელს შესაბამის ოქმებს და აკეთებდა ჩანაწერებს. შესაბამისად, დოკუმენტი კი არ არის უცხოენოვანი, ან გაუგებარი, მასში არსებული ბრალდებულის ჩანაწერებია უცხოენოვანი, რაც თარჯიმნის მონაწილეობით ხორციელდებოდა. მოცემული გარემოება თავისთავად არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის დაუშვებლად ცნობას, რადგან დოკუმენტი ქართულენოვანია. ბრალდების მხარემ ოთხჯერ გაუცვალა მტკიცებულებები დაცვის მხარეს, 2016 წლის 18,19,21 სექტემბერს და 17 ოქტომბერს. საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად იქნა შედგენილი აღნიშნული ოქმი და გაცვლილი იქნა მტკიცებულებები შესაბამის ოქმთან ერთად. პირველ ორ შემთხვევაში, 18 და 19 სექტემბერს მტკიცებულებები გაცვლილ იქნა ადვოკატ ხ. ჩ.-სთან, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე დაადასტურა მტკიცებულებების სრული მოცულობით ჩაბარების ფაქტი, რაც ასევე დადასტურებული აქვს ოქმზე ხელმოწერით. ანალოგიური ოქმები შედგა ბოლო ორ შემთხვევაშიც, რასაც ხელს აწერს ადვოკატი კ. ს. 21 სექტემბერს და 17 ოქტომბერს. რაც შეეხება დაკავების შესახებ შეტყობინებას, ი. დ. ე.-ის ფაქტობრივი დაკავება მოხდა 2016 წლის 17 სექტემბერს 2:45 საათზე, ხოლო საქმეში არსებული დაკავების შეტყობინების ოქმით ირკვევა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეცნობა 2017 წლის 17 სექტემბერს 3:10 საათზე, შესაბამისად საპროცესო კოდექსის ყველა მოთხოვნა დაცულია. დაცვის მხარე მოითხოვს პატაკით მოპოვებული ინფორმაციის ისეთ წვრილმან სიზუსტეს, როგორიცაა იმ წუთსა და წამზე, როდესაც პატაკს ხელს აწერდა პოლიციის თანამშრომელი, ი. დ. ე. აეროპორტის ტერიტორიაზე იყო, თვითმფრინავში, თუ საერთოდ სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში. ეს არის ინფორმაციული პატაკი და არა ი. დ. ე.-ის თვალთვალის ოქმი, სადაც ზუსტი წუთებით იქნება მითითებული თუ რას აკეთებდა მსჯავრდებული. ასევე გაუგებარია პატაკის ავტორის, შ. კ.-ის გამოკითხვისა და სასამართლოში დაკითხვის დროს მიცემული ჩვენების აფიშირება. შ. კ.-მ სასამართლოში დაკითხვისას განმარტა ინფორმაციის მიღების გარემოებები და პატაკის შინაარსი. საქმის გარშემო გაცხადებულ გარემოებებზე შ. კ.-ს არანაირი განსხვავებული ჩვენებები არ მიუცია. სასამართლოში დაკითხული არც ერთი პირი სადავოდ არ ხდის, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა თარჯიმნის მონაწილეობით. გამომძიებლები, თარჯიმანი და თავად ბრალდებულიც ადასტურებს ამას. ასევე საქმისათვის არაფრისმომცემია ისეთი ტექნიკური დეტალები, როგორიცაა ის გარემოება, თუ როგორ მოხერხდა პოლიციის თანამშრომლების და თარჯიმნის შესვლა აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე. მოწმეებმა განმარტეს, რომ საშვის მეშვეობით შევიდნენ და ამით რაიმე არსებითი გარემოება არ იცვლება. ბრალდების მხარემ სასამართლოში დაკითხა მოწმეები, ასევე დამატებით დაიკითხა თარჯიმანიც, რომლებმაც განმარტეს, რომ ამოღებული ნივთების და საგნების დალუქვა მოხდა ადგილზევე კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სავარაუდო ნარკოტიკული საშუალებები დაილუქა ცალკე, პირადი ნივთები ზურგჩანთასთან ერთად - ცალკე და მსჯავრდებულის პასპორტის დალუქვა არ მომხდარა, რადგან მისი ამოღება მოხდა შინაარსიდან გამომდინარე. ი. დ. ე.-ის პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა 2016 წლის 17 სექტემბერს 02:10 საათიდან - 02:45 საათამდე პერიოდში. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა შესაბამისი ოქმის წარმოება და ოქმის შინაარსის გაცნობა მონაწილე პირებისათვის. შემდეგ მოხდა ი. დ. ე.-ის დაკავება და დაკავების ოქმის შედგენაც. ბუნებრივია ის გარემოებაც, რომ ოქმში პოლიციაში შეყვანის დრო და პოლიციის პასუხისმგებელი პირის დაკავების გადამოწმების დროც შეტანილია ოქმში. პირადი ჩხრეკისა და დაკავების დროები მიყვება თანმიმდევრულად ჩატარებულ ქმედებებს და შეუსაბამობა არ არის. რაც შეეხება ქიმიურ ექსპერტიზას, ორი მიმართვის წერილი, რომლითაც დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაიგზავნა საექსპერტო დაწესებულებაში, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიმართვაზე ვკითხულობთ წერილის ნომრებს #XXXXXXX და #ZZZZZZZ, რაც არ იძებნება გაგზავნილ მიმართვის წერილებზე. აღნიშნული გარემოება, როგორც სასამართლო პროცესზე მოწმეებმა განმარტეს, არის საექსპერტო დაწესებულებაში მიმართვის რეგისტრაციის ნომერი, რაც მიმართვის წერილების ავთენტურობას არ უქმნის საფრთხეს, რადგან გარდა წერილის ნომრებისა, მიმართვისა და მომართვის წერილებში აღნიშნულია თარიღები, სისხლის სამართლის საქმის ნომერი, ექსპერტიზის დასკვნის სახელი და თანამდებობის პირები, თუ ვის შორის მოხდა აღნიშნული მიმართვების წარმოება. ყველა ეს გარემოება იდენტურია, რაც თავისთავად ადასტურებს დოკუმენტების რეალობას და მათ შემხებლობას ქიმიური ექსპერტიზის დადგენილებასა და დასკვნას შორის. დაცვის მხარის თეორია ნივთიერ მტკიცებულებათა რამდენჯერმე გამოცვლის შესახებ არის დაუსაბუთებელი მტკიცება. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, ხოლო მოწმეთა ჩვენებები მოცემულია საოქმო ჩანაწერებში, სადაც ნათლად აფიქსირებენ მოწმეები ჩხრეკის დაწყების მომენტიდან ნივთმტკიცების მიღების და მათ მიერ დალუქვის ფაქტს, ხოლო სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას ნანახი იქნა ყველა ის ლუქი და შესაფუთი მასალა, რაც კი ახლდა ნარკოტიკულ საშუალებას თან ჰქონდა ნივთმტკიცებას სასამართლოში გამოკვლევისას და რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ი. დ. ე.-სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 41 ცალი ტაბლეტის სახით არის ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ – 0.328 გრამის ოდენობით, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინი“ – 0.4511 გრამის ოდენობით. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ მათ მიერ ჩატარებული ყველა კვლევა შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გასცეს დასკვნა. მათ ჩაატარეს როგორც მიკროსკოპული კვლევა, ასევე თვისობრივი ქიმიური რეაქციებით და ქრომოტოგრაფიული კვლევა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების, შს სამინისტროს წერილიდან ირკვევა, რომ შ. კ.-ს შედგენილი აქვს პატაკი 2016 წლის 17 სექტემბერს 01:05 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება საქმის მასალებს. ასევე დგინდება, რომ პატაკში შევიდა შესწორება, კერძოდ, პირველ პატაკში მსჯავრდებული გვარად მითითებული იყო ე., ხოლო ჩასწორდა და მიეთითა ე.-ი, რაც თავისთავად საქმის მასალების ან მოცულობის ცვლილებას არ იწვევს. პირადი ჩხრეკა ი. დ. ე.-ს ჩაუტარდა შ. კ.-ის გამოკითხვის და არა პატაკის საფუძველზე. ასევე, ახალი ინფორმაციით დგინდება, რომ გამოძიების აღრიცხვის ბარათი გამოტანილია 2016 წლის 17 სექტემბერს 01:06 საათზე. აღნიშნული გარემოებაც არ ეწინააღმდეგება საქმის მასალებს და ფაქტობრივ გარემოებებს. სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებულია დანაშაულის ჩადენის გარემოებები, მსჯავრდებულის პიროვნება, ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, სახეობა. მოცემულ საქმეზე ამოღებული იქნა ორი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც საკმაოდ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს განეკუთვნებიან. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზღვარს. ი. დ. ე.-მა სასამართლო განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ და საქმის განხილვა გაგრძელდა სრული მოცულობით. მსჯავრდებულის ერთადერთი შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ საქართველოში არ არის ნასამართლევი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ არ არის საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრები პირი, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და გარკვეული პერიოდულობით ჩამოდის საქართველოში.

სასამართლომ დაადგინა:

ი. დ. ე.-მა უკანონოდ შეიძინა და 2016 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირადად უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 41 (ორმოცდაერთი) ცალი აბის სახით, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ – 0,328 გრამის ოდენობით. მანვე უკანონოდ შეიძინა და 2016 წლის 17 სექტემბერს ქ.თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირადად უკანონოდ შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ – 0,4511 გრამის ოდენობით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაირკვა შემდეგი:

მოწმე შ. კ.-ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს შსს პოლიციის დეპარტამენტში. მისთვის ცნობილი გახდა, რომ დ. ე. სავარაუდოდ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას და შესაძლებელია თან ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მან დ. ე.-ის მონაცემები გადაამოწმა ელექტრონულ ბაზაში, რომელიც იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მიღებული ინფორმაცია 17 სექტემბერს პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამომძიებელმა პატაკის შინაარსთან დაკავშირებით გამოკითხა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლების გ. მ.-ისა და გ. ჩ.-ის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 17 სექტემბერს ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელ შ. კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ დ. ე. უნდა ყოფილიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ხელმძღვანელის დავალების საფუძველზე, თანამშრომელ დ. ს.-თან ერთად გაემართნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და რადგან ინფორმაციის თანახმად იცოდნენ, რომ დ. ე. თურქეთის მოქალაქე იყო, გ. მ.-მ თარჯიმნის ბიუროს სთხოვა თარჯიმანი მისულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მან ბრალდებულს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობისას პირადი ჩხრეკის შესახებ. ასევე უთხრეს წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც დ. ე.-მა განაცხადა, რომ ჩანთაში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და თავად წარადგინა ნარკოტიკული საშუალება - საერთო ოდენობით 41 აბი და მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტში ნივთიერება. ბრალდებულს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა ეთარგმნა თარჯიმნის საშუალებით მისთვის გასაგებ ენაზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დ. ე.-ის მიერ თავისი ნებით ნარკოტიკული საშუალების წარდგენის ფაქტი ასევე დაადასტურა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებელმა დ. ს.-მა.

მოწმე გ. პ.-ის ჩვენებით გაირკვა, რომ მუშაობს შსს პოლიციის დეპარტამენტში. თანამშრომელ შ. კ.-ის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, დაკითხა დამკავებელი პირები, ასევე პატაკის ავტორი, დანიშნა ექსპერტიზები და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. პატაკის ავტორი შ. კ.-ის გამოკითხა პატაკის შედგენიდან რამდენიმე წუთში. ინფორმაციის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა ყოფილიყო თურქეთის მოქალაქე, ნარკოტიკის მომხმარებელი დ. ე., რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხელმძღვანელის დავალებით ჯგუფი გაემართა აეროპორტში ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. ჯგუფში იყვნენ - დ. ს., გ. ჩ. და გ. მ.. დაკავებული მიიყვანეს პოლიციის დეპარტამენტში, მან დაუნიშნა ნარკოლოგიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც ბრალდებულს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და შეასახლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. შემდგომ დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა, ბრალდებულს დაენიშნა ადვოკატი სახაზინო წესით და წარედგინა ბრალი.

მოწმე გ. გ.-ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის სამმართველოს მეათე განყოფილების უფროსად. 2016 წლის სექტემბერში, თანამშრომელის მიერ მიღებული ინფორმაცის საფუძველზე შეიქმნა სამკაციანი ჯგუფი, რომელიც გაემართა აეროპორტში. განყოფილებაში დაბრუნებისას ნახა ჩხრეკის ოქმი, რომელშიც ეწერა ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ, ინფორმაცია ეხებოდა თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც აეროპორტში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო ჯგუფში იყვნენ გ. მ., გ. ჩ. და დ. ს.. ჯგუფი შექმნა სამმართველოს უფროსმა ი. ს.-მ.
მოწმე ზ. რ.-ის ჩვენებით გაირკვა, რომ თურქული და აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი. მას დაუკავშირდა ცენტრი, უთხრა ადგილი და დრო, სად უნდა გამოცხადებულიყო. როგორც ბრალდებულმა უთხრა თურქეთიდან მოფრინავდა, ის დააკავეს აეროპორტშივე. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, ბრალდებული გადაიყვანეს მოდულის შენობაში. მთლიან საგამოძიებო ქმედებებს ესწრებოდა და უთარგმნიდა ბრალდებულს. აეროპორტში იმყოფებოდა დაახლოებით 6-7 გამომძიებელი. საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა მხოლოდ სამი კაცი.

2016 წლის 17 სექტემბრის სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 5 (ხუთი) ცალ კონვალუტაზე და 2 (ორ) ცალ კონვალუტის ნაჭერზე წარწერებით: ,,suboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone…” განთავსებული 41 (ორმოცდაერთი) ცალი თეთრი, ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი: ,,N8“ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს საერთო წონით 0,328 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ მინარევს. პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო-მოყვითალო ნივთიერება, წონით 1,9669 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,4511 გრამს.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ. უ.-მ და ა. დ.-მ.

2016 წლის 17 სექტემბრის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მეორე განყოფილების მთავარი ექსპერტის მ. ღ.-ს #XXXXXX დასკვნის თანახმად, ე. ი. დ. ბ.-ის ძე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად კი დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი, მეტადონი, ფსიქოტროპული ნივთიერება არ დადგინდა.

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის NXXXXXXXXXXXX საქმეზე დაიწყო 2016 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2016 წლის 17 სექტემბრის შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ შ. კ.-ის პატაკის მიხედვით, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი. დ. ე. უნდა იმყოფებოდეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და თან უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება და უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი.

2016 წლის 17 სექტემბრის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი. დ. ე.-ის ზურგჩანთიდან ბრალდებულის პირად ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა 5 ცალი ლისტი, წარწერით ,,suboxone”, რომელზეც მოთავსებულია 7-7 ცალი აბი, ასევე ამოღებული იქნა ანალოგიური ლისტი, რომელზეც დარჩენილია 5 ცალი აბი, ასევე აღნიშნული და ანალოგიური ლისტის ნაგლეჯი, რომელზეც არის მოთავსებული ერთი ცალი აბი, ამოღებული იქნა მცირე ზომის, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება.

2016 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ. გ.-ის წერილის და თანდართული დოკუმენტის თანახმად, თურქეთის მოქალაქე ი. დ. ე.-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 11 ოქტომბრამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის“ და ს.ს.კ.გ. ,,სარფის“ გავლით. ამასთან, ბოლო შემოსვლა უფიქსირდება 2016 წლის 17 სექტემბერს ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის“ გავლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების შეწყვეტის 2016 წლის 13 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, ი. დ. ე.-ის მიმართ 2016 წლის 7 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა, სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად დგინდება, რომ ილგინ დევრიმ ერშიქმა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სამართლებრივი შეფასება, (განაჩენით დანიშნული სასჯელის შეცვლის დასაბუთება):

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ვინაიდან განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიიჩნია, რომ ი. დ. ე.-მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება (ყიდვა, სესხის სანაცვლოდ ან საჩუქრად მიღება, პოვნა, მითვისება და ა.შ) და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, (შენახვა ბინაში, ფარეხში, მანქანაში, ტანისამოსში). ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ამოღებული ნივთიერება მიეკუთვნება თუ არა ნარკოტიკულ საშუალებას, ასევე მისი წონა, რაც აუცილებელია ოდენობის განსაზღვრისათვის; აღნიშნული უნდა გაირკვეს შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად; ასევე, უნდა დადგინდეს ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა იმ პირის მიერ, ვისაც ბრალად ედება აღნიშნული დანაშაული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ი. დ. ე.-ს არ ეკუთვნის და „ჩაუდეს“, შესაძლოა იმ პერიოდში, როდესაც მას თან არ ჰქონდა ზურგჩანთა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს ვერსია მოგონილია მსჯავრდებულის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და უარყოფილია როგორც ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით, ისე ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებით, რომელთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია. საქმეზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებათა სანდოობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება პირი, რომლისთვის ცნობილია კონკრეტული გარემოება.

სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს. პოლიციის თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენენ ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებს და ახასიათებთ მიზანმიმართული ყურადღება, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით არის განპირობებული. პოლიციელის ჩვენება ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტის გამოვლენით, ხილვით და თანდასწრებით არის წარმოდგენილი. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას, ყოველთვის აქვს კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას, გააჩნია სანდოობის ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ი. დ ე.-ის უკანონო ქმედებას, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ განაჩენის, როგორც სასამართლოს მიერ საბოლოოდ მიღებული საპროცესო აქტის საფუძველი მტკიცებულებათა უტყუარობაა. ამასთან არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ვინაიდან განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ი. დ. ე.-ის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, რომელმაც განიხილა შუამდგომლობა პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის თაობაზე, არ იყო უფლებამოსილი განეხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ, რაც აცილების საფუძველს წარმოადგენდა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლით განსაზღვრულია მოსამართლის აცილების საფუძვლები, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, თუ ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული; ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე; ბ1) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს; გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი; დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან; ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი“. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე (არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას) მითითება მოსამართლის აცილების თაობაზე უსაფუძვლოა.

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილ არაერთ დოკუმენტზე არაქართული მინაწერია, რაც ქართულ ენაზე არ არის ნათარგმნი, უცნობია მათი შინაარსი და ის, თუ რამდენად ცვლის დოკუმენტის დანარჩენი ნაწილის სისწორეს, პალატა აღნიშნავს, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებიდან და თარჯიმან ზ.რ.-ს ჩვენებიდან ირკვევა, ი. დ. ე.-ს პირადი ჩხრეკის დაწყებისთანავე და შემდგომ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედების დროს ჰყავდა თარჯიმანი, რომელიც მას უთარგმნიდა ნებისმიერ დოკუმენტს მისთვის გასაგებ ენაზე, რა დროსაც ბრალდებულს არც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისა და შედეგების მიმართ, არც თავად თარჯიმნის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. ბრალდებულმა ყველა საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტის სისწორე დაადასტურა შესაბამის ოქმებზე ხელმოწერით. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ თარჯიმნის მონაწილეობით არაქართულ ენაზე შესრულებული მინაწერი არ ცვლის დოკუმენტის შინაარსს და საეჭვოს არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობას.

პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მითითებას, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისთვის მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმების ასლების გადაუცემლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2016 წლის 26 ოქტომბერს 14:00 საათზე. საქმეში არსებული, შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმებით დადგენილია, რომ 2016 წლის 18, 19, 21 სექტემბერს და 17 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს სრულად გადასცა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელთა მტკიცებულებებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებდა.

საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა, მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად“. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდების მხარემ მის ხელთ არსებული მტკიცებულებები გადასცა მოწინააღმდეგე - დაცვის მხარეს, რის თაობაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი და წარუდგინა სასამართლოს. ამასთან, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ მათ ბრალდების მხარისაგან სრულად გადაეცათ ბრალდების ყველა მტკიცებულება კანონით დადგენილი წესით. ამდენად, დაცვის მხარე ინფორმირებული იყო იმ მტკიცებულებების თაობაზე, რომელთა წარდგენასაც აპირებდა ბრალდების მხარე, რითაც არ დარღვეულა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის შესახებ, ვინაიდან ი. დ. ე.-ს დაკავების თაობაზე, დაკავებიდან სამი საათის განმავლობაში არ ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის შესაბამისად, თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. პალატას მიაჩნია, რომ სრულად იქნა დაცული საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნა, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ოქმი დაკავების შეტყობინების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ილგინ დევრიმ ერშიქის დაკავების შესახებ ეცნობა 2016 წლის 17 სექტემბერს 03:10 საათზე, ხოლო ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, ი. დ. ე. დაკავებულია 02:45 საათზე.

დაცვის მხარის არგუმენტაციას ი. დ. ე.-ის პირადი ჩხრეკის კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ი. დ. ე.-ის პირადი ჩხრეკა და მისი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და რაიმე კანონდარღვევა ჩხრეკის ჩატარებისას ან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვისას არ გამოვლენილა. დაკავების მომენტში, თარჯიმნის მონაწილეობით ბრალდებულს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულად თანხვედრილი ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, ბრალდებულის ადგილსამყოფლისა და ჩხრეკის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. აღნიშნული გარემოებები შეესაბამება როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებს, ისე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის კანონიერება შემოწმებულია სასამართლოს მიერ და ცნობილია კანონიერად.

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ი. დ. ე.-ის უფლებების დარღვევის თაობაზე, რომ მას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე არ განუმარტეს უფლებები, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით, კერძოდ: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია, რომ ბრალდებულს ფაქტობრივი დაკავების მომენტში მისთვის გასაგები ფორმით განემარტა უფლებები და მოვალეობები. აღნიშნულ დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი გ.გ., ბრალდებულ ი. დ. ე.-ს წარედგინა დაკავების ოქმი, გადაეცა აღნიშნული ოქმის ასლი, რაც დაადასტურა ხელმოწერით. ოქმის თანახმად, ბრალდებულს რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ დაუფიქსირებია.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის შესახებ და აღნიშნავს, რომ ი. დ. ე.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რომლებიც მოთავსდა პაკეტებში და ადგილზევე დაილუქა სათანადო წესით, რაც ხელმოწერით დაადასტურეს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა. აღნიშნულის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება დალუქული სახით წარედგინა ექსპერტიზის ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნივთიერი მტკიცებულება ექსპერტიზის ჩასატარებლად წარედგინათ დალუქული სახით და პაკეტისა და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რაც, პალატის შეფასებით, გამორიცხავს ეჭვს მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლისა და მათი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ.

დაცვის მხარის მოსაზრებით, ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლაზე მიუთითებს აგრეთვე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ ის გარემოება, რომ კვლევის ჩასატარებლად ე.წ ლისტებიდან ამოღებული იქნა 13 აბი, ხოლო სასამართლოში მტკიცებულების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ბუდიდან ამოღებული იყო 14 აბი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდა დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით კვალიფიკაცია, გაურკვეველია რას შეიძლება ემსახურებოდეს ექსპერტების მიერ კვლევის ჩატარების შემდეგ დალუქული ნარკოტიკული საშუალების გახსნა და მასში ერთი აბის დამატება, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ექსპერტიზის ჩატარებამდე ბრალდებულისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შეცვლას ან/და დამატებას.

დაცვის მხარის განმარტება იმის შესახებ, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ნივთიერებები საერთოდ განეკუთვნება, თუ არა ნარკოტიკულ საშუალებებს, არ დასტურდება არც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და არც ექსპერტთა ჩვენებებით. ის ფაქტი, რომ ი. დ. ე.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ და ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს„ დასტურდება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და მოცემულ გარემოებას ვერ მიენიჭება არსებითი მნიშვნელობა მსჯავრდებულ ი. დ. ე.-ის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისათვის.

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე. აპელანტის განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერებები არასათანადოდ იყო გამოკვლეული, დაკითხვისას ექსპერტებმა განმარტეს, რომ ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“ და „ჰეროინი“ სტრუქტურით და ფერით ერთმანეთისგან განსხვავდება, ხოლო დასკვნაში მიუთითეს, რომ საკვლევი ობიექტები მიკროსკოპული შემოწმების შედეგად არის ერთგვაროვანი და შეიცავს ერთნაირი მიკროსტრუქტურის მქონე ნაწილაკებს. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოსაზრება არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, კერძოდ:

2016 წლის 17 სექტემბრის სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 5 (ხუთი) ცალ კონვალუტაზე და 2 (ორ) ცალ კონვალუტის ნაჭერზე წარწერებით: ,,suboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone…” განთავსებული 41 (ორმოცდაერთი) ცალი თეთრი, ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი: ,,N8“ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ საერთო წონით 0,328 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ მინარევს. პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო-მოყვითალო ნივთიერება, წონით 1,9669 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,4511 გრამს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. უ.-მ და ა. დ.-მ, რომლებმაც განმარტეს, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საკვლევი ობიექტებზე ჩატარებულ იქნა როგორც მიკროსკოპული, ასევე თვისებითი ქიმიური და თხელფენოვანი ქრომოტოგრაფიული კვლევა. საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებები მათ მიერ გაცემული დასკვნების ირგვლივ სასამართლოს აძლევს საფუძველს, გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნდეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის სისრულესა და ობიექტურობაში.

დაცვის მხარე სადავოდ ხდის ი. დ. ე.-ის მიმართ ოპერატიული ინფორმაციის რეალობას, პატაკის წარმომავლობას და მიაჩნია, რომ პატაკში მითითებული გარემოება, რომ ი. დ. ე.-ი გამომძიებელ შ. კ.-ის გამოკითხვამდე, რომელიც დაიწყო 2016 წლის 17 სექტემბერს 01:05 საათზე იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არასწორია, ვინაიდან საზღვრის კვეთის ცხრილის თანახმად, მან საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 01:57 საათზე. აღნიშნული მოსაზრებას სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ შედგენილი პატაკი, რომელშიც პირის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მითითებულია ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, თავისთავად არ აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, არამედ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის მტკიცებულებით სტანდარტს (დასაბუთებულ ვარაუდს), კერძოდ, პატაკში მითითებული გარემოებების - ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება ხდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ილგინ დევრიმ ერშიქის მიმართ. საქმეში არსებული, ოპერატიული ინფორმაციის მიღების შესახებ პატაკი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ის სრულად შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოწმის სახით დაკითხულმა შ. კ.-მ განმარტა, თუ რის საფუძველზე შეადგინა ეს პატაკი. ხოლო ის გარემოება, რომ პატაკის ავტორმა შ. კ.-მ მოწმის სახით გამოკითხვისას და სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან თანამშრომლობის თაობაზე, არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმე შ. კ.-მ კატეგორიულად უარყო მეორე პატაკის შედგენის ფაქტი და აჩვენა, რომ 2016 წლის 17 სექტემბრის 1:05 საათზე შეადგინა პატაკი, ხოლო იმავე დღეს 6:52 საათზე ტექნიკური შესწორება შეიტანა მასში და პატაკში რაიმე შინაარსობრივი სხვაობა არ ყოფილა. კერძოდ: პირველ პატაკში, ბრალდებულის გვარად ე.-ს ნაცვლად მითითებული იყო ე., რის შესახებაც გამომძიებელი ინფორმირებული იყო. ვინაიდან პატაკი იწერება ელექტრონულად, იმავე პატაკში ჩასწორება არ ხდება და სისტემა აძლევს პატაკს ნომერს. როდესაც მოხდა ტექნიკური შესწორება, ახალი ნომერი მიანიჭა პროგრამამ და ამიტომაც ჩანს ორი პატაკი. ინფორმაციულ პატაკში შესწორების შეტანის ფაქტი დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ. პ.-მაც, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2016 წლის 17 სექტემბრის 01:05 საათზე შედგენილი ინფორმაციული პატაკი. გამოძიების აღრიცხვის ბარათს დრო ავტომატურად ენიჭება, ვინაიდან ელექტრონულად ხდება რეგისტრაცია. ორ პატაკს შორის შინაარსობრივი განსხვავება არ ყოფილა, არამედ დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, ბრალდებულის გვარი არასწორად იყო მითითებული. აღნიშნულ გარემოებას, ასევე ადასტურებს სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეული დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2016 წლის 17 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული სისხლის სამართლის #XXXXXXXXXXXX საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახლდათ ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის შ. კ.-ის მიერ სამინისტროს ელექტრონულ პროგრამაში (EFLOW) 2016 წლის 17 სექტემბერს 01:05 საათზე შექმნილი #X XX XXXXXXXX ინფორმაციული პატაკი, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 17 სექტემბერს დაიწყო გამოძიება (ფორმა #1 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის შექმნის დრო ელექტრონული სისტემის მიხედვით არის 2016 წლის 17 სექტემბერი 01:06 საათი). გამომდინარე იქიდან, რომ მითითებულ ინფორმაციული პატაკის ტექსტში იყო ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მოქალაქე ი. დ. ე.-ის სახელსა და გვარში მითითებული იყო ი. დ. ე., მოხდა ტექსტის კორექტირება და ინფორმაციულ პატაკს მიენიჭა ახალი სარეგისტრაციო ნომერი #X XX XXXXXXXX, სადაც აღმოფხვრილ იქნა ზემოაღნიშნული ტექნიკური ხარვეზი და პროგრამულად დათარიღდა 2016 წლის 17 სექტემბერი 06:52 საათით.

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას პოლიციის თანამშრომლების გ. პ.-ის და შ. კ.-ის ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის და გასვლის დროსთან დაკავშირებით, როგორც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის (თბილისი, ჩ.-ის ქუჩა #X) ეზოს გააჩნია სამი შემოსასვლელი, სადაც მხოლოდ ერთ შემოსასვლელზე/გასასვლელზე ფიქსირდება სამინისტროს თანამშრომელთა შესვლა/გასვლის დრო, იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელი დააფიქსირებს სამსახურებრივ პირადობის მოწმობას, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ შემოსვლა/გასვლის ადგილებს სამსახურებრივი პირადობის მოწმობის დაცვის თანამშრომელზე ჩვენების შემთხვევაში შესაძლებელია შენობაში შემოსვლა და გასვლა. შესაბამისად, ელექტრონულად არ ფიქსირდება ინდივიდუალური გადაადგილების თარიღები, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას პატაკის ავტორმა შ. კ.-მ და სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა გ. პ.-მა. აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტაცია კი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberia, Messegue, jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ ი. დ. ე.-ის დაკავების და პირადი ჩხრეკის დრო არ ემთხვევა საგამოძიებო ოქმებში მითითებულ დროს. როგორც ბრალდებულის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებიდან, ირკვევა ი. დ. ე.-ის პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა 2017 წლის 17 სექტემბერს 02:10 საათიდან 02:45 საათამდე, ხოლო დაკავების დროა 2017 წლის 17 სექტემბერი 02:45 საათი. გამომძიებლებმა გ. მ.-მ, გ. ჩ.-მა და დ. ს.-მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მოწმეთა განმარტებით, დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე. ოქმებს ი. დ. ე. გაეცნო თარჯიმნის მეშვეობით და დაადასტურა ხელმოწერით. მოწმეთა ჩვენებები სრულად არის თანხვედრაში ერთმანეთთან, ი. დ. ე.-ს დაკავების დროსთან, მისი პირადი ჩხრეკის ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით. მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა, რაც მათი გაუზიარებლობისა და მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. დ. ე.-სთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მეტისმეტად მკაცრია და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სააპელაციო პალატა ი. დ. ე.-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს ითვალისწინებს ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობას და სახეობას, მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, წარსულში არ არის ნასამართლევი და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ი. დ. ე-.ს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადექვატურობის პრინციპის დაცვით, პრევენციის, სამართლიანობის და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. დ. ე.-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. დ. ე.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენში ი. დ. ე.-ს მიმართ შევიდეს ცვლილება.

ი. დ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვლისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

მსჯავრდებულ ი. დ. ე.-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ ი. დ. ე.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 17 სექტემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულება: ი. დ. ე.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 5 ცალ კონვალუტაზე და 2 ცალ კონვალუტის ნაჭერზე განთავსებული 41 ცალი თეთრი ფერის ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ და პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული მოყავისფრო-მოყვითალო ნივთიერება, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.