საქმის ნომერი: 1/ბ-1055-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
ინსტანციური ისტორია: 1/ბ-1055-17
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: გადაწყვეტილება ეხება ოჯახში ძალადობის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც რძლის მიმართ, მისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, განხორციელებული ძალადობისთვის მამათლის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-1055-17 (2018-02-28), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-1055-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       28 თებერვალი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: ზაზა ჭანტურიძე, ვახტანგ ლობჟანიძე

სხდომის სახე- ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დავით გველესიანი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ. გ;
მსჯავრდებული - ჯ. კ., დაბადებული 19X0 წლის 2X სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #XXXXXXXX747, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქალაქი ა., ქუჩა ჭ., #X7, ამჟამად პატიმარი.

კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).


სასჯელი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ჯ.კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

ჯ.კ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.



მხარეთა პოზიცია:

მსჯავრდებულმა ჯ.კ-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა (აპელანტი) - მოითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ ჯ.კ-ს დანაშაული არ ჩაუდენია. სისხლის სამართლის საქმეში ექსპერტიზის დასკვნის გარდა სხვა პირდაპირი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი და არავინ შესწრებია ინციდენტს. ნ.ჩ-ს მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის მოგონება გამოწვეული იყო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან, თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერის თანახმად, მას აკრძალული ჰქონდა ჯ.კ-ს მიმართ ყოველგვარი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რაც არ იქნა შესრულებული და მან დაუკითხავად გატეხა მარნის კარი, რასაც მართებულად მოჰყვა მსჯავრდებულის პროტესტი და გადაიზარდა კონფლიქტში. ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ.ჩ-ს მხრიდან მანამდეც ჰქონდა ადგილი არაეთიკურ ქცევას ჯ.კ.-ის მიმართ და მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელაც არ განუხორციელებია შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა ჯ.კ.-ს. განაჩენის გამოტანისას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც ვერ დგინდება მთავარი, დაზიანების ხანდაზმულობა და ლოკალიზაცია, ხოლო ექსპერტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შესაძლებელია დაზარალებულს ადრეც მიეღო აღნიშნული დაზიანებები. გულმკერდის არეში მიღებულ ორ მტკივნეულ დარტყმაზე, რომელზეც სამივე ჩვენებაში საუბრობს ნ.ჩ., დასკვნაში არ არის საუბარი. 201X წლის 1X ივნისის შემაკავებელი ორდერი არსად არ არის ნახსენები და არც სისხლის სამართლის საქმეში დევს, რომლის გაცნობაც ყველაფერს ნათელს მოჰფენდა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქმეში არსებობს დაზარალებულ ნ. ჩ.-ს ჩვენება, რომელიც მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჯ. კ.-მ მას ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაიქცა და მიიღო დაზიანებები, რაც ასახულია კიდეც ექსპერტიზის დასკვნაში. წარმოდგენილია ბაღის თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ წვიმიან ამინდში ნ. ჩ. ატირებული 3 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა ქუჩაში და როცა ბაღის თანამშრომლები მივიდნენ მასთან, განუმარტა, რომ მამამთილმა სცემა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ბავშვის არსებობა ძალადობისას არც მსჯავრდებულმა გამორიცხა და დაადასტურა კიდეც ნ. ჩ.-მა. ასევე გ. კ.-მ სასამართლოზე დაადასტურა, რომ წინა დღეს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და არანაირი დაზიანების ნიშნები მას არ ჰქონდა. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ უ. ჩ. და გ. ჩ. და მიუთითეს ფაქტობრივი გარემოებები, ძირითადად გ. კ.-ის ეპიზოდთან დაკავშირებით, რადგან ნ. ჩ.-ის და ჯ. კ.-ის კონფლიქტს სხვა პირები არ შესწრებიან. ნ. ჩ. მიუთითებდა ასევე იმ გარემოებაზე, რომ მას არანაირი დაზიანებები არ მიუყენებია ჯ. კ.-თვის და ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც. შემაკავებელ ორდერს რაც შეეხება, არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, ვინაიდან ნ. ჩ.-ს ბრალი არ წარდგენია და თუ დადგებოდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ბრალდების მხარე აუცილებლად გამოითხოვდა ორდერს.

სასამართლომ დაადგინა:

2016 წლის 9 ივნისს, ქალაქ ა.-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ. ჩ.-ის მეუღლის მშობელმა ჯ. კ.-მ, არასრულწლოვანი შვილიშვილის ს. კ.-ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ნ. ჩ.-ს მკერდის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ნ. ჩ. წაიქცა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. ჩ.-ს ა.-ის ჰოსპიტალში შესვლის დროს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარცხენა მტევნის მეხუთე თითის და მარჯვენა მუხლის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაირკვა შემდეგი:

დაზარალებულ ნ. ჩ.-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 9 ივნისს იმყოფებოდა სახლში მის სამი წლის შვილთან, ს. კ.-თან ერთად. ბავშვთან ერთად აპირებდა ჩაის დალევას და სარდაფიდან ამოიტანა ჯემი. ამ დროს სახლში მოვიდა ჯ. კ., რომელმაც ჰკითხა თუ ვინ გააღო სარდაფის კარი. მან უპასუხა, რომ სარდაფის კარი გააღო თავად. ამაზე ჯ. კ.-მა გამოიძახა პოლიცია და განაცხადა, რომ მისი სარდაფის კარი იყო გატეხილი. პოლიციის თანამშრომლებს ჯ. კ.-მა დაათვალიერებინა სარდაფი, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა აუხსნეს, რომ სარდაფი იყო საერთო სარგებლობის და სარდაფით სარგებლობა შეეძლო ოჯახის ნებისმიერ წევრს. აღნიშნულის შემდეგ იგი გავიდა აივანზე და დაიწყო სარეცხის გაფენა, რა დროსაც მას გარეთ გაყვა ჯ. კ., რომელიც ცდილობდა მის გაღიზიანებას, კერძოდ, ეჭიდებოდა ბოძებს, სარეცხი რომ ჩამოეყარა. ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა გველის წიწილს და უყვიროდა, რომ წათრეულიყო მისი სახლიდან. სარეცხის გაფენის შემდეგ მან დააპირა ოთახში შესვლა, რა დროსაც კარებთან დახვდა ჯ. კ. და მკერდის არეში დაარტყა ხელი. მან უკან დაიხია, რადგან ჯ. კ. კიდევ აპირებდა მისთვის დარტყმას. ამ ყველაფერს ასევე ხედავდა მისი შვილი, რომელმაც დაიწყო ტირილი. იგი მიუბრუნდა ბავშვს და შეეცადა მის დაწყნარებას. მას კვლავ მიუახლოვდა ჯ. კ. და ისევ დაარტყა მკერდის არეში. იგი დაეცა და დაუზიანდა შარვალი და მუხლი. ამის შემდეგ წამოდგა, რას დროსაც ჯ. კ.-მა ჰკრა ხელი, შეაჯახა კედელს და არ აძლევდა გაქცევის საშუალებას. ამ დროს მისი შვილი ხმამაღალი ხმით ტიროდა, ხოლო თავად ბავშვს ეუბნებოდა, რომ გარიდებოდა, რადგან ეშინოდა ჯ. კ.-ს მისთვისაც არ დაეშავებინა რამე. ამის შემდეგ, მასთან მივიდა ჯ. კ., რათა კვლავ დაერტყა, რაზეც ჯ. კ.-ს ხელი მოუქნია, ბავშვთან ერთად გავიდა ქუჩაში, საიდანაც დახმარებისთვის დაურეკა მეუღლეს და მამას. მოწმის განმარტებით, მიყენებული დაზიანებების შედეგად, მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამასთან, სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანებები მუხლსა და თითზე.
მოწმე გ. ჩ.-ს ჩვენებით გაირკვა, რომ 2016 წლის 9 ივნისს იგი იმყოფებოდა ქალაქ ა.-ში, სახლში, რა დროსაც მას დაურეკა მისმა შვილმა ნ. ჩ.-მ, რომელმაც უთხრა, რომ ჯ. კ.-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვა მასთან ჩასულიყვნენ. აღნიშნული ასევე გაიგო მისმა შვილმა - უ. ჩ.-მ და ორივე ერთად წავიდნენ ნ. ჩ.-სთან. მისვლისას მათ დახვდა გ. კ. როდესაც ეზოში შევიდნენ, ჯ. კ.-მ მათი მიმართულებით დაიწყო გინება, რა დროსაც გ. კ.-მ ჯ. კ.-ს, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, სილა გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა.. მოწმის განმარტებით, ადგილზე ასევე იყვნენ სავარაუდოდ მეზობლები და საბავშვო ბაღის თანამშრომლები.
ანალოგიური ჩვენება მისცა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე უ. ჩ.-მ.
მოწმე ლ. დ.-ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 9 ივნისს 15:00-16:00 სთ დროის შუალედში იმყოფებოდა სამსახურში, ქალაქ ა.-ში, ს.-ის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღში. სამსახურში ყოფნის დროს, შენობაში შემოვიდა მისი თანამშრომელი ც. კ., რომელმაც უთხრა, რომ ნ. ჩ. ტირილით მიდიოდა მისი სახლის მხარეს. მან გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა ნ. ჩ. ბავშვთან ერთად. იყო ძლიერი წვიმა, იგი გავიდა გარეთ და ნ. ჩ.-ს უთხრა საბავშვო ბაღის შენობაში შესულიყო, რაზეც ნ. ჩ.-მ უარი უთხრა, ის მობილური ტელეფონით რეკავდა გ. კ.-თან. ნ. ჩ. და ბავშვი ტიროდნენ ძალიან. მან ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ ჯ. კ.-მ წააქცია და დაარტყა. მოწმის განმარტებით, ტელეფონზე დარეკვიდან დაახლოებით ხუთ წუთში ადგილზე მივიდა გ. კ., რომელმაც გაარკვია, თუ რა ხდებოდა და შევიდა სახლში, სადაც ჯ. კ.-სთან, რომელსაც ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო, მოუვიდა დაპირისპირება. ლ. ჩ. და თვითონ შეყვნენ გ. კ.-ს სახლში, რადგან სიტუაციის განეიტრალება სურდათ. მას ნ. ჩ.-მ უთხრა, რომ ჯ. კ.-მ დაარტყა და დაეცა. კონფლიქტის მიზეზი, როგორც მისთვის ცნობილია არის ის, რომ ჯ. კ. თავის შვილს ეუბნებოდა, მოეძებნათ ბინა და გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რადგან მას მეუღლესთან ერთად უნდოდა მარტო ცხოვრება.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა - ლ. ჩ.-მ და ც. კ.-მ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ. კ.-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნაჯახი დამზადებულია ქარხნული წესით და არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
მოწმე გ. კ.-ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე დადგინდა, რომ ნ. ჩ.-ს 09.06.2016 წ. ა.-ის ჰოსპიტალში შესვლის დროს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარცხენა მტევნის მე-5 თითის და მარჯვენა მუხლის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
მოწმე გ. კ.-ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 9 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაურეკა მისმა მეუღლემ ნ. ჩ.-მ და უთხრა, რომ მისულიყო. ამ დროს იგი სახლთან ახლოს იყო და დაახლოებით სამ წუთში მივიდა მასთან. მან სახლიდან მოშორებით, ქუჩაში დაინახა მისი მეუღლე და სამი წლის შვილი, რომლებიც იყვნენ აღელვებულები, ამასთან მის მეუღლეს მარჯვენა ხელის ერთ-ერთი თითიდან და მუხლიდან მოსდიოდა სისხლი და ჭრილობები იყო ახალი. როდესაც ჰკითხა, თუ რა მოხდა, მეუღლემ უპასუხა, რომ ჯ. კ.-მ ხელი დაარტყა, წააქცია და სახლიდან გამოაგდო. აღნიშნულზე იგი აღელდა, შევიდა სახლში, ოთახში დახვდა მამამისი ნასვამ მდგომარეობაში და უთხრა, თუ რატომ მოიქცა ეგრე, რაზეც უპასუხა, თუ რით ვერ გაიგეს, რომ მისი სახლიდან უნდა წასულიყვნენ, ამასთან დაუწყო გინება და მისკენ გაიწია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმეებმა - გამომძიებლებმა გ. მ.-მ და გ. გ.-მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად დგინდება, რომ ჯ. კ.-მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება):

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ოჯახური ძალადობა. აღნიშნული მუხლის დისპოზიციის თანახმად, დასჯად ქმედებად ითვლება: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დასჯადია იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის „126-ე−151[1]...“ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. იმავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, ოჯახის წევრად ითვლება: „მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თელავის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ჯ. კ.-ს უდანაშაულობის შესახებ და მის შეფასებებს მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლითაც ის ცდილობს თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობის ტვირთი. მისი პოზიცია ეწინააღმდეგება რეალურად განვითარებულ მოვლენებს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიაჩნია, რომ 2016 წლის 9 ივნისს, ქალაქ ა.-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჯ. კ.-მ ნ. ჩ.-ს, არასრულწლოვანი შვილიშვილის ს. კ.-ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მკერდის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ნ. ჩ. წაიქცა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა, მის მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი, ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ჯ. კ.-ს მიმართ შერაცხულ ბრალდებას.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ არ იზიარებს ბრალდებულ ჯ. კ.-ს ჩვენებას, საიდანაც ირკვევა, რომ 2016 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე დაბრუნდა სამსახურიდან სახლში, სადაც დახვდა რძალი ნ. ჩ. და შვილიშვილი ს. კ. ეზოში შესვლისას დაინახა, რომ მისი რძალი მარნიდან გამოდიოდა და მურაბის ქილები გამოჰქონდა. ვინაიდან მარანი დაკეტილი იყო და გასაღებიც ჰქონდა თავად, გაუკვირდა თუ როგორ და რატომ გააღო რძალმა მარნის კარები და ჰკითხა მიზეზი კარის გაღების. ნ. ჩ.-სგან მიიღო შემდეგი პასუხი, „შენ ვინ გკითხავს, მე როცა მინდა და რასაც მინდა იმას გავაღებ და შენი საქმე არ არის“. ეს უხეშობა ეწყინა და ნ. ჩ.-ს უთხრა, რომ მისი ქმედება იყო ქურდობა, რაზეც ნ. ჩ.-მ უპასუხა „შენ არავინ არ გეკითხება, ეს ყველაფერი არის ჩემი, როცა მინდა მაშინ გავაღებ და როცა მინდა მაშინ დავკეტავ“. მან კვლავ უთხრა, რომ მისი ქმედება იყო ქურდობა, ამისათვის პასუხი უნდა ეგო და გამოიძახებდა პოლიციას. ამის შემდეგ, მან დაურეკა უბნის ინსპექტორ ნ. გ.-ს. მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც აუხსნა სიტუაცია. პოლიციელებმა დააწყნარეს, ზეპირად გააფრთხილეს ისინი, რომ ერთმანეთთან არ შესულიყვნენ კონფლიქტში და წავიდნენ. ამის შემდეგ იგი ავიდა აივანზე, სადაც მივიდა ნ. ჩ. და დააპირა სარეცხის გაფენა, რაზეც უთხრა, რომ აღნიშნული გაეკეთებინა სახლის მეორე აივანზე. ამაზე უპასუხა, რომ ორივე აივანი მისი იყო, რასაც უნდა იმას გააკეთებდა და თავი გაენებებინა. ამის შემდეგ, შევიდა თავის ოთახში, სადაც ნ. ჩ. შედიოდა და გადიოდა. მან სთხოვა, რომ გასულიყო თავის ოთახში, რაზეც ნ. ჩ.-მ უპასუხა, რომ არ იყო მისი საქმე, მიმართა შემდეგი სიტყვებით „დამპალო, ბებერო“ და მის ხელთ არსებული ე.წ. „ტაშტი“ მთელი ძალით დაარტყა თავში. ასევე აიღო ფანჯრის რაფაზე მდგარი წყლით სავსე ბოთლი და დაარტყა გვერდში. მან განიცადა ტკივილი. ნ. ჩ. ბავშვთან ერთად გავიდა გარეთ, საიდანაც გაიგო ყვირილის ხმა, „მიშველეთ, მამამთილი მცემსო“. დაახლოებით ხუთ წუთში, ოთახში შევიდა მისი შვილი გ. კ., რომელმაც დედა შეაგინა და მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რაზეც განიცადა ასევე ფიზიკური ტკივილი. შემდეგ აივანზე გავიდნენ, რა დროსაც ეზოში შემოვიდნენ მეზობლები, რომლებმაც გ. კ. გაარიდეს. ამ დროს ეზოში შემოვიდნენ ნ. ჩ.-ს მამა და ძმა, რომლებმაც მას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, მუშტებით და წიხლებით სცემეს. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ დღეს ის იყო მსუბუქად ნასვამი, მას და ნ. ჩ.-ს შორის არსებულ უთანხმოებას თავიდან ბოლომდე ესწრებოდა მისი შვილიშვილი სამი წლის ს. კ.
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ჩვენება ემსახურება მისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ვინაიდან არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ გარემოებებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჯემალ კიკლიაშვილის დამნაშავედ ცნობისათვის.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ჯ. კ.-ს უდანაშაულობის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის გარდა საქმეში სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯ. კ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენას არ არსებობს და ნ. ჩ.-iს მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის გამოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მოტივით. პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის არგუმენტები არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობაში რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა ნ. ჩ.-მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ჯ. კ.-მ მას მკერდის არეში დაარტყა ხელი და ამ ყველაფერს ხედავდა მისი სამი წლის შვილი, რომელმაც ტირილი დაიწყო და როდესაც ბავშვის დაწყნარებას შეეცადა, მას კვლავ მიუახლოვდა ჯ. კ. და ისევ დაარტყა მკერდის არეში, რის შედეგადაც დაეცა და დაუზიანდა შარვალი და მუხლი. წამოდგომის შემდეგ ჯ. კ.-მ ჰკრა ხელი, კედელს შეაჯახა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამასთან, სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანებები მუხლსა და თითზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #003364116 დასკვნით, ნ. ჩ.-ს 09.06.2016 წ. ა.-ს ჰოსპიტალში შესვლის დროს აღენიშნებოდა ესკორიაცია მარცხენა მტევნის მე-5 თითის და მარჯვენა მუხლის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მოწმეებმა ლ. დ.-მ, ლ. ჩ.-მ და ც. კ.-მ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტეს, რომ ნ. ჩ. თავის შვილთან ერთად, სახლთან ახლოს, ძლიერ წვიმაში, ქუჩაში ნახეს. ნ. ჩ.-ც და მისი შვილიც იყვნენ ძლიერ აღელვებულები და ტიროდნენ. მოწმე გიორგი კიკლიაშვილმა აღნიშნა, რომ სახლიდან მოშორებით, ქუჩაში დაინახა მისი მეუღლე და მისი სამი წლის შვილი, რომლებიც იყვნენ აღელვებულები, ამასთან მის მეუღლეს მარჯვენა ხელის ერთერთი თითიდან და მუხლიდან მოსდიოდა სისხლი და ჭრილობები იყო ახალი.
აპელანტის პოზიციას, რომ სხვა მოწმე არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე, ხოლო დაზარალებული დაინტერესებულია საქმის შედეგით და სასამართლოს მისი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა, პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიიჩნია, რომ ნ. ჩ.-ს ჩვენება არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მასში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენებების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელთა შორის არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობები, რაც საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ოჯახური ძალადობა არ წარმოადგენს ისეთი ტიპის დანაშაულს, რომელიც თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით გამოირჩევა, შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება დაზიანების ხანდაზმულობა და ლოკალიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ არ არის დადგენილი ის ფაქტი, თუ როდის მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რამდენად არის დაზიანებები მიყენებული სწორედ ჯ. კ.-ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, რაც საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატას დადასტურებულად მიაჩნია.
პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი, რაც ნათელს მოჰფენდა აღნიშნულ საქმეს, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და არ არის შემხებლობაში ჯ. კ.-ს მსჯავრდების საკითხთან.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ ნ. ჩ.-ს მხრიდან ჯ. კ.-ს მიმართ არაეთიკურ ქცევას და იმ გარემოებას, რომ მანამდე მსჯავრდებულს შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები. პალატა აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland), განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება, ხოლო საქმეში „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ ( Dombo Beheer BV v. The Netherlands) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არც ერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ შეზღუდვია არც მტკიცებულებების წარდგენის და არც საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება. საპროცესო კანონმდებლობით თუ ბრალდების მხარემ არ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, დაცვის მხარეს შეეძლო მოეთხოვა იმ მოწმეთა დაკითხვა, რომლებსაც შესაძლოა მსჯავრდებულის უდანაშაულობა ემტკიცებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობაც. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება შესაბამისი. სასამართლო ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ჯ. კ. მართალია წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ არ აღიარებს ჩადენილ ქმედებას, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი და სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას მის მიმართ გამოიყენოს პირობითი მსჯავრი. ჯ. კ.-ს მიმართ სასჯელის სახედ ასევე ვერ იქნება გამოყენებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვინაიდან არის საპენსიო ასაკს მიღწეული, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება საპენსიო ასაკის პირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ჯ. კ.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ჯ. კ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
მიღებულ იქნეს ცნობად, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე გ. კ. საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელსაც აღნიშნული განაჩენი არ გაუსაჩივრებია

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. კ.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ჯ. კ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ჯ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ჯ. კ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.
ჯ. კ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ჯ. კ.-ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივლისის განჩინებით 1500 (ათასხუთასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ჯ. კ.-ს (პირადი №XXXXXXXX747) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 3505,00 კვმ. საკადასტრო კოდი: NXX.XX.XX.151.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.