საქმის ნომერი: №2ბ/6883-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ჩათვალა მხოლოდ ერთი მემკვიდრის მიერ. მართალია იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ იმავე საცხოვრებელ სახლში არ ცხოვრობდა, თუმცა მისი მოქმედებიდან დადასტურდა, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევდა, რაც გამოიხატა მისი მხრიდან საბინაო კომუნალური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდაში.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №№2ბ/6883-17 (2018-05-31), www.temida.ge
საქმის № №2ბ/6883-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       31 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი – ა. ხ., ს. ხ.
წარმომადგენელი – ბ. ბ.

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ე.
წარმომადგენელი – კ.დ.

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1. მ. ე.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) მესაკუთრედ ცნობა, 2002 წლის 01 მაისს გარდაცვლილი რ. მ.-ს სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მთლიან წილზე, კერძოდ - უძრავი ქონების, მდებარე, ქ.თ., მ.-ს გამზირი, მე-X კვარტალი, კორპუსი #X, ბინა #XX, სასარგებლო ფართი - 52 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 31.80 კვ.მ - დარჩენილ 2/3 ნაწილზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ე.-ს სარჩელი ა. ხ.-ს, ს. ხ.-სა და ი. შ.-ს მიმართ, მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა: მ. ე. (პ/ნ XXXXXXXXXXX) ცნობილ იქნა მესაკუთრედ, 2002 წლის 01 მაისს გარდაცვლილი (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის #XXXX) რ. მ.-ს სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მთლიან წილზე, კერძოდ - უძრავი ქონების, მდებარე - ქ.თ., მ.-ს გ., მე-X კვარტალი, კორპუსი #X, ბინა #XX, სასარგებლო ფართი - 52 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 31.80 კვ.მ - დარჩენილ 2/3 ნაწილზე;

3. მ. ე.-ს სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს შ. ფ.-ს მიმართ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 128-ე, 129-ე, 1450-ე მუხლების, 2010 წლის 31 მარტს იუსტიციის მინისტრის N71 ბრძანებით დამტკიცებული, „ნოტარიატის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი, მე-3 და 38-ე მუხლების საფუძველზე.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ხ.-მ და ს. ხ.-მ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

6. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ. ე.-ს მიერ სამკვიდრო ქონების 1/3 წილის დადგენილი წესით მიღების გამო, დარჩენილი 2/3 ნაწილიც ფაქტობრივ მფლობელობაში მიღებულად უნდა ჩაითვალოს. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მ. ე. დედის გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდგომ 6 თვიან პერიოდში, არ იმყოფებოდა საქართველოში და ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში. ის სამშობლოში დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში დაბრუნდა და მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვა დანაშთი უძრავი ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა. ამ ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემას საფუძვლად დაედო მისი ფორმალური რეგისტრაცია სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფელის მისამართზე. მოსარჩელეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში არ განუცხადებია სამკვიდროს მიღების სურვილი. არც მაშინ განუცხადებია პრეტენზია დანაშთი ქონების დარჩენილ 2/3-ზე, როდესაც დანაშთი ქონების 1/3 წილს იღებდა საკუთრებაში. შესაბამისად, მას ამგვარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გაშვებული აქვს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სააპელაციო სასამართლოც იზიარებს:

10.1. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, რ. მ.-ს სახელზე, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე, ქ.თ., მ.-ს გამზირი, მე-X კვარტალი, კორპუსი #X, ბინა #XX, სასარგებლო ფართი - 52 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 31.80 კვ.მ.

10.2. რ. მ.-ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები: შვილები - მ. რ. (დაბადებული XX.XX.1954წ; ქორწინების შემდგომი გვარი - ე.), ა. ხ. და ლ. რ.;

10.3. ა. ხ. გარდაიცვალა 2008 წლის 31 იანვარს. მის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები - ა. ხ. და ს. ხ.

10.4. ლ. რ. გარდაიცვალა 2009 წლის 23 მარტს. მის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს შვილი ი. შ.

10.5. მ. ე. 1995 წლის 19 ოქტომბრიდან 2013 წლის 12 ივლისამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე - ქ.თ., მ.-ს გამზ. მე-X კვარტალი, კორპუსი X, ბინა XX.

10.6. 2009 წლის 22 მაისს მ. ე.-მ ნოტარიუს შ. ფ.-ს სახელზე წარადგინა განცხადება დედის რ. მ.-ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ბინაზე, მდებარე, ქ.თ., მ.-ს გამზირი, მე-X კვ. პირველი კორპუსი, ბინა #XX, სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე. განმცხადებლის მითითებით იგი სამკვიდროს ფლობდა ფაქტობრივად, რის დასადასტურებლადაც ნოტარიუს წარუდგინა საბინაო კომუნალური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ქვითრები.

10.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მ. ე.-ს მიერ 2009 წლის 08 ივლისის #XX/XX -XXXX წერილის პასუხად, ნოტარიუსმა შ. ფ.-მ წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა, რომ ვინაიდან არსებობენ სხვა მემკვიდრეებიც შვილიშვილების სახით, ნოტარიუსი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია სამკვიდრო მოწმობა გასცეს მ. ე.-ს სასარგებლოდ, მხოლოდ, სამკვიდრო ქონების ნაწილზე და არა მთელ ქონებაზე.

10.8. 2009 წლის 03 სექტემბერს მ. ე.-ს სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რ. მ.-ს სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილზე, რეესტრში რეგისტრაციის #XXXXXXXXX. სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილი დარჩა ღიად. შესაბამისად, მ. ე.-ს, რ. მ.-ს გარდაცვალების შემდეგ, მიღებული აქვს დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ.თ., მ.-ს გამზირი, მე-X კვარტალი, კორპ.X, ბინა 75 – ნაწილი, 1/3 წილის სახით.

10.9. მ. ე.-სა და ი. კ.-ს შორის 2012 წლის 25 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის კუთვნილი 1/3 ნაწილი სადავო უძრავ ქონებაში მდებარე - ქ.თ., მ.-ს გამზირი, მე-X კვ, პირველი კორპუსი, ბინა #XX, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX, აღირიცხა ი. კ.-ს საკუთრებაში.

10.10. ნოტარიუს შ. ფ.-ს მიერ 2013 წლის 22 ნოემბერს გაცემული დადგენილებით, რეესტრში რეგისტრაციის #XXXXXXXXX, მ. ე.-ს უარი ეთქვა რ. მ.-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ 2009 წლის 01 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. და ს.ხ.-ების სარჩელი, არ არის მითითებული, რომ ა. ხ. და ლ. რ. არ არიან რ. მ.-ს მემკვიდრეები და მათ ფაქტობრივად არ მიუღიათ რ. მ.-ს სამკვიდრო ქონება.

10.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით, საქმეზე #XXXXX-XX, მ. ე.-ს უარი ეთქვა მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის დადგენის შესახებ განცხადების მიღებაზე.

10.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე #X/XXXX-XX, მ. ე.-ს წარმომადგენელ კ. დ.-ს შუამდგომლობით შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება ს. და ა. ხ.-ების სარჩელისა გამო, მ. ე.-ს მიმართ, ქ.თ.-ში, მ.-ს გამზირი, მე-X კვარტალი, კორპუსი #X, ბინა #X-ის 2/3 ნაწილის მიკუთვნების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

10.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/5887 -14, ს. ხ.-სა და ა.ხ.-ს სარჩელი ი. შ.-ს მიმართ 2002 წლის 01 მაისს გარდაცვლილი რ. მ.-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების 2/3 წილის თანამესაკუთრეებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად უდავო ფაქტობრივი გარემოებად დადგინდა, რომ ლ. რ.-ს რ. მ.-ს სამკვიდრო ქონება არ მიუღია და არც პრეტენზია განუცხადებია. სადავო უძრავ ქონებაზე პრეტენზიას არც მისი მემკვიდრე, მოპასუხე ი. შ. აცხადებს.

11. მოსარჩელე მ. ე.-მ დედის სამკვიდრო ქონების ღიად დარჩენილ 2/3 ნაწილზე, მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენს 2002 წლის 01 მაისს გარდაცლილი რ. მ.-ს სამკვიდროს მიმღებ პირველი რიგის კანონისმიერ ერთადერთ უფლებამოსილ მემკვიდრეს, რომელსაც მიღებული აქვს მამკვიდრებლის სამკვიდრო, ფაქტობრივი ფლობითა და მართვის გზით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად იქნა გაზიარებული და დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

12.1. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

12.2. სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

12.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

12.4. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

12.5. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რ. მ.-ს გარდაცვალებით, 2002 წლის 01 მაისს გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას შეადგენდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე, ქ.თ., მ.-ს გამზირი, მე-X კვარტალი, კორპუსი #X, ბინა #XX. მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები - მ. ე., ა. ხ. და ლ. რ.

12.6. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 1424-ე და 1433-ე მუხლების დანაწესის თანახმად, სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმები იმპერატიული დანაწესის სახით ადგენენ დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი.

12.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

12.8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ე.-მ 2009 წლის 22 მაისს ნოტარიუსში წარადგინა განცხადება დედის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ბინაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, სადაც მიუთითებდა რომ იგი რეგისტრირებული იყო იმავე მისამართზე, სამკვიდროს ფლობდა ფაქტობრივად და განკარგავდა ერთპიროვნულად, რის დასადასტურებლადაც განცხადებას დაურთო საბინაო კომუნალური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ქვითრები. მითითებული გარემოებები ნოტარიუსის მხრიდან სადავო არ გამხდარა და 2009 წლის 03 სექტემბერს მ. ე.-ს სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა რ. მ.-ს სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილზე, ხოლო სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილი დარჩა ღიად.

12.9. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ განმცხადებელს 2009 წლის 22 მაისს წარდგენილ განცხადებაში დედის სამკვიდროდან მისაღები წილის კონკრეტული ოდენობა არ განუსაზღვრავს, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მან სამართლებრივი პრეტენზია განაცხადა რ. მ.-ს მთლიან დანაშთ ქონებაზე. ამასვე ადასტურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მ. ე.-ს მიერ 2009 წლის 08 ივლისის #XX/XX-XXXX წერილი, წარდგენილი შესაბამისი განმარტების მიღების მიზნით, რომლის პასუხად, ნოტარიუსმა შ. ფ.-მ მიუთითა, რომ ვინაიდან არსებობენ სხვა მემკვიდრეებიც შვილიშვილების სახით, ნოტარიუსი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო სამკვიდრო მოწმობა გაეცა მ. ე.-ს სასარგებლოდ, მხოლოდ, სამკვიდრო ქონების ნაწილზე და არა მთელ ქონებაზე.

12.10. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დედის დანაშთი ქონების ნაწილის ფაქტობრივად დაუფლების გზით, მ. ე.-მ მიიღო მთლიანი სამკვიდრო.

12.11. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მამკვიდრებლის, რ. მ.-ს პირველი რიგის მემკვიდრეთაგან, შვილს - მ. ე.-ს მიღებული აქვს მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროს ნაწილი - 1/3 წილის ოდენობით, შესაბამისად მოსარჩელე, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, წარმოადგენს დარჩენილი სამკვირო ქონების 2/3 წილზე მოთხოვნის მქონე უფლებამოსილ პირს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა სამკვიდროს ნაწილის ფლობა (მიღება), ნიშნავს მთლიანი სამკვიდროს მიღებას.

13. რაც შეეხება, მამკვიდრებლის პირველი რიგის სხვა მემკვიდრეებს - მოპასუხეებს, ა. ხ.-ს, ს. ხ.-სა და ი. შ.-ს, სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ისინი წარმოადგენენ რ. მ.-ს სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეებს, რომელთაც კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვთ სამკვიდრო. კერძოდ:

13.1. დადგენილია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 01 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე #2/5753-09, ა. და ს. ხ.-ების სარჩელი მოპასუხე მ. ე.-ს მიმართ რ. მ.-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე #2/5887-14, მ. ე.-ს წარმომადგენლის შუამდგომლობით შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება ს. და ა. ხ.-ების სარჩელისა გამო მ. ე.-ს მიმართ, სადავო ქონების 2/3 ნაწილის მიკუთვნების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

13.2. #2/5753-09 სამოქალაქო საქმეში ა. და ს. ხ.-ების, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეების მიერ, სარჩელით მოთხოვნილი იყო 2002 წლის 01 მაისს გარდაცვლილი რ. მ.-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მდებარე, ქ.თ., მ.-ს გამზირი, კვ.X, კორპ.X, ბინა XX, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, რის დაკმაყოფილებაზეც ეთქვათ უარი. შესაბამისად, ისინი ვერ მიიჩნევიან რ. მ.-ს სამკვიდრო ქონების მიღებაზე უფლებამოსილ მემკვიდრეებად, რომელთაც მამკვიდრებლის ქონებიდან ეკუთვნით წილი. ს. და ა. ხ.-ებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გადასინჯვა, სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია. განსახილველი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა იმავე დავის საგანზე მესაკუთრედ ცნობა, იგივე ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლით (მემკვიდრეობით-სამართლებრივი ურთიერთობა), რაზედაც სასამართლომ 2009 წლის 01 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ს. და ა. ხ.-ებს უარი უთხრა.

13.3. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/5887-14 ს. ხ.-სა და ა. ხ.-ს სარჩელი ი. შ.-ს მიმართ 2002 წლის 01 მაისს გარდაცვლილი რ.მ.-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე მისამართზე: ქ.თ., მ.-ს გამზირი, მე-X კვარტალი, კორპ.X, ბინა XX, 2/3 წილის თანამესაკუთრეებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების შესაბამისად, ლ. რ.-ს რ. მ.-ს დანაშთი სამკვიდრო ქონება არ მიუღია და სიცოცხლეში არც პრეტენზია განუცხადებია მასზე. სადავო უძრავ ქონებაზე პრეტენზიას არც მისი მემკვიდრე, ი. შ. აცხადებს, წარმოდგენილი შესაგებელით, იგი ცნობს სარჩელს და ეთანხმება მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

13.4. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მ. ე. წარმოადგენს 2002 წლის 01 მაისს გარდაცვლილი რ. მ.-ს სამკვიდროს მიმღებ პირველი რიგის ერთადერთ უფლებამოსილ მემკვიდრეს, რომლსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგი მართებულად იქნა ცნობილი სადავო ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ.

14. რაც შეეხება აპელანტის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე, პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სწორედ, ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, იმ შემთხვევისათვის, როდსაც პირი სადავოდ ხდის სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-ე - 1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (იხ: სუსგ 30.10.2015წ. №ას-111-104-2015, სუსგ 8.04.2013 წ. №ას-72-68-2013), რის გამოც ამ მხრივ აპელანტის პრეტენზია სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დაუშვებელია, მესაკუთრეს (მათ შორის, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მესაკუთრეს) დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. (იხ: 2014 წლის 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2013).

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

საპროცესო ხარჯები

16. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ხ.-სა და ს. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.