საქმის ნომერი: #1/ბ-395-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ იმსჯელა სასჯელის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №#1/ბ-395-18 (2018-05-23), www.temida.ge
საქმის № #1/ბ-395-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       23 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე

სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გიორგი აღლემაშვილი;
დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - გ. დ.-ის ძე გ., დაბადებული XXXX წლის XX ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #XXXXXXXXXXX, უმაღლესი განათლებით, მცხოვრები: დაბა ა., X-ის ქუჩა #X.

კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.


სასჯელი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 250 საათის ოდენობით.



მხარეთა პოზიცია:
სახელმწიფო ბრალდმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. გ.-სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. განაჩენის დადგენისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო დაზარალებულის მდგომარეობა, მისდამი საზოგადოების წინაშე მიყენებული დამამცირებელი მოპყრობა და დაზიანებები. განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის. დაზარალებულს კვლავ პრეტენზია აქვს მსჯავრდებულთან, მას არაერთი განცხადება და საჩივარი აქვს დაწერილი.

მსჯავრდებულის გ. გ.-მ მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. დაზარალებულთან შემთხვევის შემდეგ არანაირი შეხება არ ქონია, შეიცვალა ასევე საცხოვრებელი ადგილი.

სასამართლომ დაადგინა:
XXXX წლის X ოქტომბერს, შუადღის საათებში, დაბა ა., X ქ.#X-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ყოფნისას, გ. გ.-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი. ჩ.-ს მისი არასრულწლოვანი შვილის, ლ. მ.-ის თანდასწრებით ჯოხის დარტყმით ფეხის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ი. ჩ.-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ. გ.-ს დამნაშავეობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენის შეცვლის და სასჯელის დამძიმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ გ. გ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

პალატა განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის.

სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ გ. გ.თვის სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდება არის ზედმეტად ლმობიერი სასჯელი, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ასევე ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს გ. გ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ქცევას დანაშაულის ჩადენის დროს და მის შემდეგ.

გ. გ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულის, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების (ხასიათდება დადებითად, მუშაობს ადიგენის დასუფთავების სამსახურში მეეზოვის თანამდებობაზე) გათვალისწინებით პალატას მიზანშეწონლად მიაჩნია გ. გ.-სთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, რაც პირობით მოსახდელად უნდა განესაზღვროს.

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, გ. გ.-ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აგრეთვე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მსჯავრდებულ გ. გ.-ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მას საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გ. გ.-ს აეკრძალოს ი. ჩ.-სთან და რ. კ.-სთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება შევიდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენში.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენში გ. გ.-ს მიმართ შევიდეს ცვლილება.
გ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126[1]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, გ. გ.-ს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ი. ჩ.-სთან და რ. კ.სთან აეკრძალოს ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

ერთი ცალი ხის ჯოხი, რომელსაც წვერზე აქვს ლურსმანი და რომელიც ინახება შსს ა.-ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.