ნახვები: 328
საქმის ნომერი: 3ბ/203-18
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თამარ ონიანი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/203-18 (2018-02-26), www.temida.ge
საქმის № 330310017002194567
საქმის № 3ბ/203-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       26 თებერვალი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
თამარ ონიანი

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს ,,ს. პ.’’
წარმომადგენლები -ნ. წ., ა. ი.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
დავის საგანი - თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 26 ოქტომბრის №XX.XX.XXX
განკარგულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების
გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის საქმის
განსახილველად დაბრუნება
კერძო საჩივრის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმარა მოსარჩელე შპს ,,ს.-პ.-მ" მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ, რომლითაც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 26 ოქტომბრის №XX.XX.XXX განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სარჩელი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად - შპს ,,ს. პ.-ს" მიერ წარდგენილ სარჩელს ხელს აწერდნენ წარმომადგენლები - ნ. წ., ა.ი., ტ. ჭ., ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო ბ. ლ.-ს მიერ გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულება, რომლითაც ირკვეოდა, რომ ბ. ლ. შესაბამის, მათ შორის, მარწმუნებლის სახელით სარჩელის აღძვრის უფლებამოსილებას ანიჭებდა მათ, თუმცა საქმეში არ იყო წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბ. ლ. წარმოადგენდა შპს ,,ს. პ.-ს" წარმომადგენლობაზე უფლებამოილების მქონე პირს. ხარვეზის შევსების მიზნით მოსარჩელეს დაევალა, წარმოედგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბ. ლ. წარმოადგენდა შპს ,,ს.პ.-ს" წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს.

2017 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და წარადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, შპს ,,ს. პ.-ს’’(საიდენტიფიკაციო ნომერი: XXXXXXXXX, რეგისტრაციის თარიღი: 26/11/2007), მარეგისტრირებელი ორგანო - თბილისის საგადასახადო ინსპექცია, იურიდიული მისამართი- ს., თ., ვ.-ს.-ს რაიონი, კ.-ს ქუჩა №XX) დირექტორი/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან - ნ. შ. და დ. პ. ხარვეზის შევსების მიზნით მოსარჩელე მხარის მიერ ასევე წარდგენილ იქნა შპს,,ს. პ.-ს’’ მიერ 2017 წლის 28 მაისს ბ. ლ. გაცემული მინდობილობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ს. პ.-ს’’ სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით განმარტა შემდეგი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი ადგენს იმ საპროცესო მოქმედებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არ აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე. იმისდა მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობის თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში მითითებულ მოქმედებათა შესრულება მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში სპეციალურად არის აღნიშნული ამ მოქმედებათა შესრულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ეს საპროცესო მოქმედებები უკავშირდება მარწმუნებლის მიერ თავისი მატერიალურ- სამართლებრივი უფლების განკარგვას და ამიტომ, მათ შესახებ სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მინდობილობაში.

სასამართლომ მიუთითა შპს ,,ს. პ.-ს’’ მიერ 2017 წლის 28 მაისს ბ. ლ.-ზე გაცემული მინდობილობაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,,ს. პ.’’, წარმოდგენილი მისი დირექტორების დ. პ.-ს და ნ. შ.-ს მიერ, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე უფლებამოსილებას ანიჭებენ ბ. ბ.-ნ ლ.-ს, რათა მან განახორციელოს გარკვეული სახის მოქმედებები კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ, წარმოდგენილ დოკუმენტში განსაზღვრული პირობების და ვადების შესაბამისად. მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული მინდობილობა შპს ,,ს. პ.-ს’’ უფლებამოსილი პირების (დირექტორები) დ. პ.-ს და ნ. შ.-ს მიერ ბ. ლ.-ს სახელზე გაცემული იყო კონკრეტული მოქმედებების განხორციელების მიზნით და აღნიშნულ მინდობილობაში ის, რომ შპს ,,ს. პ.-ს’’ სახელით ბ. ლ.-ს სარჩელის სასამართლოში აღძვრის უფლებამისილება გააჩნია - მითითებული არ ყოფილა.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. უფრო მეტიც, ამავე მინდობილობაში (15 პუნქტი) აღნიშნულია, რომ ბ. ლ.-ს უფლება ჰქონდა ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაზედაც ,,მინდობილი პირი’’ დროდადრო მიიღებდა უფლებამოსილებას წერილობითი ფორმით ბატონი დ. პ.-სა და/ან ბატონი ნ. შ.-ს ფაქსიმილით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ,,მინდობილმა პირმა’’ (ბ. ლ.) წერილობითი ფორმით მიიღო უფლებამოსილება ბ. დ. პ.-სა და/ან ბატონი ნ.შ.-ს ფაქსიმილით, რათა მას განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა ისეთი მოქმედება (მათ შორის შპს ,,ს. პ.-ს’’ სახელით სარჩელის სასამართლოში აღძვრის უფლებამოსილება), რაც მითითებული არ იყო 2017 წლის 28 მაისს გაცემულ მინდობილობაში.

სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ შპს ,,ს. პ.-ს’’ მიერ აღძრულ განსახილველ სარჩელს ხელს აწერდნენ წარმომადგენლები - ნ. წ., ა. ი., ტ. ჭ., რომლებსაც წარმომადგენლობის უფლებამოსილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის ფარგლებში ანიჭებდა ბ. ლ. თავად ბ.ლ.-ს მიერ შპს ,,ს. პ.-ს’’ სახელით სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. რაც შეეხება შპს ,,ს. პ.-ს’’ მიერ ბ. ლ.-ს სახელზე 2017 წლის 28 მაისს გაცემულ მინდობილობაში აღნიშნულ ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ უფლება ჰქონდა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მინდობილობები გაეცა ადვოკატებზე, რწმუნებულებზე და ,,ს. პ.-ს’’ თანამშრომლებზე (მე-13 პუნქტი), აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ბ. ლ.-ს უფლებამოსილება გააჩნდა, შესაბამისი მინდობილობები გაეცა ადვოკატებზე, რწმუნებულებზე და ,,ს. პ.-ს’’ თანამშრომლებზე მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისი უფლებამოსილებაც თავად ბ. ლ.-ს ჰქონდა მინიჭებული წარმოდგენილი მინდობილობის ფარგლებში და არა შპს ,,ს. პ.-ს’’ სახელით სასამართლოში სარჩელის აღძვრის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ. ლ.-მ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში წარმომადგენლობითი, მათ შორის, მარწმუნებლის სახელით სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება მიანიჭა ნ. წ.-ს, ა. ი.-ს, ტ. ჭ.-ს, რომელთა მიერაც ხელმოწერილი იყო სარჩელი, ვერ იქნებოდა მიჩნეული იმის სამართლებრივ საფუძვლად, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრა უფლებამოსილმა პირმა. ის უფლებამოსილება, რაც არ გააჩნდა წარმოდგენილი მინდობილობის ფარგლებში თავად ბ. ლ.-ს, 2017 წლის 23 ოქტომბერს გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულების საფუძველზე, ვერ გადასცემდა ნ. წ.-ს, ა. ი.-ს, ტ. ჭ.-ს.

სასამართლომ მიღებული განჩინების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინეს შპს ,,ს. პ.-ს’’ წარმომადგენლებმა - ნ. წ.-მ და ა.ი.-მ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და და საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

კერძო საჩივარს საჩივრის ავტორმა დაურთო 2017 წლის 26 დეკემბერს გაცემული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც შპს ,,ს. პ.-ს" დირექტორები დ. პ. და ნ. შ. უფლებამოსილებას ანიჭებენ ბ. ბ. ლ.-ს (დაბადების თარიღი: 27.01.1955, პასპორტის ნომერი:XXXXXXXX) შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,მინდობილი პირი", განახორციელოს ყველა საჭირო მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მიმნდობი პირის სახელით შეიტანოს განცხადება ან/და სარჩელი სასამართლოში, წარადგინოს სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. წინამდებარე მინდობილობით კომპანია ადასტურებს, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს (გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი: 2017 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრებული NXX.XX.XXX განკარგულება) თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ ადმინისტრაციულ სრჩელზე შპს ,,ს. პ.-ს" გენერალური მენეჯერი ბ.ლ.და სარჩელზე ხელმომწერი პირები ნ. წ., ა. ი. და ტ. ჭ. მოქმედებდნენ კომპანიის ინტერესების შესაბამისად და კომპანიის დირექტორები იწონებენ აღნიშნული პირების მიერ კომპანიის სახელით განხორციელებულ ქმედებებს, რაც დაკავშირებულია 2017 წლის 26 ოქტომბრის NXX.XX.XXX განკარგულების გასაჩივრებასთან (სარჩელის შეტანა).

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უხეშად დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2 მუხლის ,, ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები და საქმეზე დაადგინა დაუსაბუთებელი და უკანონო განჩინება.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შედეგად სასამართლომ შელახა ადმიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება.

კერძო საჩივრის წარმომდგენი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია ნეგატიური დათქმის პრინციპზე, იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ადგენს ამა თუ იმ საპროცესო ინსტიტუტისა და მოქმედების თაობაზე განსხვავებულ წესებს, ადმინსტრაციულ დავათა განხილვისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო წესები. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლო აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობაში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას.

წარმომადგენლების განმარტებით, ადმინისტრაციული სარჩელის სახეების დადგენის, მათი დასაშვებობის კრიტერიუმების, მათ შორის, სარჩელის ხანდაზმულობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებულია, ადმინსტრაციული სარჩელის წარმოებაშიმიღება/არმიღებასთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტისას, ადმინსტრაციული საპროცესო სამართლის თავისებურებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სარჩელი დატოვებულ იქნა ხარზვეზზე და მოსარჩელე მხარეს დაევალა, წარმოედგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბ. ლ. წარმოადგენს შპს ,,ს. პ.-ს" წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს, რაც მისი მხრიდან წარდგენილ იქნა. კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და ბ. ლ.-ზე შპს ,,ს. პ.-ს" დირექტორების მხრიდან გაცემული მინდობილობა (რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,ს.პ.", წარმოდგენილი მისი დირექტორების - დ. პ.-ს და ნ. შ.-ს მიერ, უფლებამოსილებას ანიჭებენ ბ. ლ.-ს, რათა მან განახორციელოს მოქმედებები კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ, მინდობილობაში განსაზრვრული პიროებებისა და ვადების შესაბამისად), შედეგად სასამართლოს მითითებული ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნული დოკუმენტის შესწავლის შედეგად სასამართლომ გამოავლინა ახალი ხარვეზი - მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე, შპს ,,ს. პ.-ს " უფლებამოსილი პირების (დირექტორების) დ. პ.-ს და ნ. შ.-ს მიერ ბ. ლ.-ს სახელზე გაცემულია კონკრეტული მოქმედებების განხორციელების მიზნით და აღნიშნულ მინდობილობაში ის, რომ შპს ,,ს. პ.-ს" სახელით ბ. ლ.-ს სარჩელის სასამართლოში აღძვრის უფლებამოსილება გააჩნია - მითითებული არ არის, წარმოადგენდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველს, რადგანაც მითითებული მინდობილობის მე-15 პუნქტში მითითებულია: ,,ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაზეც ,,მინდობილი პირი" დროდადრო მიიღებს უფლებამოსილებას წერილობითი ფორმით ბატონი დ. პ.-ს და/ან ბატონი ნ.შ.-ს ფაქსიმილით".

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან წარდგენილი დოკუმენტებით ხარვეზი აღმოიფხვრა, თუმცა, თუკი სასამართლომ წარდგენილ მინდობილობაში ახალი ხარვეზი გამოავლინა, მას არ ჰქონდა უფლება, დაუყოვნებლივ გამოეტანა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, არამედ უნდა მიეცა მოსარჩელისთვის შესაძლებლობა, გამოესწორებინა სასამართლოს მიერ გამოვლენილი ახალი ხარვეზი, რომელზეც სარჩელზე ხარვეზზე დატოვების შესახებ განჩინებაში მითითებული არ ყოფილა. სასამართლო არ დაინტერესდა, მოახდინეს თუ არა შპს ,,ს. პ.-ს" დირექტორებმა მინდობილი პირის მიერ განხორციელებული მოქმედებების დადასტურება ან მოწონება.

საჩივარში ასევე მითითებულია, რომ განსხვავებით სამოქალაქო სარჩელისაგან, რომლის მიმართაც მოქმედებს მატერიალური ხანდაზმულობის სასარჩელო ვადები, ადმინისტრაციული სარჩელის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოქმედებს საპროცესო ხანდაზმულოპბის ვადები, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული საპროცესო უფლება ადმინისტრაციული სარჩელების (საქართველოს ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსის 22-23-ე მუხლების საფუძლეზე აღძრული) მიმართ, პრაქტიკულად, ვერ განხორციელდება, რამდენადაც ნებისმიერ შემთხვევაში, განმეორებით სარჩელის წარდგენიის საპროცესო ხანდაზმულობის ვადა გასული იქნება. ხანდაზმულობაში, კი იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელი უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს უფლების სასამართლო წესით დაცვაზე. ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით. ეს კი ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული სარჩელის განმეორებით წარდგენის თეორიული შესაძლებლობა არ არსებობს. ასევე არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული საპროცესო უფლება სააპელაციო და საკასაციო საჩივრების წარდგენის შეუძლებლობის გამო, მათი შეტანის საპროცესო ვადების გათვალისწინებით, შესაბამისად, იგივე საპროცესო მოქმედებას, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ხარვეზის დადგენის პირობებში, თვით სამოქალაქო საქმეების განმხილველი შესაბამისი ინსტანციის სასამართლოები უკიდურესი სიფრთხილით (ანუ ხარვეზის აღმოფხვრის ყველა შესაძლებლობის მიცემით, რამდენიმეგზის საპროცეოს ვადის გაგრძელების მეშვეობით) ეკიდებიან წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას, ვინაიდან მხარეს სასამართლოს წესით დავის გაგრძელების შესაძლებლობა ესპობა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ თეორიულად, ის ამასთანავე უნდა იყოს ეფექტური“. აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო, მათთვის დამატებითი საპროცესო ვადა განესაზღვრა ახალი კონკრეტული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, რომლის შეუვსებლობის შემთხვევაში იგი უფლებამოსილი იქნებოდა გამოეტანა შესაბამისი განჩინება. თუმცა შპს „ს. პ.-სთვის“ შეუძლებელი იყო, სასამართლოს განესაზღვრა ამგვარი შეფასება, ვინაიდან კომპანიის საქართველოში ფუნქციონირების დღიდან, კომპანიის იურისტები სწორედ ამ მინდობილობის საფუძველზე გაცემული მინდობილობის მეშვეობით, წლებია, სასამართლოში წარმომადგენლებად იღებენ მონაწილეობას და ეს ხარვეზიანად არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ მიუჩნევია. სასამართლო, როგორც მიუკერძოებელი ორგანო, არ შეიძლება დაინტერესებული იყოს სარჩელის წარმოებაში მიუღებლობით, პირიქით, სასამართლო ხელისუფლება, პირებს შორის სასამართლო დავის წამოჭრის შემთხვევაში, მაქსიმალურად იცავს მათ საპროცესო უფლებებს, ხელს უწყობს მათ კვალიფიციურ რეალიზაციაში და იღებს ზომებს მხარის უფლების დაცვის ეფექტიანი ორგანიზებისათვის.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ბ. ლ.-ს, ისევე როგორც სხვა წარმომადგენლების ქმედება, რწმუნებულების მხრიდან მისი მოწონების და დადასტურების გამო, ითვლება სამართლებრივი ძალის მქონედ, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის წინაპირობა არ არსებობდა და არც იარსებებდა, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლო ახლად გამოვლენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად საპროცესო ვადას გაუგრძელებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ს. პ.-ს“ წარმომადგენლები - ნ. წ. და ა. ი. მოითხოვენ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში არსებითად განსახილველად დაბრუნებას.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამ კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385--ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული.

სააპელაციო პალატა იზიარებს რა კერძო საჩივრის არგუმენტებს, არ ეთანხმება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ საფუძვლებს და განმარტავს შემდეგს:

სარჩელის სასამართლოში შეტანის წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177- 178-ე მუხლები. კერძოდ, 177-ე მუხლის შესაბამისად, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში-განცხადებით, რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის დებულებები დაინტერესებულ პირს მიუთითებს იმ სავალდებულო პირობების დაცვაზე, რაც საბოლოოდ სარჩელის წარმოებაში მიღებასა და მის განსახილველად დაშვებას განაპირობებს. მითითებული მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.

ამავე კოდექსის 447-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე ხარვეზის დადგენის საფუძვლებს: თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.

მითითებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ სარჩელზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დართვა, თუკი სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს, სავალდებულოა. ამასთან, ასეთი დოკუმენტის არარსებობა ან მისი არასრულად წარდგენა სასამართლოს ავალდებულებს, გამოიტანოს ხარვეზის შესახებ განჩინება და მოსარჩელეს დაუნიშნოს ვადა მის შესავსებად. ამრიგად, სასამართლოს მხრიდან მითითებულ ხარვეზზრე რეაგირება მის მიხედულებაზე არ არის დამოკიდებული და სავალდებულოა.

მოცემული დებულებებითვე განსაზღვრულია, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისთვის დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა შედეგად სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას განაპირობებს. იგივე დანაწესია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტში - მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.

ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლში მითითებული პირობების დარღვევა (მასზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევა) სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველია. საგულისმოა, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის წინაპირობები ამომწურავია და ერთმანეთისგან დამოუკიდებელ შემთხვევებს აწესრიგებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ " ქვეპუნქტი განსაზღვრავს სარჩელი მიღებაზე უარის თქმის კონკრეტულ საფუძველს: დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის მიერ წარდგენილ სარჩელზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობა თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს საქმის წარმოებაზე სარჩელის შემტანი პირის უფლებამოსილებას, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა ამგვარი დოკუმენტის არ არსებობას ავტომატურად არ უკავშირებს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტით განსაზრვრულ შედეგს, ავალდებულებს რა სასამართლოს, დაუნიშნოს მოსარჩელეს ხარვეზის ვადა მის გამოსასწორებლად. რაც შეეხება ხარვეზის დადგენის შედეგს, აღნიშნულს ან ხარვეზის შევსება და სარჩელის წარმოებაში მიღება, ან ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრულ ვადაში მისი არ შევსების გამო 447-ე მუხლით (186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით) განსაზღვრული საფუძვლით სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა მოყვება.

ამრიგად, მითითებული ნორმების მიხედვით, სარჩელზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა სარჩელზე ხარვეზის დადგენის ცალსახა საფუძველია, ანუ, ამგვარ სარჩელს წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული (დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე) საპროცესო საფუძველი არ გააჩნია. მითითებული ნორმით სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი კანონით გათვალისწინებულ საქმის წარმოებაზე უფლებამოსილების (მაგ: კანონიერი წარმომადგენლობა, პირები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ წარმომადგენლები სასამართლში) არ არსებობის დადგენას უკავშირდება, რისი გამოსწორება (ხარვეზის შევსება) წარმომადგენლობის უფლაბამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით ვერ განხორციელდება.

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დადგენილ ხარვეზზე მოსარჩელე მხარის რეაგირებას, დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით მოსარჩელეს დაევალა, წარმოედგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ბ. ლ. წარმოადგენდა შპს ,,ს.-პ.-ს" წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს.

დასტურდება ასევე, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და წარადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც შპს ,,ს.პ.-ს’’(საიდენტიფიკაციო ნომერი: XXXXXXXXX, რეგისტრაციის თარიღი: 26/11/2007), მარეგისტრირებელი ორგანო - თბილისის საგადასახადო ინსპექცია, იურიდიული მისამართი- ს., თ., ვ.-ს.-ს რაიონი, კ.-ს ქუჩა №XX) დირექტორი/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან - ნ. შ. და დ. პ. ხარვეზის შევსების მიზნით მოსარჩელე მხარის მიერ ასევე წარდგენილ იქნა შპს,,ს. პ.-ს’’ მიერ 2017 წლის 28 მაისს ბ. ლ.-ზე გაცემული მინდობილობა.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული განჩინებით მოთხოვნილ იქნა კონკრეტული დოკუმენტის და არა ზოგადად უფლაბამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, შესაბამისად, იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტებს მასზედ, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტი მისი მხრიდან წარდგენილ იქნა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტით, მართალია, ხარვეზი სრულად შევსებულად ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან წარმომადგენლობის უფლებამოსილება არც მოცემულ ეტაპზე დასტურდებოდა, თუმცა იმის შესაძლებლობა, რომ არსებული ხარვეზი გამოსწორებადი იყო, თავად კერძო საჩივარზე დართული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებით დასტურდება, როგორიც არის 2017 წლის 26 დეკემბერს გაცემული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც შპს ,,ს. პ.-ს" დირექტორები დ. პ. და ნ. შ. უფლებამოსილებას ანიჭებენ ბატონ ბ. ლ.-ს (დაბადების თარიღი: 27.01.1955, პასპორტის ნომერი:XXXXXXXX) შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,, მინდობილი პირი", უფლებამოსილია, განახორციელოს ყველა საჭირო მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მიმნდობი პირის სახელით შეიტანოს განცხადება ან/და სარჩელი სასამართლოში, წარადგინოს სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. წინამდებარე მინდობილობით კომპანია ადასტურებს, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს (გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი: 2017 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრებული NXX.XX.XXX განკარგულება) თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ ადმინისტრაციულ სრჩელზე შპს ,,ს. პ.-ს" გენერალური მენეჯერი ბ. ლ. და სარჩელზე ხელმომწერი პირები ნ. წ., ა. ი. და ტ. ჭ. მოქმედებდნენ კომპანიის ინტერესების შესაბამისად და კომპანიის დირექტორები იწონებენ აღნიშნული პირების მიერ კომპანიის სახელით განხორციელებულ ქმედებებს, რაც დაკავშირებულია 2017 წლის 26 ოქტომბრის NXX.XX.XXX განკარგულების გასაჩივრებასთან (სარჩელის შეტანა).

ამრიგად, არსებობდა იმგვარი ხარვეზი, რომლის გამოსწორების შესაძლებლობას წარდგენილი დოკუმენტები, შევსების შემთხვევაში, იძლეოდა.

მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ს. პ.-ს’’ მიერ ბ. ლ.-ს სახელზე 2017 წლის 28 მაისს გაცემული მინდობილობის მე-13 და მე-15 პუნქტები განმარტა და ფაქტობრივად მათზე მითითებით გამორიცხა სარჩელის აღძვრაზე წარმომადგენლების უფლებამოსილების არსებობა მაშინ, როდესაც სწორედ ამ პუნქტების შესაბამისად შეძლეს წარმომადგენლებმა კერძო საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე შეევსოთ თავდაპირველად არსებული ხარვეზი.

როგორც უკვე აღინიშნა, არასრულყოფილად წარდგენილ სარჩელზე ხარვეზის დადგენა სასამართლოს ვალდებულებაა, შესაბამისად, მოცემულ ვალდებულებასთან კავშირში უნდა იქნეს განხილული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

მითითებული ნორმით სასამართლოსთვის მინიჭებული შესაძლებლობა უკავშირდება ხარვეზის შევსებისთვის ვადის დადგენისა და მისი არასრულად შევსების შემთხვევასაც, იმის გათვალისწინებით კი, რომ არასრულყოფილად შევსებულ სარჩელზე ხარვეზის დადგენა სასამართლოს მიხედულების მიღმა სავალდებულო საპროცესო მოქმედებაა, ხარვეზის შევსებისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება უკავშირდება მისი შევსების შესაძლებლობის განსაზღვრას და არ წარმოადგენს სასამართლოს ფართო დისკრეციას, მოცემულ შემთხვევაში სწორედ მითითებული ფარგლებით შეზრუდული თავისუფლებაა. ამრიგად, თუკი ამგვარ საპროცესო მოქმედებას შედეგად შეიძლება მოყვეს ხარვეზის სრულად შევსება, სასამართლომ უნდა განახორციელოს იგი. შესბამისად, სააპალაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შევსებისთვის მის მიერ თავდაპირველად დადგენილი ვადა.

დასკვნის სახით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ ეტაპზე ხარვეზი გამოსწორებულია, რადგან კერძო საჩივარზე დართული მინდობილობით შპს ,,ს. პ." ადასტურებს, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს (გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი: 2017 წლის 30 ნოემბერს გასაჩივრებული NXX.XX.XXX განკარგულება) თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ ადმინისტრაციულ სრჩელზე შპს ,,ს. პ.-ს" გენერალური მენეჯერი ბ. ლ. და სარჩელზე ხელმომწერი პირები ნ. წ., ა. ი. და ტ. ჭ. მოქმედებდნენ კომპანიის ინტერესების შესაბამისად და კომპანიის დირექტორები იწონებენ აღნიშნული პირების მიერ კომპანიის სახელით განხორციელებულ ქმედებებს, რაც დაკავშირებულია 2017 წლის 26 ოქტომბრის NXX.XX.XXX განკარგულების გასაჩივრებასთან (სარჩელის შეტანა), პირველი ინსტანციის სასამართლოში ხარვეზის გამოსწორების მიზნით საქმის დაბრუნების აუცილებლობა არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ კერძო საჩივარზე ბიუჯეტის სასარგებლოდ სს „თ.ბ.-ში“ 2017 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე, 372-ე, 384-ე, 390-ე, 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. პ.-ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კერძო საჩივრის ავტორებს დაუბრუნდეთ კერძო საჩივარზე ბიუჯეტის სასარგებლოდ სს „თ.ბ.-ში“ 2017 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ნახევარი - 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება №0 ; გადამხდელი: ვ. შ. (პ/ნ XXXXXXXXXXX). დასახელება: შპს ს. პ.; საიდენტიფიკაციო კოდი: XXXXXXX; მიმღების დასახელება - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში; მიმღების ბანკის კოდი - XXXXXXXX; მიმღების ბანკი - ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა’’; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - XXXXXX; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე, დამატებითი ინფორმაცია - კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრსი განჩინებაზე, ადმინისტრაციულ საქმეზე №3/8069-17).
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.