ნახვები: 79
საქმის ნომერი:
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, არსებითად იქნა განხილული, სრულად გაუქმდა
ინსტანციური ისტორია: ას-268-255-2016, 2/15372-14
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე № (2016-01-25), www.temida.ge
საქმის № 330210014586667
საქმის №

განჩინება
საქართველოს სახელით
       25 იანვარი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – სოფიკო კაპანაძე
აპელანტი - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მ.“
წარმომადგენელი- ნ. ღ., ვ. გ.
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ.
წარმომადგენელი - ი. მ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სარჩელის მოთხოვნა:


სსიპ პროფესიულ კოლეჯს „მ.“ ნ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5081 ლარის გადახდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ნ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პროფესიულ კოლეჯს „მ.-ს“ ნ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5081 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სადავო ფაქტობრივი გარემოებები


2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „თ.-ს პ. ს.-ს ც.-ს“ დირექტორის 2011 წლის 22 თებერვლის XX/X ბრძანება ნ. გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ნ. გ. აღდგენილ იქნა სსიპ „თ.-ს პ. ს.-ს ც.-ს“ უფლებამონაცვლე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მ.-ში“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. სსიპ „თ.-ს პ. ს.-ს ც.-ს“ უფლებამონაცვლე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მ.-ს“ ნ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე, ყოველთვიურად 650 ლარის ოდენობით, ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.14-22);

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით ძალაში დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განჩინების საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განჩინება (ს.ფ. 23-32);

2.3. 2014 წლის 10 ივლისს სსიპ პროფესიული კოლეჯი „მ.-ს“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნ. გ.-ს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 11707.56 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო დავალება #XXXXXX

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.4. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: პირი შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს ანაზღაურებაზე ვალდებულ პირთან; შრომითი ანაზღაურების წესი უნდა იყოს დარღვეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ზემოდასახელებული მუხლების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია ამავე კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „თ.-ს პ. ს.-ს ც.-ს“ დირექტორის 2011 წლის 22 თებერვლის XX/X ბრძანება ნ. გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ნ. გ. აღდგენილ იქნა სსიპ „თ.-ს პ. ს.-ს ც.-ს“ უფლებამონაცვლე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მ.-ში“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. სსიპ „თ.-ს პ. ს.-ს ც.-ს“ უფლებამონაცვლე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მ.-ს“ ნ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე ყოველთვიურად 650 ლარის ოდენობით, ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე. დასახელებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით. აღნიშნულის შემდგომ, 2014 წლის 11 ივლისს პროფესიული კოლეჯი „მ.-ს“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნ. გ.-ს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 11707.56 ლარი.

2.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის 31-ე მუხლი იცავს რა დასაქმებულის უფლებებს, ავალდებულებს დამსაქმებელს დროულად გადაუხადოს მას ასანაზღაურებელი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დამსაქმებლის გადასახდელი თანხა 2011 წლის 20 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე თვეში 650 ლარს შეადგენდა, რაც, საერთო ჯამში, 8883 ლარია. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო 2012 წლის 10 აპრილს. გამომდინარე იქედან, რომ დამსაქმებელმა თანხა გადაიხადა 2014 წლის 10 ივლისს, სასამართლომ მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია სწორედ აღნიშნულ დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ითხოვს თანხის დაკისრებას სარჩელის შემოტანამდე. 2012 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 10 ივლისამდე არის 817 დღე, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს თითოეული დღისათვის 8883 ლარის 0,07%, რაც ჯამურად შეადგენს 5081 ლარს (6,22 * 817).

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები


3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის კვლავ არსებობდა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებები, ვინაიდან, ნ. გ.-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანებითა და მისთვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდით, სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს „მ.-სა“ და ნ. გ.--ს შორის შრომითი ურთიერთობები დასრულდა.

3.2. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ თანხების გადაანგარიშებისას უზუსტობა დაუშვა და მოპასუხეს, ერთხელ უკვე გადახდილი თანხა ხელახლა დააკისრა გადასახდელად.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:


4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „თ.-ს პ. ს.-ს ც.-ს“ დირექტორის 2011 წლის 22 თებერვლის XX/X ბრძანება ნ. გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა სსიპ „თ.-ს პ. ს.-ს ც.-ს“ უფლებამონაცვლე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მ.-ში“ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის ან მის ტოლფას თანამდებობაზე. მოპასუხე მხარეს ნ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე, ყოველთვიურად 650 ლარის ოდენობით; ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%, 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 აპრილის განჩინების საფუძველზე.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხე მხარემ (სსიპ პროფესიული კოლეჯი „მ.“) 2014 წლის 10 ივლისს ნ. გ.-ს ანგარიშზე 11707.56 ლარი ჩარიცხა.

4.3. აპელანტის პრეტენზია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თანხების არასწორად გადაანგარიშებასა და უკვე, ერთხელ გადახდილი თანხის მოპასუხეზე ხელახლა დაკისრებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო არ არის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამსაქმებლს - სსიპ პროფესიულ კოლეჯს „მ.“, ნ. გ.-ს სასარგებლოდ, განაცდური ხელფასის სახით, თვეში 650 ლარის გადახდა დააკისრა, 2011 წლის 20 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე პერიოდისათვის, რაც ჯამში 8883 ლარს შეადგენს.

ასევე, სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხემ აღნიშნული თანხა (8883 ლარი) ნ. გ.-ს 2014 წლის 10 ივლისს გადაუხადა.

შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების, თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, ამ მუხლის ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მითითებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და თუკი მხარეთა მიერ ამ წესისაგან განსხვავებული შეთანხმება ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს აღნიშნული დანაწესი დაყოვნებული თანხის 0.07%-ის პირგასამტეხლოს სახით ანაზღაურებასთან დაკავშირებით. დაყოვნებულ თანხად განიხილება იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის განაცდურის სახით გადასახდელი ყოველთვიური ხელფასი, რაც მოცემულ შემთხვევაში 8883 ლარს შეადგენს.

სადავო არ არის, რომ მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის (8883 ლარის) გადახდა დაყოვნებულია 817 დღით - 2012 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 10 ივლისამდე.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვადაგადაცილების ყოველი დღისთვის, კანონისმიერი პირგასამტეხლოს ოდენობა გადაუხდელი თანხის 0,07%-ით არის განსაზღვრული და მისი მოთხოვნა მოსარჩელის კანონისმიერი უფლებაა. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს თითოეული დაყოვნებული დღისათვის 8883 ლარის 0,07%, რაც ჯამში 5081 ლარს (6,22 * 817) შეადგენს.

სასამართლო, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ მითითებული კანონისმიერი პირგასამტეხლო სადავო პერიოდისათვის (2012 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 10 ივლისამდე) მოთხოვნილი არ ყოფილა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტის მტკიცება კანონისმიერი პირგასამტეხლოს ორგზის გადახდის თაობაზე. რაც შეეხება ერთი საფუძვლით, თუმცა, დროის სხვადასხვა პერიოდის ვადაგადაცილებისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს მოთხოვნას, ამგვარი მოთხოვნა დასაბუთებულია, ვინაიდან დროის ერთი მონაკვეთისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნა დროის სხვა პერიოდისათვის აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობას არ გამორიცხავს. მითითებული უფლება მხარის დისპოზიციაა, ის განსაზღვრავს მოთხოვნას, მის ოდენობას და დროის პერიოდს. შესაბამისად, როგორც პროცესულურად (მხარეთა დისპოზიციის გათვალისწინებით), ასევე მატერიალურ-სამართლებრივად არასწორია დასკვნა მასზედ, რომ თუ მხარე მოთხოვნას გარკვეული დროით შემოსაზღვრავს, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მხარემ მითითებულ მოთხოვნაზე სხვა პერიოდისათვის უარი თქვა. ამგვარი დასკვნა ჩარევა იქნებოდა მხარის ნებაში, რომელმაც სასარჩელო მოთხოვნა წარადგინა დროის გარკვეული მონაკვეთის ვადაგადაცილებისათვის, თუმცა, სხვადასხვა საფუძვლით (ბაჟი, მხარესთან კომპრომისი, შემდგომი თანამშრომლობის სურვილი და ა. შ.) სარჩელი არ აღძრა მთელი პერიოდის ვადაგადაცილებისათვის. პროცესუალურ - სამართლებრივად სარჩელის არაღძვრა სარჩელზე უარს არ უთანაბრდება. შესაბამისად, ვინაიდან ერთ შემთხვევაში ნ. გ.-მ დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე მოითხოვა, აღნიშნული გარემოება, ნ. გ.-ს უფლებას არ უკარგავს დაყოვნებული თანხის პირგასამტეხლო 2012 წლის შემდეგომი პერიოდისათვისაც მოითხოვოს, თუ დაყოვნება 2012 წლის შემდეგომ პერიოდზეც ვრცელდება. უფრო მეტიც, ნ. გ.-ს უფლება ჰქონდა პირვანდელი სარჩელის ფარგლებში მოთხოვნის ფორმულირება იმ სახით წარმოედგინა, რომ დაყოვნებული თნხის 0.07% აღსრულებამდე მოეთხოვა, თუმცა, რადგან აღსრულებამდე არ მოითხოვა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მან ეს უფლება დაკარგა. მითითებული მსჯელობის სამართლებრივი საფუძვლის საწინააღმდეგო წონად არგუმენტს არ წარმოადგენს ფაქტი მასზედ, რომ სადავო პერიოდში (2012 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 10 ივლისამდე) სასამართლო და სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა. ნიშანდობლივია აღნიშნოს, რომ მითითებული გარემოება ვერ ცვლის კანონისმიერ დანაწესს მასზედ, რომ მხარეს ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (გადასახდელი თანხის 0,07%) მიღების უფლება აქვს. მითითებული უფლება არ ჩერდება და, მით უფრო, არ ქარწყლდება სასამართლო და სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის დროს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა


1. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯ „მ.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.