ნახვები: 357
საქმის ნომერი: 2/8066-13
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ეკა ზარნაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2/8066-13 (2013-07-05), www.temida.ge
საქმის № 2/8066-13

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       05 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი მაია შეყრილაძე
მოსარჩელე - ფ. თ.
წარმომადგენელი - ლ. ქ., ე.თ.
მოპასუხე - გ. კ.
წარმომადგენელი - ო. გ.
დავის საგანი- ალიმენტის ოდენობის გაზრდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე გ. კ.-სათვის არასრულწლოვანი შვილის, გ. გ.-ს ძე კ.-სათვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა და მისი განსაზღვრა 1000 (ათასი) ლარით;

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გაიზარდა გ. კ.-სათვის 1998 წლის 18 იანვარს დაბადებული გ. კ.-ს რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და განისაზღვრა იგი ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით 2006 წლის 08 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამჟამად მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაბამისად, არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით, უნდა გაიზარდოს ალიმენტის ოდენობა.


2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმება.
გ. კ.-ს შეუძლია გადაიხადოს ალიმენტი თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საჭიროებს მკურნალობას და საჭიროებს დამატებით ფულად სახსრებს. მოპასუხეს აქვს საბანკო დაწესებულების მიმართ საკრედიტო ვალდებულება.


3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები


3.1.1. ფ. თ. და გ. კ. იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2013 წლის 05 ივლისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2013 წლის 05 ივლისის სხდომის ოქმი).

3.1.2. არასრულწლოვანი გ. კ. (დაბადებული 1998 წლის 18 იანვარს) ცხოვრობს მოსარჩელე ფ. თ.-სთან. ეს უკანასკნელი არ არის დასაქმებული და არა აქვს ყოველთვიური ფულადი შემოსავალი. იგი არის შრომისუნარიანი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2013 წლის 05 ივლისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2013 წლის 05 ივლისის სხდომის ოქმი).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფ. თ.-სა და გ. კ.-ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი გ. კ. დაბადებული 1998 წლის 18 იანვარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ გ. კ.-ს დაბადების მოწმობა #XX-XXXXXX (ს.ფ. 20);
_ მამობის დადგენის მოწმობა (ს.ფ. 21).
3.2.2. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. კ.-ს დაეკისრა შვილის აღსაზრდელად ყოველთვიურად ალიმენტის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა. იმასთან დაკავშირებით, რომ გ. კ.-ს გაეზარდა პენსიის რაოდენობა 419 ლარამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება და გ. კ.-ს დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა 2006 წლის 08 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);
_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-16).

3.2.3. 1997 წლის 29 ნოემბრიდან გ. კ. ქორწინებაში იმყოფება თ.თ.-თან, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: ლ. კ. დაბადებული 1998 წლის 15 ოქტომბერს და ა. კ. დაბადებული 2000 წლის 17 მაისს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ქორწინების მოწმობა #XX-XXXXXX (ს.ფ. 41);
_ დაბადების მოწმობა #XX XXXXXX (ს.ფ. 42);
_ დაბადების მოწმობა ნკ #XXXXXX (ს.ფ. 43).

3.2.4. გ. კ. არის ონკოლოგიურად დაავადებული 2001 წლიდან და გადის პერიოდულად მკურნალობის კურსს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2005 წლის 13 ოქტომბრის ამონაწერი ავადმყოფის სამედიცინო ბარათიდან (ს.ფ. 44);
_ შპს ”ს.-ს ო.-ს ნ. ც.-ს” 2013 წლის 26 ივნისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #XX-XXXX (ს.ფ. 82).

3.2.5. გ. კ. არის საკრედიტო ვალდებულებით ურთიერთობაში სს ”ს.-ს ბ.-თან” და კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური გადასახადი 30/04/2013-01/01/2015 წწ. შეადგენს 568,23 (ხუთას სამოცდარვა და ოცდასამი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ სს ”ს.-ს ბ.-ს” 2013 წლის 01 ივლისის ცნობა დავალიანების შესახებ და თანდართული გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 83-84).

3.2.6. 2012 წლიდან გ. კ. მუშაობს საქართველოს შეიარაღებული ძალების X-X დეპარტამენტის უფროს პოლკოვნიკად და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3200,6 ლარს და ხელზე მისაღები თანხა განისაზღვრება 2560,48 (ორი ათას ხუთას სამოცი და ორმოცდარვა) ლარით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 03 ივნისის ცნობა #X/XXXX (ს.ფ. 18-19);
_ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველოს 2013 წლის 25 ივნისის ცნობა #XXX (ს.ფ. 80).

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა


დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და განისაზღვროს იგი 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.


5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1234-ე მუხლები.


6. სამართლებრივი შეფასება

მოსარჩელემ ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. კ.-ს ფ. თ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა შვილის აღსაზრდელად ყოველთვიურად ალიმენტის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა. იმასთან დაკავშირებით, რომ გ. კ.-ს გაეზარდა პენსიის რაოდენობა 409 ლარამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა სასამართლოს 2005 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება და გ. კ.-ს დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა 2006 წლის 08 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (3.2.2.).

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

მოპასუხე გ. კ. საქართველოს შეიარაღებული ძალების X-X დეპარტამენტის უფროს პოლკოვნიკად მსახურობს 2012 წლიდან და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3200,6 ლარს. საიდანაც, ხელზე მისაღები თანხა წარმოადგენს 2560,48 ლარს; (3.2.5.). ასევე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გ. კ. დაიბადა 1998 წლის 18 იანვარს და ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე ფ. თ.-სთან. ეს უკანასკნელი არ არის დასაქმებული და არა აქვს სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი (3.1.2);

სასამართლო შვილის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს როგორც შვილის, ისე მშობლის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას.

მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ გ. კ.-ს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი (3.2.2.). იგი არის ონკოლოგიურად დაავადებული და პერიოდულად გადის მკურნალობის კურსს (3.2.3.). მას აქვს ასევე საკრედიტო ვალდებულებანი. მოცემულის გათვალისწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას ალიმენტის 1000 (ათასი) ლარამდე გაზრდის მიზანშეწონილობის შესახებ: იგი მოპასუხის ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას ალიმენტის ოდენობის მხოლოდ 100 (ასი) ლარამდე განსაზღვრის თაობაზე: დადგენილია, რომ გ. კ. დაავადებულია და მკურნალობს 2001 წლიდან (3.2.3.), მაშინ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2006 წელს (3.2.2.); მშობლის საკრედიტო ვალდებულების არსებობა საბანკო დაწესებულების წინაშე არ არის უპირატესი მშობლის ვალდებულებისა შვილის წინაშე იზრუნოს მასზე მატერიალურად. მოცემული გარემოებანი გასათვალისწინებელი და შესაფასებელია სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ გ. კ.-ს ჰყავდა ორი არასრულწლოვანი შვილი და მათ ამჟამადაც არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ამასთან მშობლების რეალური მატერიალურ მდგომარეობისა და ალიმენტის არასიმბოლური ხასიათის გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და განისაზღვროს იგი 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.


7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. ამდენად, მოსარჩელე გათავისუფლდა ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და იგი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებილდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

ამდენად, მოპასუხე გ. კ.-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანასკნელი კი განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
მოსარჩელე ფ. თ.-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მის მიერ საადვოკატო მომსახურების ხარჯის გაწევას დაადასტურებდა. ამდენად, არ არსებობს მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1.დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ფ. თ.-ს (პირადი #XXXXXXXXXXX) სარჩელი:

გაიზარდოს გ. კ.-სათვის (პირადი #XXXXXXXXX) 1998 წლის 18 იანვარს დაბადებული გ. კ.-სათვის გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ყოველ თვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 600 (ექვსასი) ლარით გარემოებების შეცვლამდე (სარჩელის აღძვრიდან - 10.06.2013წ.);
2. დაეკისროს მოპასუხე გ. კ.-ს (პირადი #XXXXXXXXX) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილსის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.