საქმის ნომერი: 3/2773-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, არსებითად იქნა განხილული, არ დაკმაყოფილდა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 3ბ/2409-16
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე ითხოვდა საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ციტირებისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3/2773-15 (2016-02-25), www.temida.ge
საქმის № 3/2773-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       25 თებერვალი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: ა. ფ.;
წარმომადგენელი: თ. კ.;
მოპასუხე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი: ნ. ტ.;
მოპასუხე: შპს „თ. ჯ.";
წარმომადგენელი: გ. ი.; ლ. გ.;
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს ქ. თბილისის მერიას და შპს ,,თ. ჯ.-ს" მოსარჩელე ა. ფ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) სასარგებლოდ, მისი ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის სახით 487 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ლარის და მორალური ზიანის სახით 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება. (დაზუსტებული სარჩელი) სარჩელში აღინიშნა, რომ მოსარჩელე ა. ფ. 2014 წლის 01 ივლისს დაახლოებით 05:00 საათზე, 5-6 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ქ. თბილისში წ.-ს ქ. NXX-ში (ფ.-ს ქ. ბოლოში) არსებულ წყალარინში (საკანალიზაციო ჭა), სადაც 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამდინარ წყალში. 18 საათის შემდეგ აღმოაჩინა საპატრულო პოლიციამ, აღმოჩენისთანავე გაეწია სამაშველო დახმარება, სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების ჯგუფმა. ჭა იყო ღია, ამასთან ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე. ჭა შემთხვევის ფიქსაციიდან მეორე დღესვე დაიხურა, მოეწყო უსაფრთხოების დადგენილი ნორმების შესაბამისად. მოსარჩელე წყალანარიდან ამოყვანისთანავე შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს სს „კ. ე. კ. ქ.-ში.“ პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული, მას ჩაუტარდა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაციული მკურნალობა და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამ შემთხვევამდე მუშაობდა რამდენიმე დაწესებულებაში შეფ-მზარეულად. სს „თ. ბ.-სა“ და სს „პ. ბ.-თან“ ჰქონდა გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად იხდიდა თანხას. უბედური შემთხვევის შედეგად თანხის გადახდა შეუძლებელი გახდა, კომატოზური მდგომარეობისა და სამუშაოს დაკარგვის გამო. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე, სამი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათი ერთადერთი შემოსავალი საარსებო შემწეობაა. ქ. თბილისის მერიის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს ქალაქში არსებული სანიაღვრე ქსელების, წყალარინების მოწყობა და რეაბილიტაცია, მათ უსაფრთხოების დაცვა, რაც არსებულ შემთხვევაში არ იქნა უზრუნველყოფილი, საკანალიზაციო ჭა იყო ღია, მოუპირკეთებელი, არ მიმდინარეობდა მისი სათანადო მოწყობის მიზნით სამუშაოები, არ იყო აღნიშვნა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რის გამოც ღამის საათებში შინ მიმავალი მოსარჩელე ჩავარდა ღია ჭაში, 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამდინარე წყალში, დაუზიანდა ჯანმრთელობა, დაკარგა სამსახური, მისი ზიანი გამოიხატა მორალური, ქონებრივი და ფიზიკური დაზიანების სახით. ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს პირნათლად რომ შეესრულებინათ დაკისრებული მოვალეობები, მოეხდინათ ქალაქში არსებული სანიაღვრე, საკანალიზაციო ჭის შეკეთება, მოწყობა, მიეღოთ პრევენციული ზომები, შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ზიანის მიმყენებელი ფაქტი არ იარსებებდა, კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია ზიანი, რაც პასუხისმგებელი პირის - ქ. თბილისის მერიის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს.

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხე შპს „თ. ჯ.-ს“ წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ა. ფ. 2014 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, 5-6 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ქ. თ.-ში წ.-ს ქ. NXX-ში (ფ.-ს ქ. ბოლოში) არსებულ წყალარინში (საკანალიზაციო ჭა), სადაც 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამდინარე წყალში. მოსარჩელეს აღმოჩენისთანავე გაუწია სამაშველო დახმარება სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების სამაშველო ჯგუფმა და ამოიყვანა ჭიდან.
3.1.2. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზინო-საპატრულო სამმართველოს 2014 წლის 01 ივლისის ოქმში აღინიშნა, რომ ქ. თბილისში, ფ.-ს ქუჩაზე, ე.წ. X-ს მიმდებარედ, ადგილზე მისვლისას დახვედრილმა მოქ. ს. გ.-მ, განაცხადა, რომ 01 ივლისს დაახლოებით 05:00 საათზე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე დატოვეს ა. ი.-ს ძე ფ.. 07.10.1979 წ. მცხ. ქ. თბილისი, გ.-ს გამზ NX XXX, რომელიც დაიკარგა. ა. ფ. ახლობლებმა იპოვეს ე.წ. ხიდის მიმდებარედ ჭაში ჩავარდნილი, რომელიც არის დაახლოებით 15 მეტრის სიღრმის. იგი სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა ჭიდან, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ქირურგიის ინსტიტუტში. ახდილი ჭის თაობაზე ეცნობა მერიის ცხელ ხაზს N13.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების 2014 წლის 18 ივლისის ცნობა N341 (ს.ფ. 19).
- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზინო - საპატრულო სამმართველოს 2014 წლის 01 ივლისის ოქმი (ს.ფ. 20)
3.2. მოსარჩელე ა. ფ. შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს სს „კ. ე. კ. ქ.-ში“. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული, მას ჩაუტარდა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობა, ქირურგიული მკურნალობა და საჭიროებს მკურნალობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა. ფ.-ს ჯანმრთელობის შესახებ ცნობა ფორმა N IV-100/ა (ს.ფ. 21-22)
- ა. ფ.-ს ჯანმრთელობის შესახებ ცნობა ფორმა N IV-100/ა (ს.ფ. 23-24)
- პაციენტის სამედიცინო ბარათი; (ს.ფ. 27)
- მოწმეთა ჩვენებები;
3.3. ა. ფ.-ს ოჯახი არის სოციალურად დაუცველია. ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 28);
- (ს.ფ. 31-33);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 34)
3.4. ა. ფ.-ს სს „თ. ბ.-სა“ და სს „პ. ბ.-თან“ გაფორმებული აქვს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 45-50).
3.5. ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურების კულტურისა და საქალაქო სამსახურის 2014 წლის 17 ივლისის N12/XXXXXXXX-10 და 2014 წლის 25 ივლისის N12/XXXXXXXX-10 გადაწყვეტილებებით გამოიყო ა. ფ.-ს საოპერაციო მომსახურების თანხა 3000 (სამი ათასი) ლარისა და 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურების კულტურისა და საქალაქო სამსახურის 2014 წლის 17 ივლისის N12/ XXXXXXXX -10 გადაწყვეტილება (ს.ფ. 35).
- ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურების კულტურისა და საქალაქო სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის N12/ XXXXXXXX -10 გადაწყვეტილება (ს.ფ. 36)
3.6. მოსარჩელე ა. ფ.-ს მიერ ჩატარებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები შეადგენს ჯამში 487 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის ქვითრები (ს.ფ.40-44; 77).
3.7. 2014 წლის 23 იანვარს (NXX/XX/18) და 2015 წლის 16 იანვარს (NXX/XX/25) დაიდო ხელშეკრულებები ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის მერიასა და შპს „თ. ჯ.-ს“ შორის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია ქ. თბილისში სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობის (ექსპლოატაციის) მომსახურების შესყიდვა. მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისის ტერიტორია, ხელშეკრულების მე-4 პუნქტით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და შეამოწმონ გაწეული მომსახურეობა. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს განახორციელებენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. ხელშეკრულებას თან ერთვის ქ. თბილისის სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის ხარჯთაღრიცხვა, რაც მოიცავს სამუშაოთა დასახელებასა და ღირებულებას. მათ შორის: „სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემებს აღდგენა, მოწყობა (მ/შ მიწის სამუშაოებისა და მასალა-ნაკეთობების ფასების გათვალისწინებით) სანიაღვრე ჭების შეკეთებას, თუჯის ოთხკუთხა ჩარჩოს, გვერდმიმღების ჩარჩოს, რ/ბ ჭის რგოლებს და 1000 მმ, რ/ბ ფილა (თუჯის ჩარჩო-ხუფით), ახალი ჭის მოწყობა (თუჯის ჩარჩო-ხუფით ან ცხაურით), დაზიანებული კოლექტორის შეკეთება და ა. შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2014 წლის 23 იანვარს (NXX/XX/18) და 2015 წლის 16 იანვარს (NXX/XX/25) ხელშეკრულებები „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“.
3.8. შპს „თ. ჯ.-ს“ 07.07.2015 წლის N მ-01/XXX-16 წერილით, მოსარჩელის წარმომადგენელს მისივე განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ წ.-ს ქ. NXX-ში, (ე. წ. X-ს მიმდებარედ) არსებული ჭა წარმოადგენს „ხ. ხ.-ს“ კოლექტორის სათვალთვალო ჭას, წ.-ს ქ. NXX-ის მიმდებარედ განთავსებული ჭა წარმოადგენს სანიაღვრე კოლექტორის შემადგენელ ნაწილს, არ წარმოადგენს წყალარინების ქსელს (ფეკალურ კანალიზაციას). ქ. თბილისში წ.-ს ქ. NXX-ის მიმდებარედ გამავალ სანიაღვრე კოლექტორს მოვლა-პატრონობას უწევს შპს „თ. ჯ.-ს“ სანიაღვრე სამსახური. ასევე ეცნობათ, რომ ქ. თბილისში სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებზე ჭების რაოდენობა დაახლოებით არის 20000, რომელთა სისტემატურად შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. ჭების დაზიანებასა და ხუფების მოპარვაზე ინფორმაციის მოპოვება ხდება მათი თანამშრომლებისა და მერიის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებით. წარუდგენდნენ ქ. თბილისში წ.-ს ქ. NXX-ის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა კომუნიკაციების გეგმას. ქ. თბილისში განთავსებული სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა პატრონობაზე (ექსპლოატაცია) მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ატარებს ტენდერს და გამარჯვებულ კომპანიას უფორმებს ხელშეკრულებას. 2014 წელს შპს „თ. ჯ.-მა“ მერიასთან დადებული ხელშეკრულების (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება NXX XX/18 23.01.2014 წელი) საფუძველზე შეასრულა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა- პატრონობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. 2015 წელს იგივე სამუშაოებს ასრულებს მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულების (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N26/30/25 16.01.2015წ) საფუძველზე. ხელშეკრულებები განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „თ. ჯ.-ს“ 07.07.2015 წლის N მ-01/XXX-16 წერილი;
3.9. შპს „ჯ. უ. ფ.-ს“ (ს/ნ XXXXXXXX) 2015 წლის 21 ივლისის წერილით, მოსარჩელის წარმომადგენელს, მისივე განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ წ.-ს ქ. NXX-ში, (ე. წ. ფეიქრების ქუჩის ხიდის მიმდებარედ) არსებული მიწისქვეშა ობიექტი, მიეკუთვნება სანიაღვრე ქსელს, აღნიშნულ მისამართზე კომპანიის ბალანსზე რიცხული საკანალიზაციო ქსელი არ გაედინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ჯ. უ. ფ.-ს“ (ს/ნ XXXXXXXX) 2015 წლის 21 ივლისის წერილი;
3.10. სს „ს. რ.-ს“ 2015 წლის 12 დეკემბრის NXXXX წერილით, მოსარჩელის წარმომადგენელს მისივე განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ წ.-ს ქ. NXX-ში მდებარე სათვალთვალო ჭა არ ირიცხება სს „ს. რ.-ს“ სტრუქტურული ერთეულების ბალანსზე. შესაბამისად, მათთვის უცნობია, თუ ვის ევალება ზემოაღნიშნული ჭის სათანადო მოწყობა, დალუქვა, უსაფრთხოების წესებთან მისი შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ექსპლუატაციაზე მეთვალყურეობა და კონტროლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ს. რ.-ს“ 2015 წლის 12 დეკემბრის NXXXX წერილი

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-66 დადგენილება;

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

6.2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს – თბილისის საკრებულოს და თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის – თბილისის მერიის მეშვეობით.
ამავე კოდექსის 72.1. მუხლის თანახმად, თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, თბილისის მერიის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თბილისის მერიის დებულებით. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კონკრეტულ უფლებამოსილების აღსრულებისთვის პასუხისმგებელ თბილისის აღმასრულებელ ორგანოს, უფლებამოსილებათა გამიჯვნა ხდება თბილისის მერიის დებულების შესაბამისად.

6.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-66 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულება“, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას, აგრეთვე ადგილობრივ - საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას. ამავე დებულების 2.2. „ა“ მუხლის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე ქსელების, კოლექტორების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს ჰყავს სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობის და რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

6.4. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 31 მაისის ნ17-48.662 დადგენილებით დამტკიცდა შპს „თ. ჯ.-ს" წესდების ახალი რედაქცია. მითითებული წესედების მე-12 პუნქტის თანახმად, კომპანია თავის ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ხოლო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208.1. მუხლით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ამ ქმედების საფუძველზე წარმოშობილი ზიანი, ამასთანავე უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის .
სასამართლოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, ზიანი, რომელიც გამოხატულია მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება კი გამოხატულია მოპასუხე მხარეების უმოქმედობაში. სახელდობრ: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების" ( NXX XX/18 23.01.2014 წ. და 16.01.2015 წლის NXX/XX/25) საფუძველზე შპს „თ. ჯ.-ს" ვალდებულებას წარმოადგენს ქ. თბილისში წ.-ს ქ. NXX-ის მიმდებარედ გამავალი სანიაღვრე ჭების შეკეთება, თუჯის ოთხკუთხა ჩარჩოს, გვერდმიმღების ჩარჩოს, რ/ბ ჭის რგოლებს და 1000 მმ, რ/ბ ფილა (თუჯის ჩარჩო-ხუფით), ახალი ჭის მოწყობა (თუჯის ჩარჩო-ხუფით ან ცხაურით), დაზიანებული კოლექტორის შეკეთება სანიაღვრე სისტემის შესაბამის გამართულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში მოყვანა ან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, რაც კონკრეტული დავის შემთხვევაში არ იყო შესრულებული, ამასთანავე მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას წარმოადგენს განახორციელოს ტექნიკური კონტროლი ან/და შეამოწმონ გაწეული მომსახურეობა (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს განახორციელებენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური), რაც განსახილველ შემთხვევაში არ შესრულებულა და ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვეაში მოპასუხეთა ქმედება გამოხატება უმოქმედობით. ამასთანავე არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგს (მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება), მოპასუხეთა უმექმედობას („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" 23.01.2014 წ. NXX XX/18 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა) შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. სასამართლო აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია.
შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება წარმოადგენს მორალურ ზიანს, მით უფრო, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხეთა უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთანავე, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისთან მიმართებაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს, შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო
მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ზოგადად, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის სოციალურ მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მომავალში შრომისუნარიანობის შეზღუდვის ფაქტს და მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ა. ფ.-ს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარი.

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასაამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით, მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ ა. ფ.-ს მიერ ჩატარებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები შეადგენს ჯამში 487 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ლარს. შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მიყენებული მატერიალური ზიანის სახით, მოსარჩელე ა. ფ.-ს უნდა აუნაზღაურდეს 487 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოღნიშნულიდა გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ა. ფ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,თ. ჯ.-ს“ (ს/კ NXXXXXXXXX) მოსარჩელე ა. ფ.-ს სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის 487 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ლარისა და მორალური ზიანის 5 (ხუთი) ათასი ლარის ანაზღაურება. ამასთანავე დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „მ1“ და „უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,, მხარეები განთავისუფლებული არიან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 24; 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ა. ფ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაეკისროთ სოლიდარულად, მოპასუხეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „თ. ჯ.-ს“ (ს/კ NXXXXXXXXXX) მოსარჩელე ა. ფ.-ს სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის 487 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ლარისა და მორალური ზიანის 5 (ხუთი) ათასი ლარის ანაზღაურება;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
5. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.